სერგი კაპანაძე - საქართველომ შანსი „გამაზა“ - არ მგონია, რომ ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს

ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის განცხადებით, უკრაინამ და მოლდოვამ გამოიყენა შესაძლებლობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველომ კი ეს შანსი „გამაზა“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ევროკავშირმა რუსეთის აგრესიას გეოპოლიტიკურად უპასუხა.

„საქმე არის მარტივად, მთელი პროცესი დაიძრა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო. ეს იყო ევროკავშირის გეოპოლიტიკური პასუხი რუსეთის აგრესიაზე. ამ ხნის განმავლობაში, ამ ტრიოს გამოკვეთას, როგორც ცალკეული ერთეულის, როგორც წინა, ამავე ხელისუფლების დროს იმიტომ ცდილობდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ეს რეგიონი ერთად ყოფილიყო. თუ ეს დაშლილია, ნაკლები შანსი გვაქვს ცალ-ცალკე წინ სვლის.

ეს იყო ამ ტრიოს შექმნის არსი, ეს შესაძლებლობა მთელმა რეგიონმა უკრაინისგან მიიღო, უბრალოდ, ამ მთელი რეგიონიდან ორმა გამოიყენა და ჩვენ ვერ. „მოლდოვა ომში ჩართული სახელმწიფოს მეზობელიაო“ - ეს რაიმე ახალი სტატუსია?! ან ხარ ომში, ან - არა. ჩვენც ვართ უკრაინის მოსაზღვრე ზღვით, რა განსხვავებაა მოლდოვასა და უკრაინას, ასევე საქართველოს და უკრაინის მოსაზღვრეობას შორის?! მოლდოვა უკრაინის საგარეო პოლიტიკურ ვერტიკალში რომელ ადგილზე იყო, ჩვენ ვიყავით თავში. სლენგზე, რომ ვთქვათ, ჩვენ „გავმაზეთ“ ეს შესაძლებლობა“,- აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, პოლიტიკურმა სპექტრმა „ქართული ოცნება“ უნდა აიძულოს, რომ რაც ევროკომისიამ დაწერა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუკეთესო ინტერპრეტაციით შეასრულოს.

„არ მგონია, რომ ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს. ყველა ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების გასამტკიცებლად გამოიყენებს. არ მჯერა, რომ ამ ადამიანებს რაიმე ძალა შესწევთ, ივანიშვილს შეეწინააღმდეგონ.

ჩემი აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრის ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, რაც ევროკომისიამ დაწერა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუკეთესო ინტერპრეტაციით შეასრულოს. მათი ინტერპრეტაციით თუ შესრულდა, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაშინ გამოვა, რომ „ფორმულა“ უნდა დახურონ, რადგან ოლიგარქის არის და „ლელო“ უნდა გააუქმონ, რადგან ოლიგარქის არის. ეს ინტერპრეტაცია კატასტროფაა. უნდა ვაიძულოთ, რომ ეს გააკეთოს, რაც მალე, მით უკეთესი. ვემხრობი ნებისმიერ პროტესტს, გამწვავებას, ოღონდ კონსტიტუციის ფარგლებში. უნდა ვაიძულოთ, რომ ეს გააკეთოს, რაც მალე მით უკეთესი“, - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

გარდა ამისა, მან პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გადადგას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოვთხოვოთ ოპოზიციას შემხვედრი ნაბიჯი.

„უნდა გვესმოდეს, ვინ არის პოლარიზაციის მთავარი სუბიექტი და ობიექტი. აქ არის ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციას იჭერს, არბევს, მედიას ხურავს. რაც ელენე ხოშტარიას თავს ხდება, ჩემი აზრით, პროპაგანდისტული, სამარცხვინო ნიაღვარის მაგალითია. ეს არის ხელისუფლების ქმედებები, მთელი რესურსი მათ ხელშია. დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი პირველ რიგში, ჯერ ხელისუფლებამ უნდა გადადგას, ამის შემდეგ შეიძლება მოვთხოვოთ ოპოზიციას შემხვედრი ნაბიჯი“, - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო