რუსთავში აქცია  - ,,გავიგუდეთ, ვითხოვთ სუფთა ჰაერს" მიმდინარეობს

რუსთავში აქცია  - ,,გავიგუდეთ, ვითხოვთ სუფთა ჰაერს" მიმდინარეობს

სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ორგანიზებით, რუსთავში საპროტესტო აქცია სლოგანით - ,,გავიგუდეთ, ვითხოვთ სუფთა ჰაერს - შენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს" მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კოსტავას გამზირზე ე.წ. ,,პირამიდასთან" შეიკრიბნენ და ფეხით მსვლელობას მართავენ თავისუფლების მოედნამდე, სადაც სცენა და მონიტორი აქვთ დამონტაჟებული.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ აღსრულდეს ჰაერდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ძალაში ერთი წლის წინ შევიდა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნოს გეგმა-გრაფიკი, რომელ საწარმოს კონკრეტულად როდის ექნება ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა; სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურად ჩართოს საწარმოებთან შეხვედრებში და გაზარდონ მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების ხარისხი; ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფი გახდეს უფრო ქმედითი; გაიზარდოს საწარმოების კონტროლი და არაგეგმური ინსპექტირებების რაოდენობა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს გარემოს მსოფლიო დღეა (World Environment Day) და კარგი შანსია, რუსთაველებმა სწორ მიზანს მოახმარონ ეს დღე.

,,ეს არის აქცია - ბოლო შანსი. ბოლო შანსი ხელისუფლებისა და საწარმოებისთვის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეინარჩუნონ სახე და მოსახლეობას არ დაჭირდეს რადიკალური პროტესტი. ბოლო შანსი მოქალაქეებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ, ვისაც ეს საკითხი ადარდებს, თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ბოლო შანსი ჩვენთვის, რომ ყველა რესურსის და ძალის მობილიზება მოვახერხოთ და ჩვენი მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გავაკეთოთ", - განაცხადა ,,გავიგუდეთ" წევრმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თინათინ მაღედანმა.