ხათუნა ბურკაძე - ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველომ უნდა მიიღოს დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც გაზრდის მის თავდაცვისუნარიანობას

უახლეს პერიოდში ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის სამომავლო ტენდენციებს გამოკვეთს. უსაფრთხოების მოწყვლადი გარემო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას მოითხოვს. ამასთანავე, აუცილებელია როგორც ევროკავშირში, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაფართოების პროცესის მიმართულებით მიდგომების კიდევ უფრო მეტად შეცვლა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა საომარმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს საფრთხეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისათვის. მეტიც, კრემლის მიზანია მაქსიმალური ზიანი მიაყენოს იმ სისტემას, რომელიც სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვას მოითხოვს. რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო იმ მიზნით, რომ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გაენადგურებინა. კრემლის იმპერიალისტური აღქმა გულისხმობს ე.წ. გავლენის სფეროების გაფართოებას და უპირველეს ყოვლისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბებისათვის ხელის შეშლას. შესაბამისად, ღირებულებების, ფუნდამენტური პრინციპებისათვის ბრძოლაში უკრაინას ბრიუსელიდან სჭირდება მეტი მკაფიო პოლიტიკური გზავნილების მიღება საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ერთად. ისტორიული ქრონოლოგიის მიხედვით, 21-ე საუკუნეში, 2008 წელს, საერთაშორისო ნორმების უხეში ხელყოფით, რუსეთმა პირველად ომი საქართველოსთან დაიწყო. დღემდე მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში საქართველო უმკლავდება კრემლიდან მომდინარე საფრთხეებს. ანალოგიური გამოწვევის წინაშეა მოლდოვის რესპუბლიკა.

ცვალებადი უსაფრთხოების გარემო მიანიშნებს იმაზე, რომ ამჟამად საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის არსებულ გამოწვევებთან ადაპტაციისათვის საჭიროა პროცესების დაჩქარება და გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა გამოვრიცხოთ ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და სამწუხაროდ, ომის მასშტაბების გაზრდა. თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გეოპოლიტიკურ ფაქტორებს გადაწონის ცალკეული ქვეყნების ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს ვერ უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში. პირიქით, უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება საერთაშორისო სისტემა. მხოლოდ მტკიცე, პრინციპული, თანმიმდევრული გადაწყვეტილებებითაა შესაძლებელი აგრესორთან გამკლავება. ამდენად, დღეს რუსეთის აგრესიის სამიზნე ყველა სახელმწიფო უპრეცედენტო მხარდაჭერას საჭიროებს როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა ასპექტების გათვალისწინებით.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, ნატო-ს სხვა წევრმა ქვეყნებმა, ევროკავშირმა კრემლის ომის მანქანის შესაჩერებლად არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის მნიშვნელოვანია აშშ-ს მიერ მიღებული „ლენდ-ლიზის“ აქტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპრომისული შეთანხმება რუსული ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვის შესახებ. ასევე, შეცვლილ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის ფოკუსირებულია როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე თავდაცვითი და უსაფრთხოებითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მისი მრავალგანზომილებიანი ბუნება ზრდის ევროკავშირის მნიშვნელობას საერთაშორისო არენაზე. „ასოცირების ტრიოსათვის“ - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისათვის კი კრიტიკულად აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რათა აღნიშნულმა სახელმწიფოებმა გარდაქმნან თავიანთი სისტემები ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის. სწორედ კანდიდატის სტატუსი იძლევა ახალი გეგმის შემუშავების შესაძლებლობას, რომლის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ევროპულ ოჯახში წევრობა.

ჩრდილოაატლანტიკური ალიანსის კონტექსტში კი უნდა ითქვას, რომ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში წევრობა მისცემს ნატო-ს გაფართოების პროცესს ახალ იმპულსს. მეტიც, ეს საქართველოსთვის შესაძლებლობაა დაუსაბუთოს პარტნიორებს, განსაკუთრებით სკეპტიკოსებს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების გარეშე შეიძლება ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველომ უნდა მიიღოს დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც გაზრდის მის თავდაცვისუნარიანობას. ასევე, მეტად უნდა გამოიკვეთოს ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის განხორციელების შესაძლებლობები და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. სწორედ ამ გეოპოლიტიკური როლის გაძლიერებაა ალიანსის წევრობისკენ მიმავალი რეალური გზა ქვეყნის ახალი სატრანსპორტო ფუნქციების შეძენის პარალელურად.

დღეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა მოითხოვს ქვეყნის პოლიტიკური, დიპლომატიური, სამოქალაქო და აკადემიური წრეების უპრეცედენტო გაერთიანებას და ქვეყნის პოზიტიური დღის წესრიგის დემონსტრირებას. პარტნიორებს გამოწვევებთან ერთად თვალსაჩინოდ უნდა დავანახოთ ჩვენი უნარიანობა და საჭიროება, რაც ხელს შეუწყობს გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენებას. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ შექმნილი უმძიმესი რეალობა ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნაზე მიანიშნებს და ამ პროცესში საქართველომ სათანადო, ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს საკუთარი როლით. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთაშორისი სისტემის განვითარების შემდგომი 5 ან 10 წლიანი ციკლის პერიოდში ქვეყნის ახალი ფუნქციების გამოკვეთა. ეს კი მოცემული რეალობის გათვალისწინებით სახელმწიფოს განვითარების ახალი სტრატეგიის მიღებას მოითხოვს, რაც უზრუნველყოფს ტრანსფორმირებული საერთაშორისო სისტემის ტენდენციებთან თავსებადობას და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის მიზნების უკეთ მიღწევას.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია