ხაშურის საფეხბურთო სტადიონზე, გუშინ საღამოს, ხაშურის "ივერიასა“ და თბილისის გუნდ "გლდანის“ ფეხბურთელებს შორის მიმდინარე რეგიონული ლიგის მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირებისას, 16 წლის ხაშურელი ფეხბურთელი დაშავდა. ინციდენტი მატჩის მიმდინარეობისას მოხდა, სპორტსმენებს შორის მომხდარ უთანხმოებაში სტადიონზე გადასული გულშემატკივრებიც ჩაერთნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თამაშის მიწურულს, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მოედნის მიმართულებით ტრიბუნიდან მინის ბოთლი ისროლა. ჩხუბის დროს დაშავებული ახალგაზრდა ხაშურის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კლინიკის ხელმძღვანელის ინგა მაისურაძის განცხადებით, 16 წლის ახალგაზრდას, რომელიც კლინიკაში თავის ტრავმით შეიყვანეს, ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.
„პაციენტი მოთავსებულია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ნახეთქი ჭრილობის ქირურგიული დამუშავება მოხდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი და დამატებით იგეგმება ღრმა კვლევები”, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ ინგა მაისურაძემ.
ცნობისთვის, "ივერია" და "გლდანი" ლიგის ლიდერთა ჯგუფის წევრები არიან. ამჟამად, "გლდანი" მეორე, "ივერია" კი მესამე ადგილზეა. გუშინდელი მატჩი, საბოლოოდ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.