ვაჟა ბერიძე - ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას და ხალხს წარმოადგენს, მეტი თავშეკავება მართებს ევროპელი ჩინოსნების და პოლიტიკოსების კრიტიკისას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, რადგან ახლა ყველაზე აქტუალურად განხილვადი თემაა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იმედია არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ საუბარს ამ თემით დავიწყებთ.

ამ საკითხებში ჩახედული ადამიანების აზრით, გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკური იქნება, რადგან ევროკავშირში კარგად ესმით, რომ რეგიონი, რომელშიც ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცე მოიაზრება, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს სამხედრო მოქმედებები დაიწყო, საფრთხის ქვეშაა.

მათივე მტკიცებით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა, როგორც კიევის, კიშინიოვისა და თბილისისათვის, ასევე მოსკოვისთვის, რომლის აგრესიის შეჩერებას უკრაინაში უკრაინასთან ერთად ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს.

ამ საკითხებზე შიდა პოლიტიკის პრობლემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მანამდე თქვენ როგორ შეაფასებდით იმ დისკუსიას, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენს საშინაო პოლიტიკაში და საჯარო სივრცეში ვადევნებთ თვალს?

- დღევანდელი საქართველო ერთ დიდ სოფელს ჰგავს უღრანი ტყის ბოლოს. ერთ დიდ სოფელს ჰგავს, ორი მხრიდან რომ აკრავს უღრანი ტყე, სადაც ყოველი შებინდებისას ტურების ორი ჯგრო გულისგამაწვრილებლად ჰკივის, უფრო ზუსტად, უკივის ერთმანეთს და ამ სოფლის დოვლათის დასაკუთრება სწადია.

მაგრამ, ერთმანეთს ჯერ არ დასტაკებიან, რადგან ტყეში წესებს ფოცხვერი აწესებს. არადა, ორივე ტყეს თავისი ფოცხვერი ჰყავს. ეს აკავებთ, თორემ რახანია დაგლეჯდნენ ერთმანეთს. ესაა თქვენი კითხვის პასუხიც და ჩემი სატკივარიც.

წუხელ, მთავარ რუსულ პროპაგანდისტულ არხზე, ინალ არძინბა ამბობდა „სეფე-სიტყვას“, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ღაღადისი იყო მთავარი და შემაშფოთებელი გზავნილი რუსეთისა, რომელმაც ჰა და ჰა თითქოსდა ამოგვიღო არამეგობრული ქვეყნების სიიდან. მაგრამ, შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, ჩვენი უბედურება რომ არ შეგვახსენოს.

პატივცემულმა გაგლოევმა პატივცემული ბიბილოვის დანიშნული რუსეთთან მიერთების რეფერენდუმი გააუქმა და ამ ამბავმა პრორუსულად განწყობილ ჩვენს საზოგადოებაში ნირვანას სიოსავით ჩაიქროლა.

მაგრამ იქვე მოჰყვება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ახალი შეძახილი დროებით დაკავებული მურა დათვისგან - არ გეგონოთ დამავიწყდით, მე სამაჩაბლო და აფხაზეთი კი არ მინდა მხოლოდ, მთლიანად მინდიხართ, ნიკოფსიით დარუბანდამდე თუ ვეღარ, წითელი ხიდიდან სარფამდე უეჭველადო.

ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლისგანაც შედგება რუსეთ-უკრაინის ომით სერიოზულად გადაკეთებულ - გადახაზული გეოპოლიტიკა, ამ ქვეყანაში ვერავინ ამჩნევს. ახალი რეალობის გასააზრებლად არავის სცალია. ქართული პოლიტიკის მთავარი ბირთვი - „ოცნება“ VS „ნაციონალები“, ერთმანეთთან უაზრო, უშედეგო და გაუთავებელი ორომტრიალით ართობს მოსახლეობას.

ახალი რეალობის გასააზრებლად არავის სცალია. ქართული პოლიტიკის მთავარი ბირთვი - „ოცნება“ VS „ნაციონალები“, ერთმანეთთან უაზრო, უშედეგო და გაუთავებელი ორომტრიალით ართობს მოსახლეობას

ვისაც ეს ერთიანი პოლიტიკური მონოლითი ორი დაპირისპირებული და შეურიგებელი სუბიექტისგან შემდგარი ჰგონია, ცდება. და დროდადრო ისინი თავად ადასტურებენ ამას. ყველაზე თავზე ხელაღებულები მათგან, ცხინვალში და სოხუმში შეიარაღებული შეჭრისკენ მოგვიწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ბოლო 10 წელია, აფხაზებს და სამაჩაბლოელ ოსებს ეფიცებიან, თქვენთან ძმობა გვინდა, მშვიდობიანად უნდა დაგიბრუნოთ, თქვენს წინააღმდეგ იარაღს არ გამოვიყენებთო. და არც არაფერი, ეს არც აწუხებთ.

მეორე ნაწილი, „ოცნება“, ამ უნიკალური ერთობის, „ნაციონალების“ პოლიტიკური შეცდომებით საზრდოობს და მოსალოდნელ წარუმატებლობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილის ევროსტრუქტურების დერეფნებში გასეირნებით ხსნის. ორივე ეს უზადო და ამ ქვეყნისთვის არც თუ დიდი ხეირის დამყრელი ძალა ერთიანობისკენ მოუწოდებს მოპირდაპირე მხარეს. არადა, ელემენტარული ჭეშმარიტება ღაღადებს ამდაგვარ სიტუაციებთან დაკავშირებით: რომ გავერთიანდეთ, აუცილებელია ჯერ გავიმიჯნოთ. ამ მიჯნას კი ვერც ერთი მათგანი ვერ ხედავს.

აი ეს არის მთავარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მივიღებთ მას თუ ვერა, ამ ერთ უმარტივეს კითხვაზეა დამოკიდებული. ეს კითხვა, რატომღაც არ ჟღერს მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელიც დსთ-სთან მეგობრობს და არც უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ უთანასწორო ომშია ჩაბმული.

თქვენ მკითხეთ დისკუსიის შეფასების თაობაზე. - ეს დისკუსია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან არ არის დაკავშირებული. ჩვენს პოლიტიკურ ბირთვს „ოცნება“-„ნაციონალებს“, ორივეს უნდა სტატუსი რომ მივიღოთ, მაგრამ „ნაციონალებს“ არ უნდათ, რომ ეს სტატუსი „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მივიღოთ. აი ეს არის მთავარი. აი ეს არის „კაუზა ვიტა“, და არა რომელიმე პრინციპული მოსაზრება.

ჩვენს პოლიტიკურ ბირთვს „ოცნება“-„ნაციონალებს“, ორივეს უნდა სტატუსი რომ მივიღოთ, მაგრამ „ნაციონალებს“ არ უნდათ, რომ ეს სტატუსი „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მივიღოთ. აი ეს არის მთავარი. აი ეს არის „კაუზა ვიტა“, და არა რომელიმე პრინციპული მოსაზრება

თუ დემოკრატიაზე ვიმსჯელებთ და თან ობიექტურებიც ვიქნებით, დემოკრატია არც იმ ყბადაღებულ 9 წელიწადში ბრწყინავდა და არც „ნაოცნებარ“ საქართველოში ბრწყინავს. თუ სასამართლოზე მოთქვამდა და მოთქვამს ვინმე, - დიახაც, სასამართლო სისტემაზე ქვეყნის არაფორმალურ მმართველს აქვს ზეგავლენა, მაგრამ იგი არაა ისეთი „სანიმუშო“, როგორც ადრე, როცა სასამართლო პროკურატურის მიერ შეთავაზებულ ყველა ბრალდებას უსიტყვოდ ამტკიცებდა და გარკვეული თვალსაზრისით, ნოტარიატადაც კი იყო ქცეული.

და სხვა საკამათო და სადისკუსიო ან მათ რა იპოვეს, ან იმ ახალმა ოპოზიციამ, რომელიც საფარში ჰყავს დაბანაკებული მარქაფად და სახვალიოდ, კელი დეგნანს.

სამაგიეროდ, მედიასივრცე და სოციალური ქსელები წალეკა დისკუსიამ ერეკლე II-ის შესახებ. იყო ერეკლე გმირი, თუ ერეკლე იყო მოღალატე?..

ამ კამათსა და წრეგადასულ დისკუსიაში, სადაც ერეკლეს შეფასებისას ლევან ბერძენიშვილი მართალი არ იყო, თავზარდამცემი იყო ხელმოწერების შეგროვების დაორგანიზება, რათა მისთვის ლექციების წაკითხვა აეკრძალათ.

ლევან ბერძენიშვილი მაღალი რანგის ინტელექტუალია, ეს სადაო არ არის, მაგრამ ერთია აკადემიური ცოდნა და განსწავლულობა და მეორეა ისტორიის ცოდნა და ისტორიის პოლიტიკური ასპექტის შესაბამისი რაკურსით მომარჯვება.

ქართველ ისტორიკოსებს აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი შეხედულება მეფე ერეკლეს იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც 1783 წლის გეორგიევსკის მფარველობითი ტრაქტატი და 1801 წლის საქართველოს ფაქტობრივი ანექსია წარმოადგენდა.

მაგრამ, ამ პიროვნებისა და მისი ცხოვრების, გმირული ბრძოლის, რუსეთთან წინააღმდეგობრივი ურთიერთობის სიღრმისეული ანალიზი, ნამდვილად არ იძლევა მეფე ერეკლეზე აუგის თქმის საშუალებას. ეს ცხადია, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ XXI საუკუნის დასაწყისში აუტოდაფეს ვუწყობდეთ ერთ კონკრეტულ მეცნიერს გამოთქმული მოსაზრებისთვის.

ამაზე კი ბევრი დრო ენერგია დაიხარჯა. ამაოდ!

- სამწუხაროდ, ამ თემაზე კამათმა საშინაო ასპარეზზე მკაფიოდ დაგვანახა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მეტიც, ხელისუფლებისა და ოპოზიციური ჯგუფებს შორის ვერ მოიძებნა თანამშრომლობის ვერც ერთი ფორმატი.

ვხედავთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილში, ისევე როგორც პარლამენტს გარეთ ოპოზიციის ნაწილში აქტიურად მსჯელობენ პარლამენტიდან გასვლაზე. რისი ბრალი შეიძლება იყოს, ან რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ამ შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლობას?

- ელემენტარულია, განა შეიძლება რაიმეზე შეთანხმდეს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებას, ხალხს არ წარმოადგენენ. მათი ურთიერთობა ხალხთან შემოიფარგლება საარჩევნო კამპანიის პერიოდში ერთი ჩამოვლით ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა და შუკა-შუკა და მედიდური ამპარტავნებით პარტიების რუპორებად ქცეული მედიასაშუალებების ეკრანებიდან დამუნათებით, აქაოდა მაგრები ვართ და აგაშენებთო.

ამას ემატება კარგად დაფინანსებული და დაქირავებული კალმოსნების მეშვეობით, სოციალური ქსელების საშუალებით, ამომრჩევლის სათანადოდ დამუშავება და მორჩა.

როცა ბორის ჯონსონი ერთობოდა და რიგითი ბრიტანელები სახლებში იყვნენ ჩაკეტილნი, ამის გამო, შესაძლოა, ბორის ჯონსონი პრემიერის სავარძელს დაემშვიდობოს, რადგან ბრიტანელები ამას არ მოითმენენ.

ჩვენთან კი ხალხის აზრი იგნორირებულია, დისკუსია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ტენდენციური, ხშირად უსაფუძვლო, უნიადაგო და მსუყე ხელფასების ან დიდი გრანტების ხელში ჩაგდების მიზნით წარმოებს. არენაზე გამოსულ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, აქ, ამ ქვეყანაში, რაგინდარა გენიალური მიზნებით და იდეებით, პერსპექტივა არ აქვს, რადგან არ არსებობს ლეგიტიმური ფული პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად.

ჩვენთან კი ხალხის აზრი იგნორირებულია, დისკუსია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ტენდენციური, ხშირად უსაფუძვლო, უნიადაგო და მსუყე ხელფასების ან დიდი გრანტების ხელში ჩაგდების მიზნით წარმოებს. არენაზე გამოსულ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, აქ, ამ ქვეყანაში, რაგინდარა გენიალური მიზნებით და იდეებით, პერსპექტივა არ აქვს, რადგან არ არსებობს ლეგიტიმური ფული პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად

ამიტომ, ამ ქვეყანაში, ხვალაც ისეთივე უაზრო და უსაგნო დისკუსიები გვექნება, როგორიც დღეს გვაქვს ჩვენს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რადგან ხვალაც მთავარ პოლიტიკურ ძალებს ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ფინანსურად უფლებამოსილი პირები - დავით კეზერაშვილი, კობა ნაყოფია და სხვანი დააფინანსებენ, ისე როგორც, მემარჯვენე რადიკალების ახალფეხადგმულ პარტიას - რომლის რეალური დამფინანსებელიც, სავარაუდოდ, პერიოდულად, დარწმუნებით იმეორებს - „ვერა მხედავენ“, „ვერა მხედავენ“...

რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-გამოსვლას, დამრჩენი, მერწმუნეთ, გაცილებით მეტია და თან ელექტორატი იმდენად გაუცხოებულია პოლიტიკური სპექტრისგან, რომ ურჩევნია ეს ჭაობი ახალ ორომტრიალს და მომავალ ჭაობს, რომელიც ჩემს მიერ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფრო ღრმა და უფრო გაუვალი იქნება...

- ამ თემაზე ძირითად პოლიტიკური ჯგუფებს შორის განსხვავებულ მიდგომებზე თქვენ უკვე ისაუბრეთ. მაგრამ, იმის გამო რომ მათ შორის განსხვავებები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხი მნიშვნელოვანია ქვეყნის უახლოესი მომავლისთვის, მათზე ცალ-ცალკე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.

ხელისუფლების წარმომადგენლები სწორად შენიშნავენ - მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, იგი წარმატებით ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს. მეტიც, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების 45%-ზე მეტი ქვეყანას უკვე შესრულებული აქვს.

მაგრამ, მეორე მხრივ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროსტრუქტურებში ისე არ აქტიურობს, როგორც უკრაინა და მოლდოვა. არა თუ არ აქტიურობს, სახეზე გვაქვს მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიება. ფაქტია, რომ ამ ტიპის კრიტიკა, გაუგებარს ხდის რას ემსახურება იგი - უფრო იმას, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუ არ მიიღოს?

- კრიტიკა შეიძლება ყველას და ყველაფრის, თუ ამის საფუძველი არსებობს. კრიტიკული კრიტიკის კრიტიკა, რომელიც ჩვენში სრულიად გამქრალია, გვაჩვენებს, რამდენად ობიექტურია იგი. ფაქტია, რომ ორივე ქართული მთავარი პოლიტიკური ძალა თავის ინტერესებს ლობირებს ევროსტრუქტურებში.

ფაქტია, რომ ორივე ქართული მთავარი პოლიტიკური ძალა თავის ინტერესებს ლობირებს ევროსტრუქტურებში

ევროპულ სინამდვილეში ლობიზმი მეტ-ნაკლებად შენიღბულია და რამდენადმე კულისებშია გადასული, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, სადაც ლობიზმს მყარი საკანონმდებლო ბაზა არეგულირებს და ამ სფეროში დახარჯული ყოველი დოლარი გასაჯაროებულია.რახან ევროპული დემოკრატია რამდენადმე სხვაგვარად უდგება ლობისტურ საქმიანობას და სხვანაირადაა სტრუქტურირებული, შესაბამისად, ეჭვებიც ჩნდება. ქართული დემოკრატია, მოგეხსენებათ, ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ჩვენივე ტემპერამენტიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ზოგჯერ წრეგადასულიც.

რაც შეხება ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც იწვნიეს ჩვენი მშობლიური წკეპლა, თმენის ვალდებულებას შევახსენებ და შესაბამის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე მივუთითებ. ზოგადად კი ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენენ, მეტი თავშეკავება მართებთ ევროპელი ჩინოსნების და პოლიტიკოსების კრიტიკისას.

- ოპოზიციის მტკიცებით, მმართველი გუნდი კი ამბობს რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს, უნდა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ იმავდროულად არაფერს ამბობს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების პუნქტების შესრულებას აპირებს თუ არა.

ვითარებაში, როცა მმართველი გუნდი არ ავლენს შიდა პოლიტიკაში პოლარიზაციის შემცირების სურვილს, არ დგამს ნაბიჯებს ქვეყანაში შემცირდეს პოლიტიკური პროცესისათვის დამახასიათებელი რადიკალიზმი, ამბობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა კარგად განახორციელა და ასე შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მმართველი გუნდს არ ეტყობა რომ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებას შეეცდება.

ახლა ყველა სასამართლოს რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. არადა, არანაკლებ აქტუალურია პროკურატურის რეფორმა, სახელისუფლებო შტოებს შორის მკაფიოდ გამიჯვნასთან დაკავშირებული საკითხები.

კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, ფაქტია, რომ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარის მოწოდებაზე „რეფორმირებული სასამართლოს“ მოსამართლეებმა პიონერთა რიგებში მისაღები ოქტომბრელებივით არ უპასუხონ.

თუ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, გაქვთ იმის განცდა, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეული პირობებით მიღებულ სტატუსს, ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებას დაიწყებს?

- „ქართული ოცნება“ შეასრულებს რეკომენდაციებს. მე ასე მჯერა. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, „ოცნების“ და მისი ლიდერის ობიექტური ოპონირების 10 წლიანი გამოცდილება მაქვს, მოსალოდნელ და ჩემთვის ნაკლებად სავარაუდო მომავალ წარუმატებლობას მმართველ პარტიას არ დავაბრალებდი.

აღვნიშნე კიდეც, რომ რეფორმების გაგრძელება აუცილებელია, სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება მკაცრად უნდა იქნას მოთავსებული საკანონმდებლო ჩარჩოში და გათავისუფლდეს არაფორმალური მმართველის ზეგავლენისგან.

ამას რომ ვუსვამ ხაზს, ნება მომეცით, აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ „ნაციონალების“ მმართველობის 9 წელიწადში სასამართლოს დამოუკიდებლობა ფაქტობრივად არ არსებობდა და შეუძლებელი იყო საუბარი, ვთქვათ, პრეზიდენტის გავლენაზე რეფორმირებულ სასამართლო სისტემაში.

არადა, ეს მთლიანად დაქვემდებარებული შტო იყო ხელისუფლების. ის საკმაოდ ხარჯტევადი რეფორმა, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა დააფინანსა, ფორმალურად უნაკლო იყო, მაგრამ მართვის ავტორიტარული სტილის გამო, რეალურად, ერთი კაცის - მიხეილ სააკაშვილის ნებას ექვემდებარებოდა.

„ოცნების“ დროს სიტუაცია არსებითად გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი არც ევროკავშირის წევრი და არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის. თუ ეს სტატუსი მოგვანიჭეს, იგი უნდა მივიღოთ ამ სფეროში გასატარებელი რეფორმის პირობით.

მაშ ასე, და ისევ ობიექტურად. რაც შეეხება მიშელის შეთანხმებას. - არ დაგვავიწყდეს, რომ ვიდრე „ოცნება“ მიშელის შეთანხმებიდან გავიდოდა, „ნაცმოძრაობა“ არ შევიდა პარლამენტში და ხელი არ მოაწერა შეთანხმებას. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ასეთი პოზიცია დაიკავა.

და მაშინ მმართველმა პარტიამ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გამოაცხადა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, მაგრამ არ გაუკეთებია განცხადება, რომ შარლ მიშელის შეთანხმების პრინციპული მომენტები მისთვის მიუღებელია.

ბრძანებთ, რომ მმართველი გუნდი პოლარიზაციის შესამცირებლად რეალურ ნაბიჯებს არ დგამს. თავისთავად ცხადია, რომ არც ოპოზიცია არის ანთებული საპასუხოდ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. გავიმეორებ - პოლარიზაციას შეამცირებს და ერთიანობას გაზრდის მთავარი პოლიტიკური ძალების მკაფიო გამიჯვნა ერთმანეთისგან და იმ არეალის გამოკვეთა, სადაც ძალისხმევის გაერთიანება დღესვეა შესაძლებელი.

მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ ლამის პოლიტიკურ ექსტრემიზმამდე მისული დაპირისპირების პირობებში, როცა ხალხი პოლიტიკური პროცესისგან გვერდზეა გაწეული, თანხმობის გაძლიერება და ერთიანობისკენ თუნდაც პირველი ნაბიჯის გადადგმა.

როგორ წარმოგიდგენიათ ლამის პოლიტიკურ ექსტრემიზმამდე მისული დაპირისპირების პირობებში, როცა ხალხი პოლიტიკური პროცესისგან გვერდზეა გაწეული, თანხმობის გაძლიერება და ერთიანობისკენ თუნდაც პირველი ნაბიჯის გადადგმა

- ამ თემებზე საუბრისას ანთროპოლოგმა ლევან შენგელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „თუ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს მთავრობა დაიწყებს სავალდებულო ნაბიჯების გადადგმას, ოღონდ უარს არ იტყვის „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკაზე და შეეცდება ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომ გახდეს ერთგვარი ევროკავშირსგარეთა უნგრეთი, ანუ ევროკავშირის ჭირვეული კანდიდატი-პარტნიორი“.

თუ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტ ურბანის უნგრეთის მსგავსად, საქართველო ევროკავშირსგარეთა უნგრეთი, ანუ ევროკავშირის ჭირვეული კანდიდატო-პარტნიორი იქნება?

- ვეთანხმები ბატონ ლევანს, ოღონდ ერთს დავამატებდი, რომ ჩვენ, ქართველები, ჩვენი ხასიათით, ფსიქოტიპით, ისტორიით, იმდენად განსაკუთრებული ერი და ქვეყანა ვართ, რომ უნგრეთსა და მის ლიდერ ურბანზე მიბაძვის გარეშეც საკმაოდ ორიგინალური წევრი-ქვეყანა ვიქნებით ევროკავშირში, თუ მიგვიღეს, რასაკვირველია.

- ამ თემის აქტუალიზაციაში რომ ოპოზიცია განსაკუთრებით აქტიურობს, ფაქტია. მმართველი გუნდი ოპოზიციას, განსაკუთრებით ჯერ „ნაცმოძრაობას“, ხოლო შემდეგ დანარჩენ ოპოზიციას ბრალს დებდა იმაში, რომ ისინი აფერხებდნენ ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

ოპოზიციის მიმართ პოზიცია ხელისუფლებას არც მას შემდეგ შეუცვლია, როცა ოპოზიციამ სახელისუფლებო გუნდს ამ თემებზე ერთობლივად და კოორდინირებულად მუშაობა შესთავაზა, არც მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ევროსტრუქტურებისთვის გასაგზავნ წერილზე შეთანხმდა მათზე თანხმობა ხელმოწერებითაც დაადასტურა.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ოპოზიციამ ვერ გამოავლინა საკმარისი კონსოლიდაციის უნარი, ვერ ჩამოაყალიბა ხალხისთვის საკმარისად მკაფიოდ გასაგები და მისაღები ერთიანი პროგრამა და ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს მიზნის რეალიზაცია.

მეტიც, ოპოზიციის უფრო დიდი კრიტიკოსების აზრით, პოლიტიკური ცხოვრება რომ

ძირითადად გაწიწმატებული კინკლაობის და ურთიერთანგარიშსწორების სახე აქვს და ქვეყანა თვითდინებაზეა მიშვებული, ეგეც ოპოზიციის „დამსახურებაა“.

როგორ შეაფასებდით ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან და ასევე სხვა აქტუალურ თემებზე ოპოზიციის აქტიურობას?

- განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. რაც ერი, ის ბერი. რაც ხელისუფლება და მთავრობა, ისიც მისი ოპოზიცია. განსაკუთრებით ხალხის, როგორც პოლიტიკის ფაქტორის და პოლიტიკური პროცესის დეტერმინირების სრული აბსტრაჰირების გათვალისწინებით.

ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ამოუწურავი არც ქართველების და მთლიანად საქართველოს ხალხის ინტელექტუალური პოტენციალია. ბოლო 40 წლის განმავლობაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობის არეალში შემოვიდნენ და შემდეგ, პოლიტიკური პროცესის კონტექსტიდან გამომდინარე, გაქრნენ სარბიელიდან ჯერ პარტიული და საბჭოთა ზედაფენა, შემდეგ ეროვნული მოძრაობა და ზვიად გამსახურდიას მიმდევრები, შემდეგ შევარდნაძე და მისი „ახალი კლასი“.

ამას მოჰყვა სააკაშვილი და „რეფორმატორები“... ეს ჯგუფები, ეს მრავალრიცხოვანი ჯგუფები, ამა თუ იმ ხელისუფლების წასვლის თუ დამხობის შემდეგ, ფაქტობრივად, ქრებოდნენ პოლიტიკური სარბიელიდან და სააზროვნო სივრციდან. არადა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზული ინტელექტუალური რესურსის პატრონი იყო. აი, თუნდაც, ერთ მაგალითს მოვიყვან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი, გერმანულის ჩინებული მცოდნე, ბორის კალანდია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დიდ საზოგადო ასპარეზზე დღემდე აღარ გამოჩენილა.

და ასეთები ბევრნი არიან. არადა, თვით ისეთი ნიჭიერი ადამიანებით აღსავსე ქვეყანასაც კი, როგორც საქართველოა, აქვს გარკვეული ზღვარი, რომლის მიღმაც მას აღარ შეუძლია ნამდვილი ლიდერების, ნიჭიერი მმართველების და პოლიტიკოსების წამოწევა წინა პლანზე, მათთვის დიდი საზოგადოებრივი მისიის დაკისრებით.

ეს 2000 -იანებიდან უკვე საგრძნობი გახდა. შესაბამისად, მავანთ, არა აქვთ რა ხედვა და სათანადო უნარები, ფონს გასვლა კინკლაობით და იაფფასიანი ფუჭსიტყვაობით უნდათ. ასეთები ხელისუფლებაშიც არიან და ოპოზიციაშიც. განსაკუთრებით არენაზე ახალგამოსულ დაჯგუფებებს შორის.

მიზეზი მე კი ვიცი, მაგრამ ამის ცოდნა გამოსავალი არ არის. მიზეზი ის არის, რომ პოლიტიკოსობა ისეთივე პროფესიაა, როგორც ექიმობა, ფიზიკოსობა, იურისტობა და ასე შემდეგ. პოლიტიკოსებსაც ჰყავთ ოჯახები ძირითადად და თავიანთი პროფესიული საქმიანობით უნდა არჩინონ იგი. არადა პოლიტიკაში ფულს არავინ დებს. საუბარია ლეგიტიმურ და სუფთა ფულზე... ამიტომ, ხშირად ხდება პოლიტიკა შარლატანების და ავანტიურისტების სარბიელი...

პოლიტიკაში ფულს არავინ დებს. საუბარია ლეგიტიმურ და სუფთა ფულზე... ამიტომ, ხშირად ხდება პოლიტიკა შარლატანების და ავანტიურისტების სარბიელი...

- იმ შემთხვევაში თუ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მოვლენათა განვითარების რამდენიმე არასასურველ სცენარებზე უკვე მსჯელობენ.

ვიდრე საუბარს დავასრულებდეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ იმედს, რომ საქართველო ევროპული პერსპექტივის გარეშე არ დარჩება. მაგრამ, თუ სამწუხაროდ ასე მაინც მოხდა, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში?

- არ მიყვარს მჩხიბაობა. საკუთარ მოვალეობად უფრო რეალობის ანალიზს მივიჩნევ. თუმცა, ნებისმიერი ანალიზი, გარკვეულწილად, მომავლის განჭვრეტის საშუალებასაც იძლევა.

მჯერა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. სჯობს, ეს მოხდეს ახლავე, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს იქნება, უწინარეს ყოვლისა და არსებითად, პოლიტიკური აქტი და ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ევროპის გაცხადებული თანხმობა.

მჯერა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. სჯობს, ეს მოხდეს ახლავე, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს იქნება, უწინარეს ყოვლისა და არსებითად, პოლიტიკური აქტი და ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ევროპის გაცხადებული თანხმობა

დანარჩენი კი, როგორც საომარი იყო 1918-ში, და მერე 70 წლის განმავლობაში, შემდეგ ბოლო 30 წლის მანძილზე, ისევ საომარი და უმძიმესი შრომით და გარჯით მოსაპოვებელი იქნება.

ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი კი არა, რამდენიმე აქილევსის ქუსლი გვაქვს - სუსტი ეკონომიკა, ურთულესი სამეზობლო და რეგიონი, ქვეყნის დეპოპულაციის შეუქცევადი პროცესი და კიდევ ბევრი მისთანანი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა