გიორგი მარგველაშვილი -  რუსეთის მიმართ პოზიცია უნდა იყოს აბსოლუტურად რადიკალური და მიუღებელი

უკვე თითქმის ოთხი თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული და არაპროვოცირებული ომი ბაქოს მეცხრე გლობალური ფორუმის მთავარი თემა გახდა. როგორ უნდა მოხდეს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, როგორ უნდა ტრანსფორმირდეს გლობალური უსაფრთხოება და რა მნიშვნელობას ატარებს ამ პროცესში ენერგოუსაფრთხოება - ის მთავარი კითხვებია, რომელიც პანელის მსვლელობისას დაისვა.

უკრაინის ომის საკითხი და საქართველოს პოზიციონირება და როლი ამ პროცესში „ინტერპრესნიუსმა“ პანელური დისკუსიების მონაწილესთან, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ფორუმის ფარგლებში ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილა.

- ბაქოს მეცხრე გლობალური ფორუმი ფაქტობრივად გაიხსნა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის თემით. რაიმე გამოსავლის გზები თუ დაისახა და ზოგადად გკითხავთ თქვენი შეხედულება როგორია ომის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ?

-გამოსავლის გზების საწინდარია ვითარების სწორი გააზრება. მე ვფიქრობ, ძალიან ნათლად გაესვა ხაზი იმას, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია უნდა იყოს აბსოლუტურად რადიკალური და მიუღებელი. დღეს ძალიან საინტერესოდ აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა იუშენკომ, რომ ამ 4 თვის განმავლობაში 93 მილიარდი ევრო მიიღო რუსეთმა ევროპიდან გაზის გადასახადში, ხოლო უკრაინამ ამ პერიოდის განმავლობაში მიიღო სულ 8 მილიარდის დახმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ეს დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპისთვის იმდენად განმსაზღვრელია, რომ, ფაქტობრივად, ხდება, შეიძლება ითქვას, ამ ომის დაფინანსება ევროპული რესურსებით იმის ფონზე, რომ ევროპა გმობს რუსეთს. აქაც არის განსხვავებები და გრადაციები, არის აღმოსავლეთი ევროპა, რომელიც ნათლად ხედავს, რომ რუსეთის ამბიციურ მიზნებს გაჩერება არ აქვს და თუ ეს ასე გაგრძელდა, უკრაინის შემდეგ არიან ქვეყნები, რომლებიც ჩადგებიან რიგში და მეტიც, რადგან ეს იქნა მონათლული წარმატებად, პუტინის არარსებობის შემთხვევაშიც კი, მომავალ ლიდერებს ექნებათ ის განცდა, რომ მათ იგივე პოლიტიკა უნდა გააგრძელონ. და ეს გააზრება პირველი მომენტია, მე ვფიქრობ, იმის, რომ რაც შეიძლება უფრო გაღრმავდეს რუსეთის ეს ბლოკადა, ყოველგვარი თანამშრომლობის შეზღუდვამდე მივიდეს ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, გაძლიერდეს უკრაინასთან თანამშრომლობა, გაძლიერდეს უკრაინის მომარაგება იარაღით. რეალურად უკრაინელები იგებენ, იმისთვის, რომ მათ გაიმარჯვონ, მათ სჭირდებათ მეტი იარაღი.

- ამ პერიოდის განმავლობაში გარკვეული კრიტიკა მოვისმინეთ საქართველოს მისამართით, მათ შორის უკრაინის მხრიდანაც. ჩემთან ინტერვიუებშიც კი რადას დეპუტატები გამოთქვამენ სურვილს, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად ჩართული ამ პროცესში. რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცნაირად საქართველომ უკანა პლანზე გადაიწია. თქვენ როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიიჩნევთ, რომ ამ პერიოდში დაზარალდა საქართველოს იმიჯი და რა არის ის უფრო მეტი, რასაც ჩვენგან პარტნიორები ელიან?

- სამწუხაროდ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ეს არის რეალობა - საქართველო, რომელიც ფლაგმანი იყო თავისი დამოუკიდებლობის დაცვაში რუსეთისგან და ეს იწყება არა 2008 -ში, არამედ 90-ან წლებში, როდესაც პირველად ჩვენს რეგიონებში გაჩაღებული ომები, აფხაზეთში გაჩაღებული ომი, ცხინვალის რეგიონში გაჩაღებული ომი, იყო თავიდან ბოლომდე ინსპირირებული რუსეთით. მანამდე, ჯერ კიდევ არც იცოდნენ ეს რა იყო - 2014 წელს ამას კონკრეტული სახელი დაერქვა „მწვანე პატარა კაცუნების“, რომლებიც რუსეთის იარაღით, რუსეთის მიერ დაქირავებულები ახორციელებდნენ მაშინ ლუგანსკსა და დონეცკში ამ თავის ოკუპანტურ საქმიანობას. ჩვენ 90-შიც ვიომეთ დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ 2008-შიც ვიომეთ დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ ვართ ის სახელმწიფო და ხალხი, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო რუსეთთან თავისუფლების დროშით ბრძოლისთვის. ბუნებრივია, რომ მოლოდინი ასეთ შემთხვევაში ქართველებისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, იყო აღმატებული, იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ის ფლაგმანი, რომელიც ყველაზე მეტად იბრძოდა თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისი დამოუკიდებლობისთვის. შესაბამისად, ის, რაც დღეს ხდება, არის, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, იმ ადამიანებისთვის, ქართველი გმირებისთვის ზურგის შექცევა, რომლებმაც თავისი სიცოცხლე დადეს ამ ბრძოლის ველზე, უკრაინელებისთვის- რომლებიც 2008 წელს ჩვენს გვერდით იყვნენ და ბუნებრივია, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის, რომ ჩვენ მოვხვდეთ არა დაღმავალი და შუასაუკუნეობრივი ივანე მრისხანის რუსეთის გავლენის სფეროში, არამედ თავისი პრობლემების მქონე, მაგრამ თანამედროვე ევროპის არეალში.

- შეიძლება ვთქვთ, რომ ეს პოლიტიკა განპირობებულია სიფრთხილით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის „სიფრთხილის პოლიტიკა“, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ უკვე გამოვიარეთ ომი.

- ჩვენ გამოვიარეთ ომი - ეს ფაქტია, ჩვენ გამოვიარეთ ომები, ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ ეს ჩვენ გვიბიძგებს იმისკენ, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, როდესაც მთელი თაობები შესწირე თავისუფლებისთვის ბრძოლას, როდესაც შენი ქვეყანა იყო მედროშე თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაშინ როსდესაც არის საბოლოო დიდი გამარჯვების წინა მოლოდინი, შეუძლებელია, რომ შენ არ მიიღო ის, რაც შენ გეკუთვნის, შეუძლებელია, რომ შენ არ მოითხოვო ის, რაც შენ გეკუთვნის, შეუძლებელია, ყველას არ გაახსენო ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული თუნდაც 90-იანებში შევარდნაძეს, მაშინდელი უსაფრთხოების ფაქტობრივად არქიტექტორს რომ შეაქციეს ზურგი და არაფერში არ დაეხმარნენ, შეუძლებელია, არ გაიხსენო 2008-ის შეცდომები. ამიტომ, დღეს ჩვენ ამ ომში ფიზიკური ჩამბა კი არ გვევალება, მაგრამ მორალურად სწორ პოზიციაზე დგომა გვევალება, იმიტომ, რომ რეალურად ეს ნარატივი: „ომი გინდათ?!“ - არის შინაარსობრივად აბსურდული, იმიტომ რომ ომი არავის არ უნდა პუტინის გარდა მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი არა. მეორე, არც არავინ არ განიხილავს ამ პროცესს, როგორც ომს, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე აბულაშვილი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს