შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი - შემოვიდა 70-მდე შეტყობინება - მიმდინარეობს ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები

ინტენსიური წვიმის გამო, გორში რამდენიმე უბანში პრობლემები შეიქმნა. ამ წუთებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განუცხადა.
გულედანის ინფორმაციით, გორის გარდა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ძლიერ წვიმას ანალოგიური პრობლემები არ შეუქმნია.
"ინტენსიურმა წვიმამ დააზარალა გორის მუნიციპალიტეტი. ძირითადად პრობლემები შეიქმნა გორის რამდენიმე უბანში. ინტენსიური წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა დატბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ასევე ეზოები. ამ დროისთვის ყველაზე საყურადღებო ვითარებაა გორში კომბინატის დასახლებასა და სოფელ ტინისხიდს შორის არსებულ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებული მონაკვეთი დაიტბორა. აღნიშნულ ლოკაციაზე ერთ-ერთმა ავტომობილმა გამოსვლა ვეღარ შეძლო და მძღოლი და სატრანსპორტო საშუალებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყვანეს. საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება სეტყვით მიყენებულ ზიანს, ჯერჯერობით სოფლებიდან ამასთან დაკავშირებით შეტყობინება არ გვაქვს", - განაცხადა სიმონ გულედანმა.
მისივე თქმით, შესულია 70-მდე შეტყობინება.

























