ბათუმის საკრებულოს სხდომას, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება

“ჩვენი ფრაქცია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს “ქართული ოცნების” თანამდებობების გადანაწილებაში ბათუმის საკრებულოში”, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
“დღევანდელ სხდომაზე ჩვენ არ გამოვცხადდებით, ვინაიდან დღეს მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება ხდება. „ქართულ ოცნებას“ კანონში ცვლილებები დასჭირდა იმისთვის, რომ თავის სასურველ შედეგისთვის მიეღწია ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. გულდასაწყვეტია, რომ ამ ცვლილებებს პარლამენტში ჩვენი პარტია, ჩვენთან საფუძვლიანი კონსულტაციის გარეშე შეუერთდა. თუმცა, მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე ველოდებით ბათუმის მერია როდის წარმოადგენს საკრებულოში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლის განხილვასაც ჩვენ ვითხოვთ დიდი ხანია და რის გამოც არაერთხელ მოვიწვიეთ სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა „ქართული ოცნება“. მოგებული არჩევნები ხელის გადაგრეხვის პრინციპით წაგვართვეს, თუმცა ჩვენ ვაპირებთ ბათუმელების დაკვეთა შევასრულოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დასრულდეს კორუფცია, ნეპოტიზმი, საჯაროდ გამოვიტანოთ ყველა საკითხი, მოვახდინოთ საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღებაში ბათუმელების მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენთვის ყოველთვის წინა პლანზე იდგა ამ ქალაქის ინტერესები და ეს ასე გაგრძელდება. ვთხოვთ ბათუმის მერიას, ახლა მაინც დაუყოცნებლივ წარმოადგინოს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები საკრებულოს სხდომაზე და ბათუმელების მაქსიმალური ჩართულობით ვიმსჯელოთ მის გადაწყვეტაზე”,- განაცხადა ენმ-ს ბათუმის საკრებულოს წევრმა ლაშა კილაბერიამ.

























