მთავარი საკითხი, რომელსაც ევროპელი კოლეგები ხაზს უსვამენ, არის ის, რომ ავღანეთში ვიბრძოდით მათთან მხარდამხარ - ამას ყოველ მეორე შეხვედრაზე გვიმეორებენ, - ასე შეაფასა საქართველოსადმი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, რომელიც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმს“ სტუმრობდა.
ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სხვა შემთხვევაში არაფერი საინტერესო და განსაკუთრებული არ ხდება. „ჩვენ საინტერესო ვიყავით იმიტომ, რომ ჩვენ ამ რთულ რეგიონში ვაშენებთ ლიბერალურ დემოკრატიას. ამით ვიყავით მათთვის თვალშისაცემი - მათ ვეუბნებოდით, რომ „ჩვენც თქვენნაირები ვართ, ამიტომ არ მიგვატოვოთ“, მაგრამ ახლა ეს აღარ გვაქვს. ისინი ამბობენ, რომ დემოკრატიაში უკუსვლა გვაქვს. ასევე მთავარი თემა არის მართლმსაჯულების საკითხი, რომელსაც ყოველ შეხვედრაზე გვიხსენებენ და ამით იწყებენ საუბარს. გვეუბნებიან, რომ მართლმსაჯულებას თუ არ მოვაგვარებთ, სხვა რაღაცებზე საუბარი ზედმეტია. შემდეგ გადადიან იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, შესაბამისად, ძალაუფლება არის ერთი პარტიის ხელში და არანაირი დამბალანსებელი ძალა არ არსებობს, რის გამოც დემოკრატია ვერ აშენდება, შემდეგ გადადიან საარჩევნო თემაზე და იმაზე, რომ ვერ შევძელით ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც არ მისცემდა საშუალებას ერთ კაცს ან პოლიტიკურ ძალას, რომ ხელებში ჩაეგდო მთელი ძალაუფლება. ზოგადი დამოკიდებულება არის ასეთი - პრობლემები გაქვთ და ამ პრობლემებს უნდა მიხედოთო. ქართველების ეს რწმენა, რომ „ჩვენ ისეთი სტრატეგიული ადგილი გვაქვს, რომ არავინ მიგვატოვებს და მაინც მოგვხედავენ“ არაფრით განსხვავდება იმ წლებისგან, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და ქართველებს სჯეროდათ, რომ ჩაით და „ბორჯომით“ შევინახავთ თავს. კი, გეოპოლიტიკა მნიშვნელოვანი ამბავია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქ გადიოდეს აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ენერგომატარებლები, ტვირთები, განსაკუთრებით ახლა, რუსეთის იზოლაციის ფონზე. ეს რაღაცები არის, მაგრამ ამის გამო თუ ჩვენ საკუთარ ძალისხმევას არ გავწევთ და არ მოვაგვარებთ პრობლემებს, ჩვენ გამო თავს არავინ მოიკლავს. ისინი უყურებენ ასე: “ჩვენ ვცხოვრობთ ამ წესებით. შენ თუ გინდა ჩვენსავით იცხოვრო, სასამართლო ასეთი არ შეიძლება იყოს, მოაგვარე სასამართლოს პრობლემა. ჩვენ ვართ არჩევითი დემოკრატია, ანუ არჩევნებით ხელისუფლება იცვლება, თქვენ გიყურებთ და ხელისუფლება არ იცვლება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ შესახებ და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის საქმიანობა დამყარებულია „მტრის ხატის“ არსებობაზე. „ამათი [„ქართული ოცნების“] პოლიტიკური სტრატეგია მოსვლის დღიდან არის მტრის ხატი. აქამდე მტრის ხატი იყო მიშა და „ნაციონალური მოძრაობა“ და ამაზე იგებენ ყველა არჩევნებს. აქამდე იყო „მიშა ჩამოვა და სისხლის გუბეები იქნება“, მერე იყო „თუ ჩვენ არ ვიქნებით, მიშა გამოვა ციხიდან და სისხლის გუბეები იქნება“. ახლა ეს ნაკლებად მუშაობს, აღარ აქვს ისეთი მოჭიდება. მერე შემოეშველათ პანდემიის თემა - „ჩვენ რომ არა, გაწყდება ყველა“, ამაზე რეიტინგი აკრიფეს, ქუჩები რეცხეს და სიგიჟეები აკეთეს. ახლა, უკრაინის ამბავში, ამბობენ: „ჩვენ რომ არა, ომი იქნებოდა. ესენი არიან ომის პარტია“. ამას ყველაზე ამბობენ, ვინც არ ეთანხმებათ - „ამათ ომი უნდათ და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა“. კობახიძე რომ გამოვა და რაღაცას იტყვის, ამას ატრიალებს „იმედი“ და ყველა 5-6 სამთავრობო არხი, პლუს მათი „ფეისბუქ“ გვერდები და ბოტები. ეს იშლება ეგრევე და რომ ჩახვიდე 1-2 საათში ზესტაფონში, თელავში ან რაჭაში რომ ახვიდე, მათი კოორდინატორი ზუსტად იმას გელაპარაკება, რაც კობახიძემ თქვა, იმდენად კარგად აქვთ აწყობილი ეს სისტემა“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.