რეზო ხარაზი აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს.
რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმში გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა სამუშაოები შეჩერებულია.
მისი თქმით, გაფლანგული თანხისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, პროკურატურას წერილობით მიმართავს და გამოძიებას სთხოვს.
“2021 წლის აპრილში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მუნიციპალური განვითარების ფონდს დაავალა პროექტი “განახლებული რეგიონები”. აჭარის მასშტაბით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან დაახლოებით 6 მილიონი ლარი ბათუმში გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისთვისაა. გმირთა ხეივნისთვის ახალი პროექტი გააკეთეს. ამ პროექტს თავიდანვე ვაპროტესტებდით, რადგან არ საჭიროებდა. 6 მილიონი გამოყეს და სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს. 2021 წლის 26 აპრილიდან 2023 წლამდე ვადა გააგრძელეს, უკვე მეორე ტურისტული სეზონია და ტერიტორია ჩაკეტილია, მოქალაქეები ვერ გადაადგილდებიან. ბეტონი რომელიც აყარეს და ისევ თავიდან დააგეს, - აი სწორედ ეს ნაწილი მოიცავს კორუფციას. აქ რეალურად ფული გააკეთეს, ეს თანხა შეიძლებოდა ქალაქში სხვა პროექტს მოხმარებოდა. ერთი წელი გავიდა და სამშენებლო სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია და სამუშაოები არ მიმდინარეობს. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში გამოვიდა და განაცხადა, რომ ყველაზე წარმატებული პროექტი არის “განახლებული რეგიონები“. წარმატებული კი არა ყველაზე კორუფციული პროექტია, გაჩერებული პროექტია და წყალში გადაყრილი 6 მილიონი ლარია. ბათუმში უამრავი პრობლემაა, რომლის მოგვარება ამ 6 მილიონად შესაძლებელი იქნებოდა. ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოდის და ცინიზმით საუბრობს, იგი ბილწსიტყვაობით გამოირჩევა. ეს პროექტები ნათელი მაგალითია, რომ ხალხზე არ ზრუნავენ და ზრუნავენ საკუთარ კეთილდღეობაზე. პროკურატურას წერილობით განცხადებით ხვალ მივმართავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყოს, რადგან ფულის გათეთრება და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება, ამასთან თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაა”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

























