დევიდ კრამერი - ჩვენ ბრალს გვდებენ „ნაციონალური მოძრაობის” მიმხრობაში, ეს სასაცილოა, მე არავის მხარეს არ ვარ - მაშფოთებს პრემიერ  ღარიბაშვილის როლი, რომელსაც ის ამ ყველაფერში თამაშობს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი ტელეკომპანია “პალიტრანიუსისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.

როგორც კრამერი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოს მიმართ მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია სწორია. კრამერი იმედოვნებს, რომ რეზოლუციის მიღების შემდეგ, მთავრობა უფრო კონსტრუქციული იქნება და აღიარებს, რომ ეს საქართველოს დასასჯელად არ კეთდება.

„ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. რეზოლუცია ეწინააღმდეგება კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის მიმართულებაზე“, - აღნიშნავს კრამერი.

ამასთან, კრამერი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ართმევს თავს, მთავრობის განცხადებები და ქმედებები კი სხვა მიმართულებით მიდის.

„ჩვენ ვნახეთ ბატონი ნიკა გვარამიას დაკავება. ამას ემატება სააკაშვილის დაკავება, იმ ადამიანების გრძელი სია, რომლებიც, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნეები არიან. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ეს და უნდა დაიწყოს უფრო გონივრული მიმართულებით სვლა, დადგეს უკრაინისა და სხვა ქვეყნების გვერდით. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ის ვერ შეუერთდება სანქციებს რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, მე არ გავაკრიტიკებ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აკრიტიკო უკრაინის მთავრობა და დაიძაბოს ურთიერთობა იმ დონემდე, რომ უკრაინამ ელჩი გაიწვიოს, ეს არ არის კარგი.

ახლა არ უნდა მიდიოდეს დებატები, შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს. რუსეთი ეს არის აგრესორი სახელმწიფო - დამნაშავე, უკრაინა კი მსხვერპლი. საქართველოს მთავრობამ ეს კარგად უნდა გაიაზროს. მე ასევე მაშფოთებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის როლი, რომელსაც ის თამაშობს ამ ყველაფერში“, - განაცხადა კრამერმა.

მისივე თქმით, სურს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრიც და ნატო-ს წევრიც, „თუმცა მთავრობის ამჟამინდელი მიმართულება ამ ყველაფერს არ ემთხვევა“.

“როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაარღვია შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პატარა პარტიები, ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობაზე კარგად არ ასახულა და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე თავდასხმები, სააკაშვილისადმი მოპყრობა... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რატომ გადავიდა საქართველო ასოცირებული ტრიოს სათავიდან ბოლოში“, - განაცხადა კრამერმა.

ამასთან, დევიდ კრამერის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი კურსი, სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის გზას სცდება.

“მე პატივს ვცემ საქართველოს, ქართველ ხალხს, კულტურას, ისტორიას, კულინარიას. ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა, მეგობრული ხალხით, მაგრამ მთავრობა არასწორი მიმართულებით მიდის. საქართველოს მდგომარეობა ამჟამინდელი მმართველობის ფარგლებში მაშფოთებს. მე არ ვარ ენმ-ს და არც სხვა პარტიების გულშემატკივარი და დამცველი. რაც მაშფოთებს არის პოლიტიკური კურსი, რომლითაც ქვეყანა მიემართება. „ქართული ოცნებიდან“ ჩვენ გვკიცხავენ და ბრალს გვდებენ „ნაციონალური მოძრაობის” მიმხრობაში. ეს ყველაფერი სასაცილოა. მე ვაკრიტიკებდი ენმ-ს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. მე არავის მხარეს ვარ. მე მსურს ქვეყანა ვიხილო კარგი მმართველობის ქვეშ, უფრო დასავლური ორიენტაციით, პრესის თავისუფლების პატივისცემით, უმცირესობათა უფლებების დაცვით, იმის გააზრებით, რომ მომავალი დაკავშირებულია არა მოსკოვთან, არამედ დასავლეთთან.

მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია და რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მთავრობა მდგომარეობას გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებს“, - განაცხადა კრამერმა ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს