ვახტანგ ძაბირაძე - სანამ ხელისუფლება არ დარწმუნდება თუ საით გადაიხრება სასწორი უკრაინა-დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, მანამდე იგი შეეცდება ყველა მიმართულებით მოლოდინის რეჟიმში ყოფნას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, რადგან საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ თემად რჩება ევროკომისია მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ჩვენც ამ თემებზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.

ვიდრე ამ თემასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას, საინტერესოა, თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში ამ თემასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას?

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მაინცადამაინც დიდ ცვლილებებს არ განიცდის, რადგან მისი ძირითადი აქტორები, ვგულისხმობ მთლიანობაში ოპოზიციას და ხელისუფლებას, ისევ ისე არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული და ისევ ისე რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ეს ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობის პროცესი გაჩნდებოდა და დაიწყებოდა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება-არმიღების თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას ახალი იმპულსი შესძინა და შეიძლება ითქვას, მეტადაც კი გაამძაფრა ვითარება.

ჩემი დაკვირვებით ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც ინტენსიურად დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ეცდებიან დაარწმუნონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც ინტენსიურად დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ეცდებიან დაარწმუნონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ვხედავთ, რომ ამ საკითხში ხელისუფლებამაც შეცვალა სასაუბრო ენა. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები ბრატისლავაში რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაზეც ის თებერვლის ბოლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან საქართველოს არმიერთებასთან დაკავშირებით ამბობდა.

აშკარაა, რომ ვითარება შეიცვალა. ყველა ხვდება იმას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების საკითხი წარმოშვა უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებამ. ამ შემთხვევაში როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში პოზიციები გარკვეულია.

რადგან ევროკავშირის წევრობის თემა უკრაინისთვის შემოვიდა, რა თქმა უნდა, დასავლეთი ამ თემაზე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამიტომ, მაღალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოანიჭებენ.

ახლა საინტერესო ისაა, თუ როგორ აისახება ეს პროცესი ჩვენს საშინაო პოლიტიკაზე. ოპოზიცია ეცდება ეს თავის დამსახურებად წარმოაჩინოს, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებაც შეეცდება მომხდარი თავის დამსახურებად მიიჩნიოს.

- სწორს ბრძანებთ, მართლაც თვალშისაცემი იყო პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებს შორის განსხვავება. მმართველი გუნდის მხრიდან იკლო ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკა.

მაგრამ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მისამართით ხელისუფლების გზავნილიც მნიშვნელოვნად შეცვლილია. ამ თემაზე „ოცნების“ ლიდერშიფი საუბრობს იმაზე, რომ ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცეს, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების თითქმის ნახევარი, საქართველოს შესრულებული აქვს.

მმართველი გუნდი იმაზე კი არ საუბრობს, რომ საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ ბევრი პრობლემა რეალურად არსებობს, რაზეც პარტნიორები ღიად მიგვითითებენ.

ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა შესაძლოა ახლა არ იყოს პრობლემა, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, თუ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, შემდეგ რეკომენდაციების შესრულების პრობლემა ნამდვილად იქნება...

- რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ საკითხში მთავრობის პოზიციას.

მთავრობა ამბობს, რომ საქართველო ქვეყანაში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით უფრო წინაა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ზოგადად, ეს სიმართლეა, შესაბამისად, თუ საუბარია იმაზე, რომ თუ რამდენად გვაქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, საქართველოს აქვს უპირატესობა.

შესაძლოა, ჩვენ მართლაც წინ ვიყოთ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, მაგრამ, დღეს ევროკომისია გადაწყვეტილებას ჩვენს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება-არშესრულების არ მიიღებს. თავიდანვე ვთქვი, რომ როგორიც არ უნდა იყოს ევროკომისიის დასკვნა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, იგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

რა თქმა უნდა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა პოზიცია უჭირავს საქართველოს უკრაინაში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში და როგორია ამ პროცესში საქართველოს ჩართულობა.

ევროკავშირში გაჩენილია პრობლემები რუსეთთან დამოკიდებულებაში. ევროკავშირი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში არა ვართ ეფექტური იმის გამო, რომ ბევრი ქვეყანა თავს იკავებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

ჩვენთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება კი იქნება მიღებული, მაგრამ, როდესაც საერთო ინტერესებს არ ითვალისწინებს ცალკე აღებული ერთი ქვეყანა, ქმნის წინაპირობას, ევროკავშირის რუკაზე ამ თვალსაზრისით საქართველოს სახით კიდევ ერთი სუსტი წერტილის გაჩენა მათთვის სასურველი არ იქნება.

ეს პრობლემა წარმოშვა 24 თებერვლიდან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით. ამ თემაზე უამრავი განცხადებების მიუხედავად, მაინც გაუგებარია საქართველო შეერთებულია თუ არა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ევროკავშირი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში არა ვართ ეფექტური იმის გამო, რომ ბევრი ქვეყანა თავს იკავებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს... გაუგებარია საქართველო შეერთებულია თუ არა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

მიუხედავად ამისა, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ დადებით პასუხს მოჰყვება შესასრულებელი ვალდებულებები.

- ანუ, შეიძლება კი მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შემდეგ გვექნება პრობლემები ვალდებულებების შესრულებაში?

- დიახ. ვნახოთ რა იქნება - თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს დათქმებით, ხელისუფლება იძულებული იქნება ისინი შეასრულოს. ამ თვალსაზრისით იგი ორმაგი, ერთი მხრივ დასავლელი ჩვენი პარტნიორების, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოების ზეწოლის ქვეშ იქნება.

მაგრამ, თუ კანდიდატობის სტატუსს არ მივიღებთ, საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში გამოსვლები დაიწყება. თუ ამ გამოსვლების მიუხედავად ხელისუფლებამ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, მაშინ ჩვენი საზოგადოება ხელისუფლების პირისპირ მარტო აღმოჩნდება. ევროკავშირი საერთოდ გვერდზე დარჩება.

ამიტომაც მგონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მაგრამ დათქმებით. ევროკავშირის დათქმებისა და რეკომენდაციების შესრულებისთვის ბრძოლა იქნება საჭირო. ამისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მაგრამ დათქმებით. ევროკავშირის დათქმებისა და რეკომენდაციების შესრულებისთვის ბრძოლა იქნება საჭირო. ამისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ

ხელისუფლება კი ამბობს ესა და ეს შევასრულეო, მაგრამ ის, თუ როგორ შეასრულა მან ევროკომიის დათქმები, უპირველეს ყოვლისა ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა შეაფასონ. მხედველობაში მაქვს ის, თუ რამდენად სწორადაა ისინი შესრულებული და რამდენად ესადაგება ის იმ ნორმებს, რომელიც ამა თუ იმ საკითხში დამკვიდრებულია ევროკავშირში.

- ცოტა ხნის წინ, ხელისუფლება ცდილობდა ოპოზიციისთვის დაებრალებინა ის, რომ თუ ევროკომისია საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

გვახსოვს განცხადებები, რომ „ოპოზიცია ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურებში დარბის“. დღეს მოცემულობა ასეთია - ევროპაში ოპოზიციის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა „სახალხო პარტიამ, ევროპელმა ლიბერალებმა საქართველოსთან დაკავშირებით ფაქტობრივად უკვე გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები. მართალია ამ მხარდამჭერ განცხადებებში კრიტიკა საკმარისადაა, მაგრამ, მაინც მხარდამჭერი განცხადებებია.

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ პარტნიორია. ვხედავთ, რომ ამ თემაზე ხელისუფლების ევროპელი პარტნიორები ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ოცნების“ ევროპელი პარტნიორების პოზიცია ამ საკითხში ჯერ უცნობია?

- ვფიქრობ, რომ ეს მაინც არის პროცესი. ვიმეორებ, ოპოზიციამ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯები გადადგა. დღეს უკვე ხელისუფლება ოპოზიციას ვერ დააბრალებს იმას, რომ ოპოზიციას არ უნდა რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ფაქტია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების ასეთი პროპაგანდა არა მარტო დაძლია, წარმატებითაც კი გადატეხა. ამიტომ, ხელისუფლებისთვის ამ თემაზე ოპოზიციის მისამართით ისრების სროლა მომგებიანი აღარ არის და არც იმუშავებს.

დღეს უკვე ხელისუფლება ოპოზიციას ვერ დააბრალებს იმას, რომ ოპოზიციას არ უნდა რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ფაქტია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების ასეთი პროპაგანდა არა მარტო დაძლია, წარმატებითაც კი გადატეხა. ამიტომ, ხელისუფლებისთვის ამ თემაზე ოპოზიციის მისამართით ისრების სროლა მომგებიანი აღარ არის და არც იმუშავებს

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება. ვფიქრობ, რომ ისევე როგორც შეიცვალა პრემიერი რიტორიკა, რაღაც ეტაპი ჩამთავრდება, ამ თემაზე ბოლო აკორდს ხელისუფლება გააკეთებს. ახლა ჩანს, რომ ხელისუფლებას ჯერ არსად არ ეჩქარება.

რაც უფრო მოახლოვდება გადაწყვეტილების მიღების დრო, ვითარების შესაბამისად გააქტიურდება ხელისუფლება. რას ვგულისხმობ. თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იღებს, მაშინ იგი შეეცდება ეს პროცესი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ამას ხელს შეუწყობს ის გარემოებაც, რომ საქართველოს მიერ კანდიდატობის სტატუსის მიღებას მხარს დაუჭერენ „ქართული ოცნების“ ევროპელი „სოციალ-დემოკრატები.“ ევროპელი „სოციალ-დემოკრატები“ ამას გააკეთებენ მაშინ როცა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დრო მოახლოვდება.

დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას აქვს კომუნიკაცია თავის ევროპელ სოციალ-დემოკრატებთან. ევროპელი სოციალ-დემოკრატებისთვისაც მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენი ქვეყნის მმართველობაში არიან სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ოჯახის წევრები. თავის მხრივ, ხელისუფლება როცა ჩათვლის, გადავიდეს შიშველ პროპაგანდაზე, - ჩვენ მოვიპოვეთ წევრობის კანდიდატობა, მაშინ მიიღებენ გადაწყვეტილებას გადავიდნენ პროპაგანდაზე.

- ამ თემაზე შთამბეჭდავი იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცერის განცხადება - „დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“. ასევე მის მიერ გამოთქმული სინანული, რომ „საქართველოს შეეძლო უფრო უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ პროცესს“.

გრჩებათ შთაბეჭდილება რომ ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს რომ ევროკომისიამ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს?

გაქვთ განცდა, რომ ხელისუფლება ცდილობს უფრო მომზადებული შეხვდეს ამ მნიშვნელოვან პროცესს იმ შემთხვევაში თუ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო?

- ბატონ ჰარცერის განცხადების მესმის, ის ელჩია და მისი როგორც დიპლომატის კარიერა მიბმულია იმაზე, თუ რა წარმატებები ექნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლება ცოტა მეტად გააქტიურდა, მანამდე უფრო ფრთხილ და მოზომილ ნაბიჯებს დგამდა.

ჰარცერსაც და ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც საქართველოსთან მიმართებაში კითხვის ნიშნები გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია არ გამოხატა უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების მიმართ. არ გააკეთა უკრაინის მიმართ იმ ტიპის მხარდამჭერი განცხადებები, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოსგან მოელოდნენ.

ჰარცელსაც და ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც საქართველოსთან მიმართებაში კითხვის ნიშნები გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია არ გამოხატა უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების მიმართ. არ გააკეთა უკრაინის მიმართ იმ ტიპის მხარდამჭერი განცხადებები, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოსგან მოელოდნენ

თუ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზეა საუბარი, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით მართლაც წინ ვართ, მაგრამ იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რასაც გვეუბნებიან, რომ პრობლემები გვექნება, ჩემი აზრით, ამას გულისხმობდა ბატონი ჰარცერიც.

ვიმეორებ, ხელისუფლება ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს დგამს. ხელისუფლება ახლაც ცდილობს რუსეთის არგაღიზიანებას. თუ ხელისუფლებას რუსეთთან აქვს კომუნიკაცია კულუარებში, იგი იმ გარემოებას, რომ ევროპაში ოპოზიციური სპექტრის აქტივობა მხარდაჭერილია, რუსეთთან კომუნიკაციისას ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

თუ მოგვანიჭეს სტატუსი, ამაზე ჩვენ ოფიციალურად უარს ვერ ვიტყვით, რადგან ამას საქართველოში ბუნტი მოჰყვება, ამიტომ ჩვენც იძულებული ვართ ევროპის მიმართულებით გაცილებით უფრო აქტიური ვიყოთ. თუ ხელისუფლებას რაღაც ფორმით აქვს კომუნიკაცია რუსეთთან, დიდი ალბათობით იგი მათთან ურთიერთობაში ამ სცენარით იმოქმედებს.

არა მაქვს მოლოდინი, რომ დარჩენილ 2-3 კვირაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. არც სასამართლოს რეფორმის, არც კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. არაფერი ამის მსგავსი არ გაკეთდება.

ხელისუფლება ახლაც ცდილობს რუსეთის არგაღიზიანებას. თუ ხელისუფლებას რუსეთთან აქვს კომუნიკაცია კულუარებში, იგი იმ გარემოებას, რომ ევროპაში ოპოზიციური სპექტრის აქტივობა მხარდაჭერილია, რუსეთთან კომუნიკაციისას ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს

ჩემი აზრით, ეს პროცესი ასე გაგრძელდება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე 2 კვირით ადრე ველოდები „ქართული ოცნების“ გააქტიურებას.

- იმ შემთხვევაში თუ მოგვცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ხელისუფლება დაიწყებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების შესრულებას? და კიდევ - თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როდის შეიძლება უფრო მკაფიო გახდეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინა-რუსეთს შორის დაპირისპირების საკითხში?

- როგორი დათქმებითაც არ უნდა მოგვანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არ ველოდები, რომ საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების შესასრულებლად.

ხელისუფლება დღეს მოლოდინის რეჟიმშია და ასევე გააგრძელებს მოლოდინის რეჟიმში ყოფნას რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება

რა თქმა უნდა, იტყვის, რომ უნდა დავიწყოთ მათი შესრულება, მაგრამ, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ შეცვლილა. სანამ ხელისუფლება არ დარწმუნდება თუ საით გადაიხრება სასწორი უკრაინა-დასავლეთ -რუსეთის დაპირისპირებაში, მანამდე იგი შეეცდება მოლოდინის რეჟიმში ყოფნას.

მაგრამ, როგორც კი დარწმუნდებიან თუ ვინ იგებს ომს უკრაინაში, მაშინ გახდებიან გაცილებით აქტიური არა მარტო ევროპული მიმართულებით.

ვიდრე ბევრი რამ არ გაირკვევა, ხელისუფლებისგან რომელიმე მიმართულებით მკვეთრ ნაბიჯებს არ ველოდები. ხელისუფლება დღეს მოლოდინის რეჟიმშია და ასევე გააგრძელებს მოლოდინის რეჟიმში ყოფნას რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო