სერგეი ტიმილენკო -  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 32 ჟურნალისტი დაიღუპა - 8  პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ნაწილი - დაბომბვისას და ბრძოლებში, რამდენიმე ათეული კი პრაქტიკულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მძევალია

6 ივნისს უკრაინაში „ჟურნალისტის დღე“ იყო. ომში ჩართული ქვეყნის ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის პრობლემებზე “ინტერპრესნიუსი“ უკრაინის ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარეს, სერგეი ტიმილენკოს ესაუბრა.

- ბატონო სერგეი, სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს შევიტყვეთ, რომ 6 ივნისს უკრაინაში „ჟურნალისტი დღე“ იყო. მართალია გვიან, მაგრამ, ცნობილი შეგონებით - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ვიხელმძღვანელებ და ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგების სახელით უკრაინელ კოლეგებს მოგილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს.

კარგად გვესმის, რომ უკრაინას ახლა ურთულესი გზის გავლა უწევს, მხედველობაში მაქვს ომი ოკუპანტებთან. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება და იმ თემებზე საუბარი თუ როგორ უმკლავდება ომის პირობებში მყოფი უკრაინის ჟურნალისტიკა მის წინაშე არსებულ პრობლემებს...

- დიახ, 6 ივნისი უკრაინაში „ჟურნალისტის დღეა“. ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო წელს ეს დღე ჩვენ არ აღგვინიშნავს საზეიმოდ. ჩვენ წელს პატივი მივაგეთ ომში დაღუპულ ჩვენს კოლეგებს და კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი იმას, რომ ჩვენი პროფესია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროა.

- კარგად მესმის, რომ უკრაინის ჟურნალისტთა კავშირში ყველა ჟურნალისტი არ იქნება გაერთიანებული.

როგორც ჩვენთან, ალბათ თქვენთანაც არსებობენ სხვადასხვა ჟურნალისტური გაერთიანებები, მაგრამ, კითხვას მაინც ასე დავსვამ - თქვენი ინფორმაციით დღევანდელ უკრაინაში რამდენი უკრაინის მოქალაქეა დაკავებული პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობით?

- იმის გამო, რომ უკრაინაში აუცილებელი არაა ჟურნალისტად დარეგისტრირება, საკმაოდ ძნელია იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული ჟურნალისტური საქმიანობით.

ჩვენს პროფესიონალურ კავშირში - „უკრაინის ჟურნალისტთა ნაციონალურ კავშირში“ გაერთიანებული არიან, ანუ ჩვენი კავშირის წევრია 18 ათასი ჟურნალისტი. ჩვენი კავშირი ყველაზე დიდი ჟურნალისტური გაერთიანებაა, მაგრამ უკრაინაში სხვადასხვა ფორმატში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა 40 ათასი ადამიანი.

ეს გარასკვირი არაა, რადგან უკრაინა დიდი ქვეყანაა. ქვეყანაში 24 რეგიონია, ომამდე და ახლაც ძალიან ბევრი მედია ფუნქციონირებს. გვაქვს ძალიან ბევრი ტელე და სხვადასხვა პლატფორმების პროექტები,

- სამწუხაროდ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველო რამდენიმეჯერ აღმოჩნდა ომში ჩართული და ჩვენ კარგად ვიცით თუ რა უბედურებაა ომი ქვეყნისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ქართულმა ჟურნალისტიკამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული თავის თავზე იწვნია ომის სისასტიკე და ომის პირობებში მუშაობის პრობლემები.

თქვენ როგორ შეაფასებდით ომის პირობებში უკრაინული ჟურნალისტიკის მუშაობას? სამწუხაროდ, ვიცით, რომ ომს მსხვერპლი გახდა არაერთი თქვენი და ჩვენი კოლეგა. თუ დეტალებს დააზუსტებთ, დაგვავალებთ...

- დიახ, ომი დიდი ტრაგედიაა, ომი იწვევს დიდ დანაკარგებს. სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია დაღუპული ჟურნალისტების ფონდის შექმნა. მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს ომი დაიწყო, უკრაინაში 32 ჟურნალისტი დაიღუპა. აქედან 8 დაიღუპა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ნაწილი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისას, უდიდესი ნაწილი წინა ხაზზე ბრძოლებში, თავისი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებისას. ჩვენ ყველა აღრიცხული გვყავს, ყველა გვახსოვს და გვაქვს კავშირი მათი ოჯახის წევრებთან.

32 დაღუპული ჟურნალისტის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიაა. ჩვენ ამიტომაც მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას რეალური ნაბიჯები გადადგან იმათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთის მხრიდან ომი დაიწყო, მოახდინა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების ბარბაროსული დაბომბვა, რასაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.

- რამდენადაც შესაძლებელია თბილისიდან ვადევნებთ თვალს ჩვენი უკრაინელი კოლეგების მუშაობას. გვახარებს, რომ უკრაინული მედია ახერხებს ოპერატიულად და კვალიფიციურად მოვლენების გაშუქებას.

რა პრობლემების გადალახვა უწევს დღეს რუსეთთან ომში ჩართული ქვეყნის უკრაინის ჟურნალისტიკას?

- ომი დიდი გამოწვევაა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ ომში ჩართული ქვეყნის ჟურნალისტიკისთვის. ახლა მთავარია საინფორმაციო ფრონტზე შეიტანოს ყველა ჟურნალისტმა თავისი წვლილი ობიექტური ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში. ასევე იმაში, თუ რა საფრთხეები შეიძლება ჰქონდეთ ამა თუ იმ შემთხვევაში მშვიდობიან მოსახლეობას.

ჟურნალისტის მოვალეობების შესრულებისას ჟურნალისტებს უწევთ უამრავი პრობლემების მოგვარება. ჩვენ არ ვიყავით მზად ისეთი მასშტაბური ომისთვის, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. თავიდან გვქონდა ბრონეჟილეტების, ჩაფხუტების, ჯარისკაცის აფთიაქების დიდი ნაკლებობა.

პრობლემად რჩება იმ ადამიანების ინფორმირება, ვინც ახლა რუსების მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის, ნაწილობრივ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე რჩება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ვერ იღებენ ომის მიმდინარეობაზე ობიექტურ ინფორმაციას.

ფაქტობრივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები, მათ შორის ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები რუს ოკუპანტებს მძევლებად ჰყავს აყვანილი.

- სწორად გავიგე - რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან უკრაინელი ჟურნალისტები?

- დიახ ასეა. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჟურნალისტების უდიდესმა ნაწილმა მოასწრო ევაკუაცია, მაგრამ, იმავე ტერიტორიებზე ჩარჩენილია რამდენიმე ათეული ჟურნალისტი. ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან რუსები ამ ტერიტორიებზე აკონტროლებენ მათ მიერვე შექმნილ ბლოკ-პოსტებს, შესასვლელებსა და გამოსასვლელებს. ეს ეხება ხერსონის, ნაწილობრივ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქებს ბერდიანსკსა და მელიტოპოლს.

- შეიძლება დავაზუსტო - მათ იმიტომ არ უშვებენ, რომ ჟურნალისტები არიან თუ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ უშვებენ რუსები უკრაინის მოქალაქეებს?

- ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსები არ უშვებენ უკრაინის მოქალაქეებს იმ ტერიტორიებზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. მათ შორის არიან ჟურნალისტები.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ჟურნალისტებს, ისინი თავიანთ სახლებში არ ცხოვრობენ, უწევთ დამალვა, ცდილობენ ნათესავებთან და ახლობლებთან იცხოვრონ და იქ დაემალონ რუს ოკუპანტებს. არაერთი ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული ჟურნალისტების დაკავების, დაკითხვის. ოკუპანტები მათგან მოითხოვენ მათთან თანამშრომლობას და მათ ადგილობრივ პროპაგანდისტებად გახდომას. ფაქტობრივად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახლა მყოფი ჩვენი კოლეგები მძევლები არიან.

ცალკე პრობლემაა, იმ ჟურნალისტების მდგომარეობა, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავისი ქალაქები და სამშვიდობოს გამოსულიყვნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოსული ჟურნალისტების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აჭარბებს. ბევრ მათგანს მოუწია თავისი ქალაქების დატოვება, როცა იყო ჩერნიგოვისა და სუმის, ასევე კიევის ოლქის ქალაქების ოკუპირების მცდელობა.

ბევრი მათგანი დაბრუნდა თავის ქალაქებში, მაგრამ ადგილებზე მათ დახვდათ გაძარცვული და დამწვარი რედაქციები და მათი ბინები. ახლა ისინი ცდილობენ დაუბრუნდნენ თავის საქმიანობას და იყვნენ საინფორმაციო სივრცეში, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა.

გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ოკუპირებული ტერიტორიებს გამორიდებული და ახლა უკრაინის დასავლეთ რაიონებში მყოფი ჟურნალისტები აქტიურად არიან ჩართული იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც მონაწილეობა უკრაინას, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანას უწევს.

ხერსონის ოლქიდან გამოსული ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა შეძლო საინტერესო პლატფორმების შექმნა და ინტერნეტსივრცეში აქტიური საქმიანობით თავის დამკვიდრება თავისივე ხერსონის ოლქში მცხოვრები აუდიტორიისთვის.

- ომმა ალბათ უკრაინის ჟურნალისტიკას ეკონომიკური პრობლემებიც შეუქმნა...

- ომამდეც არა მარტო უკრაინულ, არამედ საქართველოს, ევროპის ქვეყნებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჟურნალისტიკას საკმაოდ ბევრი გამოწვევა ჰქონდა. ციფრულ მედიასაც ჰქონდა რეკლამების თვალსაზრისითაც პრობლემები. მოგეხსენებათ რეკლამა თავისუფალი მედიისთვის არსებობის ერთადერთი დიდი რესურსი და საშუალებაა.

ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში ახლა სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია მედიის შემოსავლები. მცირდება ბეჭდური მედიის ტირაჟები. ახლა უკრაინული მედიის გამოწვევაა ომის ვითარებაში ეკონომიკური გადარჩენა. ქვეყნის დასავლეთში არსებული მედიასაშუალებები საუბრობენ იმაზე, რომ მათ ეწურებათ რესურსები. მუდმივი ვალანტიორობა არ იძლევა საშუალებას მედიაწარმოებამ იმუშაოს - მოიპოვოს და შემდეგ გაავრცელოს ინფორმაციები, ან გამოიცეს ჟურნალ-გაზეთები.

ჩვენი ჟურნალისტური კავშირი აქტიურად თანამშრომლობს და კომუნიკაციაშია თავის უცხოელ პარტნიორებთან და დონორებთან, ასევე ხელისუფლებასთან, რომ მედიის დახმარების სპეციალური პროექტებით დაეხმაროს მედიასაშუალებებს. ვეხმარებით მათ ახალი საიტებისა და ახალი კონტენტების შექმნაში. ვეძებთ ფორმებსა და თანამშრომლობის მოდელებს რომ ჩვენი დახმარება მთელ სფეროს შეეხოს.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ასევე ჟურნალისტთა ევროპულ ფედერაციასთან. ჯერ კიდევ თებერვალში შევთავაზეთ ჩვენს კოლეგებს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციიდან გაერიცხათ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი.

ჩვენ ვთვლით, რომ რუსი პროპაგანდისტები დამნაშავეები არიან ხალხებს შორის მტრობის გაღვივებაში, ასევე იმაში, რომ რუსეთში მათ შექმნეს ატმოსფერო, რომელმაც შესაძლებელი გახადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყება და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის მცდელობა.

ასე იქცეოდა რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, ომის მიმდინარეობისას და ომის შემდეგ. რუსეთის პროპაგანდის მანქანა გახლავთ ნაწილი კრემლის მიერ წარმოებული საინფორმაციო სივრცეში ტერორიზმის და ბრძოლის ველზე იმ ბარბაროსობის, რასაც რუსი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე სჩადიან.

- თქვენ კი მიმართეთ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციიდან რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის გარიცხვის მოთხოვნით, მაგრამ შემდეგ რა გაგრძელება მოჰყვა თქვენს მოთხოვნას?

- ჩვენი მიმართვის შემდეგ ჩვენ ბევრმა ევროპელმა კოლეგებმა დაგვიჭირეს მხარი, მათ შორის მხარი დაგვიჭირა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ, კერძოდ, მისმა თავმჯდომარემ ზვიად ფოჩხუამ. ამ დროისთვის რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაცია გარიცხულია ევროპის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციიდან.

რაც შეეხება ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში რუსეთის პოზიციებს, აქ მდგომარეობა ასეთია - გასულ კვირას გაიმართა ამ ორგანიზაციის კონგრესი. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ რუსეთის წარმომადგენლები აღარ არიან ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობაში.

მანამდე, ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი სწორედ რუსეთის წარმომადგენელი იყო. უახლოეს თვეებში იგეგმება ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი ორგანო და ამ ფედერაციაში რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხს განიხილავს.

არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მაშინ მიიღება გადაწყვეტილება ამ ფედერაციაში რუსეთის ყოფნის საკითხი. მთავარია, რომ ახლა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის გავლენა როგორც ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაში, ისე ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში, ერთმნიშვნელოვნად ნულის ტოლია.

- ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა ვუსურვო რუს ოკუპანტებთან ომში ჩართულ უკრაინას გამარჯვება. მინდა გისურვოთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყოს თქვენი გამარჯვებით და აქვე გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალ წელს რუსეთთან ომში გამარჯვებული უკრაინა „ჟურნალისტის დღეს“ ღირსეულად აღნიშნავს...

- დიდი მადლობა. მოხარული ვარ რომ დაგვიკავშირდით. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც უკრაინას, ისე საქართველოს ექნებათ კარგი მომავალი და ჩვენი ხალხები მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში იცხოვრებენ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა