საზოგადოებრივი ორგანიზაციები - აუცილებელია, სხვა ქალაქებთან ერთად, მოქალაქეთა ერთიანი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ მკაფიოდ გამოჩნდეს ბათუმიდანაც

აუცილებელია, თბილისთან და სხვა ქალაქებთან ერთად, მოქალაქეთა ერთიანი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ მკაფიოდ გამოჩნდეს ბათუმიდანაც - ქალაქიდან, რომელიც, დაარსების დღიდან, ევროპისკენ გაჭრილი ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, ბათუმში 20 ივნისს, 19 საათზე, ევროპული მარში ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედნისკენ გაიმართება.
მათივე თქმით, ხელისუფლების არასწორმა, საზოგადოებისთვის ფართო ფენებთან შეუთანხმებლობამ და სხვა მიზეზებმა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა.
“საქართველო ევროპული საბჭოს 23-24 ივნისის გადაწყვეტილების მოლოდინშია - სწორედ ამ დროს გაირკვევა, გაიზიარებს საბჭო ევროკომისიის დასკვნას, არ მიანიჭოს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ პირიქით, რეკომენდაციის მიუხედავად, ჩათვლის, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. 17 ივნისს ევროკომისიამ, გარკვეული პირობებით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, რაც, ცალსახად, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა - უკრაინელებმა საკუთარი ქვეყნის დაუღალავი დაცვით დაამტკიცეს, რომ მომავალს მხოლოდ ევროპულ ოჯახში ხედავენ. რუსულ აგრესიასთან დაპირისპირებულმა ერმა ყველას თავგანწირვის და თავისუფლების წყურვილის მაგალითი აჩვენა. მოხარული ვართ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების დასკვნა მომზადდა მოლდოვასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ბევრი რამ გასააზრებელი გვაქვს. ახლ ა განსაკუთრებული მონდომებით უნდა ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის - ევროკომისიის რეკომენდაციები ნათელი დასტურია იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ - საქართველოში, კანონის უზენაესობასა და ძალაუფლების დაუბალანსებელ თავმოყრასთან დაკავშირებით, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებია, პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროინტეგრაციას აფერხებს.
ცალკე პუნქტები მიეძღვნა დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყების, ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის, თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის, პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტის მოთხოვნასა და აუცილებლობას. ეს არის ჩარჩო რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც განაპირობებს საქართველოს გადასვლას ევროპული პერსპექტივიდან ევროკავშირის კანდიდატობამდე. სამწუხაროა, მაგრამ ხელისუფლების არასწორმა, საზოგადოების ფართო ფენებთან შეუთანხმებელმა, ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენს მოკავშირე ძალებთან დაპირისპირების პოლიტიკამ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა, ვიდგეთ ერთად! დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა, ერთიანობით გამოვხატოთ ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქამდე არაერთხელ დაუდასტურებიათ - მზაობა და ერთგულება ქვეყნის ევროინტეგრაციის პრინციპებისადმი! ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური და ეთნიკური კუთვილებისა თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად, გვაერთიანებს სწრაფვა, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, გვქონდეს ძლიერი, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ამიტომ აუცილებელია, თბილისთან და სხვა ქალაქებთან ერთად, მოქალაქეთა ერთიანი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ მკაფიოდ გამოჩნდეს ბათუმიდანაც - ქალაქიდან, რომელიც, დაარსების დღიდან, ევროპისკენ გაჭრილი ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა.
20 ივნისს, 19 საათიდან, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელიდან ერთად გავმართოთ ევროპული მარში ევროპის მოედნისკენ. შემოუერთდით მშვიდობიან მსვლელობას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად. შეკრება დასრულდება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების გაჟღერებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

























