ზესტაფონი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის 21 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, გზის სრული რეაბილიტაცია ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას მოიცავს. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და სანიაღვრე მილების მოწყობის, ძველი ასფალტ-ბეტონის ფრეზირება და საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტის მიხედვით, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები მოეწყობა. გზის სავალი ნაწილი მოინიშნება და შემოიფარგლება და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება.

აღნიშნული გზა ზესტაფონსა და ხარაგაულს ერთმანეთთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს და შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს ერთმანეთთან კავშირისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალით სარგებლობა აღარ მოუწევთ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14 288 887 მლნ. ლარია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.