დიმიტრი შველიძე - ჩვენში ცვლილებების დროა, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მოლოდინის რეჟიმი ხელისუფლებასაც აწყობს და საზოგადოებასაც

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, ვინაიდან საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ თემად რჩება ევროკომისია მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ჩვენც ამ თემებზე და იმაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.

უფრო სწორად იმაზე, თუ როგორ ხვდება ამ პროცესს და ამის ფონზე რეალურად რა ხდება და რატომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში.

ევროპარლამენტმა ამ თემაზე ჩვენთვის კარგი განცხადება გაავრცელა, ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ევროპამ მართლაც დაიწყო სტრატეგიული კატეგორიებით აზროვნება, მოქმედება და მართალია დათქმებით, მაგრამ მაინც მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ხელისუფლება ოპოზიციას იმაში ადანაშაულებდა, რომ სწორედ ისინი უშლიდნენ ხელს ამ პროცესს, არადა, ფაქტია, რომ ოპოზიციური ფლანგის ევროპელი პარტნიორების პოლიტიკურმა ძალებმა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას მხარი დაუჭირეს. მეტიც, ოპოზიციამ, ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცერს ამგვარი მოთხოვნით წერილიც გადასცა.

ამ თემაზე პრემიერმა და მმართველი გუნდის წევრებმა აშკარად ორაზროვანი განცხადებები ბევრი აკეთეს. იგულისხმება ევროპელი პარტნიორებისთვის ხან თითის ქნევა, ხანაც შეურაცხყოფის ზღვარზე კრიტიკა.

თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში ამ თემასთან დაკავშირებით ერთი მხრივ ხელისუფლების, მეორე მხრივ ოპოზიციისა და საერთოდ იმ ტიპის ქცევასა და განცხადებებს, როცა ჭირს გაგება მართლა უნდა თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი?

- ჩემთვის პირადად, ოპოზიციის დასავლური არჩევანი - ცალსახაა და დიდი ხანია არავითარ ეჭვს არ იწვევს. მაგრამ, საქმე მხოლოდ სტრატეგიული არჩევანი არაა. ერთ დროს ოპოზიცია განუზომლად ძლიერი იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რომ ოპოზიცია დასუსტდა და დაიბნა კიდეც. ისინი ვერ სცემენ ადეკვატურ პასუხებს ხელისუფლების კრიტიკულ თავდასხმებს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რომ ოპოზიცია დასუსტდა და დაიბნა კიდეც. ისინი ვერ სცემენ ადეკვატურ პასუხებს ხელისუფლების კრიტიკულ თავდასხმებს

ამისი არაერთი მიზეზი არსებობს. მთავართაგანი მიზეზი ისაა რომ ოპოზიციამ - ხალხი, მოსახლეობის უმრავლესობა, საზოგადოების დიდი ნაწილი უბრძოლველად გადააბარა ხელისუფლებას. ოპოზიციის არც ერთი სეგმენტი არ იბრძვის მოსახლეობისათვის.

სულ ერთი და იგივე სახეები, პარტიული აქტივისტები დასხდებიან ოპოზიციურ ტელეარხებში და გაუთავებლად ლაპარაკობენ მოსახლეობისათვის უინტერესო პრობლემებზე. ავიღოთ ერთი მაგალითი - რუსეთისათვის სანქციების დაწესების საკითხი. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა პაციფისტურად არის განწყობილი და სანქციების წინააღმდეგია. ეს ხდება არა იმიტომ რომ რუსეთი უყვართ, არა. არ უნდათ ზედმეტ ხათაბალაში ჩაიგდონ თავი. ქვეყანამ რამდენიმე ომი გადაიტანა და ხალხის განწყობა - ანტისანქციურია.

ამ ვითარებაში გამოდის რომელიღაც ოპოზიციონერი და იძახის - დიახ, თუ დამოუკიდებლობა და ევროპა გვინდა, უნდა ვიომოთ კიდეც. ეს არაგონივრულია. ვიღაცამ ამ მოწოდების ავტორს დაუწერა - თუ გინდა შენ წადი და იომეო. აქ საქმე იმაში კი არ არის, რომ ჩვენი მოსახლეობა უკრაინის მიმართ გულგრილია. არავითარ შემთხვევაში.

პირიქით, ქართველი ხალხი დიდი გულისტკივილით და გულშემატკივრობით ადევნებს თვალს ომის პერიპეტიებს და ელოდება უკრაინელი ხალხის დიდ გამარჯვებას.

მაშ რაღატომ არ უჭერს რუსეთზე სანქციებს მხარს? იმიტომ რომ თუ რუსეთმა შემოგვიტია, მას არ აქვს იმედი დასავლელთა მხრიდან ადეკვატური დახმარებისა. ასეთ ვითარებაში ოპოზიციური პარტიები ხალხის განწყობის წინააღმდეგ თუ მოძრაობენ - ეს მათ იზოლირებას იწვევს. სამწუხაროდ ასეთი არაპოპულარული ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან, ბოლო დროს ხშირია.

ამის შემდეგ, რატომ უნდა გვიკვირდეს რომ ხელისუფლება მშვენივრად იყენებს ოპოზიციის წინდაუხედავ ნაბიჯებს და მისი სახით ხატავს „ომის პარტიების“ პორტრეტს. სულ ეს არის. თუ ჩვენს წინ მდგარ ერთის შეხედვით ვითომ რთულ საკითხებს გავამარტივებთ, სურათი ნათელი ხდება.

ხელისუფლება მშვენივრად იყენებს ოპოზიციის წინდაუხედავ ნაბიჯებს და მისი სახით ხატავს „ომის პარტიების“ პორტრეტს

დღეს ომის საფრთხის შემცველი ლოზუნგები არაპოპულარულია საზოგადოებასა და მოსახლეობაში და ვინც სანქციებისაკენ მოუწოდებს ქვეყანას, ის იზოლირებული რჩება. პარტიათა სტრატეგებმა ამაზე უნდა იფიქრონ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ის მრავალი მიზეზის გამო იძულებულია მანევრირებებს მიმართოს, როგორც პატარა ქვეყნის მმართველი ძალა. არაფერია გასაკვირი, თუ ის ერთის მხრივ - რუსეთის გაღიზიანებას უფრთხის. არც იმაშია რამე არაბუნებრივი, რომ თან პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს. მისი ოფიციალური პოზიციაა - ევროკავშირის კანდიდატობა. იტყვიან საამისო არაფერს აკეთებსო - სასამართლო, მედია, პოლიტიკური დევნა და ა. შ.

მოდით ასე ვთქვათ - ეს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ბუნებაა. ის სხვანაირად ვერ მოიქცევა, თავის თავს ვერ გარდაქმნის და არც აქვს ამისი სურვილი. მართალსა ბრძანებთ, როცა აღნიშნეთ რომ ხელისუფლების პოზიციაა - მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, ისეთებს, როგორიცა ვართ. ჩვენ შეცვლას არ ვაპირებთ. განა ეს ევროპელებმა არ იციან? მშვენივრად იციან.

ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების პოზიცია გამართლებულია გარკვეული თვალსაზრისით - ევროპამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და უნდა გასცეს კანდიდატობის მანდატი - სამივე ქვეყნისათვის, რომლებიდანაც, რეალისტები ვიყოთ - არც ერთი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.

ევროპამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და უნდა გასცეს კანდიდატობის მანდატი - სამივე ქვეყნისათვის, რომლებიდანაც, რეალისტები ვიყოთ - არც ერთი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს

მაგრამ, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ ამას ევროპელები, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა, რუსეთის წინაშე შიშის რეჟიმში არიან - გაბედავენ.

- ამ თემაზე საკმაოდ დამაფიქრებელი იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცერის განცხადება - „დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“. ასევე მის მიერ გამოთქმული სინანული, რომ „საქართველოს შეეძლო უფრო უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ პროცესს“.

სავარაუდოდ, რა იგულისხმა ბატონმა ჰარცერმა, როცა თქვა - „საქართველოს შეეძლო უფრო უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ პროცესს“?

- ბატონი კარლ ჰარცელი უკვე მეხუთე წელია რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელია და უნდა ვიფიქროთ რომ საკმაოზე კარგად იცნობს ქართულ რეალობასაც და ჩვენებურ პოლიტიკურ ელიტასაც.

მიჭირს იმის წარმოდგენა რომ მას მოსწონდეს ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულება. როგორ შეიძლება შვედეთის უწყინარი, მშვიდი გარემოდან, აქაური აურზაურით, კონფრონტაციით, ურთიერთსიძულვილით გაჟღენთილი პოლიტიკური ატმოსფეროს მოწონება.

ჰარცელი გულისხმობს რომ შეიძლებოდა უფრო რეფორმისტულად განწყობილი ხელისუფლება ეხილა, რომ უფრო რაციონალური და კონსოლიდირებული ყოფილიყო ოპოზიცია და რაც მთავარია - ეს ორი ძალა, ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის რეჟიმში მდგარიყო.

ჰარცელი გულისხმობს რომ შეიძლებოდა უფრო რეფორმისტულად განწყობილი ხელისუფლება ეხილა, რომ უფრო რაციონალური და კონსოლიდირებული ყოფილიყო ოპოზიცია და რაც მთავარია - ეს ორი ძალა დიალოგის რეჟიმში მდგარიყო... როგორც ჩანს, ბატონ ჰარცელს ბევრად უკეთესი წარმოდგენა აქვს ქვეყანაზე, ქართველ საზოგადოებაზე, ვიდრე მის პოლიტიკურ ელიტაზე

ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაც უფრო მომზადებული შეხვდებოდა, როგორც სტეფან ცვაიგი იტყოდა - ისტორიის წამებს. როგორც ჩანს, ბატონ ჰარცელს ბევრად უკეთესი წარმოდგენა აქვს ქვეყანაზე, ქართველ საზოგადოებაზე, ვიდრე მის პოლიტიკურ ელიტაზე.

- ვნახეთ, რომ ამ საკითხში ოპოზიციას რაც შეეძლო გააკეთა, იგულისხმება მათი აქტიურობა ევროპულ პოლიტიკურ მოედანზე. როცა ამბობენ, რომ ჭირს ხელისუფლების ქცევის გაგება, იგულისხმება ის, რომ ამ თემაზე ხელისუფლების გზავნილი ასეთია - „ჩვენ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ვასრულებთ, ახლა ჯერი ევროპაზე.“ პრაქტიკულად ხელისუფლება ევროპას ეუბნება, მიგვიღეთ ისეთი როგორიც ვართ.

ევროპელი პარტნიორები კი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე ამ პროცესში წინ იყო, მაგრამ ახლა უკუ სვლა გვაქვს რიგ საკითხებში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და კიდევ ბევრ რამეში.

ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა შესაძლოა ახლა არ იყოს პრობლემა, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, თუ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, შემდეგ რეკომენდაციების შესრულების პრობლემა ნამდვილად იქნება.

გაქვთ განცდა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, შემდეგ ქვეყანას ექნება პრობლემები იმ დათქმებისა და რეკომენდაციების შესრულებაში, რომელიც სტატუსის მონიჭებას მოჰყვება?

- კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა ბევრს ნიშნავს. ის ევროკავშირის წევრობის წინა საფეხურია და სტრატეგიული და მორალური მნიშვნელობა აქვს. ევროპა ამით ეტყვის რუსეთს, რომ საქართველო და მისი მოძმეები - ჩემი ინტერესების, ჩემი ცივილიზაციის ნაწილები არიან და შენ მათთან არაფერი გესაქმება.

თუ ამ სიკეთეს ვეზიარეთ, მაშინ უფრო კატეგორიულად მოგვთხოვენ - ევროსტანდარტების შესრულებას, მაგრამ უახლოეს წლებში დიდი ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად არსებობს. მაინც სჯობს, ამ საკითხზე ივნისის ბოლოს ვისაუბროთ. ისე, ხელისუფლებამ ერთი რამ ალბათ კარგად იცის - სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებელი ერთი მხარე იქნება და ეს მხარე - ხელისუფლებაა.

ხელისუფლებამ ერთი რამ ალბათ კარგად იცის - სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებელი ერთი მხარე იქნება და ეს მხარე - ხელისუფლებაა

ეს იმაზეც არაა დამოკიდებული, ხელისუფლება კარგად მოიქცევა თუ არა. უბრალოდ, კანონია ასეთი - რაც ხდება ქვეყანაში, ყველა დროს ხელისუფლება იყო, არის და იქნება პასუხისმგებელი - ამას უკვე ისტორია გვეუბნება.

- თუ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკასა და შინაარს დავაკვირდებით, საქართველო აშკარად არ გავს იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.

იმის ნაცვლად, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი და უპირველეს ყოვლისა მმართველი გუნდი საზოგადოების კონსოლიდაციაზე, ეროვნული ენერგიის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის შესრულებაზე იყოს ორიენტირებული, სახელისუფლებო გუნდი ცნობილი ლიტერატორის ლევან ბერძენიშვილის კრიტიკისთვის იცლის.

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს რომელიმე ჩვენი მოქალაქის მოსაზრება, ფაქტია, რომ იმ თემაზე, რაც დიდი დისკუსიის საგანი გახდა, არც რიგითი მოქალაქეების და არც ხელისუფლების დამოკიდებულება და ქცევა ევროპულს ნამდვილად არ ჰგავდა.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ხელისუფლებას უჭირს იმ დღის წესრიგის რეალიზებისთვის დაგროვილი ეროვნული ენერგიის მობილიზება, რაც ამა თუ იმ ეტაპზე ასე მნიშვნელოვანია?

- უცნაურია, მაგრამ ოპოზიციამ ამ კომპონენტშიც წააგო. ლევან ბერძენიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მშობლიური პარტიიდან წასულია, მგონი, მაინც ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელია. მას რომ ეთქვა ერეკლე მეფე შეცდაო, მცდარი ნაბიჯი გადადგაო, ამას ბევრი არავინ მიაქცევდა ყურადღებას და ადეკვატურ ქმედებად ჩაითვლებოდა. მაგრამ მან ისეთი რამ თქვა, რომ იმის უფლებასაც არ მივცემ ჩემს თავს - გავიმეორო.

იტყვიან ზოგიერთნი, რა მოხდა, ახლა სიტყვის და აზრის თავისუფლებააო. აი, სწორედ ესაა დემოკრატიულ უფლებათა მრუდედ და მახინჯად გაგება. ამით რა გააკეთა ბატონმა ბერძენიშვილმა რამე სასარგებლო? ამით აღზარდა საზოგადოება? სიფხიზლისაკენ მოუწოდა? არა.

ჯერ ერთი ლევან ბერძენიშვილმა საყოველთაო აღშფოთება დაიმსახურა და რაც მთავარია, მეორე - კიდევ ერთი მაშველი გადაუგდო ხელისუფლებას, რითაც დაუყოვნებლივ ისარგებლა ქვეყნის პირველმა პოპულისტმა იდეოლოგმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ და მშვენივრადაც.

ჯერ ერთი ლევან ბერძენიშვილმა საყოველთაო აღშფოთება დაიმსახურა და რაც მთავარია, მეორე - კიდევ ერთი მაშველი გადაუგდო ხელისუფლებას, რითაც დაუყოვნებლივ ისარგებლა ქვეყნის პირველმა პოპულისტმა იდეოლოგმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ და მშვენივრადაც

მან არც თუ უსაფუძვლოდ დასდო ბრალი ბერძენიშვილს ეროვნული იდენტობის ნგრევაში. ბატონმა კობახიძემ ქართველი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის განწყობას უპასუხა და ხალხის პოზიცია გაიზიარა, რომლისთვისაც ერეკლე მეფის პიროვნება თაყვანსაცემია. ხოლო ბერძენიშვილი, მისი ძმა, მისი ყოფილი პარტია და რაც მთავარია, მის უკან მდგარი მთელი ოპოზიცია, როგორც ამას აღიქვამს საზოგადოების დიდი ნაწილი, - კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იზოლაციაში.

ჰოდა კი ბატონო, იყავით იზოლაციაში, თუ ასე გსურთ. მაგრამ, ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებებით ჩვენი საზოგადოება კარგავს ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლების შემაკავებელი უნდა იყოს წესით. აი, ამ ყოფაში ვართ, სადაც ზომიერება, თვით ინტელექტუალებსაც დაკარგული აქვთ სამწუხაროდ.

- როცა ვთქვი, რომ ჭირს იმის გაგება მართლა უნდა თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ვიგულისხმე აშკარად ანტიდასავლური, აშკარად პრორუსული განწყობების მქონე მოქალაქეების უპრეცედენტო გააქტიურება.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მას შემდეგ რაც სსრკ დაიშალა და საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, არ მახსენდება ანტიდასავლური და პრაქტიკულად პრორუსული განწყობების ისეთი ზრდა, როგორიც ახლა შეიმჩნევა.

ბევრი შენიშნავს, რომ ადგილობრივი პრორუსული ძალების გააქტიურების უკან რუსეთის არა დემოკრატიული, არამედ სწორედაც რომ იმპერიალისტურ-შოვინისტური ძალები დგანან, რომლებისთვისაც დამოუკიდებელი და თუნდაც ე.წ. „ნეიტრალური“ ქართული სახელმწიფოს არსებობა მიუღებელია.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით და რას დაუკავშირებდით საქართველოში მკაფიოდ გამოკვეთილი ანტიდასავლური და პრორუსული ძალების გააქტიურებას?

- დღეს უკვე აშკარად საუბრობენ ე. წ. ლიბერალურ-დემოკრატიული და პატრიოტულ-ტრადიციონალისტური (კონსერვატიული) მსოფლმხედველობების დაპირისპირებაზე საქართველოში და მსოფლიოშიც. ამის შესახებ წერენ და ლიბერალიზმის უკანდახევაზე მსჯელობენ დასავლელი თეორეტიკოსებიც.

ფრენსის ფუკუიამას განმარტებით, 2000-იანი წლების დასაწყისში ღია და ლიბერალურმა მოდელმა მსოფლიოში ჯერ ზრდა შეანელა, ხოლო შემდეგ უკუსვლა დაიწყო. მასვე მოჰყავს ვიქტორ ურბანის დაკვირვება რომ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა „ტრანსნაციონალურ „გლობალურ“ ელიტებსა და პატრიოტულ, ნაციონალურ ელიტებს შორის“. ალბათ ჩვენში მიმდინარე პროცესებიც ამ მსოფლიო მოვლენის გამოძახილია.

ჩვენ გვგონია, რომ ამ ორ დიდ იდეას შორის მაშინ მწვავდება ურთიერთკონფლიქტი, როცა მათ შორის ირღვევა ბალანსი. წინა ხელისუფლების პერიოდში ლიბერალური დემოკრატიის სასარგებლოდ დაირღვა ბალანსი, ახლა კი - პირიქითაა.

ჩვენი საზოგადოების არჩევანი ერთადერთი შეიძლება იყოს - ლიბერალური დემოკრატია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის არ შეეხება ქართულ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ღირებულებებს.

ჩვენი საზოგადოების არჩევანი ერთადერთი შეიძლება იყოს - ლიბერალური დემოკრატია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის არ შეეხება ქართულ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ღირებულებებს

მორჩა და გათავდა. ამ მხრივ კი უნდა ითქვას, რომ არაიშვიათად, ჩვენებური არასამთავრობოები და ტელევიზიები სცოდავენ ან აჭარბებენ. მოკლედ, ძველ ბერძნებს არ ეშლებოდათ როცა ამბობდნენ - aurea mediocritas - ოქროს ზომიერება.

რაც შეეხება პრორუსულ, ანტიდასავლურ განწყობებს - სანამ ღატაკები და ღარიბები ვიქნებით, მუდამ იქნება ჩვენში ამგვარი განწყობები. კანონი, შრომა და დემოკრატია - აი რა არის ევროპა. უკანონობა, თათქარიძეობა და კლანურობა - ეს კი ისევ ის არის, საიდანაც თითქოს 30 წელია წელია წამოვედით..

- 1921 წელს ერთხელ დავკარგეთ დამოუკიდებლობა. მართალია, ახლა 21-ე საუკუნეა, მაგრამ უკრაინაში რუსული აგრესიის მასშტაბებმა, ქმედებებმა და აგრესიულობამ ცხადად დაგვანახა, რომ რუსული იმპერიული იდეები არა თუ არ ჩაბარებია წარსულს, ამ იდეების რეანიმაციაა მომხდარი.

ამას მოწმობს, 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე პრეზიდენტ პუტინის განცხადებები იმის თაობაზე, რომ კრემლს ახლა არა სსრკ-ს აღდგენა, არამედ 1917 წლის ოქტომბრამდე არსებული რუსეთის იმპერიის საზღვრებში აღდგენა უნდა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორიოდე დღის წინ გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინს ევროკავშირის დაშლა სურს.

ფაქტია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა საქართველოს საფრთხეები კიდევ უფრო ცხადი გახადა. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა - „სანამ ხელისუფლება არ დარწმუნდება თუ საით გადაიხრება სასწორი უკრაინა-დასავლეთ -რუსეთის დაპირისპირებაში, მანამდე იგი შეეცდება ყველა მიმართულებით მოლოდინის რეჟიმში ყოფნას“

იმის ფონზე, რაც ახლა უკრაინაში და საერთაშორისო ურთიერთობებში ხდება, რა საფრთხეების წინაშე აყენებს საქართველოს?

- ცუდი დასკვნა მაქვს, როგორც ბატონ ვახტანგ ძაბირაძეს. ჩვენში ცვლილებების დროა, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. მოლოდინის რეჟიმი ხელისუფლებასაც აწყობს და საზოგადოებასაც. ერთადერთი რაც შეგვიძლია, მოგახსენებთ.

მოსაზრება კი არ მინდა გამოვთქვა, მინდა ვთხოვო, მოვუწოდო ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, ორივე მხარეს, პირველ რიგში ოპოზიციურ პარტიებს, მთელს ოპოზიციას - ამ ერთი თვის განმავლობაში, სანამ ევროკავშირის ვერდიქტი იქნება - შეწყვიტონ ხელისუფლების ყოველგვარი კრიტიკა, დაივიწყონ რომ ასეთი რამ არსებობს. მე არ მოვუწოდებ შერიგებისაკენ, მით უფრო თანამშრომლობისაკენ, ასეთი რესურსი დღეს არა მგონია არსებობდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში.

მეორე - მოვუწოდებ ხელისუფლებას - ასევე შეწყვიტოს ოპოზიციის ყოველგვარი კრიტიკა, განსჯა, პარტიების მისამართით რაიმე აზრის გამოთქმა, მათ შორის პოზიტიურისაც. დაივიწყოს რომ ოპოზიცია არსებობს - თვის ბოლომდე.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა კარგი იქნებოდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი განცხადება-მიმართვა გაკეთებულიყო რომ ევროკავშირი, მთელი ქართველი ხალხის და პოლიტიკური ელიტის ერთსულოვანი არჩევანია.

რაც შეეხება ისტორიულ იდეალს, გაგახსენებთ წარსული ქართული პოლიტიკური ელიტის მაგალითს. 1917 წლის 19 ნოემბერს შეიკრიბა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ერთმანეთის გვერდით დასხდნენ ყოფილი მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატები - ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს - ეროვნულ-პოლიტიკური პარტიები სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, ესერები და სხვანი.

მათ შეიმუშავეს ეროვნული პროგრამა, აღადგინეს საქართველოს დამოუკიდებლობა და შექმნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის სამართალმემკვიდრეც დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს