გია ხუხაშვილი - ივანიშვილმა უნდა გაგვარკვიოს დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ფრონტის ხაზის რომელ მხარეს ვართ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუ­ხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა ჩვენთვის საკმაოდ მძიმე რეზოლუცია მიიღო. ეს თემა ახლა ყველაზე განხილვადია. მასზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ მეტიც გამოითქმება.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციას?

- ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, კანონზომიერია, რადგან ბოლო პერიოდში ჩვენ ბევრ უცნაურობას ვაკვირდებოდით ხელისუფლების ქცევაში.

არადა, თითქოს ყველა თანხმდებოდა იმაში, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსების მიერ დაწყებულმა აგრესიამ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ისტორიულ შანსი გაუჩინა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაედგა, ჩვენ ხელისუფლებისგან ვისმენდით აბსოლუტურად უტიფარ რიტორიკას ცალკეული ევროპელი პარლამენტარების და ევროპის მიმართ. უკრაინაში და საერთოდ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოში ძალიან გააქტიურებული იყო რუსული პროპაგანდისტული ხაზი. ომის და მშვიდობის საკითხს დაუკავშირეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და ევროპული ინსტიტუტების კრიტიკამ სისტემური ხასიათი მიიღო. თუ ხელისუფლებას ადრე ჰქონდა ის არგუმენტი, რომ თუ ადრე მხოლოდ კრიტიკა ისმოდა ცალკეული ევროპარლამენტარების მიმართ, ისინი „ნაცების“ აგენტურად იყვნენ შერაცხილი, ახლა ეს არგუმენტი მათ აღარ აქვთ და მიიღეს სისტემური პრობლემა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე მხოლოდ ხელისუფლებას არ აზიანებს, აზიანებს სახელმწიფოს. სამწუხარო რეალობაში ვართ და მოვლენათა ამგვარად განვითარების ავტორი ქვეყნის ხელისუფლებაა

მაგრამ, ცუდი ისაა, რომ ეს პრობლემა უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის პრობლემად იქცა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე მხოლოდ ხელისუფლებას არ აზიანებს, აზიანებს სახელმწიფოს. ვიმეორებ, სამწუხარო რეალობაში ვართ და მოვლენათა ამგვარად განვითარების ავტორი ქვეყნის ხელისუფლებაა.

- რეზოლუცია ბევრი თვალსაზრისითაა საგულისხმო, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ რეალურად არსებობდა რეზოლუციის რამდენიმე ვარიანტი.

„ქართული ოცნების“ პარტნიორი ევროპელი სოციალისტების რეზოლუციის პროექტშიც კი არ წერია, რომ საქართველოს უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

რა უნდა ვიფიქროთ, მმართველმა გუნდმა თავის ევროპელ პარტნიორებთანაც კი არ იმუშავეს, თუ რაშია საქმე?

- ამაშია პრობლემა. მუშაობა პარტნიორებთან საჭიროა, მაგრამ მუშაობა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რაც გააძლიერებდა ქვეყნის პოზიციებს და დააჩქარებდა პროცესებს. შედეგი არ მიიღწევა მაშინ, როცა ერთი მიმართულებით უნდა იმოძრაო და რეალურად მეორე მიმართულებით მოძრაობ.

შესაძლოა ევროპელი სოციალისტები „ქართულ ოცნებას“ პარტნიორებადაც კი თვლიდნენ, მაგრამ, რომ ხედავენ საით მიდის ეს ხალხი, ბუნებრივია, რომ მათთვისაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის მოქმედება.

ბოლო თვეებში პრემიერისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები რომ ერთად შეკრიბო, მათში ცხადად ჩანს ანტიევროპული და ევროსკეპტიკური განწყობები. და ეს კეთდებოდა საკმაოდ ხშირად.

ბოლო თვეებში პრემიერისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები რომ ერთად შეკრიბო, მათში ცხადად ჩანს ანტიევროპული და ევროსკეპტიკური განწყობები. და ეს კეთდებოდა საკმაოდ ხშირად

მეტიც, ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები რუსული პროპაგანდისტული ტოკ-შოუებისთვის საჩუქრები იყო.

- როგორც მინიმუმ, გაუგებარი და გასაკვირი გახლდათ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება - „ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს“...

- საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კობახიძის კომენტარი, რომ თურმე მას „ჩალის ფასი აქვს“, სხვა არაფერია თუ არა იმის თქმა, რომ საქართველოს მმართველ გუნდს არც ის აინტერესებს თუ რას ფიქრობენ ჩვენზე ქვეყნის პარტნიორები და თავად მათ არც ევროპული პერსპექტივა აინტერესებთ.

კობახიძის ეს განცხადება ასედაც შეიძლება იყოს გაგებული - ხელისუფლებას ევროპული ალტერნატივის გარდა, სხვა ალტერნატივაც აქვს.

ევროპარლამენტი ევროპული დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ასე საუბარი მართლაც გაუგებარია. და ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანას განცხადება აქვს შეტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

კობახიძის განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადების ავტორი თავხედია, ან ბრიყვი, ან იგი ეძებს მიზეზს, რომ აპირებს არა ევროპაში, არამედ სადღაც სხვაგან წასვლას.

კობახიძის განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადების ავტორი თავხედია, ან ბრიყვი, ან იგი ეძებს მიზეზს, რომ აპირებს არა ევროპაში, არამედ სადღაც სხვაგან წასვლას

- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას პრაქტიკულად გაიმეორა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის შეთქმულები თეორია.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ თეორიის თანახმად საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წევრობის მიღების თემა საქართველოს ხელისუფლებას სპეციალურად მოახვიეს თავს, რომ შემდეგ ეს სტატუსი არ მოეცათ და ქვეყანაში მღელვარებები დაწყებულიყო და გამოეწვია ხელისუფლებაში „ნაციონალების“ დაბრუნება...

- რა თავსმოხვევაზეა საუბარი, როცა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განცხადება თავად საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანა. ხელისუფლებას ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ ამ განცხადებას 2024 წელს შეიტანდა, ჰოდა მაშინ შეეტანათ და არა ახლა.

როცა უკრაინამ და მოლდოვა ევროკავშირის მიმართულებით გააქტიურდა და განცხადებები შეიტანა, საქართველოს ხელისუფლებას რომ განცხადება არ შეეტანა, გაძლიერდებოდა ეჭვები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული ორიენტაციის არაა.

ვეთანხმები აზრს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განცხადების შეტანა „ქართული ოცნებისთვის“ იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ, გადაწყვეტილება ხომ მათ მიიღეს და არა ვინმე სხვამ. ხომ არავის დაუძალებია.

ვეთანხმები აზრს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განცხადების შეტანა „ქართული ოცნებისთვის“ იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ, გადაწყვეტილება ხომ მათ მიიღეს და არა ვინმე სხვამ. ხომ არავის დაუძალებია

შეთქმულების თეორიები ყველას შეუძლია ავრცელოს, შესაძლოა ეს ბევრმა დაიჯეროს კიდეც, მაგრამ ამით ხომ რეალობა არ შეიცვლება.

- რეზოლუციაში ცხადად ჩანს რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას.

ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს შემთხვევაში საუბარი იქნება მხოლოდ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე და არა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე...

- დღეს არსებობს ისტორიული შანსი დაჩქარდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ, ჩანს ისიც, რომ არაა გამორიცხული ეს შანსი საქართველომ ხელიდან გაუშვას, რასაც ისტორია არავის აპატიებს. თუ ასე მოხდა, ისტორია ამას დღევანდელ ხელისუფლებას არ აპატიებს.

რაც იზამს პოლიტიკური ოპოზიცია, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს იქნება ისტორიული მარცხი, რომელიც შავი ლაქა იქნება როგორც ქვეყნის ისტორიაში, ისე იმ ძალისთვის, რომელიც ამ პერიოდში მართავდა ქვეყანას. ასეთი შანსი ქვეყანას შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში აღარ ჰქონდეს.

მიუხედავად ყველაფრისა, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მიერ სტატუსის მიღებაზე მაინც იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ვიღაცა იმსახურებს, არამედ იმიტომ იმიტომ რომ ომმა უკრაინაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შექმნა.

ევროპას ძალიან უნდა, რომ საქართველო იყოს ევროპის პარტნიორი. რატომ? იმიტომ რომ ახლა მსოფლიოში დიდი პოლიტიკური ძვრები ხდება. ევროპაში მშვენივრად აცნობიერებენ, რომ საქართველოსგან ნებისმიერი დისტანცირება შესაძლოა ქვეყანას უბიძგოს მტრის ბანაკში აღმოჩენისკენ. ამის სიმპტომები ჩანს. ამიტომ, მაინც ვფიქრობ, რომ ევროპამ ჩვენთვის სტატუსის მინიჭებაზე რაღაც გადაწყვეტილება მაინც მიიღოს.

მშვენივრად აცნობიერებენ, რომ საქართველოსგან ნებისმიერი დისტანცირება შესაძლოა ქვეყანას უბიძგოს მტრის ბანაკში აღმოჩენისკენ. ამის სიმპტომები ჩანს. ამიტომ, მაინც ვფიქრობ, რომ ევროპამ ჩვენთვის სტატუსის მინიჭებაზე რაღაც გადაწყვეტილება მაინც მიიღოს

ივანიშვილისთვის სანქციებზე დაწყებული საუბრები სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ ივანიშვილს ჩაუდეს სანქციების რისკი თავისი უტიფარი და აგდებული დამოკიდებულებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ.

- ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემა რეზოლუციაში კი მოხვდა, მაგრამ, რატომღაც არ მგონია, რომ საქმე რეალურად მივიდეს მის მიმართ სანქციების დაწესებამდე...

- მეც მგონია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ იქნება. მაგრამ, სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება თუ არა, ფაქტია, რომ ივანიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამ კონტექსტით მოხვედრით უკვე მიიღო რეპუტაციული ზიანი.

ეს მას პრობლემებს შეუქმნის ბიზნესწრეებში, პარტნიორებთან ურთიერთობაში. ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან ბევრი მიმართულებით არის თავის თავად წითელი ბარათივით. ბევრი მოერიდება ივანიშვილთან ურთიერთობას, ბევრი მოლოდინის რეჟიმში იქნება.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის მოხვედრა საჩუქარია შვეიცარიული ბანკისთვის, რომელსაც ივანიშვილმა საკმაოდ დიდ დავაში საქმე მოუგო. არაა გამორიცხული შვეიცარიულმა ბანკმა ივანიშვილის საქმეზე სამართლებრივ პროცესში ეს რეზოლუცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ივანიშვილმა უნდა დაიწყოს მოქმედება. მას აქვს გადასაწყვეტი მარტივი დილემა - ან უნდა გადავიდეს თამაშის ცივილიზებულ წესებზე და ამისთვის ჩემი აზრით ორივე ირაკლი უნდა ჩამოაშოროს პოლიტიკას, და მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ

ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს თემა ივანიშვილს ძალიან აწუხებს. ბუნებრივია, რომ ეს რეზოლუცია ივანიშვილის საწინააღმდეგოდ იმუშავებს.

ფაქტია, რომ საქართველოს ირგვლივ რთული ვითარება ყალიბდება. ჩემი აზრით, ივანიშვილი არ ელოდა, რომ მოვლენები ამგვარად განვითარდებოდა. ახლა ფაქტია, რომ ივანიშვილის დამალვას აზრი აღარ აქვს.

- ყველაფერ იმის ფონზე რაზეც ვისაუბრეთ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები? ვგულისხმობ იმასაც, პოლიტიკაში კვლავ გამოჩნდება თუ არა ივანიშვილი?

- ფაქტია, რომ ივანიშვილმა უნდა დაიწყოს მოქმედება. მას აქვს გადასაწყვეტი მარტივი დილემა - ან უნდა გადავიდეს თამაშის ცივილიზებულ წესებზე და ამისთვის ჩემი აზრით ორივე ირაკლი უნდა ჩამოაშოროს პოლიტიკას, და მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ.

ახლა რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში და საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ისტორია პასუხისმგებლობა ივანიშვილს დააკისრებს

ასე უნდა იმოქმედოს, რადგან ორივე ირაკლის ცივილიზებულად მოქმედება არ შეუძლიათ. ისინი აშკარად ალტ-ინფოს ტალღაზე სხედან. ეს ივანიშვილმა უნდა გააკეთოს არა ოპოზიციის მოთხოვნით, არამედ საკუთარი ინიციატივით. შესაძლოა ამ ნაბიჯებმა მოუტანოს დივიდენდები როგორც მას, ისე ქვეყანას დაუბრუნდეს ევროპული პერსპექტივა.

- სწორად გავიგე, თქვენ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას ურჩევთ?

- ფაქტია, რომ ახლა ივანიშვილის კულისებში დამალვას აზრი არ აქვს. რაც არ უნდა იძახოს მან და „ოცნებამ“, რომ იგი პოლიტიკაში არაა, ამის არც საქართველოში სჯერა ვინმეს და არც დასავლეთში. ამიტომ ახლა რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში და საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ისტორია პასუხისმგებლობა ივანიშვილს დააკისრებს.

რიტორიკას, რომ იგი პოლიტიკიდან წასულია, ახლა არანაირი აზრი არ აქვს. ის რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია, ეს ესმის ყველას. ისევ იმაზე საუბარი, რომ იგი პოლიტიკაში არაა, ისევ ივანიშვილს დააზარალებს მეტად და არც არაფერს შეცვლის.

ივანიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ჰქვია საქართველოს არჩევანის დილემა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

დასავლეთისკენ სვლის პერსპექტივას საქართველო შეინარჩუნებს იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ დავიწყებთ ცივილიზებული წესებით თამაშს და ამას ივანიშვილი გააკეთებს, რომელსაც ამის რესურსი აქვს. თუ ივანიშვილს ამის გაკეთება არ შეუძლია, ან არ უნდა, მაშინ იგი საბოლოოდ უნდა დაჯდეს ალტ-ინფოს ტალღაზე და უნდა ატყდეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება.

ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის დაეშვება რკინის ფარდა. სამყარო ამ რეგიონში გახდება ორპოლუსიანი და ჩვენ შუა ხაზზე ვერ გავეჩხირებით. ან იქეთ უნდა ვიყოთ, ან აქეთ. ევროპარლამენტის რეზოლუციამ მოახდინა კატალიზაცია ამ პროცესის გარღვევის.

ივანიშვილმა უნდა გაგვარკვიოს დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ფრონტის ხაზის რომელ მხარეს ვართ. ამას არ უშველის მტკიცება რომ მე არაფერ შუაში ვარ და კობახიძეს მოჰკითხეთო.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს