ბენ ჰოჯესი - მომავალი 5 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახავთ რუსეთის მთავრობის კოლაფსს

ევროპაში ამერიკის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი უკრაინის ომზე, ომის განვითარების შესაძლო სცენარებზე, დასავლეთის მხარდაჭერასა და უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს პოზიციაზე საუბრობს.

- თქვენს ინტერვიუებში აღნიშნავთ, რომ შეიძება ვისაუბროთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამ ფაზაზე. პირველი მათგანი შეიძება გაგრძელდეს ექვი თვე და აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძება განდევნონ რუსები 23 თებერვლის პოზიციებზე. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- მადლობა ამ კითხვისთვის. მე ვფიქრობ, რომ უკრაინის მდგომარეობა უმჯობესდება როგორც ლოჯისტიკის, ასევე საბრძოლო შესაძლებლობების მხრივ, მაშინ, როცა რუსეთის პრობლემები მატულობს, მათ შორის, ცოცხალი ძალის, ადამიანური რესურსების, ლოჯისტიკის, დროთა განმავლობაში უპირატესობა უკრაინის მხარეს გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ომი 100 დღეზე მეტი ხანია რაც მიმდინარეობს, რუსეთი მხოლოდ უკრაინის 20%-ს ფლობდა, ეს მაშინ, როცა დასავლეთის დახმარება უკრაინისადმი მძიმე შეიარაღების სახით მხოლოდ ახლა იწყებს შემოსვლას. უკრაინული ძალების შესაძლებლობები მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზრდება, მაშინ, როცა რუსეთის პრობლემები შენარჩუნდება. ამიტომაც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება, ჩვენ არ დავიყოფით, რისი იმედიც რუსეთს ჰქონდა, რომ დასავლეთი დაკარგავდა უკრაინის მიმართ ინტერესს.

- რა სჭირდება უკრაინას ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად? ის შეიარაღება რაც უკვე მიიღო მან, საკმარისია მიზნის მისაღწევად?

- დახმარების დიდი ნაწილი ახლა შემოედინება, მათ შორის, ის, რაც განსაკუთრებით საჭიროა: შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და რაკეტები, ეს შეიარაღება ახლა იწყებს შესვლას უკრაინაში. უკრაინელებს მეტი ამ ტიპის შეიარაღება სჭირდება შეტევაზე გადასასვლელად. მეორე სფერო, სადაც უკრაინელებს სჭირდებათ დახმარება, არის იარაღის დისტრიბუციის, ლოჯისტიკის ქსელის აწყობა. მთელი ეს შეიარაღება, რომელიც პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის გავლით მოდის, უნდა მივიდეს საჯარისო ნაწილებამდე. ეს არის გამოწვევა და მე ვფიქრობ, რომ უკრაინას გერმანიამ, ჰოლანდიამ უნიფორმები კი არ უნდა მიაწოდოს, არამედ ექსპერტიზა, თუნდაც კომერციულ საწყისებზე, კონტრაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფართო მასშტაბიან ლოჯისტიკას.

- თქვენ ისაუბრეთ შორი დამიზნების რაკეტების მიწოდებაზე და იმედი გამოთქვით, რომ ამ შეიარაღების საშუალებით უკრაინელები შეძლებენ სევასტოპოლის პორტის იმგვარად დაზიანებას, რომ რუსული საზღვაო-სამხედრო ძალები იქ ვეღარ გაჩერდებიან. მაგრამ როგორც ვიცით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ამ ტიპის შეიარაღების მიწოდებაზე. როგორ აისახება ეს ომის ბედზე?

- სიმართლე გითხრათ, მე ამას ნაკლებად ვეთანხმები. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ის შეიარაღება, რაც მას სჭირდება. მე მესმის წუხილი იმის თაობაზე, რომ ამ შეიარაღებით არ მოხდეს დაბომბვა რუსეთის სიღრმეში. მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონდეთ უკრაინელებს უფლება მიწვდნენ იმ სამხედრო აეროდრომებსა და ლოჯისტიკურ ბაზებს, საიდანაც უდანაშაულო უკრაინელი ადამიანები იბომბებიან და კვდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ ამის საშუალება. მაგრამ, რასაც მე ვაკვირდები, ჩვენი პოლიტიკა ცვალებადია: უარს ვამბობთ რაღაცის მიწოდებაზე, მაგრამ ორ კვირაში ვცვლით გადაწყვეტილებას მიწოდების სასარგებლოდ, რადგან ვხვდებით რომ იმაზე წუხილი, რა რეაქცია ექნება რუსეთს, გადაჭარბებულია და მივდივართ წინ. ცოტა ხნის წინ იმაზე ვფიქრობდით მიგვეწოდებინა თუ არა სტინგერები. ვფიქრობ, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას შორი დამიზნების რაკეტების მიწოდებაზე ან ვიღაც სხვა მიაწვდის ასეთ შეიარაღებას.

- არა მხოლოდ ზელენსკისა და უკრაინისთვის, არამედ პრეზიდენტ ბაიდენისთვისაც მნიშვნელოვანია ომის მოგება მანამ, სანამ დაიწყება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები. რა იქნება საუკეთესო გამოსავალი პრეზიდენტ ბაიდენისთვის, რომელსაც მიესალმება ამერიკელი ხალხი და საშუალებას მისცეს მას მეორე ვადით იქნას არჩეული.

- ამა წლის ნოემბერში იქნება შუალედური არჩევნები, რომელიც შეეხება როგორც წარმომადგენელთა პალატას, ასევე, სენატის 2/3-ს, ორ წელში კი საპრეზიდენტო არჩევნებია. მთავარი რაზეც პრეზიდენტი ბაიდენი ზრუნავს, არის უკრაინის დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი პირველი ზარისას, რომელიც მან განახორციელა პრეზიდენტის რანგში პუტინთან, ბაიდენმა ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია მისი ადმინისტრაციისთვის უკრაინის დამოუკიდებლობა. ასევე, პრეზიდენტი ბაიდენი აღიარებს, რომ ამას უყურებს ჩინეთი, ჩრდილო კორეა, ირანი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში. არ ვფიქრობ, რომ ამერიკაში დიდად არის გაყოფილი საზოგადოებრივი აზრი უკრაინის დახმარების საკითხზე. კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს როგორც ნატოს, ასევე უკრაინას. უკრაინის მხარდაჭერა მაღალი ნიშნებით ფასდება ამერიკის საზოგადოებაში.

- რუსეთის შეცდომების ანალიზისას თქვენ აღნიშნავთ, რომ რუსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მათ ვერ მოახერხეს ინტეგრირება საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალებისა. ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ უკრაინელები იყენებდნენ .. მულტი-დომეინურ ოპერაციებს, როცა საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო, კიბერ და კოსმოსური ძალები ერთად მოქმედებენ საბრძოლო ამოცანის მისაღწევად, განსაკუთრებით რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანზემოსკოვზეშეტევისას?

- ამ ომმა რუსეთის სამხედრო ძალების რამდენიმე სუსტი წერტილი გამოაჩინა, განსაკუთრებით კორუფცია. იმდენი ფული დაიხარჯა მოდერნიზაციაზე და ამის მიუხედავად, სამხედრო გემ „მოსკოვს“ ჰქონდა ძალიან ძველი და არაფექტური თავდაცვის სისტემა, წარმოუდგენელია რომ გემი-ფლაგმანი ასე სუსტად იყო მომზადებული. გამოჩნდა, რომ მეზღვაურები არ იყვნენ მოწადინებულნი ამ გემის დასაცავად, ისევე როგორც, ის რომ ლიდერები არ ზრუნავენ საკუთარ სამხედროებზე. ამას ემატება აუწყობელი კომუნიკაცია. რუსები ეცდებიან გამოასწორონ ეს პრობლემები, მაგრამ ყველა პრობლემის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

- და ისევ, უკრაინელების საომარ ტაქტიკაში თუ შეამჩნიეთ რაღაც მსგავსი ეგრეთ წოდებული მულტი-დომეინური ოპერაციებისა?

- ასეთი ტიპის ოპერაციები სპეციალურ მომზადებასა და პრაქტიკას საჭიროებენ. რუსებს ეს არ გაუკეთებიათ, მათ აქვთ ძვირფასი აღჭურვილობა, მაგრამ ისინი არ ემზადებოდნენ მარცხისთვის, ამიტომ მათი წვრთნა ამ უნარებს არ ითვალისწინებდა.

- იმ დროს, როცა დასავლეთში იზრდება უკმაყოფილება ინფლაციითა და საკვების დეფიციტით და შიდა წინააღმდეგობებიც უფრო თვალსაჩინოა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ პუტინი მომავალ 5 წელს ვერ გაატანს?

- დიახ. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, მაგრამ მიუხედავად მემკვიდრეობით მიღებული გამოწვევებისა, რთულია დემოკრატიული საზოგადოებების გაერთიანება, შეჯერება, მაგრამ იგივე ევროკავშირში არ სჯერათ რუსეთის ყალბი ნარატივის, რომ საკვებზე და გაზზე ფასების მატება სანქციებითაა გამოწვეული. რუსების ლიდერებს არ აქვთ კონცეპტი, რომელიც გააერთიანებდა მათ, გარდა ადამიანების მცირე ჯგუფისა, რომელთაც პუტინიზმი აერთიანებთ. კორუფცია და ნეპოტიზმი - ეს არ არის, გრძელვადიანი, მდგრადი მოდელი. და რაც უფრო მეტი რუსი გაიაზრებს, რომ რატომ არ არის მათი ცხოვრება ისეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს, როგორიც არის დასავლურ სახელმწიფოებში, რომ 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა დაიღუპა ამ ომში და მილიარდობით რუბლი გაიფლანგა ერთი ადამიანის გამო, ვფიქრობ, ისინი მიხვდებიან ამის მიზეზს. რუსეთის ეკონომიკა არ არის კარგ დღეში, სულ უფრო მეტი ქვეყანა ჩაეხსნება რუსულ ნავთობსა და გაზს, შეხედეთ რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას, სულ უფრო ნაკლები მყიდველი ეყოლება მას, ხედავენ რა მის სისუსტეებს. რუსეთის მოსახლეობა მცირდება, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ასეთი დიდი ტერიტორიის ქვეყანა შედარებით მცირე რაოდენობის მოსახლეობით, ვერ იქნებ მდგრადი. და ყველა ეს ფაქტორი ერთად და პლიუს რუსეთის წარუმატებელი სამხედრო მოქმედებები, უმოკლებენ დროს ხელისუფლებას. ეს ორგანულად მოხდება, მე არ ვსაუბრობ რეჟიმის ცვლილებაზე. და მომავალი 5 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახავთ რუსეთის მთავრობის კოლაფსს.

- გადავიდეთ საქართველოს საკითხებზე. რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას? რა სჭირდება საქართველოს თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდისთვის და რა ტიპის სამხედრო დახმარება უნდა მოსთხოვოს დასავლელ პარტნიორებს?

- უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს ნათელი მომავალი - ბრწყინვალე გოგონები და ბიჭები დარჩნენ საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წავლენ ევროპასა თუ ამერიკაში, სადაც მათ უკეთესი შანსები ექნებათ, უკეთესი ცხოვრების ხარისხი, ჯანდაცვა, ხელფასი, განათლება და ა.შ. საქართველოს მომავალი აგრეთვე დამოკიდებულია იმაზე, რომ მსოფლიომ ის დაინახოს როგორც სატრანსპორტო, ლოჯისტიკური ჰაბი ევროპასა და აზიას შორის, საზღვაო პორტები, რკინიგზა, ინფრასტრუქტურა, და ხალხი ინვესტიციებს ჩადებს ამაში. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, პერსონალურად მე მინდა ვნახო საქართველოში როტაციის პრინციპით ამერიკელი, ინგლისელი, ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები, მუდმივი ტრენინგის პროცესში. მე არ ვსაუბრობ დიდ ბაზაზე, არამედ მუდმივ ყოფნაზე სხვადასხვა ქვეყნების საჰაერო, სახმელთო, საზღვაო ძალების, რომლებიც მოგეხმარებიან წვრთნაში. საქართველოში სამხედრო წვრთნების კარგი შესაძლებლობაა როგორც მთებში, ასევე სხვა ადგილებში, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის, თუ მას სურს დასავლეთის მეტი ჩართულობა. მე გამიხარდებოდა ნახვა საგანგებო სიტუაციებისთვის სახმელეთო ლოჯისტიკური ბაზების. მე ვიცნობ ქართველ სამხედროებს, ისინი ძალიან საიმედოები და მამაცები არიან და ჩვენ ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები, მაგრამ საქართველოს ხალხმა და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს სად არის თქვენი საუკეთესო მომავალი.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების სიტყვებსა და ქმედებებს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ?

- ვერ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. მე ვიცი ქართველი ვოლონტიორები, რომლებიც წავიდნენ უკრაინაში, მაგრამ ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მე ვერ ვხედავ თქვენი ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ქმედებების ისეთივე დაგმობას, როგორსაც მე ვხედავ ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის შემთხვევაში. თქვენი ხელისუფლების პოზიცია რაღაცის მიქსია. მე გულუბრყვილო არ ვარ, კარგად მესმის რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სადაც უკვე არიან რუსეთის ჯარები და თუ ვინმე უნდა ყვიროდეს, ეს უნდა იყოს საქართველო: შეხედეთ, რა მოაქვს ცეცხლის შეწყვეტას ან რაიმეს სახის შეთანხმებას რუსეთთან, 14 წლის შემდეგ რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და კვლავ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და უთხრას მთელ მსოფლიოს, რომ რუსები არ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის ის, რაც მე, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ თბილისისგან.

- სად არის საქართველოს ადგილი ევროპის ახალ უსაფრთოების არქიტექტურაში?

- ეს საქართველოს არჩევანია. მე მჯერა, რომ ამერიკა და ნატო განავითარებს შავი ზღვის სტრატეგიას, აღიარებენ რა რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო თვალსაზრისით. ეს ნიშნავს თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და ნათელია, საქართველოს როგორი სტრატეგიული მდებარეობა აქვს რეგიონში, კავკასიაში. საქართველოს აქვს შესაძლებლობა ნათლად გააგებინოს ვაშინგტონსა და ბრიუსელს, რომ თქვენ მათ სთავაზობთ უნიკალურ გეოგრაფიულ უპირატესობას: ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საქართველო-აზერბაიჯანის ღერძი, რუსეთის საზღვრებთან. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს როგორი წვლილის შეტანა სურს და შეუძლია ევროპის უსაფრთხოებაში.

„პალიტრანიუსი“

ხათუნა ლაგაზიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა