რომან გოცირიძე - აშშ- ის ელჩის განცხადება ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ალიანსში მხილება იყო, ხელისუფლება დადანაშაულებული იქნა რუსული ჰიბრიდული ომის წარმოების თანამონაწილეობაში

აშშ-ის ელჩის განცხადება ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ალიანსში მხილება იყო, ხელისუფლება დადანაშაულებული იქნა რუსული ჰიბრიდული ომის წარმოების თანამონაწილეობაში,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხელისუფლება ფაქტობრივად დასავლეთს, ამერიკასა და ევროკავშირს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და სწორედ ამის საპასუხო იყო ელჩის განცხადება. გოცირიძის თქმით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ელჩის ამ კომენტარს მალევე მოჰყვა საელჩოს კიდევ ერთი განცხადება, სადაც ხელისუფლებას აშშ- მა კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ ვინ აწარმოა ომი საქართველოს წინააღმდეგ.

„ეს არის პირდაპირი შეხსენება არცთუ ისე დიპლომატიური ფორმით იმის, რომ დღეს საქართველო არ იარსებებდა, რომ არა ამერიკის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი არის ევროკავშირი და აშშ, ხოლო ეს ადამიანები, რომლებიც დღეს წკავწკავებენ და ევროპას და აშშ- ს თავს ესხმიან, მომართულნი არიან ერთი მიზნით, მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, არც სამშობლო, არც მათი მომავალი, მათი ამოცანაა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება და მისი ფულის გადარჩენა. სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ და ამის საპასუხოა აშშ- ის საელჩოს განცხადება,"- განაცხადა გოცირიძემ.

აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, განცხადებები, რომ შეერთებული შტატები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ომში ჩათრევას ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა ამ ომის შესაჩერებლად.

მოგვიანებით საელჩომ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ. საელჩოს განცხადებით, დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას და „რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა