ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2022

რა განწყობებია ევროპარლამენტში და რისი მოლოდინი აქვს საქართველოს - რამდენად მძლავრია ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სურვილი ევროპაში
გადამწყვეტი ბრძოლა სევეროდონეცკისთვის - რატომ არის ამ ქალაქის კონტროლი ესოდენ მნიშვნელოვანი ომის მსვლელობაში
სანქციები მსოფლიოს ბუმერანგივით უბრუნდება - დასავლეთი მზადაა ნებისმიერი ფასი გადაიხადოს
* * *
რა განწყობებია ევროპარლამენტში და რისი მოლოდინი აქვს საქართველოს - რამდენად მძლავრია ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სურვილი ევროპაში
“ევროკომისიის საბოლოო შეფასებამდე, სულ ცოტა დრო რჩება. ამის შემდეგ, უკვე ივნისის ბოლოს, ტრიოს ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) კანდიდატობის სტატუსზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. რა განწყობებია ევროპარლამენტში და როგორ ხედავენ ტრიოს ქვეყნების პერსპექტივებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში - ევროპარლამენტარების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები აღიარებული უნდა იყოს. არსებობს თუ არა პოზიტიური მოლოდინი და რა გადაწყეტილებას შეიძლება საქართველო ევროკავშიფრისგან ელოდოს?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა განწყობებია ევროპარლამენტში და რისი მოლოდინი აქვს საქართველოს - რამდენად მძლავრია ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სურვილი ევროპაში.
“ასეთ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უნდა ვაღიაროთ საქართველოს ლეგიტიმური ევროპული მისწარფებები. იმედი მაქვს, რომ პოზიტიური სიგნალები და გზავნილები იქნება რეფორმების გატარების მიმართულებით, კანონის უზენაესობის კონსოლიდაციითა და დემოკრატიით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გარე ზეგავლენებისგან მოწყვლადები არიან. რუსეთი ცდილობს იმპერიის აღდგენას. ამ დროს კი სამივე ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირთან დაახლოება სურს. ამ ქვეყნების ლიდერებზეა დამოკიდებული, მოსახლეობის ამბიციები სათანადოდ იქნება თუ არა მხარდაჭერილი. ჩვენ უნდა დავუჭიროთ სამივე ქვეყნის მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს მხარი. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ, გვერდზე გადადონ ყველა განსხვავება და პირადი პარტიული ინტერესი და იმოქმედებენ ერთად, ხალხის ოცნების რეალიზაციისთვის”, - აცხადებს ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი. ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი კი აცხადებს, რომ არაჩვეულებრივი პოლიტიკური ამინდია კანდიდატის სტატუსის მისაღებად არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. არაჩვეულებრივი პოლიტიკური ამინდია კანდიდატის სტატუსის მისაღებად არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც. ახლა ევროკავშირმა უნდა მოახდინოს კეთილი ნების დემონსტრირება საქართველოსთვის გაერთიანების კარის გაღებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნაბიჯია. ევროკავშირის ინტერესშიც არის პოტენციური გაფართოება და ჩვენი გავლენის ზონების გაზრდა. ომის დროს უფრო მეტად მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯი გადაიდგას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც შედის”, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი. გამონაკლისი არც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიია, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრირება უნდა მოხდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, ომი რომ არა ახლა არ დავიწყებდით არც ერთი ქვეყნის პოტენციური კანდიდატის სტატუსზე საუბარს. ახლა სრულიად სხვა ვითარებაა. უმრავლესობა თვლის, რომ ამ ქვეყნების ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ ევროკავშირში, თან ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამ პროცესისთვის ძალიან ბევრი პირობა არსებობს, აპლიკანტმა ქვეყნებმა ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მთავრობაზეა დამოკიდებული რა გზას აირჩევს, ნამდვილად სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, სურთ თუ არა რეფორმების იმპლემენტაცია. თუ ეს ყველაფერი შესრულდება, მაშინ საქართველო ევროპის გზას დაუახლოვდება. ჩვენ ყველას გვსურს საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდეს”, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს არის ევროპარლამენტარი პოლიტიკური პარტიების და მათი ლოდერების განცხადება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარს ევროპარლამენტი გვიჭერს. თუმცა, მაინც პოზიტიური გზავნილებია”, - დასძენს გამოცემა.
“ხელისუფლების განწყობა და მოქმედება გვაჩვენებს, რომ მათ საკმაოდ ცუდი ინფორმაცია აქვთ. ამიტომაც ამ ინფორმაციისთვის რაღაცა ბეგრაუნდის შექმნას ცდილობენ. ვიღაცაზე გადაბრალებას და სხვანაირი ფონის შექმნას, რომ ისრები გადაიტანონ და საზოგადოება სხვა მიმართულებაზე გადართონ. ცალსახად ფაქტია, რომ ხელისუფლებას გარკვეული პირობები წაუყენეს. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოთხოვნებზეა საუბარი, მაგრამ არაა გამორიცხული ეს მესამე პრეზიდენტს სააკაშვილსაც ეხებოდეს. ალბათ უთხრეს, რომ რაიმე მოიფიქრეთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასეთ მომაკვდავ მდგომარეობაში არ გყავდეთ. მთავრობისთვის ამ ნაბიჯზე წასვლა გამორიცხულია, ამიტომაც მათი მხრიდან პესიმისტური განწყობა შეიმჩნევა. მხოლოდ ეს პრობლემა არ არის. 2 წლის განმავლობაში ევროკავშირი არაერთ შენიშვნას გვაძლევს. ეს ეხება ასევე სასამართლოს, რომლის ხელიდან გაშვება ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა. ამიტომ მათი გუნება-განწყობის ასეთი ცვლილება გასაგებია“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
გადამწყვეტი ბრძოლა სევეროდონეცკისთვის - რატომ არის ამ ქალაქის კონტროლი ესოდენ მნიშვნელოვანი ომის მსვლელობაში
“უკრაინაში ახლა ყველაზე ცხელი წერტილი ლუგანსკის რეგიონული ცენტრი - ქალაქი სევეროდონეცკია. სასტიკი ბრძოლები მიდის, სადაც მცველები ქალაქის თითოეული მეტრისთვის იბრძვიან და აცხადებენ, რომ არცერთ გოჯ მიწას ოკუპანტს არ დაუთმობენ. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, სევეროდონეცკი-ლისიჩანსკსს დიდი დატვირთვა აქვს, როგორც ტერიტორიული დაცვის, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან, თუ რუსეთმა ამ ქალაქების აღება შეძლო, მერე უკვე დონეცკზე გადავა, რაც ვლადიმერ პუტინის ომის მეორე ფაზის გეგმაა. ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში ყველაზე ძლიერი ბრძოლები მიდის, თუმცა, ქალაქს არავინ დათმობს. მისივე თქმით, რუსები “ლისიჩანსკი-ბახმუტის გზას არ აკონტროლებენ, მაგრამ ძლიერ ბომბავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გადამწყვეტი ბრძოლა სევეროდონეცკისთვის - რატომ არის ამ ქალაქის კონტროლი ესოდენ მნიშვნელოვანი ომის მსვლელობაში.
“სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ჩვენი მცველები ქალაქის თითოეული მეტრისთვის იბრძვიან. რაშისტების გეგმები არ შეცვლილა. მათ სურთ 10 ივნისამდე სევეროდონეცკი დაიპყრონ. რაშისტების ძალები სრულად ჩაერთო ამაში. გარდა ამისა, “ორკები” სევერსკი დონეცის მდინარის გადაკვეთას გეგმავენ”, - თქვა გაიდაიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრძოლა გრძელდება და ქალაქ სევეროდონეცკში უკრაინელი ჯარისკაცები შტურმს წარმატებით აკავებენ. მათივე ცნობით, ტოშკივკას დასახლების ტერიტორიაზე რუსული ძალების შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ოპერატიულ-ტაქტიკური და სამხედრო ავიაციის გამოყენების ინტენსივობა გაზარდა. ნაგორნოეს დასახლების რაიონში კი უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, მტერმა უკან, მანამდე დაკავებულ პოზიციებზე დაიხია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მტერი წინსვლასა ცდილობდა უსტინივკას მიმართულებითაც, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტები მოიგერიეს. მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან პოკროვსკოეს, ბერესტვოიეს, ზოლოტოე-4-ის, ვრუბოვკას, მაისკოეს, იაკოვლევკასა და დოლომიტნოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ამასთან, პოკროვსკოეს, ვოზროჟდენიესა და იაკოვლევკას დასახლებებზე ავიადარტყმები “კა-52” ტიპის შვეულმფრენებით განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შეზღუდვისა და თავდაცვის ძალების რეზერვების სხვა მიმართულებით გადაყვანის თავიდან ასაცილებლად, მტერი ინტენსიურად ბომბავდა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს. გაანადგურეს მტრის 3 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 2 ჯავშანმანქანა, 13 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის 3 საცავი. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა “ორლან-10” ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის შენარჩუნება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ქალაქების აღებით, რუსების მიერ ლუგანსკის რაიონის დაკავება პრაქტიკულად დასრულდება”, - დასძენს გამოცემა.
“სევეროდონეცკი პოლიტიკური ცენტრია, მნიშვნელოვანი ფაქტია თავად ის, რომ სეპარატისტული ძალები რუსებთან ერთად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავებას, რადგან ამით მათი მხრიდან ლუგანსკის რაიონის ქალაქების დაკავება პრაქტიკულად დასრულდება. ამ ორი ქალაქის შესანარჩუნებლად უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს, გარკვეულწილად სტრატეგიული მნიშვნელობისაცაა, მაგრამ, უფრო მეტად პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. უკრაინელებს ესმით, რომ თითოეული ქალაქის დაბრუნება საკმაოდ დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ, მათ ურჩევნიათ, რომ რუსებს წინააღმდეგობა გაუწიონ მანამ და იმდენად, სანამ ისინი რომელიმე დიდი ქალაქის დაკავებას შეძლებენ. ჩვენ კარგად ვნახეთ რუსების მიერ დაკავებული თითოეული ქალაქის დაბრუნებისთვის, უკრაინელები ძალიან დიდ მსხვერპლს იღებენ და დიდ ბრძოლებს აწარმოებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“გარდატეხას რაც შეეხება, ეს შეიძლება ორი მიმართულებით განვიხილოთ, აქ ამ ეტაპზე უკრაინელებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა გამოიფიტებიან თუ არა რუსები სევეროდონეცკში, ვიდრე ის, უკრაინელები კონტრშეტევას წამოიწყებენ თუ არა. პირველი გარდატეხა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თუკი რუსები სევეროდონეცკში სრულად გამოიფიტნენ, თუნდაც ქალაქის დაკავება მოახერხონ, ეს ნიშნავს, რომ ისინი წინ ვეღარ წაიწევენ, ვერც ლისიჩანსკისკენ და ვერც დონეცკის რაიონის ქალაქებისკენ, როგორიცაა - ბახმუტი, სლავიანსკი და კრამატორსკი. სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი ამ ქალაქების დაცვისათვის ერთგვარი ფარია, ამიტომაც უკრაინელები ყველაფერს შეეცდებიან, რომ უკან არ დაიხიონ”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ამ ბრძოლაში დაახლოებით თანაბარ ძალაზე გვაქვს საუბარი, რუსები ოდნავ უფრო მეტნი არიან. უკრაინის შენაერთები ათი ათას სამხედროზე მეტია, ტერიტორიას კარგი გარნიზონი იცავს. ამასთანავე, ფლანგების მიმართულებითაა გადანაწილებული, მათ შორის ლისიჩანსკის სამხრეთით მდებარე ქალაქ ზოლოტეში დაახლოებით 2-3 ათასი უკრაინელი სამხედროა, რომელიც ფლანგს იცავს. დაახლოებით 1000-1500 სამხედრო კი სევეროდონეცკის ოდნავ უფრო სამხრეთით კონტრშეტევას აწარმოებს. სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მონაკვეთზე ერთად აღებული 20 ათას უკრაინელ სამხედროზე მეტი არაა. მოწინააღმდეგე კი აქ 30 ათასი სამხედროთი უტევს, თუმცა, რუსეთის ნაწილები ირგვლივ კიდევ გადანაწილებულები არიან, სევეროდონეცკის ჩრდილოეთით, მათ შორის ხარკოვის რაიონში, სამხრეთიდანაც უტევენ. შეიძლება ითქვას, რომ სევეროდონეცკში უკრაინელების და რუსების ძალები თანაბარია, მაგრამ ირგვლივ რუსების იმდენად დიდი ნაწილები არიან გადანაწილებულები, რომ ფლანგური მიმართულებით რუსებს უპირატესობა აქვთ და საფრთხეს ქმნიან, მაგრამ, უკრაინელები რადგანაც თავდაცვის მიმართულებით კარგად არიან გამაგრებულები, განსაკუთრებით მდინარე სივერსკი დონეცის მიმართულებით, ამის გადალახვა რუსებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს”, - განაგრძობს კობერიძე.
“ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთი ფლანგი შედარებით დასტაბილურებულია, თუკი უფრო შორეულ ზურგს არ ჩავთვლით, რომელსაც სლავიანსკი ჰქვია. რუსები ცდილობენ, რომ სლავიანსკი დაიკავონ, თუკი სლავნიანსკი დაეცა, უკრაინელებს ზურგი დაუსუსტდებათ, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაეცემა, რუსები ლუგანსკის რეგიონს მთლიანად კონტროლის ქვეშ აიყვანენ, ეს კი რუსებს საშუალებას აძლევს, რომ დონბასში მეორე უკრაინულ ფორპოსტზე გავიდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.
“სევეროდენცკსა და ლისიჩანსკს შეიძლება ითქვას, რომ გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან, ამ ლოკაციების აღებით, რუსეთი ლუგანსკის რეგიონის ოკუპაციას დაასრულებს. რუსებს ეს ორი ქალაქი დარჩათ, რომლებიც ლუგანსკის რაიონში უკრაინელი შეიარაღებული ძალების მთავარი ფორპოსტია. თუ ეს ორი ქალაქი დაეცემა, გამოდის, რომ რუსები ლუგანსკის რეგიონს მთლიანად კონტროლის ქვეშ აიყვანენ. ამას კი ისეთი მნიშვნელობა ექნება, როგორც ჩვენთან აფხაზეთის შემთხვევაშია. სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღება რუსებს საშუალებას აძლევს, რომ გარღვევა განახორციელონ უკვე დონეცკის რეგიონში, მეორე უკრაინული ფორპოსტის მისამართით. ესაა - სლავიანსკი და კრემატორსკი. სადაც ოპერატიული სტრატეგიული ჯგუფი “თავისუფლებაა”. თუ სლავიანსკი და კრემატორსკიც აიღეს, გამოდის, რომ ფაქტიურად მთელ დონბასი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ გადადის. ფაქტიურად პუტინის ფორმალური მიზეზი, რისთვისაც უკრაინაში შეიჭრა, რომ დონბასი “დაეცვათ”, კრემლის ე.წ. მისია შესრულებული იქნება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“მერე რუსებს უკვე მეტი თავისუფლება მიეცემათ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყონ, საბრძოლო მოქმედებები დაასრულონ, მოლაპარაკებაზე და ცეცხლის შეწყვეტაზეც წავიდნენ, რადგან პირველი ფაზის ჩავარდნის მერე, მეორე ფაზის პუტინის გეგმა შესრულებული იქნება. ამიტომაც ვამბობ, რომ სევეროდონეცკს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ზუსტად ამიტომაც უკრაინელები ამ ქალაქების შენარჩუნებისთვის ასე გმირულად იბრძვიან. ლისიჩანსკი ბახმუტის გზა, ესაა მთავარი მომარაგების გზა, თუ ეს გადაკეტეს, მაშინ ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის სამხედრო დაჯგუფება ოპერატიულ ალყაში მოქცევა. უკრაინელებმა აქ ოპერატიული რეზერვის შექმნა მოახერხეს, მასში არიან ქართველებიც, პოლონელებიც და სხვა უცხოელი მოხალისეებიც. უკრაინელებმა ამ მიმართულებით რამდენიმე საკმაოდ სერიოზული შენაერთიც გადაისროლეს”, - დასძენს მაისაია.
სანქციები მსოფლიოს ბუმერანგივით უბრუნდება - დასავლეთი მზადაა ნებისმიერი ფასი გადაიხადოს
“უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს, თუმცა აქამდე შემუშავებულმა ეკონომიკურმა შეზღუდვებმა ოკუპანტ ქვეყანას პრობლემები თითქმის ვერ მოუტანა. ამ დროს კი ეკონომიკური თავსატეხი გაუჩნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ. სპეციალისტები აზრი განსხვავებულია, ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის ეკონომიკას პრობლემები ელის, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყანა სანქციებისგან ყოველთვის ძლიერი გამოდიოდა და ევროპას რუსეთისთვის შემუშავებული ეკონომიკური შეზღუდვები ბუმერანგივით უკან მოუბრუნდება. დღეს 107-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეჭრა. ომის დაწყების კვალდაკვალ მსოფლიო აგრესორ ქვეყანას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. მას აქვს, როგორც ერთიანი, ისე ცალკეული სახე, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკას არცთუ დიდი პრობლემის წინაშეა. ამ დროს კი ეკონომიკურმა კრიზისის ნიშნებია დასავლეთის ქვეყნებში. ამას ადასტურებს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.9%-მდე შეამცირა. თანაც მომდევნო წლების განმავლობაში მოსალოდნელია, ინფლაციის მაღალი დონის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რაც, თავის მხრივ, ზრდის საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დესტაბილიზაციის რისკებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სანქციები მსოფლიოს ბუმერანგივით უბრუნდება - დიდი ეკონომიკური და სასურსათო კრიზისი უკვე ახლოსაა.
“სწორედ ევროპისთვის მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ სპეციალისტები. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ რუსეთი სანქციებისგან ყოველთვის ძლიერი გამოდიოდა და ევროპას აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები ბუმერანგის ეფექტით დაუბრუნდება და 2023 წელი შესაძლოა, უკვე რეცესიით დაიწყოს. სანქციების პარალელურად, შესაშურად სტაბილურია რუსული ფული და ერთი დოლარი 60 რუბლი ღირს, თუმცა სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ რუბლის გამყარება ხელოვნურია და რუსეთში ეკონომიკური პრობლემები უკვე სახეზეა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ადრეც ვთქვი, ზაფხულის ბოლოდან საგრძნობი იქნება, რომ ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემოუბრუნდება-თქო და უკვე ასეც არის. ინფლაცია ძალიან მაღალია და პირდაპირ ვიტყვი, თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, 2023 წელი შესაძლოა, საერთოდ რეცესიით დაიწყოს ევროპასა და ამერიკაში. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანა სანქციებიდან ყოველთვის გამოდიოდა ძლიერი. მას ყველა რესურსი და წიაღისეული გააჩნია და სწორედ ასეთ დროს, რუსეთი იწყებს ხოლმე მის გამოყენებას, უფრო ეფექტიანად. ვხედავთ, რომ რუსეთი აზიის ქვეყნებში წარმატებით ყიდის ნავთობს და ნავთობპროდუქტებს და თანაც ანგარიშსწორებას რუბლში ითხოვს. თურქეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ ვაჭრობა იყოს მათ ეროვნულ ვალუტებში, ანუ რუსულ რუბლში და თურქულ ლირაში, ფაქტიურად დოლარი და ევრო საერთოდ ჩახსნა ვაჭრობიდან. მსოფლიო ეკონომიკური ქსოვილიდან როდესაც ამხელა ქვეყნის ამოგდება გსურს, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს საპირისპირო რეაქციას. სანქციები თავად ევროპას მოუბრუნდება ცუდად და სექტემბერში ვნახავთ, რა მაჩვენებლები წამოვა ევროპის ეკონომიკიდან...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა შენგელია.
“რუბლის ვითომ გამყარება, დოლართან მიმართებაში, არის ხელოვნური და მაგონებს საბჭოთა პერიოდში “გოსბანკის” მიერ დადგენილ კურსს, რომლის მიხედვთაც ერთი დოლარი ღირდა მხოლოდ 55 კაპიკი, მაგრამ ამ ფასად ვერსად შეიძენდით თავისუფალ ბაზარზე დოლარს. საკმარისია, რუსეთის ცენტრელურმა ბანკმა დაუშვას დოლარის თავისუფალი მიმოქცევა, გადახურდავება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსი, ალბათ, სამჯერ გაიზრდება. ნებისმიერ ქვეყანას აქვს ეკონომიკური მდგრადობის ორი ასპექტი. ერთი უკავშირდება ნაკადებს და მეორე მარაგებს. ნაკადები ეს არის შემოსავლები და რესურსები, რომელთა გამოყენებაც ხდება კონკრეტულ პერიოდში და ეს შეიძლება იყოს სავალუტო რესურსები. მარაგები კი უკავშირდება უკვე არსებულ საწარმო პოტენციას და მათ გამოყენებას. რუსეთს ახლა უწევს დაგროვილი რესურსებისა და მანამდე შექმნილი პოტენციალის დაჩქარებულ რეჟიმში გამოყენება. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მისი რესურსების თანდათანობით გამოფიტვას, რაც ეტაპობრივად სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს ქვეყანას”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.
“დიდი სახელმწიფო ერთბაშად და ერთი სულის შებერვით არ ჩამოიქცევა, მაგრამ რუსეთის მდგომარება სახარბიელო ნამდვილად არ არის. დასავლეთი მზადაა ნებისმიერი ფასი გადაიხადოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთის. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მყიფე საზღვარი არსებობს მატერალურ სიკეთესა და მორალურ და სულიერ ფასეულობებს შორის, ეს ზღვარი გადის თავისუფლების ფასზე. დასავლეთის სახელმწიფოებამ ცალსახად მხარი დაუჭირეს სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობას და ამისათვის ისინი მზად არიან გადაიხადონ უფრო მაღალი ფასი. შეიძლება გაძვირდეს ნედლეული, მაგრამ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ღირსების შენარჩუნებას ალერნატივა არ გააჩნია და მათი მოქმედება სწორედ ამ ალგორითმში ეწერება”, - დაასკვნის სოსო არჩვაძე.

























