საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი შედიან, პარიზში, Globalize EU პლატფორმაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს, საკუთარი ქვეყნის განვითარებაში მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს.
"თქვენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი, განათლებული და ინოვაციური ნაწილი ბრძანდებით, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. ქვეყნისათვის, რომელსაც ნავთობის, გაზისა და სხვა წიაღისეულის მდიდარი რესურსი არ გააჩნია, მთავარი ღირებულება, სწორედ, ადამიანური რესურსია, რომელთა ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი აქ, პარიზში არის შეკრებილი და მომართულია იმისათვის, რომ შექმნას დოვლათი, განავითაროს საკუთარი ქვეყანა, რომელიც ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი და წარმატებული დიასპორელების ხელშია.
"მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში შემოვედი, ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დიასპორასთან ურთიერთობა მიმაჩნდა. სწორედ ამიტომ დიასპორის კომიტეტთან აქტიურად ვთანამშრომლობ და დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას სიამოვნებით ვიღებ.
ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი, წარმატებული დიასპორელების ხელშია. სწორედ ამიტომ, მუდმივად მინდა ვიყო დიასპორასა და მის გარეშო მიმდინარე მოვლენების კურსში, ვადევნებდე თვალყურს და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობას მხარს ვუჭერდე", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კონფერენციის Globalize EU მონაწილეებს განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა სიტყვით მიმართა.
"იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც საქარველოს გააჩნია, სწრაფად დოვლათის შექმნის მთავარი წყარო ინოვაციები და ტექნოლოგიებია, განსაკუთრებით სტარტაპების ხელშეწყობა. სტარტაპების განათლების სისტემასთან და საუნივერსიტეტო სივრცესთან დაახლოება მნიშვნელოვანია, რაც ახალგაზრდების ინოვატორული იდეების რეალიზებას ბიძგს მისცემს. ამ კუთხით ხელშეწყობისთვის აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
პლატფორმამ Globalize EU თავი უცხოეთში მცხოვრებ 5000-ზე მეტ წარმატებულ თანამემამულეს მოუყარა. კონფერენციაში მონაწილეობა 200-მა სტარტაპერმა და მოქმედმა ბიზნესმენმა მიიღო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"