„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 5 მიზეზს ასახელებს თუ რატომ არის ნიკა გვარამიას "განაჩენი დაუსაბუთებელი"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 16 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეისწავლა. მათი შეფასებით, აღნიშნული განაჩენი ვერ პასუხობს კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებს. ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" 5 მიზეზს ასახელებს თუ რატომ არის განაჩენი დაუსაბუთებელი. აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსამართლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით არსებული ლეგიტიმური კითხვების უგულებელყოფის, ნიკა გვარამიას მსჯავრდებისა და სასჯელის განსაზღვრის კუთხით სამართლებრივი მსჯელობის სიმწირის, მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ფაქტების სისტემური ანალიზისა და სასამართლოების შესაბამისი პრაქტიკის, იურიდიული ლიტერატურისა თუ სამეცნიერო ნაშრომების გამოყენების ნაკლებობის გამო შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი „გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელია და სრულყოფილად არ ასახავს მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას მოსამართლის მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არაპროპორციული.

,,2021 წლის 15 დეკემბერს დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა იმ საფუძვლით დააყენა, რომ ერთ-ერთი დასაკითხი პირი მოსამართლის ახლო მეგობარი და საქმის შედეგით დაინტერესებული იყო. მოსამართლის განმარტებით კი, მისი მეგობარი საქმეში მხოლოდ მოწმის სახით ფიგურირებდა და ეს მოცემულობა არ შეიძლება გამხდარიყო მისი აცილების წინაპირობა. გარდა ამისა, განაჩენში მითითებულია, რომ აცილების საკითხი დამოკიდებული არ უნდა იყოს დაცვის მხარის სურვილზე, მოსაზრებასა თუ ჰიპოთეტურ დაშვებაზე და დაცვის მხარეს უნდა წარმოედგინა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას ეჭქვეშ დააყენებდა.

ამის საპირისპიროდ, მოსამართლემ გვერდი აუარა იმ საკითხს, რომ მისი ახლო მეგობარი „რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მმართველი მედია ჰოლდინგის დირექტორია. ბუნებრივია, ჰოლდინგის დირექტორს ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის მიმართ უნდა ჰქონოდა პირდაპირი ფინანსური დაინტერესება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ არ უარყო ამ პირთან ახლო მეგობრობისა და რეგულარული კომუნიკაციის ფაქტი, აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაჩენში ეს საკითხი სათანადოდ არც ასახა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სამოსამართლო ქცევის - ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთან ახლო მეგობრობის ფაქტი კი ის გარემოებაა, რომელიც მოსამართლის აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ გაფლანგვის ბრალდებაზე კვალიფიკაცია შეცვალა, ნიკა გვარამია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 50 000 ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2015 წლის 16 იანვარს რეკლამის გაყიდვის წესის ცვლილებითა და 2015 წლის სექტემბერ-დეკემბერში წინა წელთან შედარებით ნაკლები შემოსავლის მიღებით ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედა და მას ზიანი განზრახ მიაყენა.

სასამართლომ უგულებელყო მასთან წარდგენილი სასამართლოს მეგობრის არაერთი მოსაზრება, რომელთა მიხედვითაც კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული მსგავსი მენეჯერული გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასება, პირველ რიგში, კორპორაციულ-სამართლებრივ ჭრილში და დირექტორის უფლება-მოვალეობების მხედველობაში მიღებით უნდა მომხდარიყო. კორპორაციული მართვის პროცესში დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, იმ მოტივით, რომ მისმა გადაწყვეტილებამ საწარმოს წინა წლის მსგავსი შემოსავალი არ მოუტანა, ეწინააღმდეგება სამეწარმეო განსჯის წესს.

კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები. მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება საწარმოსათვის მოგების მომტანი არ აღმოჩნდა. დირექტორის გადაწყვეტილებამ შესაძლოა საწარმოს მოგება არ მოუტანოს, თუმცა იგი გამართლებული იყოს საწარმოს ეფექტიანად ფუნქციონირების გაგრძელებისათვის. ნიკა გვარამიას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა დაკისრებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ იგი მოქმედებდა ერთპიროვნული გადაწყვეტილების, მისი პირადი დაინტერესების, თაღლითობის, კორუფციული თუ სხვა დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე.

გარდა ამისა, მოსამართლემ უგულებელყო ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2-ის“ პარტნიორს (მფლობელს) რეკლამის გაყიდვის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით თანხმობა ჰქონდა გაცხადებული. მიგვაჩნია, რომ განაჩენში მითითებული არაერთი დასკვნა ზოგადი ხასიათისაა ანდა არ შეიცავს მსჯელობას თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ დაშვებამდე“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, მოსამართლეს არ უმსჯელია რამდენად იყო კომპანიის დირექტორის ქმედება სამეწარმეო სამართლით შესაფასებელი კატეგორია. კერძოდ, მას უნდა დაედგინა მოქმედებდა თუ არა დირექტორი სამეწარმეო განსჯის წესის ფარგლებში და დარღვეული იქნა თუ არა დირექტორის ფიდუციური ვალდებულება (ზრუნვის, კეთილსინდისიერებისა და ერთგულების მოვალეობა). მხოლოდ აღნიშნული საკითხების შემოწმებისა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი იმის შეფასება, თუ რამდენად არსებობდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის რელევანტური საფუძველი.

„გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ ავტომობილის ფაქტობრივ მფლობელობაში მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო წინააღმდეგობრივ დასკვნას აკეთებს. მოსამართლე განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, თუმცა მან კომპანიისათვის საზიანო დანაშაულებრივი სქემა აირჩია. გაუგებარია, რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს დანაშაულის ჩადენის განზრახვა იმ შედეგის მისაღწევად, რაც მას კანონიერი გზითაც შეუძლია მიიღოს. მოსამართლის განმარტებით, პრემიის გამოწერის გზით ავტომანქანის მიღება მართლზომიერი იქნებოდა, ხოლო ხელშეკრულების დადებით „რუსთავი 2”-ს მატერიალური ზიანი მიადგა. გაუგებარია, როგორ მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პრემიის მიღების შემთხვევაში ტელეკომპანიას შესაძლოა ნაკლები შემოსავალი მიეღო. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა ნიკა გვარამიას მოტივაციასა და განზრახვის ელემენტზე - ამ საკითხზე განაჩენში სიღრმისეული და საკმარისი დასაბუთება არ არის.

საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თავისუფლების აღკვეთის გარდა, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს და შინაპატიმრობას. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დასაბუთებას მხოლოდ ერთ აბზაცს უთმობს. მოსამართლემ განმარტა, რომ ჯარიმის დაკისრება არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ნიკა გვარამიამ ჯარიმის გადახდაზე დეკლარირებულად განაცხადა უარი, ხოლო შინაპატიმრობის გამოყენებით ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ვერ იქნებოდა დაზღვეული. ამგვარი განმარტება არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნო დასაბუთებად, რადგან, 2015 წლის ეპიზოდში მოსამართლემ სასჯელის სახედ სწორედ ჯარიმა გამოიყენა. გაუგებარია, ბრალდებულის განმარტებამ როგორ მოახდინა გავლენა მხოლოდ ერთ ეპიზოდზე სასჯელის დანიშვნაზე. გარდა ამისა, 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ტელეკომპანიისათვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 100-ჯერ მეტი იყო, მოსამართლემ ჯარიმა გამოიყენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჯარიმის დანიშვნისა და ნიკა გვარამიას მიერ მისი გადაუხდელობის შემთხვევაში სამომავლოდ შესაძლებელი იქნებოდა უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობა.

რაც შეეხება შინაპატიმრობის გამოყენების მიზანშეუწონლობას, გაუგებარია სასამართლო რომელი დანაშაულის ჩადენის რისკზე მიუთითებს. იგი მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის და დამაჯერებელ დასაბუთებად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო ჰქონდა შეფარდებული და საქმის თითქმის სამწლიანი განხილვის განმავლობაში მას გირაოს პირობები არ დაურღვევია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს