შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მარნეულში, გარდაბანსა და რუსთავში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ღია კარის დღეების ფორმატის ფარგლებში მარნეულში, გარდაბანსა და რუსთავში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და 2022 წლის მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეების კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პასუხობდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ტესტების შინაარსობრივ საკითხებს, ასევე საგამოცდო წესებსა და პროცედურებს. 2022 წლის გამოცდებში მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოცდებისათვის მომზადებისა და უშუალოდ გამოცდის მიმდინარეობისას გასათვალისწინებელ საკითხებზე.
,,ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებითაც, ასევე აზერბაიჯანული და სომხური ენების გამოცდების შესახებ, რომლებიც წელს პირველად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გამართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























