აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა.
„აჭარისთვის 2022 წელი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება, რადგანაც წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან ერთად ყველაზე დიდი სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის პირველი ეტაპის მშენებლობა სრულდება, სადაც ბინა 582 ოჯახს გადაეცემა და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ უსაფრთხო საცხოვრისით ყველა ოჯახი არ იქნება უზრუნველყოფილი. მეორე ეტაპის განხორციელებისათვის საჭირო პროცედურები დაიწყო,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
„აჭარაში 2018-2022 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა: აშენდა სოციალური სახლები ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში, სადაც საცხოვრებელი ფართი 150 მდე ოჯახს გადაეცა. სოფელ წაბლანას მკვიდრ 219 ოჯახს ბათუმში ბინები გადაეცა. დაიწყო „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება, 3000 ოჯახს საცხოვრისის პრობლემა მოუგვარდება. აჭარაში 365 ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრისი შეიძინა. სოციალური პროგრამებით 15 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
2021 წელს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარს შეადგენდა. 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახებისთვის დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა. 2022 წელს მნიშვნელოვანი პროგრამის, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაიწყო. უშვილო წყვილებისთვის თანამედროვე რეპროდუქციული სამედიცინო სერვისების პროგრამულად დაფინანსდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























