მამუკა გამყრელიძე - როდესაც მოსახლეობა დაინახავს, რომ ხელისუფლება  მას ევროპულ პერსპექტივას უკლავს და საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს,  ეს იქნება  “ტრიგერი“, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვა და აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლების შეცვლას

ევროპარლამენტის რეზოლუციას და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე აფასებს.

- როგორ შეაფასებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას და იმ გამოხმაურებებს, რაც გაკეთდა შემდგომ სახელისუფლებო გუნდის მიერ?

- ევროპარლამენტის მძიმე რეზოლუცია დამთრგუნველია საქართველოსთვის. ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველო აღარ განიხილება დემოკრატიულ ქვეყნად. ის, რომ ევროპელმა დეპუტატებმა მოითხოვეს დასანქცირება ადამიანის, რომელიც არ იკავებს არანაირ პოსტს ნიშნავს, რომ საქართველოს მართავს ოლიგარქი და ეს მმართველობა არის არაფორმალური, შესაბამისად, საქართველოში დემოკრატია დამთავრდა.

ამ მძიმე რეზოლუციის შემდეგ და ევროპარლამენტთან ურთიერთობის ასეთ რეჟიმში რთულია გქონდეს პოზიტიური მოლოდინი, რომ ქვეყანას მიანიჭებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი თვლის, ჩვენთვის ამ სტატუსის არმონიჭება ნიშნავს ჩვენს გადაგდებას რუსეთის ხახაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირისთვის ძალიან რთული იქნება ასეთი მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება - არადემოკრატიულ ქვეყანას მისცენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი.

საქართველოში ძალიან რთული და საგანგაშო პოლიტიკური ვითარებაა. უმძიმესი მოსასმენია ის მძაფრი, არასასიამოვნო როგორც ევროკავშირის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი შეფასებები, რასაც აქვს ადგილი ხელისუფლების მხრიდან. რიტორიკა, რაც აქამდე ქონდა ხელისუფლებას, არა თუ არ შეიცვალა, პირიქით, გამძაფრდა და საერთოდ გავიდა ზრდილობის და კორექტულობის ფარგლებიდან. ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელებმა დაიწყეს ოლიგარქის გააფთრებული დაცვა დასანქცირებისგან, მაშინ როდესაც მათი მოვალეობა არის სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, მით უმეტეს, ასეთი ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების დროს. ეს ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არა თუ დემოკრატია, შუა საუკუნეების ფეოდალური მმართველობის მახინჯი ფორმაა, როცა მნიშვნელოვანია არა ქვეყნის ბედი, არამედ კონკრეტული ფეოდალის ინტერესი.

უნდა ითქვას, რომ ამგვარი გამონათქვამებით, რაც გვესმის ხელისუფლებიდან, რომ საერთოდ არ გაითვალისწინებენ იმ დათქმებს, რა დათქმებიც შესაძლებელია მოდიოდეს ევროკავშირისგან; ის, რომ ეს რეზოლუცია არის არაფრისმთქმელი და დაფუძნებულია ფეიკ მონაცემებზე, კიდევ უფრო მძიმდება ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მუდმივად იყო ხაზგასმული, რომ ეს რეზოლუცია ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელია, ამ დროს, ეს იშვიათი პრეცედენტია, როდესაც ევროკავშირმა სრულიად გამიჯნა ხელისუფლება და მოსახლეობა, რომლის 80%-ზე მეტს აქვს სწრაფვა ევროპული მომავლისკენ. ევროკავშირი ხედავს, რომ ქართველ ხალხს აქვს სურვილი, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ მას ახრჩობს ხელისუფლება, რომელსაც ხელში უჭირავს სრული ძალაუფლება და რაც მთავარია, ქვეყანას მართავს არა ის მარიონეტული მთავრობა, რომელიც ხელისუფლების სათავეშია, არამედ ამ მთავრობის უკან მყოფი ადამიანი, რომელსაც ხელში მარიონეტების სამართავი ძაფები უჭირავს.

- ევროკავშირის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე ცოტა დროა დარჩენილი, ამ დროს კრიტიკულად მაღალ ნიშნულზეა ხელისუფლების და ევროპელი პარტნიორების დაპირისპირება, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, შეცვლის ხელისუფლება რაიმეს ამ მოკლე დროში?

- სურვილის შემთხვევაში ყველაფრის გაკეთება და მოსწრება შეიძლება, მაგრამ ხელისუფლებისგან სწორედ ეს სურვილი არ ჩანს. ჩვენ დავინახეთ, იმ პოლიტიკის დასრულება, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა ერთდროულად ორ სკამზე ჯდომას. როგორც კი მათ შეექმნათ გადაუწყვეტელი პრობლემა ევროპასთან, მაშინვე გადაეწყვნენ რუსულ მიმართულებაზე და წავიდნენ კრემლის დიქტატორული გზით. დღეს გაჟღერებული ყველა მესიჯი, თავიდან ბოლომდე კრემლის ნარატივის გამოძახილია. ხელისუფლებამ იგრძნო, რომ მომავალ არჩევნებში, მათ შეექმნებათ ლეგიტიმაციის მძიმე პრობლემა. შემდეგ არჩევნებზე ოპოზიცია გავა ბევრად უფრო მობილიზებული და მხარდაჭერილი დასავლეთის მიერ, ხელისუფლება კი, იმ შემთხვევაშიც კი, რომ მოიგოს არჩევნები, აუცილებლად დადგება ლეგიტიმაციის პრობლემის წინაშე. დასავლეთი მას აღარ აპატიებს იმ გადაცდომებს და ხარვეზებს, რასაც მსუბუქად, მინიშნებით ყველა წინა არჩევნების შემდგომ აფიქსირებდა. ნებისმიერ შემდეგ არჩევნებზე ევროპელი დამკვირვებლები მცირე დარღვევებსაც კი ძალიან სკულპულიოზურად დააფიქსირებენ, არ არის გამორიცხული, შემდეგი არჩევნები დასავლეთმა ცნოს არალეგიტიმურად, რაც უმძიმეს პირობებში ჩააყენებს როგორც ხელისუფლებას, ასევე მთელ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ის პრეფერენციები, რაც გვაქვს ევროპისგან - ეს არის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც გამოიწვევს დასავლეთიდან იმ ქართველების გამოდევნას, რომლებიც საქართველოდან მძიმე სოციალურ პირობებს გაექცნენ და იქ წლებია მუშაობენ ოჯახების შესანახად. ჩვენ დავკარგავთ იმ ფინანსური რესურსის ნაკადს, გრანტებს, რაც ევროკავშირიდან შემოდის საქართველოში სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის. ქვეყანა დარჩება ფინანსური ფუნდამენტის გარეშე. ამ შემთხევაში ერთადერთი გამოსავალი, რაც დარჩება ხელისფლებას ეს იქნება, შეინარჩუნოს ძალაუფლება კრემლის სცენარით: წნეხის მაქსიმალური გაძლიერებით საკუთარ საზოგადოებაზე, რკინის ფარდის ჩამოშვებით და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევით. საქართველო არ არის რუსეთი. როდესაც მოსახლეობა, რომელსაც ევროპული მისწრაფება აქვს და ევროპულ პერსპექტივას ელოდება, ხედავს, რომ ამ პერსპექტივას უკლავს მთავრობა, არ გამოვრიცხავ, თავისი პროტესტი გამოხატოს ქუჩის მრავალრიცხოვანი აქციებით. ეს იქნება ის ტრიგერი, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვა და აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლების შეცვლას.

- აქვს ხელისუფლებას სიტუაციის შემობრუნების პერსპექტივა?

- ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს და გადადგას ნაბიჯები. მაქსიმალურად შეარბილოს რიტორიკა და შეეცადოს ევროპასთან ურთიერთობის აღდგენას. თუ ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს, მივიღებთ მძიმე და ქვეყნისთვის დამაზიანებელ სცენარს. რაც მთავარია, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, როდესაც მომავალი არჩევნები იქნება ჩრდილო კორეული ან მსგავსი ავტოკრატული ქვეყნების არჩევნებისა. ჩვენს პარტნიორებად დარჩებიან მხოლოდ აზიის და აფრიკის დიქტატორული რეჟიმები. ეს იქნება ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის უმძიმესი გზა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები