კორნელი კაკაჩია - ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად არც ანტიდასავლური და არც ანტიევროპული განცხადებების გაკეთებას არ ერიდება, ეს კი სახიფათოა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ქვეყნისთვის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ- ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა ჩვენთვის საკმაოდ მძიმე რეზოლუცია მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კამათი და მსჯელობა არ წყდება და ეს ბუნებრივიცაა.

ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა - „ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას... ჩვენ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს“... თან თქვა, რომ აუცილებელია მივიღოთ, მაგრამ ისიც თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა თურმე ბევრს არც არაფერს ნიშნავს...

ყველაფერი ეს ხდება მაშინ როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მთავრობამ დასავლეთისგან მიიღო ყველა სიგნალი რეზოლუციით დაწყებული და „დოიჩე ველეს“ „გაჟონვით“ დამთავრებული, რომ თუ რეზოლუციას არ მოჰყვა სათანადო რეაგირება, უკრაინის და მოლდოვის მსგავსად საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე პრემიერის განცხადებას? სავარაუდოდ, როგორ აღიქვამდნენ მის განცხადებას ის ადამიანები, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ?

- დღევანდელი ვითარება დაახლოებით იმ სიტუაციას ჰგავს, როცა ჩვენ ევროკავშირმა ტრანშის გამოყოფაზე უარი რომ გვითხრა. მაშინ ითქვა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია რომ ევროკავშირი საქართველოს ტრანშს არ გამოუყოფდა და მთავრობამ თავად დაიწყო იმაზე საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ეს ტრანში დიდად არ სჭირდება. არადა, შემდეგ მალევე აღმოჩნდა, რომ ქვეყანამ უფრო დიდი სესხი უფრო მძიმე პირობებით აიღო.

იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერი იმყოფებოდა ბრიუსელში და მონაწილეობა მიიღო ევროპაში გამართულ რამდენიმე ფორუმში, არაა გამორიცხული, რომ მას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით არასახარბიელო აქვს.

როგორც ჩანს, საქართველოს საკმაოდ დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომთან და კიდევ ბევრს სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ ჰქონია მკაფიო პოზიციები. როგორც ჩანს საბოლოოდ ამან დაასამარა საქართველოს იმიჯი იმ გაგებით, რომ სწორედ საქართველო იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში.

ფაქტია, რომ დღეს სულ სხვა განზომილებაში ვართ და ესაა იმის შედეგი, რა პროცესებსაც ახლა ვადევნებთ თვალს. ხედვები საქართველოს ხელისუფლებისადმი და არა ხალხისადმი დასავლეთში აშკარად შეცვლილია და თუ ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობაში ისევ ხისტი რიტორიკით გააგრძელა საუბარი, ჩვენ მგონი კიდევ უფრო გაგვიუარესდება ურთიერთობა დასავლეთთან.

თუ ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობაში ისევ ხისტი რიტორიკით გააგრძელა საუბარი, ჩვენ მგონი კიდევ უფრო გაგვიუარესდება ურთიერთობა დასავლეთთან

იმედია ასე არ იქნება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ცხადია, რომ საქართველო ნელ-ლელა დაემსგავსება ბელორუსს და იზოლაციონიზმის პირობებში ქვეყანაში ავტორიტარიზმი კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს საქართველოში ავტორიტარიზმი არ გამოვა, მაგრამ, ახლა რა მოძრაობაშიც ვართ, სწორედ ავტორაზმისკენ ტრაექტორიის ნიშნები აქვს.

- პრემიერმა თავის ცნობილ განცხადებაში ამ თემაზე ასევე თქვა - „ვინარჩუნებ ოპტიმიზმს იმ მხრივ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გადაწყვეტილება არ იქნება რუსეთის ინტერესებში“.

პრემიერის განცხადების ამ ნაწილს არაფერი დაეწუნება, მაგრამ გადაწყვეტილება იმათ უნდა მიიღონ, ვისაც პრემიერიც და მმართველი გუნდი კარგა ხანია აკრიტიკებს...

- ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რომ უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, კარგად ესმით. მაგრამ, ევროპაში არავის არ სურს ევროკავშირში მიიღოს ისეთი ქვეყანა, როგორიცაა უნგრეთი, რომელიც ამ გაერთიანების ერთიანობას პრობლემებს უქმნის რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების გამო.

ამიტომაცაა, რომ ევროპარლამენტარები ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამა თუ იმ ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხს. ფაქტია, რომ ბალკანეთის ქვეყნები კარგა ხანია ელოდებიან ევროკავშირს წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მიღებას.

ევროპარლამენტის რეზოლუციამ ცალსახად აჩვენა, რომ საქართველოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ასევე მედიის განვითარების საკითხებში პრობლემური ქვეყანაა. რომ არა გეოპოლიტიკური განზომილება, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა, არც უკრაინის, არც მოლდოვისა და არც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხი არ დადგებოდა.

რომ არა გეოპოლიტიკური განზომილება, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა, არც უკრაინის, არც მოლდოვისა და არც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხი არ დადგებოდა

ევროპარლამენტსა და ევროპის პოლიტიკურ წრეებში ბევრს არ სურს გეოპოლიტიკურ მიზეზთა გამო ევროპულ ინსტიტუტებს ახალი თავსატეხი გაუჩნდეს. ეს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოსაც ეხება. ამ ქვეყნებიდან ვის რამდენად შეეხება ეს, მალე გამოჩნდება.

- პრემიერის განცხადებას წინ უძღოდა „მეამბოხე დეპუტატის“, დიმიტრი ხუნდაძის ხმაურიანი განცხადება - „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ“.

ხუნდაძის ამ განცხადების შემდეგ მეორე დღეს პრემიერმა თქვა - „თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთივე უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი. ეს ვალდებულება მე ქართველი ხალხის წინაშე მაქვს“.

სავარაუდოდ, რა საკითხებში შეიძლება ვიხილოთ „ფარდის ახდა“ პრემიერის შესრულებით?

- დასავლელ პარტნიორებთან ასეთი შანტაჟის ენით საუბარი, რომლებზეც არის დამოკიდებული საქართველოს უსაფრთხოება, ქვეყანაში დემოკრატია და ქვეყნის შემდგომი განვითარება, ჩემი აზრით, არასწორია და არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა ხანში ამას ქვეყნისთვის ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.

დასავლელ პარტნიორებთან ასეთი შანტაჟის ენით საუბარი, რომლებზეც არის დამოკიდებული საქართველოს უსაფრთხოება, ქვეყანაში დემოკრატია და ქვეყნის შემდგომი განვითარება, ჩემი აზრით, არასწორია და არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა ხანში ამას ქვეყნისთვის ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება იმდენადაა გართული ძალაუფლების შენარჩუნების იდეით, რომ მათ თავის თავზე აიღეს ისეთი ფუნქციის შესრულება, რომელიც მათ ნამდვილად არ ევალებათ. ხელისუფლების წამყვანი პირები გადასული არიან ივანიშვილების ადვოკატირებაზე.

თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია, როგორც ისინი თავად ამბობენ, გაუგებარია რატომაა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი გადასული ივანიშვილის დაცვაზე. ივანიშვილის დაცვაზე პასუხისმგებლობა ევალებათ მის პირად ადვოკატებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ ამ საქმეს კარგად გაართმევენ.

ივანიშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებიდან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არ არის ხელისუფლების ან განაწილებისთვის, ან ორი წლის შემდეგ როცა არჩევნები ჩატარდება, დემოკრატიული წესით დაემშვიდობონ ძალაუფლებას. ჩემი აზრით, ეს გახლავთ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც აწუხებს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.

როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებთან შანტაჟის ენით საუბარი. მეტიც, მათ რიტორიკაში უკვე ჩანს ასეთი ნიშნებიც - თუ თქვენ არ შეწყვეტ ჩვენს კრიტიკას და თვალს არ დახუჭავთ ბევრ რამეზე, ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. რაც არ იქნება ადვილი გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

- ამ თემებზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „რაც რეზოლუციაში წერია - გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია, დავსაჯოთ ივანიშვილი, საბჭომ რომ გაიმეოროს, მძიმე რეაქცია გვექნება“.

სავარაუდოდ, რა ტიპის მძიმე რეაქციაზე შეიძლება იყოს საუბარი? ივანიშვილის მხარდასაჭერი აქციებია მოსალოდნელი თუ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კორექტივების შეტანისკენ გადასადგმელი ნაბიჯები?

- ამგვარი რიტორიკა ხელისუფლების შიშებზე მიუთითებს. უფრო სწორად ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ ტრადიციაზე, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება. ვგულისხმობ ხელისუფლებაში მოსული ძალის მხრიდან ოპონენტებთან მიმართებაში პოლიტიკურ ვენდეტას.

გამსახურდიამ დასაჯა კომუნისტები, შევარდნაძემ გამსახურდიას მხარდამჭერები, შევარდნაძე სააკაშვილმა, სააკაშვილი ივანიშვილმა. ახლა ივანიშვილის მემკვიდრეებმაც იციან, რომ თუ ისინი წავლენ ხელისუფლებიდან, მათაც ისეთივე გზის გავლა მოუწევთ, როგორც ყველა მათ წინამორბედებს.

არც ივანიშვილი და არც ივანიშვილის მემკვიდრეები არ განიხილავენ მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარებას. ამიტომ ისინი ნებისმიერი გზით არიან მზად ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს იმ რიტორიკის მიზეზი, რომელზე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.

აშკარად ჩანს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლებად ჩვენი ხელისუფლება უარს არ იტყვის ავტორიტარიზმზე. მათ არც ევროპული და არც დემოკრატიის ფასეულობები არ აინტერესებთ. ამაზე მიუთითებს მათი ცნობილი მხარდამჭერების ასევე ცნობილი გამონათქვამები.

- ევროპული პერსპექტივაზე მსჯელობისას ხელისუფლების მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის ასეთია - „ჩვენ ევროპა იმიტომ გვსჯის, რომ ვერ ჩაგვითრიეს ომში.“

ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია საერთაშორისო ურთიერთობებში, კარგად ესმის რომ არც ევროპის და არც ამერიკის ინტერესებში არა საქართველო ომში ჩაერთოს, რადგან ახლა დასავლეთის მთავარი თავის ტკივილი უკრაინა და უკრაინაში მიმდინარე ომია რუსეთთან და ამოცანა, რომ რუსეთი უკრაინაშია ამ მხოლოდ შეაჩერონ, არამედ დამარცხდეს.

უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე უკრაინელ სტრატეგების ნაწილს კი ჰქონდა სურვილი საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთისთვის, მაგრამ ამგვარი სურვილი არც ევროპელებს და არც ამერიკელებს არ უთქვამთ.

სავარაუდოდ, რატომ საუბრობს ხელისუფლება მუდმივად იმაზე, რომ ვიღაცას უნდა საქართველოს ომში ჩართვა, რომ არა „ქართული ოცნება“ საქართველო რუსეთთან ომში ჩართული აღმოჩნდებოდა?

- ესეც იმასთანაა დაკავშირებული, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ხელისუფლებას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის სხვა რესურსი აღარ დარჩა. თუ მანამდე მმართველი გუნდი საზოგადოებას ოპოზიციით, ძირითადად „ნაცმოძრაობით“ აშინებდა, ახლა მიხვდა, რომ ამას აზრი არა აქვს და ახლა დასავლეთით გვაშინებს. არადა, ხელისუფლება აცხადებს, რომ თავადაა პროდასავლური ძალა.

ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა უპირისპირდება იმ დასავლეთს, რომლისკენაც უნდა მიილტვოდეს. როგორც ჩანს, ახლა ხელისუფლებაც ვერ ხვდება, რომ თავად ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ძალა ხდება. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლებას არც ფასეულობებს და არც ღირებულებებს მნიშვნელობა არ აქვს.

ხელისუფლების მტკიცება, რომ დასავლეთი საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვს, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების პროპაგანდა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია

ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად არც ანტიდასავლური და არც ანტიევროპული განცხადებების გაკეთებას არ ერიდება, ეს კი სახიფათოა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ქვეყნისთვის.

რაც შეეხება იმას, თითქოს დასავლეთს უნდა საქართველო ომში ჩაერთოს. დასავლეთმა კარგად იცის ჩვენი პოტენციალი და ისიც იცის, თუ რა სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი აქვს საქართველოს.

რასაც დასავლეთი საქართველოსგან ითხოვს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყანა, შეუერთდეს იმ საერთაშორისო სანქციებს, რაც დასავლეთს აქვს დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ამას მარტო საქართველოს კი არა ყველა ქვეყანას სთხოვენ. ეს ის მინიმუმია, რასაც დასავლეთი საქართველოსგან ითხოვს.

ხელისუფლების მტკიცება, რომ დასავლეთი საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვს, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების პროპაგანდა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

- სხვათა შორის, სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით საინტერესო იყო „ლელოს“ ინიციატივა. „ლელომ“ ხელისუფლებას შესთავაზა იმ კანონებში კორექტივების შეტანა და გამკაცრება, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას არეგულირებს.

„ლელოს“ ამ ინიციატივაზე ხელისუფლების რეაქცია იყო, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას გამოეთქვა სურვილი ამ მიმართულებით ემუშავა საკანონმდებლო ორგანოს, „ლელოც“ მოინათლა რადიკალურ ოპოზიციის ნაწილად.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არ იჩენს ინტერეს კორექტივები შევიდეს კანონებში და სადაც საჭიროა გამკაცრდეს ის კანონები, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას, მათ შორის რუსეთის მიმართულებით არეგულირებს?

- სწორედ ამაზეა საუბარი, როცა დასავლეთი ჩვენ ბევრ რამეს გვსაყვედურობს. ჩვენ ამის მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ დასავლეთშიც და ჩვენშიც ბევრი გამოთქვამს ეჭვებს იმაზე, რომ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები ხომ არ სარგებლობენ შექმნილი სიტუაციით და პირადი ინტერესებით ხომ არ სარგებლობენ როცა რუსეთის ტვირთებს ემბარგოს არ უწესებენ.

როცა ასეთი ეჭვების ქვეშ ხარ, დაინტერესებულიც კი უნდა იყო, რომ ამ თემაზე ნებისმიერ საღ წინადადებას არა მარტო გამოეხმაურო, არამედ რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედო. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ეს ოპოზიციის ინიციატივა იყო.

ხელისუფლება თამაშობს ისეთ თამაშს, რომ ის თითქოს ყველაზე ჭკვიანია, მას ყველაფრის განჭვრეტის უნარი აქვს, ორ სკამზე ერთდროულად იჯდეს, თან დასავლური კურსი არ დაკარგოს, და თან რუსეთთან იყოს ურთიერთობებში. იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვდგავართ, ან უნდა აირჩიო დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები, ან უნდა აირჩიო ურთიერთობები ავტორიტარულ მეზობელთან.

როგორც ჩანს, სწორედ ამის გამოა ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში. ეს რომ ასეა, ამაზე ის მიუთითებს, რომ მას ახლა აღარ ძალუძს თუნდაც კონსტრუქციულ ინიციატივას გამოეხმაუროს და კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები გადადგმა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს