თინა ხიდაშელი - საქართველოს ხელისუფლებამ რომც დაიფიცოს, რომ აუცილებლად განახორციელებს სასამართლო რეფორმას, ამის აღარავის სჯერა - ნდობა ნულოვანია, ამ ხელისუფლებისგან წარმატების მიღწევის მოლოდინი ნულოვანია

საქართველოს ხელისუფლებამ რომც დაიფიცოს, რომ აუცილებლად განახორციელებს სასამართლო რეფორმას, ამის აღარავის სჯერა. სადმე დოკუმენტშიც რომ დაწეროს, არც ამის სჯერა ვინმეს. ერთადერთი, რაც დამაჯერებელი იქნება არის, რომ რეალურად კენჭს უყრიან კონსტიტუციურ ცვლილებებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო პოლიტიკა დამყარებულია მოლოდინების ნდობის ხარისხისა და განწყობების ერთობლიობაზე.

„ეს განწყობები რომ უკიდურესად უარყოფითია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ის, რაც ჩვენ ჩავატარეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ევროკავშირთან დაკავშირებით, ახლა უკვე დავიწყეთ ამერიკელებთან ურთიერთობაშიც. თანამედროვე ქართველი დუგინის განცხადებები ერთმნიშვნელოვნად ამის დადასტურებაა, რომ უკვე ღია ომი აშშ-საც გამოვუცხადეთ. ჯერ ქართველი დუგინების საშუალებით, შემდეგ ამას ქართველი პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები გააგრძელებენ.

პიარული, საჯარო მოლოდინების თვალსაზრისით, ევროკავშირთან პირდაპირი ომი გვაქვს გამოცხადებული. ნდობა ნულოვანია, ამ ხელისუფლებისგან წარმატების მიღწევის მოლოდინი ნულოვანია, არ არსებობს პოლიტიკური მზაობა იმისთვის, რომ უცბად რაიმე ისეთი რადიკალური მოხდება, რაც ამ განწყობებს შეცვლის. ამ წუთის მდგომარეობით და რამდენიმე დღე გვაშორებს კომისიის პირველ ანგარიშს, ევროპარლამენტს უკვე მიღებული აქვს მხარდამჭერი რეზოლუცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკუთარი კომისიისთვის და ევროპული საბჭოს გასაგონად უკრაინასთან, რომელიც კარგა ხნის წინ მიიღო და 5 მაისს მიიღო ასეთი რეზოლუცია მოლდოვასთან დაკავშირებით. საქართველოზე ასეთი რეზოლუცია არ არსებობს. ერთი სესია აქვს დარჩენილი იმ ისტორიულ მომენტამდე ევროპარლამენტს და მორჩა. იქამდე ევროპარლამენტის სესია აღარ იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მან ასევე ისაუბრა იმ შესაძლო შედეგებსა და მოსახლეობის განწყობებზე, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარყოფით პასუხს შეიძლება მოჰყვეს.

„შემიძლია გარანტია მივცე ირაკლი კობახიძეს, რომ თუ გადაწყვეტილების დიფერენცირება მოხდა და ეს ტრიო გაიყო - მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო სტატუსი და ჩვენ ვერ მივიღეთ, ზუსტად ვიცი როგორ რეაგირებს საზოგადოება ასეთ ჩავარდნაზე ხელისუფლების მიმართ. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ვიღაც რევოლუციას ამზადებს, „ვიღაცები“ რევოლუციებს ვერასდროს აწყობენ. ყველა დიდი ცვლილება, რომელიც ოდესმე საქართველოში მომხდარა, მხოლოდ იმის შემდეგ მოხდა, რაც გაბრაზებული ადამიანების რაოდენობამ გადააჭარბა ხელისუფლებით კმაყოფილთა რიცხვს. ასეთ დროს თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილის მხრიდან ექნებათ მათ სერიოზული რისკი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს