გია ხუხაშვილი ხუნდაძის განცხადებაზე - ხელისუფლება ახლა ტესტავს გზავნილებს, რომლებიც იქნება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შემდეგ - ისინი ემზადებიან უარის თქმისთვის

ხელისუფლება ახლა ტესტავს გზავნილებს, რომლებიც იქნება გადაწყვეტილების [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით] შემდეგ - ისინი ემზადებიან უარის თქმისთვის, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ სიტყვებს, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, საქართველომ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, დიმიტრი ხუნდაძეს „ლოგიკას აბსოლუტურად მოკლებული გზავნილი გაატესტვინეს“.

„ხელისუფლება ახლა ტესტავს გზავნილებს, რომლებიც იქნება გადაწყვეტილების [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით] შემდეგ. ამომრჩეველს რაღაც აბსტრაქტულ შეურაცხყოფას, ღირსების ამყრელ პირობებს გვთავაზობდა ევროპა და ასეთი ევროპა ჩვენ არაფერში გვჭირდებაო. ემზადებიან სტატუსზე უარის თქმისთვის და მეშინია, რომ ძირითადად მივიღოთ ასეთი კონსტრუქცია, რისი ტესტირებაც მათ უკვე ჩატარებული აქვთ. ხუნდაძეს ახლა გაატესტვინეს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული გზავნილი.

ეს არის გზავნილი, რომელიც მათმა გამოცდილმა სპიკერებმა არ გაახმოვანეს სპეციალურად, ქვემოდან ის [ხუნდაძე] შეაცურეს და მოსინჯეს ეს როგორ იმუშავებს. ესენი ემზადებიან 25 რიცხვისთვის, როდესაც მათ საზოგადოების ტვინის გამორეცხვა უნდა დაიწყონ ნებისმიერი შედეგის მიხედვით.

არავის უნახავს ევროკავშირის „უსამართლო პირობები“, აბსოლუტურად გაუგებარია. მათ შეიძლება პირობები ჰქონდეთ გარკვეულ რეფორმასთან დაკავშირებით. შენ თუ ევროკავშირის სახლში გინდა ცხოვრება, ამ ოჯახს აქვს თავისი თანაცხოვრების წესები. შენიშვნები მათ შეიძლება ჰქონდეთ ამ წესებთან დაკავშირებით. დავუშვათ, ვიღაცის ოჯახში გინდათ ცხოვრება და ის კაცი გეუბნებათ, რომ მის ოჯახში სიგარეტს არ ეწევიან. ხუნდაძემ შეიძლება ჩათვალოს, რომ მართლა უსამართლო პირობაა და რადგან მწეველია, მის ოჯახში უნდა მოწიოს?“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება.

„ეს შეიძლება იყოს მართული [რუსეთიდან] და თუ არ არის მართული, მაშინ ეს გამომდინარეობს ხელისუფლების ბუნებიდან. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ არ გვყავს პრორუსული ხელისუფლება, ისევე როგორც არ გვყავს პროდასავლური ხელისუფლება. ჩვენს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ფასეულობა - ეს არის ძალაუფლება. თუ მის ძალაუფლებას დასავლეთიდან ექმნება საფრთხე, ის ავტომატურად იხრება რუსეთისკენ, რადგან იქ ნაკლებ საფრთხეს ხედავს. მათ არ აქვთ ფასეულობითი არჩევანი, მათ უნდათ ძალაუფლება. ამის უკეთეს გარანტიას სადაც მიიღებენ, ევროპა იქნება თუ დასავლეთი, იქეთ წავლენ. მათ არ აქვთ პრობლემა დღეს თქვან გაუმარჯოს ნატო-ს და ხვალ გაუმარჯოს წითელ არმიას. მათ არ აქვთ პრინციპები. შესაბამისად, მათთვის ძალიან მარტივია გადათამაშება ხან აქეთ, ხან იქით და ასეც იქცევიან - გადართავენ რუსულ არხებზე და ამბობენ, რომ რუსეთი იგებს, შემდეგ გადმორთავენ CNN-ზე და ამბობენ, რომ „გაუმარჯოს უკრაინას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“. როგორც ხუნდაძე აცხადებს, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო