კურტ ვოლკერი - საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი - კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად სულაც არ არის აუცილებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთმანეთი უყვარდეთ

აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებების საკითხებში და აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახლა არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის მიღმა დარჩეს. მისივე თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დატოვება ევროკავშირის მიღმა იყო ევროპის შეცდომა და მომავალშიც საფრთხეს შეუქმნის კონტინენტს.

რა შანსები აქვთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გახდნენ ევროკავშირის წევრები უახლოეს მომავალში და რა ელის საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსს ვერ მიიღებს - ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო წლებში საქართველოში, ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროსაბჭოს და მის დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი. რას ფიქრობთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტზე, რამდენად ადეკვატურად არის შეფასებული საქართველოში არსებული მდგომარეობა? ასევე, შეიძლება თუ არა ევროპარლამენტის შეფასებამ გავლენა იქონიოს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე?

- მას შემდეგ,რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ქვეყანა მუდმივად ცდილობდა გამხდარიყო ევროკავშირის, ნატო-სა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი. ბოლო 30 წლის მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი რეალისტური გახდა. საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმების ძალიან კარგი პროგრესი ჰქონდა, თუმცა ფანჯარა არ იყო ღია.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ახლა არის სიტუაცია, როდესაც ევროკავშირი უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სერიოზულად განიხილავს. ეს სრულიად ცვლის საქართველოს რეალობას. საქართველო უნდა იყო ამ პროცესის ნაწილი. საქართველომ თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ გვერდით დარჩეს.

ევროპარლამენტი შედგება ინდივიდუალური წევრებისგან, მათ აქვთ საკუთარი ხედვები. არის შეშფოთების არაერთი საგანი, მათ შორის მედიის მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, დემოკრატია. მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი სათქმელი. ქართველმა ხალხმა უნდა მოუსმინოს მათ და სერიოზულად მიიღონ.

ორ კვირაში ევროსაბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე. ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ან რა უნდა გააკეთოს მის მისაღებად. კრიტიკის მიუხედავად ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ დაინახონ ეს შანსი და ერთობლივად იმუშაონ.

- 2022 წლის მარტში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად გააკეთეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შეგიძლიათ გვითხრათ, რა შანსები აქვთ ამ ქვეყნებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები უახლოეს მომავალში და მოხდება თუ არა მათი ევროინტეგრაცია ერთობლივად?

- სამივე ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ ჰქონდათ განსხვავებული წარმატებები და გამოწვევები ბოლო წლების მანძილზე. ეკონომიკური რეფორმებისა და ევროპული სტანდარტებისა თუ რეგულაციების დანერგვის კუთხით საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა.

ბოლო წლების მანძილზე ბევრი დადებითი ცვლილება მოხდა მოლდოვაში. უკრაინას გარკვეული პერიოდის მანძილზე არ ჰქონია ბევრი რეფორმა, თუმცა ახლა დიდი მონდომებით ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამავდროულად, უკრაინა თავს იცავს რუსეთისგან. სამივე შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება.

ევროკავშირი და ნატო გაფართოვდნენ 1990-იან და 2000-იან წლებში და ბევრმა ქვეყანამ შეძლო მათ შეერთებოდა. რუსეთმა ჩათვალა, რომ შეუძლია თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებების წევრები. ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, მას ოკუპირებული აქვს მოლდოვის ნაწილი, 2014 წელს ის თავს დაესხა უკრაინასაც და ყირიმი და დონბასის ნაწილი მიითვისა. ამ ქვეყნების დატოვება ევროკავშირის მიღმა იყო ევროპის შეცდომა და მომავალშიც საფრთხეს შეუქმნის ევროპას, თუ რამეს არ ვიღონებთ.

შეკითხვას რომ დავუბრუნდე, თითოეულ ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველომ ამ სიტუაციას უნდა შეხედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ომის გამო შეიძლება უკრაინის პროგრესი უფრო სწრაფად მოხდეს, თუმცა საქართველომ თავს უფლება არ უნდა მისცეს უკრან დარჩეს. რაც არ უნდა იყოს ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა გააგრძელოს ეს გზა.

- იმ შემთხვევაში თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსს, შეიძლება თუ არა ის ევროპულ ორბიტას ჩამოშორდეს?

- ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება,რომელსაც ევროკავშირი მიიღებს ორ კვირაში,იქნება კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და ასევე კანდიდატის სტატუსი ან სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები საქართველოსა და მოლდოვასთვის. საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - განავითაროს დემოკრატია, კეთილდღეობა, გახდეს დაცული ქვეყანა. მათი მიღწევა კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლას. იმის მიუხედავად თუ როდის მოხდება ინტეგრაცია, მიმართულება იგივე უნდა იყოს. რაც არ უნდა იყოს ევროკავშირის გადაწყვეტილება ორ კვირაში, ეს იქნება ათვლის ახალი წერტილი საქართველოსთვის.

- მინდა გკითხოთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები მუდმივ დაპირისპირებაში არიან. ბოლო დროს ტელეკომპანია მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული და უნდა გაიგზავნოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპის რომელიმე ქვეყანაში?

- მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური სისტემა გვაქვს და ვიცი, რას ნიშნავს ეს. ვფიქრობ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული გარემოა. ქვეყანაში არის ორი მხარე, რომელიც ერთმანეთის პოზიციებს, როგორც თეთრს და შავს ისე განიხილავს. ეს საშინელებაა ქვეყნისთვის.

ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, ვფიქრობ, თვითონ მთავრობაც აცნობიერებს, რომ თუ ის სასჯელს იხდის საქართველოში, სადაც ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ისინი პასუხისმგებლები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სანამ ინ საპატიმროში იმყოფება. სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ის კერძო კლინიკაში. აუცილებელია მის ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციაში მოიწვევენ ექსპერტს, მაგალითად ევროპის ქვეყნიდან, რათა შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დადასტურდეს, რომ მკურნალობის კურსი, რომელსაც ის გადის, ადეკვატურია. არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია მისი გადაყვანა ევროპაში მკურნალობისთვის. მთავრობა არის პასუხისმგებელი, რომ მას ჰქონდეს წვდომა საჭირო სამედიცინო პროცედურებზე.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, საქართველოში ხელისუფლებასა და მედიის ურთიერთობას შორის ყოველთვის ჩნდება კითხვები. ფაქტია, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალების ხელმძღვანელი. აქედან ჩნდება კითხვის ნიშნები, არის თუ არა ეს მიზანმიმართული შევიწროება.

მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს სიღრმისეულად, თუმცა საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, თუ როგორ ჩანს ეს ევროკავშირის თვალში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

- CBC-თან ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ომის შემდეგ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ნატო-ში გაწევრიანებას შეეცდებიან, მაგრამ დასავლელმა ლიდერებმა არაერთხელ ნათლად განაცხადეს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. შეგიძლიათ გვითხრათ, რა პერსპექტივა აქვთ ამ ქვეყნებს გახდნენ ალიანსის წევრები?

- მე არ ვიზიარებ ევროკავშირის ლიდერების პოზიციას. უკრაინა რომ ყოფილიყო ნატო-ს წევრი, დღეს ომი უკვე დასრულებული იქნებოდა. ორი დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ მას სურს რუსეთის იმპერიის აღდგენა, როგორც ეს პეტრე პირველმა ქნა. ვფიქრობ, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროპაში იქნება ნეიტრალიტეტის მოდელი, რომელიც იმუშავებს. ევროპის ორმა ძლიერმა, დემოკრატიულმა და ნეიტრალურმა სახელმწიფომ, ფინეთმა და შვედეთმა გაიაზრეს, რომ ნეიტრალიტეტის დროსაც კი ისინი დაცულები არ არიან. მათთვის დაცულობის ერთადერთი გარანტია ნატო-ში გაწევრიანებაა.

ვფიქრობ, რომ უკრაინასაც არ ექნება გარანტიები, რომ ნეიტრალიტეტის შემთხვევაში მათი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცული იქნება. როდესაც რუსეთის აგრესია დასრულდება, ერთადერთი გამოსავალი ევროპის უსაფრთხოებისთვის იქნება, რომ უკრაინა, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი.

უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები - ისინი ყველა უნდა გახდნენ ნატო-ს წევრები, თუ სურვილი ექნებათ. ეს არის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია.

- როგორც აშშ-ის სპეციალურარმომადგენელს უკრაინის მოლაპარაკებებში, შეგიძლიათ შეაფასოთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია, როგორია თქვენი მოლოდინი - როდის და როგორ შეიძლება დასრულდეს ომი?

- არავინ ელოდა, რომ პუტინი ამ მასშტაბის ომს წამოიწყებდა. პუტინმა შეცდომა დაუშვა. ის ვერ გაანადგურებს 40 მილიონ ადამიანს. ის ვერ დაარწმუნებს უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი კულტურა, ენა, ისტორია, სამშობლო, ოჯახები, ეკლესიები, რომ უკრაინა აღარ არსებობს.

პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს. ომის პირველ დღეებში რთული იყო იმის გარკვევა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უკრაინელებმა შეაჩერეს რუსების წინსვლა. მათ რუსებს უკან დაახევინეს კიევიდან, ხარკოვიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ოდესიდან.

ახლა რუსეთი ცდილობს ნელ-ნელა დაამყაროს კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინაზე. ისინი ცდილობენ დაიცვან დაკავებული ტერიტორიები. უკრაინა ამას არასოდეს შეეგუება.

ომი ძალიან აზიანებს უკრაინას. ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება. მე მჯერა, რომ უკრაინელები ამას გაუძლებენ. აშშ, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები უკრაინას კიდევ უფრო მეტო შეირაღებით მოამარაგებენ.

ვფიქრობ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთი დაიღლება. მას არ ექნება წინსვლის შესაძლებლობა. მათი სამხედრო შესაძლებლობები დასუსტდება. როდესაც ეს მოხდება უკრაინელებს შეეძლებათ კონტრშეტევები განახორციელონ. ალბათ, ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა უკრაინელებისთვის. უფრო ფართო სურათს თუ შევხედავთ, უკრაინამ უკვე მოიგო ომი.

- ომის დაწყების დღიდან აშშ უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე მხარს უჭერს, ეხმარება მას ფინანსურად და შეიარაღებით, თუმცა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეეძლებათ რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიონ. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ მიიჩნევს აშშ საფრთხედ უკრაინაში ასეთი სარაკეტო სისტემების გაგზავნას?

- მე არ ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავაწესოთ შეზღუდვები იარაღის გაგზავნაზე. უკრაინას სრული უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას. ჩვენ მათ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ. დაე, უკრაინელებმა გადაწყვიტონ, რა არის საჭირო მათი თავდაცვისთვის.

მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაცია არ აკეთებს ამას, არის ის, რომ მათ გონებაში აქვთ გარკვეული ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ სურთ. მათი აზრით, რუსეთმა ეს შეიძლება აღიქვას, რომ აშშ პირდაპირ ეხმარება უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაში და მათ ეშინიათ, რომ შესაძლოა რუსეთმა ომის ჰორიზონტი გააფართოოს. მაგალითად, თავს დაესხას ნატოს მოკავშირეებს ან აშშ-ის ძალებს რომელიმე ქვეყანაში, ან გამოიყენოს ქიმიური და ბირთვული იარაღი.

ვფიქრობ, რომ რუსეთი ამ ხაზებს ვერ ხედავს. ისინი კლავენ უკრაინელებს, ამიტომაც ჩვენ არ უნდა ვიზღუდავდეთ თავს. უკრაინას არ აქვს მიზეზი თუ რატომ არ უნდა განახორციელოს იერიში რუსეთის ტერიტორიაზე. რუსული ძალები, რომლებიც საზღვართან ახლოს იმყოფებიან უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.

და ბოლოს: პოლიტიკოსები საქართველოში, მთავრობაც და ოპოზიციაც უნდა დაფიქრდნენ, რა სჭირდება ქვეყანას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება, რეფორმები და განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მოთხოვნების დაკმაყოფილება. პოლიტიკური პოლარიზაციის ნაცვლად, ახლა შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია. ქვეყნისათვის საჭირო კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად სულაც არ არის აუცილებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთმანეთი უყვარდეთ.

ბექა ბერიაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს