თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ

თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ

არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას.

თორნიკე რიჟვაძემ მედიის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ დანაპირებს ასრულებს და შემდეგი 5 წელი „ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

„ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ. ამიტომ, შემდეგი 5 წელი "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით კომენტარი აღარ იქნება. არარაობებთან დაკავშირებით მე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ჩვენ ხალხს ყველაფერი ვაჩვენეთ, ყველა ვამხილეთ თუ ვინ რას წარმოადგენს. არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ. ამიტომ, კომენტარი აღარ იქნება. თქვენც მინდა გთხოვოთ, მედიის წარმომადგენლებს, რომ "ნაცმოძრაობის" "კლოუნადასთან" და მათ ბანდიტურ განცხადებებთან დაკავშირებით არასოდეს გვთხოვოთ საპასუხო კომენტარები. ბრალდებები უნდა დაამტკიცონ, როგორც ამ ქვეყნის წესებს და კანონმდებლობას ეკადრება და როგორც დაგპირდით, ყოველთვის იქნებიან დაჩოქილი ჩვენი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული თანამდებობის პირია.

იგი სახელმწიფო აუდიტის მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აჭარაში თორნიკე რიჟვაძეს კორუმპირებული გუნდი ჰყავს. რეზო ხარაზი ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დანაშაული სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში გამოიკვეთა და საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.