ნიკა გვარამიას ადვოკატის განცხადებით, მოსამართლეს განაჩენი დასაბუთებული არ აქვს

„რუსთავი2“-ის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს განაჩენი დასაბუთებული არ აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საძაგლიშვილი აღნიშნავს, მათ განაჩენი წერილობით ორი დღის წინ მიიღეს. ადვოკატის განმარტებით, კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის ნიკა გვარამია დამნაშავედ მიჩნეული, განაჩენში მითითებული არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად განაჩენს დასაბუთებული განაჩენი ჰქვია, რეალურად, ამ განაჩენში ყველაფერი გვხვდება გარდა დასაბუთებისა, რადგან აღწერილობითი ნაწილი არსებობს ნამდვილად, მაგრამ კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ იქნა მიჩნეული ნიკა გვარამია დამნაშავედ, განაჩენში უბრალოდ არ გვხვდება. ეს ჩვენთვის პრონციპში, მოსალოდნელი იყო, რადგან მთელი ამ პროცესის მიმდინარეობისას ჩვენ ვხედავით, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში ვსაუბრობდით საკითხებზე, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის სფეროს, ეს არის სამოქალაქო სამართლის საკითხები, შესაბამისად, არასწორ ადგილზე მიდიოდა არასწორი საკითხების მსჯელობა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა კიდეც განაჩენში. მათ შორის, პრეცედენტების მოხმობის ნაწილში, ლაშა ჩხიკვაძე შეეცადა, რომ სამართლის პრეცედენტები მოეყვანა, მაგრამ მოიყვანა მხოლოდ სამოქალაქო საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ცხადია, არაფრის მომცემია.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე ამ განაჩენით მიიჩნევს, რომ თურმე ნიკა გვარამიას უნდა გაეთვალისწინებინა კომპანიის მომავალი, ანუ პოტენციური პარტნიორების, მესაკუთრეების, ისეთის, როგორიც ქიბარ ხალვაშია, ინტერესები და იმ პერიოდში მოქმედი პარტნიორების თანხმობა, ან გადაწყვეტილებები არ იყო საკითხი ამა თუ იმ ხელშეკრულების დასადებად.

რაც შეეხება ავტომობილის გამოყენების ნაწილს, რის გამოც ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, კიდევ უფრო აბსურდულ სიტუაციაში აღმოჩნდა მოსამართლე ჩხიკვაძე, რადგან მიუთითა, რომ ამ ტრანზაქციის გაკეთება ნიკა გვარამიას თურმე ლეგალურად შეეძლო, ანუ ამბობს - კი, ეს მანქანა საკუთრებაში შეიძლებოდა კომპანიიდან პირდაპირ მიეღო, მას ამის უფლება ჰქონდა, არანაირი დარღვევა არ იქნებოდა, არათუ დანაშაული, გადაცდომაც არ იქნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თურმე, ნიკა გვარამიამ განიზრახა, რომ სპეციალურად, ლეგალურად შესაძლებელი შედეგის მისაღებად დანაშაულებრივი სქემა შეემუშავებინა და ისე მიეღო სარგებელი კომპანიის ხარჯზე. ეს აბსურდია, ნიკა გვარამია ნამდვილად არ არის მაზოხისტი, რომ საკუთარი თავი ციხეში გაეშვა, ეს არანირ ლოგიკაში არ ჯდება. ნიკა გვარამიას თავისუფლად რომ შეეძლო ამ ყველაფრის გაანალიზება, ამას თვითონ მოსამართლეც ამბობს საკუთარ განაჩენში, როცა ნიკა გვარამიას იურიდიულ და მაღალინტელექტუალურ შესაძლებლობებზე საუბრობს და იურიდიულ კვალიფიკაციაზე. თუ ერთ ნაწილში ამას ამბობ, მეორე ნაწილში, შენი არგუმენტი, რომ ამის გაკეთება ლეგალურადაც შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალურად დსნაშაულებრივად იქნა გაკეთებული, უბრალოდ სასაცილოა, მეტი არაფერი. დასაბუთებელი განაჩენი დაუსაბუთებელია ნამდვილად.

კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი - ამ საქმეში წარდგენილი იყო „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებები, როგორც ჩანს, ჩხიკვაძეს არ შესწევდა იმის უნარი, გაებათილებინა საექსპერტო მოსაზრებებში წარდგენილი იურიდიული პოზიციები, ამიტომ მოძებნა მარტივი გზა, არ შესულიყო დასკვნების შინაარსში და თქვა, თითქოს, ამ დასკვნის შემდგენები არიან ტენდენციურები და მიკერძოებულები“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს