„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა

გასულ კვირას „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებსა და ლექტორებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აკადემიის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები ნავსადგურში მიმდინარე სამუშაოებს, საპორტო ოპერაციების მართვასა და სერვისებს ადგილზე გაეცნენ.
მეოთხე კურსის სტუდენტი ანა ბერიძე ფოთის საზღვაო ნავსადგურში უკვე მეორედ იყო. მისი განცხადებით, მსგავსი სახის ვიზიტები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რათა პრაქტიკაში დაინახონ და ახლოს გაიცნონ ნავსადგურის მუშაობის სპეციფიკა.
,,ჩვენი სპეციალობა ნავსადგურების და სატრანსპორტო ტერმინალების ექსპლუატაციაა. უკვე მეორე წელია, რაც სტუდენტები დავდივართ ფოთის პორტში და ძალიან მიხარია, რომ ყოველ ჩამოსვლაზე არაერთ სიახლეს და განახლებულ ინფრასტრუქტურას თუ სერვისს ვნახულობთ. სიამოვნებით ვიმუშავებდი ფოთის ნავსადგურში, უსაფრთხოების მიმართულებით“, - აღნიშნა ანა ბერიძემ.
კიდევ ერთი სტუდენტი ნინო ქაცარავას თქმით, დღევანდელი ვიზიტის შედეგად შეგროვებული ინფორმაცია სტუდენტებს ნაშრომის წერის პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
,,მნიშვნელოვანია პრაქტიკაში გავეცნოთ ყველა იმ საქმიანობას, რაც აქამდე მხოლოდ თეორიულად ვიცოდით. ეს ვიზიტი კი ამისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. ნაშრომს ვწერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვების თემაზე. დღევანდელი ვიზიტის შედეგად შეგროვებული ინფორმაცია კი მნიშვნელოვნად დამეხმარება ნაშრომის წერის პროცესში“, - აღნიშნა ნინო ქაცარავამ.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მსგავს ტურებს წელიწადში რამდენჯერმე აწყობს, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშრომლები სხვადასხვა დეპარტამენტიდან პრაქტიკულ ცოდნას უზიარებენ ახალ თაობას.

























