არჩილ ჩიქოვანი „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIX სხდომა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე დაიკავებს. მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი, საბჭოს წევრებმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
გასვლით სხდომაზე გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში ასოციაციის როლსა და ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, როგორც აღნიშნულ პროცესში ერთი-ერთი მთავარი აქტორის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მზად ვარ აქტიური თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ასოციაციის როლი, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
აღნიშნული სხდომა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახლადარჩეული წევრები, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

























