ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2022

გიორგი კობერიძე - “საქართველოს სტატუსის მიღების შანსი მაინც დიდი აქვს...”

საბრძოლო წონასწორობა ცვალებადი უპირატესობით - რა ხდება უკრაინაში და რას შეცვლის სამხედრო დახმარება, რომელიც უკვე გზაშია

ვახტანგ ძაბირაძე - “ქართული ოცნების” რიტორიკა მიმართულია იმაზე, რომ ევროპა არაევროპულად იქცევა”

დასავლეთის პასუხის პასუხი რუსეთს - ევროპაში უკრაინისათვის ბირთვული იარაღის შესაძლო გადაცემაზე ალაპარაკდნენ

უჩა ნანუაშვილი - “გზა აფხაზეთიდან ბუჩამდე: რეალურია თუ არა ქართველთა და უკრაინელთა გენოციდის აღიარება?!”

* * *

გიორგი კობერიძე - “საქართველოს სტატუსის მიღების შანსი მაინც დიდი აქვს...”

“რთული სათქმელია, როგორია საქართველოს ხელისუფლების განზრახვა და მოტივაცია, მაგრამ საქართველოს შანსი ჯერჯერობით მაინც დიდი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის განწყობა აშკარად კონსტრუქციულია. თუ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, რომ შეუძლია ევროპული კურსიდან გადახვევა, მიიჩნია, რომ ევროპის კავშირში თავისი პირობებით შეძლებს გაწევრებას, ეს იქნება არასწორი ნაბიჯი. ევროკავშირი მშვენივრად ხვდება, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი მაღალი არ არის, მაგრამ პოლიტიკური ნების გამო მაინც გვიწვდიან დახმარების ხელს, თუმცა თუ ამ პოლიტიკურ დახმარებაზე სათანადო პოზიტიური პასუხი არ გავეცით, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოსთვის ეს შანსი დაიკარგება. ეს განსაკუთრებით მძიმე იქნება, თუ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი - არა. ეს იქნება უიმედობის და უპერსპექტივობის დასაწყისი, რამაც შეიძლება ვითარება როგორც საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით გააუარესოს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოს სტატუსის მიღების შანსი მაინც დიდი აქვს...” / “თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი”.

“საქართველოს უკვე დიდი ხანია ნაკისრი აქვს ვალდებულება, ქვეყანაში გატარდეს საფუძვლიანი სასამართლოს რეფორმა და შეწყდეს ჟურნალისტების დევნა. ეს არ არის გუშინ დაწყებული პროცესი. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში, ანუ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლების მიმართ არსებობდა ეს მოთხოვნები, მაგრამ ჩვენივე შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლეთ. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი არის არაევროპული. მსგავსი პოლიტიკური ქცევა ახასიათებს ავტოკრატიულ რეჟიმებს. ქვეყანაში, რომელსაც აქვს სურვილი, პრეტენზია, შესაძლებლობა და თვითრწმენა, რომ უნდა დაემსგავსოს ევროპულ ქვეყნებს, გაუგებარია ხელისუფლების ამგვარი მოქმედება. ერთ რამესაც დავამატებ: საქართველოს ხელისუფლება რეფორმების გატარებას მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ცდილობდეს, რომ ევროკავშირში გაწევრდეს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი გზა, რომელიც სახელმწიფოს, საზოგადოებას, ბიზნესს, მოქალაქეებს მოუტანს უსაფრთხო გარემოს, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება. თუკი მაინც დაირღვევა ვინმეს უფლებები, სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მოქალაქის ბედი არ იქნება დამოკიდებული ოლიგარქიული მმართველობის კეთილ ნებაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“დავიწყოთ იმით, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი ლეგიტიმაციის წყაროდ მიიჩნევს არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ ერთი ადამიანის ნებას და ეს ერთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩრდილიდან მართავს სახელმწიფოს. დიდი ხანია, ამ დასკვნამდე აქაც და უცხოეთშიც ბევრი ადამიანი მივიდა: პოლიტიკოსები, ექსპერტები, მოქალაქეები... ეს ყველაფერი სახიფათოა დემოკრატიისთვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელია, ლეგიტიმაციის წყარო იყოს საზოგადოება, მით უფრო - ქვეყნის საგარეო კურსის თვალსაზრისით... დღეს საქართველოს საგარეო თუ საშინაო კურსი წყდება იმის მიხედვით, რა სურთ დახურულ კარს მიღმა და რა სურს საქართველოს ხელისუფლებას, ამის განმაპირობებელი არის არა ქართველი ხალხის სურვილი, არამედ რამდენიმე ადამიანის ნება, განზრახვა და ხედვა. ეს არის გადაწყვეტილების მიღების ყოვლად არადემოკრატიული პროცესი. საზოგადოება, პრაქტიკულად, გამოთიშულია პროცესებიდან და ამას დიდწილად ხელს უწყობს ხელისუფლება, რადგან საზოგადოებას ხშირად არ აწვდის საჭირო ინფორმაციას, ან აწვდის დამახინჯებით, თანაც საზოგადოების სახელით ისე ლაპარაკობს, რომ მისი დიდი ნაწილის მარგინალიზაციას ახდენს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამგვარი მოქმედებები ქმნის ჩიხს, ხიდჩატეხილობასა და ელიტიზმს, როდესაც რამდენიმე ადამიანის ნება, ხედვა შეიძლება საკმარისი იყოს სახელმწიფოს სახელით გადაწყვეტილების მისაღებად. მეტსაც გეტყვით - ამ პროცესს კარგად ასახავს ფრაზა: სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, მითვისება. ეს შეიძლება მოხდეს პარტიის, კომპანიის, კერძო ადამიანის მიერ. ამ დროს სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კი აღარ მოქმედებს, არამედ მოქმედებს კერძო ადამიანის ან ჯგუფის ინტერესების შესაბამისად.. თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი. ჩვენ ასეთი შანსი ევროპასთან დაახლოების, შეიძლება აღარასდროს მოგვეცეს. შეიძლება ამას მოჰყვეს ის, რომ გაუქმდეს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, შეწყდეს ეკონომიკური დახმარებები. გაუცხოების პროცესთან ერთად ავტოკრატია გაძლიერდება, რის შეკავებასაც ამ ეტაპზე ქართველი ხალხი ევროპის, დასავლური ინსტიტუტების დახმარებით მეტ-ნაკლებად ახერხებს. ასე იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც - იმჟამინდელმა ავტოკრატიულმა მმართველობამ შეაფერხა ქვეყნის ევროპული მომავალი. დასავლეთი მაშინაც ძალიან კრიტიკული იყო, განსაკუთრებით, სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში, დიპლომატები მაშინაც ძალიან მკაცრად ლაპარაკობდნენ საქართველოში ავტოკრატიის საფრთხეზე. დღესაც იგივე პროცესებს ვხედავთ”, - განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“ცდილობენ საკუთარი სიმხდალის ლეგიტიმაციას. საქართველოს სახელმწიფო ყოველთვის იდგა იდეაზე, რომ საკუთარი თავისუფლების და ინტერესების დასაცავად გაეღო ბევრი რამ, მათ შორის უსაფრთხოებაც. დღეს კი არარსებული კონფლიქტის საფრთხით გვაშინებენ, გამოდიან და აკეთებენ გაუგებარ განცხადებებს უკრაინაზე, ევროპარლამენტზე, ხელოვნურად ქმნიან ჰიპოთეზური ომის თავიდან აცილების რიტორიკას, ეს არის სიმხდალის და რუსეთთან მიტმასნების ლეგიტიმაციის მცდელობა. ისინი ცდილობენ ასე გაამართლონ არა მხოლოდ საკუთარი სიმხდალე, არამედ მოკავშირეების გადაგდების პოლიტიკაც. ომის დაწყება, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სიგიჟე იქნებოდა, ეს ყველა გონიერ ადამიანს ესმის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. “დათვს რომ ბაბაია უნდა დაუძახო”, ეს რაციონალური საგარეო პოლიტიკა არ არის, ეს არის სიმხდალის პოლიტიკა. მათთვის ღირსება და სამართლიანობა გადის იმ საზომზე, რასაც ჰქვია კონკრეტული ადამიანის, ოლიგარქის უფლებების დაცვა-არდაცვა...”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე

“თუ ევროპელები ეტყოდნენ, რომ რა პრობლემაა, შეგიძლიათ ხელისუფლება მიიტაცოთ, კერძო ადამიანის ინტერესებს ემსახუროთ და მაინც გზა ხსნილი გექნებათ ევროკავშირისკენო, მაშინ ხომ დიდი სიხარულით დაუკრავდნენ ტაშს. მაგრამ დღეს რადგან ევროპელები ეუბნებიან, რომ უნდა მოიქცეთ ისე, როგორ ევროპულ სახელმწიფოს ხელისუფლებას შეეფერება, ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. მოკლედ, ეს რეზოლუცია მათი ღირსების საზომს შეეხო, ეს საზომი კი სახელმწიფო კი არა, კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესებია... ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომელთაც გავლენა აქვთ მთელ მსოფლიოზე, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე. თუ ეს მართლა ასეა და ამ ძალებს ყველაზე და ყველაფერზე აქვთ გავლენა, მაშინ გაუგებარია, როგორ არ არიან ეს ძალები ხელისუფლებაში?! ეს არასერიოზული განცხადებები, შიდა მოხმარებისთვის არის გამიზნული, მაგრამ ამის გარდა, ეს არის წინდაუხედავი განცხადებების ციკლის გაგრძელება. პირზე რაც მოადგებათ, იმას ლაპარაკობენ, ოღონდ ეს გამიზნულია იმისთვის, რომ როგორმე პოლიტიკურად გადარჩნენ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“გეთანხმებით, ოპოზიცია არ არის მოწოდების სიმაღლეზე, მას არ გააჩნია არანაირი კონცეფცია და მის მოქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ რეაქტიული ხასიათი აქვს, ანუ რაღაც მოვლენა რომ ხდება, მხოლოდ ამას ეპასუხებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, ოპოზიცია ზეაქტიურია და ყველაფერი მისი ბრალიაო, ეს ასე არ არის, მეტიც, ოპოზიცია ძალიან პასიურია. ოპოზიცია რომ უფრო აქტიური ყოფილიყო, შეიძლება ხელისუფლება ბევრად უკეთესი გვყოლოდა. რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიციისადმი საზოგადოების ნდობაა დაბალი. ჩვენ ისევ მოძველებულ სახეებს ვხედავთ, რომელთაც თავი პოლიტიკურად მოჭამეს, პრინციპები არა აქვთ და ა.შ. თუ ოპოზიციაში ვერ გაიგეს, რომ მხოლოდ ოპონენტის კრიტიკა საკმარისი არ არის და აუცილებელია ადამიანებს დაანახოს არსებულის ალტერნატივა, გაუჭირდებათ დააჯერონ ვინმეს, რომ ოპოზიციის გვერდით დგომა შეიძლება. ოპოზიციის ყველაზე დიდ პრობლემას შეიძლება დაერქვას განახლების უუნარობა”, - დასძენს გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე - “დასასრულ, მთელი ამ პერიპეტიების გათვალისწინებით, რა ბედი ელის საქართველოს ევროპულ მომავალს?” - პასუხობს:

“თუკი საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც შემორჩა რაციონალური ხედვა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მან დეკლარირების დონეზე მაინც უნდა განაცხადოს, რომ გაიზიარებს რეზოლუციაში არსებულ შენიშვნებს და დაიწყებს ამ პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვას. ამაზე უარის თქმა იქნება არა მხოლოდ ევროპული გზის უგულებელყოფა, არამედ ოფიციალურად ავტოკრატიის გამოცხადება. აქ მარტო ის პრობლემა არ დგას, რომ ევროპამ შეიძლება უარი გვითხრას, ამ რეზოლუციის დაგმობა იმის ნიშანია, რომ ჩვენი ხელისუფლება ავტოკრატიას ემხრობა, რა შემთხვევაშიც უფრო ინტენსიურად მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მიტაცება და მედიაზე ზეწოლაც გაძლიერდება”...

საბრძოლო წონასწორობა ცვალებადი უპირატესობით - რა ხდება უკრაინაში და რას შეცვლის სამხედრო დახმარება, რომელიც უკვე გზაშია

“რუსეთ-უკრაინის ომში მხარეები ერთმანეთის გამოფიტვაზე არიან გადასული და ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე შეტაკებები ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებები ძირითადად “საარტილერიო ომში” გადაიზარდა, როდესაც დაპირისპირება უშუალოდ ბრძოლის ველზე იშვიათად ხდება და მოწინააღმდეგეები შორი მანძილიდან ერთმანეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებას ცდილობენ. თუმცა, არის გამონაკლისებიც. განსაკუთრებით გამოირჩევა ორი მიმართულება - ქალაქი სევეროდონეცკი, რომლის შესახებაც ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება და ხერსონის მიმართულება, სადაც უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობენ. უკრაინული სარდლობის ცნობით, მათ რუსები სევეროდონეცკში შეიტყუეს და მახე დაუგეს, რის შედეგადაც რუსულმა არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა იძულებული გახდა დაეტოვებინა მანამდე დაკავებული პოზიციები. რუსული სარდლობა კი აცხადებს, რომ ისინი სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და უკრაინული ძალები ქარხანა “აზოტის” ტერიტორიაზე არიან გამაგრებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საბრძოლო წონასწორობა ცვალებადი უპირატესობით - რა ხდება უკრაინაში და რას შეცვლის სამხედრო დახმარება, რომელიც უკვე გზაშია.

“აღსანიშნავია, რომ სევეროდონეცკისათვის ბრძოლაში უკრაინელებს უცხოური ლეგიონი ჰყავთ გადასროლილი, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქართველი მოხალისეები შეადგენენ. ამ ქალაქს ორივე მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - თუკი რუსები სევეროდონეცკსა და მის მეზობლად მდებარე ლისიჩანსკს დაიკავებენ, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავლენ. ეს კი რუსეთის ხელმძღვანელობას ზეიმის საბაბს მისცემს, რადგანაც ლუგანსკის ოლქი უკვე სრულად მათი კონტროლის ქვეშ იქნება. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამჯერად ფრონტზე ერთგვარი წონასწორობა დამყარდა და ყველა ელოდება რა შეიცვლება მას შემდეგ, რაც უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დაპირებულ საარტილერიო დანადგარებს მიიღებს და აშშ-დან უკრაინაში ჩააღწევს ლენდ-ლიზის კანონით გათვალისწინებული სამხედრო დახმარება. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ახლა ორივე მხარე ერთმანეთის გამოფიტვასა და დაღლაზეა გადასული. რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც სევეროდონეცკი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია. აქ საუბარი აზოტის გადამამუშავებელი ქარხნის ხელში ჩაგდებაზეა და ძირითადად დაპირისპირება ამ მიმართულებით მიდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსები ახლა ცდილობენ, რომ დონეცკის რეგიონის მთავარი ქალაქები დაიკავონ. პირნციპში, ლისიჩანსკის აღების შემთხვევაში რუსები ლუგანსკის ოლქის ოკუპაციას დაასრულებენ და შემდეგ დონეცკზე გადავლენ. როგორც ჩანს, რუსები ჯერ დონბასის დაკავებას ცდილობენ. სურთ იქ გამაგრდნენ და გაამყარონ ის პოზიციები, რომელიც ამჟამად უჭრავთ ხერსონის, იზიუმისა და ხარკოვის მიდამოებში. ასევე ცდილობენ ნიკოლაევი ოდესის მიმართულებით რაღაც პლაცდარმები შექმნან. რა თქმა უნდა, რუსები ლენდ-ლიზიდან მიღებულ იარაღზე გზაში ნადირობას დაიწყებენ, რათა ტვირთმა უკრაინელებამდე არ მიაღწიოს. უკრაინელებს ზუსტად ამის ეშინიათ. ორივე მხარეს საკუთარი სამხედრო ამოცანები აქვთ. ამიტომ თუ უკრაინა ან რუსეთი ამას არ შეასრულებენ, ეჭვი მაქვს რომელიმე მათგანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. საქმე ისაა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე სავაჭროდ რაღაც უნდა იდოს. უკრაინელები არაფრის დათმობას არ აპირებენ. პუტინმა კი ამხელა რესურსი დახარჯა, ამდენი ჯარისკაცი დაეღუპა, მთელი დასავლეთი გადაიკიდა და მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დაჯდეს, ხელში ჯერ არაფერი უჭირავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“დასავლეთი უკრაინას იმ რაოდენობის იარაღს არ აწვდის, რომ ამან რაღაც სერიოზული და კარდინალური გარდატეხა მოახდინოს. ეს არის ის მინიმალური თავდაცვის საშუალება, რომ რუსების შეტევის ტემპი დააგდონ და იგივე პოზიციურ ბრძილებზე გადასვლა მოახერხონ. უკრაინას ახლა სერიოზული რაოდენობით ცოცხალი ძალა სჭირდება. ასევე საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური სახსრების მობილიზება და ა.შ. დასავლეთი რადგან იარაღს აწვდის, ნურავის ეგონება, რომ ეს ომის სურათს კარდინალურად შეცვლის. დანარჩენი უკრაინის გადასაწყვეტია - გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები, თუ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თუმცა მოლაპარაკების რაიმე შესაძლებლობაზე საუბარი ამ ეტაპზე არ ჩანს”, - დაასკვნის მაისაია.

“სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე კი ამბობს, რომ უკრაინა ახლა რუსეთისთვის იქცა იმად, რადაც თავის დროზე მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერს თავად რუსეთი ექცა. მისი შეფასებით, რომ რუსეთი მარცხისთვის განწირული იმპერიაა, რომელიც აუცილებლად დაიჩოქებს, თუმცა დასავლეთში ამაში დარწმუნებული არ არიან და ცდილობენ, რომ პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის მონაწილეობით რუსეთის შემაკავებელი ბლოკი შექმნან, მაგრამ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები პუტინისთვის არანაირად არ აპირებენ სახის შენარჩუნებას და ამ გადაწყვეტილებაში მათ დასავლეთის 40 ქვეყანა უბამს მხარს, განსაკუთრებით კი აშშ, ბრიტანეთი და პოლონეთი. ბარბაქაძე ამბობს, რომ ახლა კონტრშეტევის მიმართულებას უკრაინელები არჩევენ და ეს დიდი წარმატებაა. უკვე გამოდის, რომ უპირატესობა უკრაინის მხარეს გადადის და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს თავისი გეგმების განხორციელების ნაცვლად უკრაინელების მოქმედებებზე რაგირება უწევთ. ეს იმის წინაპირობაა, რომ უკრაინელები შემდეგ ღრმა სტრატეგიულ კონტრშეტევებზე გადავლენ. ამაში უკრაინას ხელს ის საარტირელიო და საავიაციაო სისტემები დაეხმარება, რომელსაც დასავლეთისგან ელოდებიან”, - დასძენს გამოცემა.

“ევროპელები ცდილობენ, რომ პრობლემის გადავადება მოხდეს. თუმცა რუსეთი ისევ აგრესიულ ქვეყნად რჩება და ეს აგრესია მზარდი იქნება. უკრაინა აცხადებს, რომ ეს ომი 1991 წლის საზღვრებში უნდა დასრულდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს. ის, რომ უკრაინა თავის საზღვრებში რუსებს დაამარცხებს, ეს პრობლემის დასრულებას არ ნიშნავს. ეს საბოლოო მშვიდობის მომტანი არ იქნება. ამიტომ სხვა სამხედრო-ეკონომიკური ალიანსის შექმნაა საჭირო, სადაც საქართველოც მოხვდება. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ სიტუაციას, ჯერჯერობით არაფერი გარდამტეხი ფრონტის ხაზზე არ ხდება. უკრაინელებმა რუსებს სევეროდონეცკში ტაქტიკური ხაფანგი მოუწყეს. ქალაქში რუსული ძალების მაქსიმალურად მობილიზება მოხდა. უკრაინელების კონტროლის ქვეშ ქალაქის მხოლოდ 25% იყო დარჩენილი და როდესაც რუსები საბოლოო შეტევისთვის ემზადებოდნენ, სანამ ამხელა ძალების მომზადება მოხდა, ზუსტად ამ დროისთვის უკრაინელებმა ქირურგიულად კონტრშეტევა განახორციელეს - ჯარი როდესაც თავდაცვიდან თავდასხმაზე გადადის და ამისთვის ემზადება, ყველაზე მოწყვლადი ამ დროს არის. უკრაინელებმაც სწორედ ეს შანსი გამოიყენეს. ეს იყო ხაფანგი, რის შედეგადაც რუსებმა დიდი ზარალი მიიღეს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ქართული ოცნების” რიტორიკა მიმართულია იმაზე, რომ ევროპა არაევროპულად იქცევა”

“ქართული ოცნება” იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. რაც შეეხება კურსის შეცვლას, ეს რთული სათქმელია, რადგან ბოლო თვეებია, მმართველი პარტია გამუდმებით და მიზანმიმართულად აკრიტიკებს მხოლოდ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. სხვების კრიტიკა არ გამიგია. შესაბამისად, კურსი კი არ შეცვალა, უბრალოდ, გააძლიერა რიტორიკა და ესეც იმან განაპირობა, რომ მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა არა მარტო რეფორმების გაკრიტიკება, არამედ ივანიშვილის სანქცირებაც, რაც, როგორც ჩანს, უკვე მომწიფებულია და გულწრფელად გითხრათ, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. მათი რიტორიკა მიმართულია იმაზე, რომ ამომრჩეველი დაარწმუნონ, თითქოს ყველაფერი გააკეთეს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ევროპა არაევროპულად იქცევა. ეს არის `ოცნების~ ლიდერთა განცხადებების მოტივი”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული ოცნების” რიტორიკა მიმართულია იმაზე, რომ ევროპა არაევროპულად იქცევა”

“ახალი არაფერია - "ოცნების" ტონი გამძაფრდა, თორემ აქამდეც, 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ამას არ ამბობენ? დაემატა ის, რომ თურმე ევროპა გვეუფროსება და ღირსება უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ხუნდაძემ თქვა, და ძალიან ძნელია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ევროპა რომ არავის ეუფროსება, რად უნდა ამას ლაპარაკი. არის პირობები, რაც უნდა შეასრულო, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გინდა. წევრობა და კანდიდატობა პირობებზეა დამოკიდებული და ღირსება არაფერ შუაშია. ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ის რეფორმები, რომლებიც ამისთვის არის საჭირო, არ არის საკმარისი და ამას უშველის იმის ძახილი, რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო? არ ვიცი, შესაძლოა ვიღაცისთვის ჩალის ფასიც არ ჰქონდეს, მაგრამ, თუ ევროპისკენ მიილტვი, მაშინ ჩალის კი არა, ოქროს ფასი აქვს. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” შიშობს, რომ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და წინასწარ გაღმა შეედავეს პრინციპით ცდილობს საკუთარი მრევლის დარწმუნებას, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენ ყველაფერში მართლები ვართ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება ზურაბიშვილს, ის კარგა ხანია ჩამოშორდა მთავრობას და ცდილობს დამოუკიდებელი პოზიცია შეინარჩუნოს. ჩემი აზრით, სრულიად მართებულია და სწორი, როცა ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რა უნდა, სად უნდა და როგორ უნდა და არა ივანიშვილის თუ სააკაშვილის. ამიტომ ზურაბიშვილის პოზიცია დღეს წარმოაჩენს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მისწრაფებებსა და მოტივაციას. შესაბამისად, მისი ეს განცხადებები აუცილებელია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს მმართველი პარტიისგან განსხვავებული აზრი აქვს. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი პოზიციაა და ხელს შეუწყობს იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომლის მიღებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და გულწრფელად გითხრათ, რისი იმედიც მაქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართული ოცნების" პიარი, რაც 24 თებერვლის შემდეგ დაიწყო, მისი ლიდერების განცხადებები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, როგორმე დაარწმუნონ რუსები, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა არ მივიღოთ მონაწილეობა რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებაში. ვერ ბედავენ, პირდაპირ თქვან, რომ რუსულ ორბიტაზე არიან, მაგრამ დანარჩენი, რაც ხდება, და მათ შორის ისიც, რომ ზურაბიშვილს აუკრძალეს სახელმწიფოს სახელით ელაპარაკა ჩვენს პარტნიორებთან, ყველაზე უკეთეს ვარიანტში რუსებისთვის კიდევ ერთი სიგნალია იმის საჩვენებლად, ყველაფერს ვაკეთებთ, ეს სტატუსი რომ არ მოგვცენ, ჩვენ ვიცავთ ნეიტრალიტეტსო. თუმცა ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, მოგვცემენ თუ არა სტატუსს, დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო მკაფიოდ ჩნდება ივანიშვილის წინაშე აუცილებლობა კონკრეტული განცხადებები გააკეთოს, სად ვართ, სად არის “ქართული ოცნება” და ქართული სახელმწიფო. არის ჩვენს პარტნიორებთან, მიჰყვება იმ იდეას, რაც გვაქვს კონსტიტუციაში, რომ ევროპისკენ მივდივართ, თუ უკვე უკან ვიხევთ და რუსულ ორბიტაზე ვრჩებით”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“აუცილებლად დადგება ეს საკითხი გაშიშვლებული სახით და არა ისე, დღეს “ქართულ ოცნებას” მანევრირების საშუალება რომ აქვს. ვნახოთ, რა პოზიცია ექნება ივანიშვილს. საინტერესოა, რომ იტალიაში ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ, ამ ქვეყანამ, რომელიც მანამდე ორჭოფობდა საქართველოსთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მხარს გვიჭერს და, თუკი მისი ვიზიტი სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდებოდა, ცხადია, ძალიან კარგი შედეგი დადგებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამის შეეშინდა “ქართულ ოცნებას” და ამიტომაც ჩამოართვეს მოლაპარაკებებში ოფიციალური სტატუსი... ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სტატუსს მოგვანიჭებენ თუ არა. თუ მოგვანიჭეს, რისი დიდი იმედიც მაქვს, მაშინ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც არის. ცხადია, “ქართული ოცნება” სტატუსზე უარს აშკარად ვერ იტყვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ რუსეთისკენ მივდივართ. თუ ეს განცხადება გაკეთდა, ჩათვალეთ, რომ “ქართული ოცნება”, რომელსაც უკვე ისედაც უმძიმესი პერიოდი აქვს, მომენტალურად დაკარგავს ყოველგვარ ლეგიტიმაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში. ამიტომ ამას “ოცნება” ჯერ ვერ იტყვის, შესაძლოა ძალიანაც სურს, მაგრამ ამისთვის მზად არ არის. თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ პროცესები სულ სხვა მიმართულებით წავა”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ბოლო პერიოდში ძალიან სწორად მოქმედებდა, როდესაც ევროპაში ვიზიტებით მიდიოდა. ყველამ ერთობლივად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას მხარს უჭერენ. სამაგიეროდ, მთლიანად დაიმსხვრა ხელისუფლების პროპაგანდა, რომ ოპოზიცია ევროპაში დადის და ჩვენი გაწევრების წინააღმდეგ მუშაობს. ამით დაიმსხვრა მითი, რომ მხოლოდ ოპოზიცია უშლის ხელს სტატუსის მიღებას, სხვა ყველაფერი რიგზეა და, თუკი ვერ მივიღებთ, მხოლოდ მათი ბრალი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ თავად “ქართული ოცნების” პარტნიორმა პოლიტიკურმა პარტიამაც არათუ სასიკეთო ვერაფერი თქვა მათ სასარგებლოდ, არამედ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ფონი ოპოზიციის სასარგებლოდ არის შექმნილი. არ ვიცი, 20 ივნისს რას აპირებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ამ აქციას გადადებენ და ხელისუფლებას საშუალებას არ მისცემენ კიდევ ახალი რაღაც ააგოროს. ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია გააგრძელებს მხარდაჭერის პროცესს. ისევ ჩავიდნენ დელეგაციები არა მარტო ბრიუსელში, არამედ წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც კი ჩვენზე კითხვები აქვთ. ამისთვის ყველა რესურსი გამოიყენონ 24 ივნისამდე მაინც. ხელისუფლება შეეცდება ნეგატიური შედეგი ისევ ოპოზიციას დააბრალოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა უკვე შელახულია, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ამიტომ ოპოზიციამ “ოცნებას” ამის საშუალება არ უნდა მისცეს. საქართველოში მიტინგები აუცილებელი არაა, მოსახლეობის 80%-ზე მეტი ისედაც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ევროპაში მუშაობა უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე აქ 20 ივნისს ღონისძიების ჩატარება. საზოგადოებამ ოპოზიციასა და პრეზიდენტთან ერთად უნდა დაიწყოს აქტიურობა, იქნება მოსახლეობასთან შეხვედრები თუ ევროპულ ქვეყნებში ვიზიტები და აქტიური კომუნიკაცია. ეს უფრო წაადგება ქვეყანასაც და ოპოზიციასაც. თუ მაინცდამაინც აქციის ჩატარება სურთ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ეს არის არა საპროტესტო, არამედ მხარდამჭერი აქცია, რომელიც დასრულდება ჩვენი პარტნიორებისადმი მიმართვით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სასარგებლოდ”, - დასძენს ძაბირაძე.

დასავლეთის პასუხის პასუხი რუსეთს - ევროპაში უკრაინისათვის ბირთვული იარაღის შესაძლო გადაცემაზე ალაპარაკდნენ

"მოქმედი ევროპარლამენტარი და პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რადგანაც რუსეთმა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი დაარღვია, დასავლეთის ქვეყნებს უფლება აქვთ უკრაინას ბირთვული იარაღი გადასცენ. რას ნიშნავს ეს განცხადება, არსებობს თუ არა ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად იურიდიული საფუძველი და რა საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება ამას მოსკოვიდან?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლეთის პასუხის პასუხი რუსეთს - ევროპაში უკრაინისათვის ბირთვული იარაღის შესაძლო გადაცემაზე ალაპარაკდნენ.

“როგორც ცნობილია, უკრაინამ თავის ბირთვულ შეიარაღებაზე უარი 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ თქვა. დღეს რუსები და ზოგიერთები ისევ ამბობენ, რომ ეს არ იყო (მისი დამოუკიდებლობის) გარანტი, მაგრამ მაშინ ყველა აცნობიერებდა, რომ ამის სანაცვლოდ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა იქნებოდა საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების ფარგლებში. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმი დაარღვია, მჯერა, რომ ჩვენ, როგორც დასავლეთს, გვაქვს უფლება უკრაინას ბირთვული ქობინი ვაჩუქოთ, რათა მან თავისი დამოუკიდებლობის დაცვა შეძლოს”, - განაცხადა სიკორსკიმ. ბუდაპეშტის მემორანდუმი 1994 წლის 5 დეკემბერს ეუთო-ს კონფერენციაზე გაფორმდა უკრაინის, რუსეთის ბრიტანეთისა და აშშ-ს მონაწილეობით. დოკუმენტი ითვალისწინებდა უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემას მის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სსრკ-ს არსებობის დროიდან დარჩენილ ბირთვულ შეიარაღებაზე უარის თქმის სანაცვლოდ. დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები იღებდნენ ვალდებულებას, პატივი ეცათ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. პრაქტიკულად ეს ნიშნავდა, რომ 3 ბირთვული სახელმწიფო - რუსეთი, აშშ და ბრიტანეთი - უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი ხდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეთანხმების გაფორმების შემდეგ, უკრაინაში არსებული ძველი საბჭოური შეიარაღება რუსეთს გადაეცა. ეს ასე რომ არ მომხდარიყო, სპეციალისტთა შეფასებით, დღეს უკრაინა ბირთვული არსენალის სიდიდის მიხედვით მსოფლიოში მესამე ქვეყანა იქნებოდა. ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერიდან 20 წლის შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა უკრაინის შემადგენლობაში მყოფი ყირიმის ანექსია მოახდინა, 2022 წლის თებერვალში კი მისი არმია რამდენიმე მხრიდან დაესხა თავს უკრაინას. ამასთან, ოფიციალურმა მოსკოვმა მისივე ხელდასმით უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა სცნო. ქმნის თუ არა რუსეთის მიერ ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევა იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ მემორანდუმის ხელმომწერმა ბრიტანეთმა და აშშ-მა მას ბირთვული იარაღი გადასცენ? ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს ასე არ არის, თუმცა, მისი შეფასებით, სიკორსკის განცხადება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დასავლეთის პასუხი რუსების ბირთვულ შანტაჟზე. მისივე თქმით, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება უფრო იმის დემონსტრირებაა, რომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ ომი არ წააგოს”, - დასძენს გამოცემა.

“მემორანდუმის შედეგად ეს იარაღი რუსეთს გადაეცა და არა დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს. შესაბამისად, იმის საფუძველი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ან აშშ-მა გადასცეს თავისი ბირთული იარაღი უკრაინას, არარსებულია, მემორანდუმში მსგავსი რამ არ წერია. გარდა ამისა, ბირთული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმება უფრო აღმატებულია და უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიის პერიოდში (2014 წ.) დაირღვა, მაშინ იყო საუბარი ბუდაპეშტის ხელშეკრულების გადახედვაზე. მეორეც, ბუდაპეშტის ხელშეკრულების დარღვევა ძალიან ცუდი პრეცედენტია - ვისაც ატომური იარაღი აქვს, ამის შემდეგ აღარავინ აღარასდროს აღარ დათმობს, რადგან ატომური იარაღი უსაფრთხოების ერთგვარი გარანტიაა. მეორეს მხრივ, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ერთგვარი მორალური ვალდებულება აქვთ და არა მხოლოდ მორალური. პრინციპში შეგვიძლია ვიპოვოთ რაიმე სამართლებრივი მაჩვენებელი, რომ უკრაინას დაეხმარონ და ის იარაღი მისცენ, რომლითაც ის საკუთარი ქვეყნის ტერიტორულ მთლიანობას დაიცავს, რადგანაც ამ შეთანხმებაში ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მუხლი და პუნქტი გარკვევით წერია... ეს არაა ისეთი განცხადება, რომელსაც სამხედრო თვასაზრისით შედეგი მოჰყვება, მაგრამ ესაა რუსეთზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ ეს ომი არ წაგოს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

უჩა ნანუაშვილი - “გზა აფხაზეთიდან ბუჩამდე: რეალურია თუ არა ქართველთა და უკრაინელთა გენოციდის აღიარება?!”

“ჯერ უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს გენოციდი. ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანთა ჯგუფის მკვლელობას, დევნას, ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას, ან ისეთ პირობებში ჩაყენებას, რომ ეს ჯგუფი ფიზიკურად განადგურდეს. დევნა ხორციელდება ეთნიკური, ეროვნული, რასისტული ან სხვა ნიშნით. უკრაინაში ამის დამადასტურებელი ფაქტები მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება, თანაც ჰააგის სასამართლომ ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო გამოძიება. გამომძიებლები უკვე აგროვებენ მასალებს და მტკიცებულებებს, რომ დამნაშავეები გამოავლინონ და დასაჯონ. ცხადია, ჩვენც გვინდა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულების გამო მსოფლიომ ქართველების გენოციდიც აღიაროს, მაგრამ სერიოზული წინაღობა გვაქვს: 1990-იან წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება არ დაწყებულა. საქმე საერთაშორისო სასამართლომდე არც კი მისულა”, - აცხადებს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გზა აფხაზეთიდან ბუჩამდე _ რეალურია თუ არა ქართველთა და უკრაინელთა გენოციდის აღიარება?!

“ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთში ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მტკიცებულებების დროულად შეგროვება და ამ ფაქტების გამოძიება იყო საჭირო. ბუჩაში ან მარიუპოლში ჩადენილი სისასტიკის დასამტკიცებლად უამრავი ფოტო და ვიდეომასალა არსებობს. იქ ხალხი მობილური ტელეფონით იღებდა ყველაფერს, აფხაზეთის ომის დროს კი მხოლოდ ფოტოაპარატით შეეძლოთ გადაღება. 30 წლის წინ მსოფლიოს ასეთი ტექნიკური შესაძლებლობები არ ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს. სამწუხაროდ, ჩვენთან აფხაზეთსა და შიდა ქართლში ჩადენილი სისასტიკის მთავარი გმირები დღემდე დაუსჯელი არიან. სწორედ ამიტომ წლების შემდეგ იგივე გაიმეორეს ჩეჩნეთში, ყარაბაღში, მოლდოვაში, ახლა კი უკრაინაში. მეტიც - მათმა დანაშაულმა უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა და კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენა, თუმცა მაინც შეიძლება 30 წლის წინ ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უჩა ნანეიშვილი.

“საქართველოს ხელისუფლებას ახლაც შეუძლია ზოგიერთი მასალის მოძიება, მით უფრო, რომ ასეთ მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს. მან ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციებს კი არ უნდა მიანდოს, თვითონაც უნდა იმოქმედოს, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს. უკრაინის პროკურატურა თავად იძიებს დანაშაულებს და ჰააგის სასამართლოს აწვდის. ახლაც შეიძლება აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების გამოძიება, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას საამისო ნება არც თავის დროზე გამოუჩენია, არადა, წლები გადის, კვალი იშლება, მძიმე დანაშაულის მოწმე ბევრი ადამიანი ცოცხალი აღარ არის და გენოციდის აღიარებაც გართულდება, თუმცა საქართველოში ჩადენილია არაერთი ომის დანაშაული, ასევე - ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაც გენოციდზე არანაკლებ მძიმე კვალიფიკაციაა. ჩვენ თვალწინ ეთნიკური წმენდაც რამდენჯერმე განხორციელდა. ამის დასტურია შიდა ქართლიდან და აფხაზეთიდან გამოდევნილი მოსახლეობა. 2008 წლის ომის შემდეგ შიდა ქართლში ქართული სოფლები რომ გადაწვეს, ესეც ეთნიკური წმენდის კლასიკური ნიმუშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ცუდია, რომ ამ დანაშაულების გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ასეთ დროს მთავარი კონკრეტული ფაქტების, კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენაა. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში მომხდარი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვა პრობლემებიც აქვს - ხელის შემშლელი ფაქტორია ის, რომ აფხაზეთში კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის მოხდა, ხოლო შიდა ქართლში ქართველებსა და ოსებს შორის და ეს რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი წამქეზებელი და მომმარაგებელი თვითონ იყო. ჩვენდა სამწუხაროდ, ჰააგის სასამართლო 1998 წელს შეიქმნა და საქართველო მას გვიან შეუერთდა. 30-32 წლის წინ მომხდარ დანაშაულებს ჰააგის სასამართლო ვერ გამოიძიებს, რადგან მონაცემები და მტკიცებულებები არ აქვს. ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები აქედან გაგზავნილ ბევრ საქმეს სწავლობს, მაგრამ ეს ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა. აქედან გამომდინარე, საქართველო 2008 წელს მომხდარი ომის დანაშაულების დამტკიცებას უფრო შეძლებს, ვიდრე - 1990-იან წლებში დატრიალებული ტრაგედიებისას”, - განმარტავს ყოფილი სახალხო დამცველი.

“აკრძალულია ეთნიკური ნიშნით დევნა, დეპორტაცია და ეთნიკური წმენდა, რაც საქართველოში არაერთხელ მომხდარა, მაგრამ მთავარი მაინც ფაქტები და მტკიცებულებებია. ჰოლოკოსტი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე გახმაურებული გენოციდი იყო, მაგრამ მისი დადასტურება მოგვიანებით მოხერხდა, ნიურნბერგის პროცესზე, როცა საჭირო მტკიცებულებები წარადგინეს. სხვათა შორის, აუცილებელი არ არის, ბევრი ადამიანი იყოს დაღუპული, რომ დანაშაულს გენოციდის კვალიფიკაცია მიენიჭოს. ამ ტერმინით უფრო ფართომასშტაბიან პროცესს აღნიშნავენ, როცა დამნაშავეები არ არჩევენ დიდსა თუ პატარას, ბავშვსა და ქალს. სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, ეს მართლა გენოციდი იყო თუ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. უკრაინაშიც ასეა - ჰააგის სასამართლომ უნდა დაადასტუროს, იქ მასობრივი ხასიათი ჰქონდა თუ არა ამ მოვლენებს, მაგრამ ეს ძალიან რთულად დასამტკიცებელია, რადგან დამნაშავეთა უმრავლესობა მტკიცებულებებს მაშინვე ანადგურებს”, - ამბობს ნანუაშვილი.

“სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქართველებს რომ იტაცებენ, ციხეში სვამენ, აწამებენ და ხოცავენ, ამ ფაქტებზე ჩვენი ხელისუფლების რეაგირება იშვიათია. ალბათ, ეს “არგაღიზიანების პოლიტიკის” ნაწილია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. სამწუხაროდ, ისევ გრძელდება ბორდერიზაცია, მკვლელობა, გატაცება, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მიტაცება, რაც საოკუპაციო ხაზთან დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნის”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რა პრივილეგიით სარგებლობს ქვეყანა, ხალხი, რომლის გენოციდს მსოფლიო აღიარებს?” - პასუხობს:

“მართალია, ათასობით დაღუპულს ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ გენოციდის აღიარება და აგრესორი სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაც კარგია. შედეგად დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები კომპენსაციას იღებენ. გერმანია დღემდე უხდის კომპენსაციას ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ოჯახებს და ეს ერთგვარი გაფრთხილებაა ყველასთვის, რომ ომის დანაშაული დაუსჯელი არსად დარჩება”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა