ილია ვერძაძე „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაზე - სად არის ლოგიკა, ვინ უნდა დაიჯეროს ეს სიცრუე და რატომ?

„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, მაგრამ კარგად ჯდება საერთო, რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული, ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების კონტექსტში, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ილია ვერძაძემ აღნიშნა.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება, არათუ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ერთი ერთში იმეორებს ნარატივს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს.
„განცხადებიდან ირკვევა, რომ შრომის კოდექსის ცვლილება, რომელიც განახორციელა წინა ხელისუფლებამ და რომლის მიხედვითაც, 21-ე საუკუნეში ადამიანის სამსახურიდან გაგდება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იყო შესაძლებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პროგრესია.
განცხადებაში, ყოველგვარი დასაბუთებისა და ფაქტების გარეშე, საუბარია იმაზე, რომ "ევროპის სახალხო პარტია" ბოლო წლებში, საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის ტენდენციას შეშფოთებით აკვირდება და რომ ქვეყანაში ძირი გამოეთხარა კარგ მმართველობას, რომ ამის შედეგად, ირღვევა დემოკრატიული ინსტიტუტები.
ფაქტია, რომ აღნიშნული განცხადება, არათუ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ერთი ერთში იმეორებს ნარატივს, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა ფორმით, აგერ უკვე ათი წელია, ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია. როგორც ჩანს, მათი ეს ქმედება, უშედეგო არ არის და ზოგიერთები იჯერებენ კიდეც ამ სიცრუეს. დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა არ შეიძლება იყოს - ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დემოკრატიული ნორმების შესაბამისი კონსტიტუცია, შეცვლილი შრომის კოდექსი, ბიზნესის გათავისუფლება სახელისუფლებო წნეხისგან, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და შედეგად ვიზალიბერალიზაცია, ნატოს ფორმატში სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობა და ბევრი სხვა რამ.
კითხვა ერთია: რისთვის კეთდება ეს? სად არის ლოგიკა და ვინ უნდა დაიჯეროს ეს უსაფუძვლო, ოპოზიციისვე მიერ მიწოდებული სიცრუე და რატომ?“,- აღნიშნავს ილია ვერძაძე.
ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა. "ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია.

























