ანდრო გოცირიძე - ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს და ხელისუფლებაში მის ყოფნას გაახანგრძლივებს, სწორი ტაქტიკით უნდა მოხდეს ხელისუფლების იძულება, გადადგას სახელმწიფოსთვის აუცილებელი ნაბიჯები

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტს, წიგნების „კიბერთავდაცვა“ და „ჰიბრიდული ომების ანატომია“-ს თანაავტორს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, ფაქტია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადზე ევროკომისიის 17 ივნისის დასკვნამ და რეკომენდაციებმა საქართველოში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე უნდა მიიღოს, უკვე ცხადია, რომ ამ ეტაპზე საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ 17 ივნისამდე ხელისუფლების ქცევა და განცხადებები ევროპელ პარტნიორებზე, იმაზე რომ ევროპარლამენტის ლამის მთელი მმართველობა კრიმინალები არიან, იმის ნაცვლად, რომ ევროპის დედაქალაქებში ემუშავათ, სწორედ 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნა წილკანში ლოკოკინების ქარხნის გახსნაზე იმაზე მიანიშნებს, რომ მოხდა ის, რისკენაც ასე თანმიმდევრულად და მიზანდასახულად მოძრაობდა ხელისუფლება. შედეგმაც არ დააყოვნა.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარებმა ამ თემაზე კიდევ უფრო გამაკვირვა. ვერც ის სურვილი დავინახე, რომ აპირებენ რეკომენდაციების შესრულებას და მაინცადამაინც მომხდარის გამო ვერც სინანული შევნიშნე.

ევროკომისიის დასკვნა-რეკომენდაციის მიღების შემდეგ რაა საკეთებელი, უახლოეს მომავალში, ამაზეც ვისაუბრებთ, მანამდე უნდა გკითხოთ - თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მომხდარზე მმართველი გუნდის ლიდერშიფის განცხადებებმა?

- პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რეკომენდაცია, იმ ფრომით, რა ფორმითაც ის იქნა მიღებული, უკან გადადგმული ნაბიჯია და ამაზე პასუხისმგებელი ცალსახად ხელისუფლებაა. ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის მშენებლობას უახლოეს წარსულში კოლოსალური ძალისხმევა და ზოგჯერ სიცოცხლეც კი შესწირეს პოლიტიკოსების, დიპლომატების, საჯარო მოხელეების თუ მოქალაქეების თაობებმა და დღეს, ქვეყნის აუტსაიდერის როლში ყოფნა, თუნდაც დროებით, მეტად მძიმე რეალობაა.

შეცდომაში შემყვანია და კერძო ინტერესებს ემსახურება ყველა ის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეს რეკომენდაცია რაღაც დაუძლეველი ბარიერის ან ძალის, (გეოგრაფია, რუსეთის ფაქტორი) ზემოქმედების ნაყოფია ან წინსვლაა ინტეგრაციის გზაზე.

საგარეო პოლიტიკის ეს შედეგი მმართველი პარტიის საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა და ამაზე პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკური კულტურის ანაბანაა.

ის, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად, მტკიცდება თუნდაც იმ რეკომენდაციებით, რომელთა უმეტესობა საშინაო პოლიტიკის სფეროდანაა.

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რეკომენდაცია, იმ ფრომით, რა ფორმითაც ის იქნა მიღებული, უკან გადადგმული ნაბიჯია და ამაზე პასუხისმგებელი ცალსახად ხელისუფლებაა

სწორედ მანკიერმა საშინაო პოლიტიკამ და ხელისუფლებაში დარჩენის დაუოკებელმა წყურვილმა განაპირობა ჯერ დისტანცირება ევროპული საზოგადოებისგან, ევროპული ღირებულებებისგან, შემდგომ კი კონფრონტაციული რიტორიკა და, შედეგად, ევროპის და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკის კრიტიკა დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა.

შიდაპოლიტიკური ბატალიებიდან გამომდინარე მოხდა ჩვენს ბუნებრივ სტრატეგიულ მოკავშირესთან, უკრაინასთან ურთიერთობების უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დაწევა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმ ქვეყნისგან ჯეროვანი პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება, რომლის პოზიციასაც დღეს ევროპის ბევრი ქვეყანა, სხვადასხვა მოტივით, უპირობოდ ითვალისწინებს.

განსაკუთრებით მტკივნეული ეს ვითარება ალბათ იმ ასობით ქართველი დიპლომატისთვის და საჯარო მოხელისთვისაა, რომელთა მიერ წლების მანძილზე სახელმწიფოს წარმატებისთვის გაწეული კოლოსალური შრომა უშედეგოდ დატოვა არაშორსმჭვრეტელმა და არაკომპეტენტურმა, ზოგჯერ კი, ალბათ, წინასწარი განზრახვით დამაზიანებელმა პოლიტიკურად მოტივირებულმა ქმედებებმა.

ამ არცთუ სახარბიელო რეკომენდაციის მიღებამდე მმართველი პარტიის სპიკერების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, ხელისუფლების თითქმის ყველა მოქმედებამ და უმოქმედობამ ევროინტეგრაციის პროცესი და შესაბამისად, სახელმწიფო, მნიშვნელოვნად დააზიანა. განხილვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნებოდა, თითქოს ხელისუფლება ამას განგებ სჩადიოდა.

ამ არცთუ სახარბიელო რეკომენდაციის მიღებამდე მმართველი პარტიის სპიკერების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, ხელისუფლების თითქმის ყველა მოქმედებამ და უმოქმედობამ ევროინტეგრაციის პროცესი და შესაბამისად, სახელმწიფო, მნიშვნელოვნად დააზიანა. განხილვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნებოდა, თითქოს ხელისუფლება ამას განგებ სჩადიოდა

საკმარისია გავიხსენოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში არ განხორციელებულა არც ერთ მაღალი დონის ვიზიტი და სატელეფონო საუბარიც კი, ხელოვნურად ხდებოდა მისაღწევი შედეგის დაკნინება, ხოლო უშუალოდ რეკომენდაციის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლების შტოებს შორის ყოვლად მიუღებელი და არასერიოზული „გაბაასება“ გაიმართა პრეზიდენტის ევროპის დედაქალაქებში არგაშვებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამგვარ განცხადებებს არ შეეძლო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა, ნეგატიურმა შიგთავსმა, კონფრონტაციულმა რიტორიკამ, შანტაჟმა და ბევრ შემთხვევაში პირდაპირ არასერიოზულმა დამოკიდებულებამ ევროპული ღირებულებებისა თუ პოლიტიკოსების მიმართ, საქართველოს მოსახლეობის ნაკლებადინფორმირებულ ნაწილში ნებსით თუ უნებლიედ შეამცირა პროდასავლური განწყობები და გაზარდა კრემლის გავლენა.

საერთოდ საღ აზრს მოკლებულია და კრიტიკას ვერ ექვემდებარება იმ ინსტიტუტის და მისი წევრების პიროვნული შეურაცხყოფა, რომლისგანაც ვერდიქტს ელი.

რაც შეეხება ამჟამინდელ განცხადებებს, ისინი შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი და ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება. ერთის მხრივ, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მმართველი გუნდი ცდილობს დანერგოს განცდა, რომ „არაფერი განსაკუთრებული არ დაგვიკარგავს“, პირიქით, პოზიტიური სიგნალიც კი მივიღეთ და ეს წინსვლაა, მეორე მხრივ კი სტრიქონებსშუა ჩანს მესიჯი ევროპის მიერ საქართველოს „გაყიდვის“, „არდაფასების“, „თავმოყვარეობის ხელყოფის“, გეოგრაფიული მდებარეობის პრობლემატიკის დაუძლევლობის და სხვა რუსული ნარატივის აქცენტებით.

ძალაუნებურად იკითხება განზრახვა, რომ ხელისუფლება მზადაა კრიზისულ ვითარებაში იმ პრორუსულ ძალებს დაეყრდნოს, რომელთა მოძლიერებაში არცთუ მცირე წვლილი მის მოქმედებას ან დანაშაულებრივ უმოქმედობას მიუძღვის.

ძალაუნებურად იკითხება განზრახვა, რომ ხელისუფლება მზადაა კრიზისულ ვითარებაში იმ პრორუსულ ძალებს დაეყრდნოს, რომელთა მოძლიერებაში არცთუ მცირე წვლილი მის მოქმედებას ან დანაშაულებრივ უმოქმედობას მიუძღვის

სხვათა შორის, 5 ივლისს ამ ძალების პროვოცირებული და არაღკვეთილი თარეში და დამნაშავეების დაუსჯელობა ერთ-ერთ შემაფერხებელ გარემოებად იქცა განხილვის პროცესში. იგივე აქცენტები იგრძნობა მმართველ გუნდთან აფილირებული გარე სპიკერების ხშირად სრულიად იდენტურ განცხადებებში, რაც მათ კოორდინირებულ ქმედებაზე მეტყველებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების არასერიოზული არგუმენტაცია ამომრჩეველთა ინტელექტის შესახებ მის დამოკიდებულებაზე მიანიშნებს - წარმოუდგენელია, საზოგადოებას, რომლის ინტელექტუალურ რესურსსაც სათანადოდ აფასებ, „ფარდის ახდა-არახდის“ რიტორიკით ესაუბრებოდე ოცდაათწლიანი საგარეო კურსის ყველაზე დიდი წარუმატებლობის ფონზე.

- ფაქტია, რომ მომხდარის გამო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ხელისუფლებაზე გულწრფელად გაბრაზდა და გაღიზიანდა. ასევე საკმაოდ დიდ ნაწილს, ღიად თუ ლატენტურად პრორუსებს გაუხარდათ.

ხელისუფლება შეეცადა თავის მართლებას, მაგრამ ძნელი შესამჩნევი აღმოჩნდა მათ საუბარში მკაფიოობა და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაპირებულ „ფარდის ახდაზე“ საუბარს აშკარად აბსურდული ხასიათი ჰქონდა,

გითხრათ სიმართლე, აბსოლუტურად გაუგებარი გახლდათ მკაფიოდ გამოხატული პრორუსებისა და ანტიდასავლური განწყობების ადამიანების სიხარული, რადგან, ევროპას ჩვენთვის კარი ნამდვილად არ ჩაურაზავს. ფაქტია, რომ ევროპამ თავის სათქმელი ევროპული თავშეკავებულობით, დელიკატურად გვითხრა.

მეტიც, რეკომენდაციების საკმაოდ გრძელი სია მოაყოლა.

მოკლედ, ისტორია განმეორდა, თუ 2008 წელს მაპი არ მოგცეს, მაგრამ იმდროინდელი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მაპ-ზე უკეთესი მოგცეს, ახლა ვითარება ასეთია -მოგვცესკანდიდატის კანდიდატობადა საშინაო დავალებების გრძელი სია.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარზე ერთი მხრივ პროევროპულად განწყობილი საზოგადოების, ხოლო მეორე მხრივ პრორუსული განწყობების, ხოლო მესამე მხრივ ოპოზიციური სპექტრის რეაქციას?

- პრორუსული ძალების სიხარული არათუ ნაადრევი, საფუძველს მოკლებულიც კია - საქართველოს ევროპული პერსპექტივა ძალაშია და ის არც შეიძლებოდა ეჭვქვეშ დამდგარიყო.

რამდენიც არ უნდა ეცადოს პროპაგანდა, რომ ეს დროებითი შეფერხება გეოგრაფიული მდებარეობით ახსნას, არაფერი გამოვა - ევროპა საქართველოს სახლია, მისი ბუნებრივი საცხოვრებელი არეალი და ის ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით ინტეგრირებული იქნება ევროპულ გაერთიანებაში.

ხოლო იმ ადამიანებთან კამათი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოსთვის კადიროვის ან ლუკაშენკოს რუსული ორბიტა უფრო მომგებიანია, ვიდრე განვითარებული ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა, არც ღირს.

პრორუსული ძალების სიხარული არათუ ნაადრევი, საფუძველს მოკლებულიც კია - საქართველოს ევროპული პერსპექტივა ძალაშია და ის არც შეიძლებოდა ეჭვქვეშ დამდგარიყო

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობაში -ევროპული იდეალის და ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებში არ გაჩნდეს ნიჰილიზმი, დათრგუნული განწყობა: გვაქვს მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი და ვადა. ამ ბარიერის გადალახვა განვითარების სათანადო საფეხურზე მყოფი საზოგადოებისათვის სრულიად შესაძლებელია.

მართალია, ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის გადატანა ევროინტეგრაციის გზაზე ამ პირველი მარცხისათვის არასერიოზულია. ბოლოს ა ბოლოს, ხელისუფლებას დესტრუქციული მოქმედების განეიტრალებაც უნდა შეეძლოს, ამისთვის ჰყავს სპეციალური სამსახურები და ეს ხელისუფლების პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია.

თუმცა, გარკვევით უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის მოუმზადებლობამ, არაორგანიზებულობამ, ზოგჯერ არაკომპეტენტურობამ და ხშირ შემთხვევაში შედეგზე ორიენტირებულობის დეფიციტმა ხელისუფლებას საშუალება მისცა ხანგრძლივი ვადით შეენარჩუნებინა ძალაუფლება და არასწორი კურსი, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

გარკვევით უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის მოუმზადებლობამ, არაორგანიზებულობამ, ზოგჯერ არაკომპეტენტურობამ და ხშირ შემთხვევაში შედეგზე ორიენტირებულობის დეფიციტმა ხელისუფლებას საშუალება მისცა ხანგრძლივი ვადით შეენარჩუნებინა ძალაუფლება და არასწორი კურსი, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით

რთულია იმის თქმა, შეგნებულად მოქმედებდა მმართველი პარტია ევროპული კურსის საზიანოდ თუ უბრალოდ, ასე გამოსდიოდა. უფრო სარწმუნოა, რომ ერთნი პირდაპირ დაკვეთას ასრულებდნენ, მეორენი კი გამორჩენის, კონფორმიზმის, დაბალი ინტელექტის, შინაგანი რწმენის, საბჭოთა ნოსტალგიის ან სხვა სუბიექტური ფაქტორების გამო მოქმედებდნენ ასე.

მაგრამ, ფაქტი ერთია - მისი ამ დამაზიანებელი მოქმედების პრევენცია ან მინიმიზაცია ვერ მოხერხდა, შედეგიც სახეზეა და ეს კი ნამდვილად ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.

სრული პატივისცემის დადასტურებით, მცირედი საყვედური სამოქალაქო საზოგადოების მიმართაც უნდა ითქვას - ჩვენ, თანამოაზრენი, მხოლოდ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე, ხშირად უცხო ტერმინების გამოყენებით, ერთმანეთს ვესაუბრებით და ერთმანეთს ვუმტკიცებთ იმას, რაც ჩვენთვის ისედაც ცხადია, რადგან სამსახურებრივად თუ ცხოვრებისეულად გარკვეულ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი.

ამასობაში კი ჩვენს მოქალაქეებს არავინ აუხსნა ან არასაკმარისად აუხსნა, რა რეალური შედეგის მომტანია ევროპული ინტეგრაცია და რა გველის, თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდით. რუსულმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა.

ამასობაში კი ჩვენს მოქალაქეებს არავინ აუხსნა ან არასაკმარისად აუხსნა, რა რეალური შედეგის მომტანია ევროპული ინტეგრაცია და რა გველის, თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდით. რუსულმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა

მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რუსეთი გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების მოჩვენებით კეთილდღეობასთან ასოცირდება, თუმცა არავინ თქვა, რომ ყველა ნეგატიურ პროცესს და ღირებულებების დეფორმაციას სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი. სწორედ იმ პერიოდის საზოგადოებამ წარმოშვა მიმღებლობა „კანონიერი ქურდებისადმი“, მაშინ შეიქმნა მითი, რომ კორუფციონერი შესაძლოა „კარგი ადამიანი“ იყოს. მაშინ დამკვიდრდა ხელოვნების და კულტურის „სასიქადულო“ მოღვაწეთა პრივილეგირებული ყოფა და მათი გადამწყვეტი ხმა პოლიტიკურ პროცესებში, ამასობაში კი დაკნინდა მეცნიერებისა და განათლების როლი.

რაც შეეხება დღევანდელ რუსეთს, მას საქართველოსთვის იმის შეთავაზებაც კი არ შეუძლია და არც სურვილი აქვს, რასაც სსრკ დაპყრობილ და რეპრესირებულ საქართველოს ახვევდა თავს.

დღეს, რუსეთის ორბიტაზე ბოლო გაჩერება კადიროვიზაციაა, სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკაზე საჯარო ბოდიშის მოხდა და არა მოსკოვსა და ლენინგრადში „დომინანტი მამრის“ მოგზაურობა.

- ახლა დროა პუნქტობრივად ჩაუღრმავდეთ ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის პუნქტების სია ასე გამოიყურება: 1. პოლარიზაციის შემცირება და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, 2. ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, 3. სასამართლოს რეფორმა, 4. ანტი-კორუფციული, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერება, 5. დე-ოლიგარქიზაცია, 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება, 7. მედიამფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. 8. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და ძალადობის ორგანიზატორთა დასჯა, 9. გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა, 10. სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე, 11. კანონმდებლობის მიღება რომ საქართველოს სასამართლოებმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები პროაქტიულად გაითვალისწინონ, 12. სახალხო დამცველად დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენა.

როგორც ვხედავთ 12 პუნქტია. ნაწილზე ვიცით ხელისუფლების პასუხი - გაკეთებული გვაქვს. ნაწილი ისეთია, რომელზეც ხელისუფლება ძირითადად საუბრობდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი ყოფილა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროკომისიის მოთხოვნა-რეკომენდაციების ამ სიას? როცა ამ პუნქტების შესრულებას გთხოვენ, სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- მოდით, მარტივად გავაანალიზოთ ზოგიერთი მათგანი და უბრალოდ გავაცნობიეროთ, რომელი პუნქტის შესრულებას რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისათვის.

პოლარიზაციის, დაპირისპირების ხარისხის შემცირება გულისხმობს მრავალპარტიული ძალისხმევის მიმართვას ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემატიკაზე, როგორიცაა ნატოსა თუ ევროკავშირში ინტეგრაცია, ქვეყნის დეოკუპაცია, განათლების და მეცნიერების განვითარება, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პლატფორმები და სხვა.

ნებისმიერ ამ თემაზე, ოცდაათწლიანი ხეტიალის პირობებში, ბოლოს რა საერთო ხედვა, სტრატეგია შევთავაზეთ პარტნიორებს, რომელიც მოქალაქეთა დიდი მასების შეჯერებულ აზრს გამოხატავდა?

ნაცვლად ამისა, ვხედავთ ნებისმიერი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელ შოუს, რომელიც პარლამენტის დარბაზსა თუ ეთერებში მიმდინარეობს. როდესაც სასამართლოს რეფორმაზეა საუბარი, ეს ხომ ნებისმიერი მოქალაქისთვის გარანტიაა იმისა, რომ მას ვერ დაჩაგრავენ და ის ყოველთვის იპოვის სამართალს?

ეს მიმართულება უმნიშვნელოვანესია ინვესტორებისთვის, რაც პირდაპირაა მიბმული თითოეული მოქალაქის ლეგალური შემოსავლების ზრდაზე. იგივე ითქმის სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებაზე: ნებისმიერი ადამიანი უფრო მეტად დაცულად გრძნობს თავს იმ გარემოში, სადაც პოლიცია ან უსაფრთხოების სამსახურები პარტიას კი არა, სახელმწიფოს ემსახურებიან.

არჩევნების სანდოობის ამაღლება, შედეგების ასახვა ხელისუფლების დაკომპლექტებაში პირდაპირ ქმნის გარანტიას, რომ პარტია, რომელიც ავირჩიეთ და ვერ შეასრულა დანაპირები, ხელისუფლებას ვერ ჩაებღაუჭება და შეიცვლება.

ევროკომისიის მიერ ჩვენთვის ჩამოთვლილი პუნქტებიდან ნებისმიერი, ევროკავშირის წევრობას საერთოდაც რომ არ უკავშირდებოდეს, პირდაპირაა მიბმული ინვესტიციებზე, შემოსავლების ზრდაზე და ცხოვრების გაუმჯობესებას გულისხმობს თითოეული მოქალაქისთვის.

ევროკომისიის მიერ ჩვენთვის ჩამოთვლილი პუნქტებიდან ნებისმიერი, ევროკავშირის წევრობას საერთოდაც რომ არ უკავშირდებოდეს, პირდაპირაა მიბმული ინვესტიციებზე, შემოსავლების ზრდაზე და ცხოვრების გაუმჯობესებას გულისხმობს თითოეული მოქალაქისთვის

ახლა თითოეული ადამიანის ამოცანაა, გააცნობიეროს - ღირს კი მისი და მისი შვილების მომავლის ხარჯზე ამ პროცესების შეფერხება თუნდაც მადლიერების გრძნობიდან ან რომელიმე პოლიტიკოსის, პარტიის მიმართ სიმპათია-ანტიპათიიდან გამომდინარე?

კიდევ უფრო გაუგებარია ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება რომელიმე ჯგუფის ვიწროპარტიულ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ამ ჯგუფის გამდიდრებას ემსახურება და არა სახელმწიფოს ძლიერებას.

- თუ სიას ისევ ყურადღებით ჩავივლით, აშკარაა, რომ მათი ნაწილის შესრულება, რთული არ უნდა იყოს, ნაწილის რთულია, მაგრამ შესრულება შეუძლებელი არ უნდა იყოს, მაგრამ არის მმართველი გუნდისთვის მტკივნეული მე-5 პუნქტი, რომელიც ქვეყნის დე-ოლიგარქიზაციას ითვალისწინებს.

დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, მმართველი გუნდი ევროკომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს. მეორე ნაწილი თვლის, რომ ნაწილს თვალის ასახვევად შეასრულებს, მაგრამ ფორმალურად, ანუ უხარისხოდ. მაგრამ, რაც შეეხება მე-5 პუნქტს, მის შესრულებაზე არც იფიქრებს.

თქვენი დაკვირვებით ევროკომისიის 12 პუნქტიანი მოთხოვნებიდან რომლის შესრულება არ გაუჭირდება ხელისუფლებას, რომლის შესრულებას შეცდება და რომელზე საერთოდაც არ იფიქრებს?

- პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პუნქტის შესრულება სავსებით შესაძლებელია, თუმცა, ნათელია, რომ ამ პუნქტებიდან ნებისმიერის ჯეროვნად შესრულება ნებისმიერი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში უსასრულოდ ყოფნის დასასრულს ნიშნავს.

არა იმიტომ, რომ ვინმეს დასავლეთში რომელიმე პარტია უნდა ან არ უნდა- იქ ამ კრიტერიუმებით არ აზროვნებენ. უბრალოდ, დასავლეთს სურს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, დაცული ინვესტიციები და რუსული მმართველობის სტილისგან თავისუფალი პარტნიორი და არა ქვეყანა, რომელიც ოცდაათი წელია ერთ წრეზე დადის და სულ უფრო უახლოვდება რუსულ ორბიტას.

სწორედ ამას გულისხმობენ პარტნიორები, როდესაც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და ითანამშრომლებენ იმასთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს.

რაც შეეხება მე-5 პუნქტს, ყბადაღებულ დეოლიგარქიზაციას, ამ ამოცანის დასახვაც და შესრულებაც მართლაც უფრო ჰიპოთეტურია, ვიდრე რეალური. მართალია, არსებობს ანტიოლიგარქიული კანონი, მაგალითად უკრაინაში, მაგრამ არავინ იცის, როგორ მუშაობს ის რეალობაში.

რაც შეეხება მე-5 პუნქტს, ყბადაღებულ დეოლიგარქიზაციას, ამ ამოცანის დასახვაც და შესრულებაც მართლაც უფრო ჰიპოთეტურია, ვიდრე რეალური. მართალია, არსებობს ანტიოლიგარქიული კანონი, მაგალითად უკრაინაში, მაგრამ არავინ იცის, როგორ მუშაობს ის რეალობაში

გულახდილად რომ ვთქვათ, მე საერთოდაც არ მეპარება ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში. მან ჯერ კიდევ პოლიტიკიდან უკანასკნელ წასვლამდე ისე წარმართა საკადრო პოლიტიკა და გადაანაწილა თანამდებობები, რომ არ შეჰქმნოდა საფრთხე არათუ მის ფინანსურ ინტერესებს, არამედ მის მიერ არჩეულ ფილოსოფიურ კურსსაც კი, ხოლო მმართველი პარტიის და ხელისუფლების შემდგომი ქმედებების განსასაზღვრად, დატოვა წერილი, სადაც ჩამოაყალიბა მისი სურვილები ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, რაც იქცა კიდევაც ხელისუფლების სამოქმედო გეგმად.

სხვათა შორის, ასეთი მმართველობის სტილი დამყარდა ედუარდ შევარდნაძის ბოლო წლებში, როდესაც პრეზიდენტთან კავშირის არმქონე ახალბედა მინისტრები ორშაბათის რადიოინტერვიუებით ცდილობდნენ გაეგოთ, რა მოეწონებოდა მას.

შევარდნაძე პოლიტიკოსი იყო და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე მასში პოლიტიკოსის ინსტინქტმა და წესებმაც იქონიეს გავლენა, ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს ასე არც მოხდეს - ოთხმოცდაათიანი წლების რუსეთის ბიზნესში ნებისმიერ ფასად მოგებაა პრიორიტეტი.

თუ ისევ აზრს დავუბრუნდებით, ხელისუფლებაში მყოფთ მასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ და ცდილობენ ისე დაგეგმონ მოქმედებები, რომ არ გამოიწვიონ მისი გულისწყრომა. მმართველ გუნდს იმდენი ჭკუა კი ჰყოფნის, რომ არ მოახდინოს ამ გაწყვეტილი კავშირის დეკლარირება და არ დარჩეს ამომრჩეველთან პირისპირ, ავტორიტეტის გარეშე.

ოპოზიცია აქცენტს ივანიშვილზე აკეთებს, მაგრამ ეს ამომრჩევლის იმ ნაწილში, რომლისთვისაც ბელადის ინსტიტუტი ჯერ კიდევ აქტუალურია, კონსოლიდაციას უფრო იწვევს, უფრო სწორედ, მასზე მანიპულირება ადვილია სამების ამგების, კულტურის გადამრჩენის, ქველმოქმედის, თუნდაც ძლიერი ადამიანის ლიდერობის ან სხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ აქცენტებზე აპელირებით.

ოპოზიცია აქცენტს ივანიშვილზე აკეთებს, მაგრამ ეს ამომრჩევლის იმ ნაწილში, რომლისთვისაც ბელადის ინსტიტუტი ჯერ კიდევ აქტუალურია, კონსოლიდაციას უფრო იწვევს, უფრო სწორედ, მასზე მანიპულირება ადვილია სამების ამგების, კულტურის გადამრჩენის, ქველმოქმედის, თუნდაც ძლიერი ადამიანის ლიდერობის ან სხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ აქცენტებზე აპელირებით

არადა, სწორედ ეს არის დამღუპველი სახელმწიფოსთვის, როდესაც მმართველი გუნდის ქმედებები სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ, ერთი, თუნდაც მეტად დამსახურებული კაცის არგანაწყენებას. ამის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება როგორ უნდა მოხდეს? წარმოუდგენელია, რადგან ეს არ არის სამართლებრივი სივრცის ამოცანა და ამომრჩევლის გემოვნებასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ, რეკომენდაციების მე-5 მუხლის განხორციელება პირდაპირაა მიბმული დანარჩენი მუხლების შესრულებაზე - თუ სასამართლო, სამართალდამცავი სისტემა, ანტიკორუფციული სამსახურები დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან, იარსებებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მექანიზმი, ცხადია, პიროვნული გავლენები მინიმალური იქნება და ეს გავრცელდება ყველა მომდევნო ხელისუფლებაზეც.

- ფაქტია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებული საქართველოს საშინაო პოლიტიკის პრობლემებში.

ისიც ფაქტია, რომ ევროკომისიის მოთხოვნებში ნომერ პირველ პუნქტად ჩაწერილი - პოლარიზაციის შემცირება და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, შემთხვევით სულაც არ ყოფილა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკომისიის მოთხოვნა-რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების საკითხი, დიდი გამოწვევა იქნება როგორ ხელისუფლებისთვის, ისე მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, ვინც ახლა პარლამენტშია.

გაქვთ განცდა, რომ როგორც ევროკომისიის დასკვნაშია ნათქვამი, ხელისუფლება და ოპოზიცია დაიწყებენ პოლარიზაციის შემცირებას, და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისათვის ერთობლივად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას?

- მმართველი პარტიისთვის ამ პუნქტების შესრულება ხელისუფლების დათმობას ნიშნავს, ამასთან, როგორც მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, მას დასავლეთთან პროდუქტიული ურთიერთობის რესურსი ამოწურული აქვს, შესაბამისად, კონსენსუსი ამ თემაზე გაჭირდება, მაგრამ სწორედ აქ არის ოპოზიციის და პირველ რიგში საზოგადოების პასუხისმგებლობა.

სწორი ტაქტიკით უნდა მოხდეს ხელისუფლების იძულება, გადადგას სახელმწიფოსთვის აუცილებელი ნაბიჯები. გარკვეულ პირობებში, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, მხოლოდ ხელისუფლების დატოვება იყოს.

სწორი ტაქტიკით უნდა მოხდეს ხელისუფლების იძულება, გადადგას სახელმწიფოსთვის აუცილებელი ნაბიჯები. გარკვეულ პირობებში, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, მხოლოდ ხელისუფლების დატოვება იყოს

საბოლოო ჯამში, ახლა ის კი არ წყდება, ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი პროდასავლურია თუ პრორუსული, არამედ ის, არის თუ არა საქართველოს საზოგადოება ევროპული ღირებულებების მქონე თუ ის შინაგანად მაინც რუსულ მმართველობას ირჩევს - ერთი ლიდერისადმი უპირობო ნდობა და პოლიციურ-სპეცსამსახურის სახელმწიფო, სადაც ბიზნესი მუნდირიანზე პოზიციით დაბლა დგას.

- 20 ივნისს რუსთაველზე ოპოზიციის მიტინგია დაგეგმილი. თავიდან ითქვა, რომ 20 ივნისის აქცია მდუმარე იქნება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის, არა მგონია 20 ივნისის აქციამ მდუმარე რეჟიმში გაიმართოს.

17 ივლისის შემდეგ ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი სათქმელია სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები 20 ივნისის აქციაზე და მოქმედების რა გზას აირჩევს ოპოზიცია, რომელსაც მმართველი გუნდი ხან კრიმინალებს ეძახის, ხან რადიკალურ ოპოზიციას?

- ქვეყანა იმდენად ღრმა კრიზისშია, რომ მყისიერი გაუმჯობესება რთულად წარმოსადგენია: სრულად არის მოშლილი ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკურ პარტიას ემსახურება და სრულიად არაანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, არჩევნები არჩევნების დღემდე ყალბდება, უფრო სწორად, მისი მიტაცება ხდება პროპაგანდით, მოსყიდვით, ყალბი აქცენტების დასმით ან ცრუ ღირებულებებით მანიპულირებით, საჯარო სექტორის პარტიულ ლოიალობას უამრავი ფაქტორი და მექანიზმი განაპირობებს.

ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რთულია კანონის ფარგლებში დარჩენა, თუმცა, საჭიროა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება არსებული ბერკეტების გათვალისწინებით, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს და მის ყოფნას გაახანგრძლივებს.

სჯობს, ოპოზიციამ ხალხის ფართო მასების თუნდაც თემატური მხარდაჭერა მოიპოვოს - ევროპული მომავალი სწორედ საერთო-სახალხო არჩევანია, რასაც მოქალაქეთა სხვადასხვა ფენისა თუ ჯგუფის გაერთიანება შეუძლია, რაც ძალადობის ალბათობას შეამცირებს და ხელისუფლების გადაბარების პროცესს შეუქცევადს გახდის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს