თურქეთის ელჩი - საქართველოში გაქვთ სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც დემოკრატიამდე მიდის - ვინ არის ამის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი: ევროკავშირი თუ სხვა ქვეყნები? - ქართველი ხალხი

თურქეთი უკრაინა-რუსეთის მიმდინარე კონფლიქტში ერთ-ერთი მთავარი აქტორია. ფასილიტატორისა და მომლაპარაკებლის პოზიციით თურქეთმა შეძლო და ომში მყოფი ქვეყნების წარმომადგენლები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეკრიბა. ამასთან, ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური მოთამაშე ახლა ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

ექსკლუზიურად „პალიტრანიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში თურქეთის სრულუფებიანმა ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა და ისაუბრა, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ამასთან, გლობალურ ჭრილში არსებულ პრობლემებზე...

- საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი უკვე წარადგინა. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის საქართველო მზად მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი?

- თურქეთი დიდი ხანია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება, რაც საქართველოს შემთხვევაში შესაძლოა, არ იყოს მაგალითი. ევროკავშირის კანდიდატობა არის პროცესი, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან საკანონმდებლო, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში დაახლოებას. ასევე მენტალურ მზაობას, გახდე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები სხვა ქვეყნებთან ერთად. თურქეთმა ზუსტად იცის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს რთულია, არამხოლოდ კანდიდატი ქვეყნისთვის, არამედ მთელი კავშირისთვის, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების ძალიან რთული პროცედურები აქვს. ასევე მის წევრებს აქვთ განსხვავებული ინტერესები.

როგორც ევროკავშირის მეზობელი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს ტერიტორიული მთლიანობა, განავითაროს ეკონომიკა, გაუმჯობესდეს მოსახლეობის კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ სურდა თურქეთსაც ევროკავშირში გაწევრიანება.

- ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ მინდა დაგისვათ შეკითხვა. მოგეხსენებათ, მას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 3 წლითა და 6 თვის ვადით . მმართველი პარტია აღნიშნულს სამართლებრივ პროცედურას უწოდებს, ოპოზიციური პარტია კი პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ ყველაფერს და ხომ არ ფიქრობთ, რომ თუნდაც აღნიშნული საქმე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე იქონიებს ზეგავლენას?

- ეს არის საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესი. ყველა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმაც უნდა დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც ევროპის საბჭოს წინაშე გვაქვს. იდეალურ შემთხვევაში ეს ვრცელდება ყველა კომპონენტზე და არამხოლოდ სასამართლოზე, მათ შორისაა პოლიტიკური პროცესებიც, პოლარიზაციისა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სიძულვილის ენის თავიდან არიდება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს სტაბილური, დაცული საჯარო ინფორმაციის სივრცე, რაც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს იდეალური ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი ხდება. ყველა ქვეყანაში, ყველაზე განვითარებულსა და ყველაზე ნაკლებად განვითარებულებს შორისაც არის მსგავსი პრობლემები. მაგალითად, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ხალხი წვავს ყურანს, რომელიც მუსლიმებისთვის წმინდა წიგნია და ამას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს, ჩემთვის ეს სიძულვილის გამოვლინებაა. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ საქართველოში გაქვთ სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც დემოკრატიამდე მიდის. ვინ არის ამ ყველაფრის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი - ევროკავშირი თუ სხვა ქვეყნები? არა, ეს არის ქართველი ხალხი. სწორედ ამას ნიშნავს სუვერენიტეტი.

იგივეა თურქეთის შემთხვევაში. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს სასჯელის და ჯილდოს არსებობა, რათა დავაწესოთ კარგი სტანდარტები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა შევძლოთ დიალოგის გამართვა და პატივისცემა.

ჩემი აზრით, ყველა საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს - კანონმდებლობა, მთავრობა, ოპოზიცია, პრესა, პირველ რიგში ქართველებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა შექმნან ურთიერთგაგების საფუძველი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ეს არ უნდა გააკეთოს სხვა ქვეყანამ ან მათმა საელჩომ. ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არ უნდა იყოს იმაზე მთავარი, რასაც საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ.

- თურქეთი არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ფასილიტატორის როლი აქვს. რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, მაშინ, როდესაც ორივე მხარის წარმომადგენლების ერთ მაგიდასთან დასმა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თურქეთმა მოახერხა და სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში დელეგაციები მიიპატიჟა. გაიმართა მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი. რა ბერკეტები აქვს და როგორ ახერხებს თურქეთი მომლაპარაკებლის პოზიციის შენარჩუნებას ?

- რუსეთი ახორციელებს უკრაინის ოკუპაციას. თურქეთი, საქართველოს მსგავსად, არის ამ რეგიონის ნაწილი. უკრაინასა და რუსეთთან ერთად ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ.

ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირზე. როგორ გახდა ევროკავშირი ევროკავშირი? როგორ მოახერხეს ეს ქვეყნებმა, რომლებმაც გამოიწვიეს პირველი და მეორე მსოფლიო ომები და რომლებსაც მილიონობით ადამიანი შეეწირა? მათ ჩამოაყალიბეს მშვიდობიანი ურთიერთობები, რომლებიც ომის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად. მათ თავიანთ რეგიონებში მოუწიათ იმის შეთანხმება, თუ სად მთავრდება ერთის ძალაუფლება და სად იწყება სხვისი უფლებები. ეს უნდა მოხდეს ჩვენს რეგიონშიც. ჩვენს რეგიონში, ვფიქრობ, უნდა გვქონდეს მშვიდობის ქონის უფლება. ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და პრინციპებს.

მაშინ, როდესაც იწყებ იმაზე საუბარს, ვინ არის ერი, ვინ არა, როგორი იყო შენი ქვეყანა, 50, 100, 200 და 1 000 წლის წინ და მისი დაბრუნება გინდა, იწყება ომი და ვერ ხდება კონფლიქტის თავიდან არიდება.

თურქეთი არის ამ რეგიონის ნაწილი და ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. როგორც თურქეთს გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს ისე, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა დაცული იყოს რუსეთის მიერ, მაგრამ ასევე რუსეთის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებაც აუცილებელია.

ჩვენ გვინდა ჩვენი ეკონომიკის განვითარება, უფრო დაცული გარემო, რომ ის თანხა, რომელსაც სამხედრო მიზნებისთვის ვხარჯავთ, მოხმარდეს მეცნიერებას, განათლებას, ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება. რატომ უნდა გვიწევდეს სხვის დაწყებულ ომებში საფასურის გადახდა.ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი თურქეთისთვის. თურქეთი იყო ერაყის ოკუპაციის წინააღმდეგი 2003 წელს, რასაც ჩვენი მოკავშირეები არ იზიარებდნენ, მაგრამ თურქეთისთვის ეს იყო პრინციპული საკითხი. ჩვენ მაშინვე ვიცოდით, რომ როდესაც იწყებ ქვეყნის სამხედრო ოკუპაციას და მისი ბედის შეცვლას, შენ ვერ შექმნი უფრო დაცულ გარემოს. ამით ქმნი უფრო ნაკლებად დაცულ გარემოს, რაც უკვე ვნახეთ. მაშინ ეს იყო აშშ, ჩვენი მოკავშირე ნატო-ში და ახლა ეს არის რუსეთი უკრაინაში. ჩვენ რუსეთს ვეუბნებით, რომ უკრაინის ოკუპაციით ის უფრო უსაფრთხო რეგიონი ვერ იქნება.

თურქეთის გულწრფელი პრინციპულობა ხდის ამ ქვეყანას სანდო პარტნიორს ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ბიზნესურთიერთობები, სტრატეგიული პროექტები ორივე ქვეყანასთან. გვყავს ორი პარტნიორი. ერთი მეორის ოკუპაციას ახორციელებს და ჩვენ ამ ყველაფრის შეჩერებას ვცდილობთ მანამ, სანამ კიდევ უფრო ძვირი დაჯდება მისი გაჩერება, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის. უკრაინა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან. უნდა დავიცვათ ჩვენი რეგიონი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. სწორედ ეს არის ორივე ქვეყნის ჩვენდამი ნდობის მიზეზი. მათ იციან, რომ ჩვენ ომის გახანგრძლივების ინტერესები არ გვაქვს.

- მინდა გკითხოთ, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა, რომ ქვეყანა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებისადმი დადებითად არ არის განწყობილი. თუკი არ იქნება 30 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა, გაფართოების პროცესი ვერ მოხდება. რა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც თურქეთი არ ემხრობა სკანდინავიის ქვეყნების ალიანსში მიღებას?

- ჩვენ ყველა სახის ტერორიზმს ვებრძვით. ჩვენ ვებრძოდით მემარცხენე რევოლუციურ რადიკალურ ტერორიზმს, ეთნიკურ სეპარატიზმს, რელიგიურ რადიკალურ ჯგუფებს, როგორებიცაა „ალ-ქაიდა“ და ისლამური სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, რა არის ტერორიზმი. რასაც ჩვენ ვებრძვით, მხარს უჭერენ სტოკჰოლმში. ჩვენ ძალიან გამჭვირვალე სამყაროში ვცხოვრობთ ახლა და ისინი ახლა ყველანი სოციალურ მედიაში არიან და თურქი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს.

ნატო არის თავდაცვის/უსაფრთხოების ორგანიზაცია. შვედმა ხალხმა უნდა ჰკითხოს მთავრობას, რატომ უჭერენ ისინი ამ ჯგუფებს მხარს, რომელსაც ნატო-ს მოკავშირე თურქეთი ებრძვის. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა იქნებოდა. თურქეთში ვერ ვხედავ მთავრობის წარმომადგენელს, რომელიც საზოგადოებრივ აზრს არწმუნებს, რომ შვედები, რომლებიც ამ ჯგუფებს უჭერენ მხარს, უნდა შევიდნენ ნატო-ში.

ალიანსში თუ გაწევრიანდებიან, მათ უნდა დაგვიცვან ისევე, როგორც ჩვენ დავიცავთ მათ, მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ. როგორ შეიძლება ნატო-ში შემოსვლაზე თანხმობა განვაცხადოთ მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ჩვენ ვიქნებით სამიზნეები, შეიარაღების ემბარგოთი, ისინი მიაწვდიან დაფინანსებას ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით, კონკრეტულად ჩვენი საზღვრის გასწვრივ სირიაში და ერაყში. ისინი უნდა დაფიქრდნენ თავიანთ პოზიციაზე. ჩემთვის ცოტა რთულია იმის გადმოცემა, რამდენად რეაქტიულია თურქი ხალხის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით და ეს არ არის მხოლოდ ერდოღანი. ადამიანები ყველაფრის მის პოლიტიკასთან დაკავშირებას ცდილობენ. ის არის პოლიტიკოსი, რომელიც ხალხის აზრს უსმენს და ასახავს. ამ კონკრეტულ საკითხზე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თურქული საზოგადოების ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ ერდოღანის მხარეს დაიჭერს. შვედეთისა და ფინეთის წევრობა პრინციპის საკითხია. თურქეთი ყოველთვის იყო ერთგული დამცველი ევროატლანტიკური უსაფრთხოების, ცივი ომის პერიოდში და მის შემდეგაც. ჩვენ ევროკავშირში პარტნიორებსა და მოკავშირეებს ვეუბნებით, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად რათა რეგიონი უფრო უსაფრთხო გავხადოთ. უნდა ვიყოთ ჭკვიანები, მაგრამ ამასთან გვაქვს უფლება, ველოდოთ ჭკვიანურ პოლიტიკას ჩვენი კოლეგებისგან. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, არ ნიშნავს იმას, რომ მათ წარსულში ჭკვიანური პოლიტიკა აქვთ გატარებული. ჩვენ ველით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება თურქეთის ნებისმიერი მოკავშირის, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს, უნდა გადაიხედოს და ეს არ არის მხოლოდ შვედეთსა და ფინეთზე.

- ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი იზრუნებენ თურქეთის უსაფრთხოებაზე და ღია არიან თურქეთის ყველა შეშფოთების განსახილველად. ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც აღნიშნავს, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი წევრია და უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა. არის თუ არა თურქეთი მზად გამართოს მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან ამ თემაზე და რა წინადადებები შეიძლება წამოაყენოს თურქულმა მხარემ ორივე ქვეყნის გაწევრიანებაზე თანხმობის გასაცხადებლად?

- დარწმუნებული ვარ მოლაპარაკებები იქნება. ნატო, როგორც სხვა ორგანიზაციები, წევრი ქვეყნებისგან შედგება. მათი გადაწყვეტილებები არის ის, რაც ნატო-ს ნატოდ აქცევს. ნატო-ს არ შეუძლია იმოქმედოს წევრი ქვეყნებისგან დამოუკიდებლად. შვედეთი უწესებს იარაღზე ემბარგოს თურქეთს, იმიტომ, რომ ის ებრძვის ტერორიზმს, რაც არც თუ ისე ჭკვიანურია. ეს ეხმარებოდა და ახლაც ეხმარება ნატო-ს მოწინააღმდეგეებს, რადგან თუ ცდილობ დაასუსტო ნატოს წევრი ქვეყანა და მოკავშირე, ეს ეხმარება შენს მტერს.

მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელიც ნატო-ს აქვს, ნეგატიური გავლენა, რომელიც ზოგიერთი გაფართოების შემდეგ გვინახავს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს. თქვენ იცით, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი იყო , ნატო-ში შესაძლოა ვერ შესულიყო. ისინი ჩვენი თანხმობის შემდეგ გახდნენ ალიანსის წევრები და ეს ჩვენ გავაკეტეთ იმის რწმენით, რომ ისინი პატივს სცემდნენ ჩვენს ინტერესებს უსაფრთხოების კუთხით. როდესაც ნატო-ს ერთი წვერი სახელმწიფო მეორესთან კონგრესზე უკმაყოფილებას გამოთქვამს თურქეთზე, ჩვენ ეს გვეუცნაურება.

თურქეთი ყოველთვის უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას. ჩვენ ამაზე მკაფიო პოზიცია გვაქვს და ეს დაჩქარებული წევრობა, შესაძლოა ჩემი ქვეყნის ოფიციალურ გაცხადებულ პოზიციას არ გამოხატავდეს, მაგრამ შვედეთსა და ფინეთს შორის საქართველოსაც ვისურვებდი. საქართველო არის უფრო დიდი საფრთხის/რისკის ქვეშ, თუ შეადარებ მას შვედეთსა და ფინეთს. საკითხავია, ვინ უნდა იყოს იქ, როდესაც ნატო-ს ფუნქცია უსაფრთხოების უზრუნველყოფაა?

ქრისტი შამათავა

"პალიტრანიუსი"

უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა