რან გიდორი - მე ვფიქრობ, რომ საქართველო წარმოადგენს მაგალითს მრავალი სხვა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ამ რეგიონში, თუ რისი მიღწევა შეიძლება პლურალისტურ საზოგადოებაში

ისრაელსა და ირანს შორის არსებული მზარდი დაძაბულობა, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, ისრაელის მიდგომა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ქრისტიანთა შევიწროების ფაქტები წმინდა მიწაზე, საქართველო-ისრაელის ურთიერთობები დიპლომატიური კავშირების დამყარების 30 წლისთავზე, ამ და სხვა საკითხების შესახებ საქართველოში ორწელიწადნახევრიანი დიპლომატიური მისიის დასასრულს, „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ისაუბრა.

- ბატონო ელჩო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის! ისრაელსა და ირანს შორის არსებული მზარდი დაძაბულობით მსურს დავიწყოთ საუბარი. თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა თურქეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დატოვონ ქვეყანა, რადგან საფრთხე არსებობს, რომ ირანელი აგენტები სტამბოლში აქტიურად გეგმავენ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეებზე. აღნიშნული იმ ფონზე ხდება, როცა თეირანი ეჭვობს, რომ ისრაელმა ორი ირანელი მეცნიერი მოკლა. რამდენიმე დღის წინ, თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის წარმოებასთან სახიფათოდ ახლოსაა. ნაფტალი ბენეტმა დასავლეთს მოუწოდა, შეუერთდეს ისრაელს და ზეწოლა გააძლიეროს ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

როგორც ვიცით, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ბოლო თვეებში შეჩერდა.

ამ თვის დასაწყისში ისრაელის არმიამ კი, ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმის მოსამზადებლად, ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა. არსებობს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების შესაძლებლობა? როგორაა შესაძლებელი ირანთან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება?

- მნიშვნელოვანია საკუთარ თავებს შევახსენოთ, რომ ირანი არ არის ისრაელის ექსკლუზიური პრობლემა. ირანი ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების პრობლემაა. გავიხსენოთ რა მოხდა 1979 წელს, როდესაც ირანელთა ბრბო, თეირანში, აშშ-ს საელჩოს თავს დაესხა და ამერიკელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები ერთ წელზე მეტხანს მძევლად აიყვანეს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ პერიოდულად ხდება შეტაკებები ირანსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას შორის. მთელ ახლო აღმოსავლეთში, არიან ქვეყნები, არა მხოლოდ ისრაელი - ებრაული სახელმწიფო, არამედ მუსლიმური სახელმწიფოები - ზომიერი და სუნიტური ქვეყნები, რომლებიც აბსოლუტურად შეძრწუნებულნი არიან ირანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვების პერსპექტივით. ასე რომ, შემთხვევითობა არაა, რომ ისრაელი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენს თანამოაზრე მეზობლებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე და სხვები, რათა ახლო აღმოსავლეთში ჩამოაყალიბოს მშვიდობისმოყვარე ზომიერი ქვეყნების ერთგვარი ღერძი ირანის საფრთხესთან გასამკლავებლად. ახლა რა არის ირანიდან მომდინარე საფრთხე? ირანის საფრთხე ორმხრივია. პირველ რიგში, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ბირთვული საფრთხე, ირანი 30 წელზე მეტია ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA). ფაქტობრივად, ცოტა ხნის წინ, IAEA-ს დირექტორმაც იგივე გაიმეორა. ის არ არის ებრაელი დიპლომატი. ის საერთაშორისო დიპლომატია და გაეროს პატივსაცემი სააგენტოს ხელმძღვანელი გახლავთ. მან თქვა, რომ ირანმა ვერ მიაწოდა სანდო ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომაა რადიოაქტიური მასალის კვალი ირანის სხვადასხვა ადგილებში. ეს მხოლოდ უახლესი მაგალითია. ირანი, ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად, გამუდმებით ცდილობს შენიღბოს და დამალოს თავისი ოპერაციები. ქვეყნისთვის, რომელიც, ჯერ ერთი, დიქტატურაა და მეორეც, ექსტრემისტული რელიგიური ხელისუფლების მიერ კონტროლდება, უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთ რეჟიმს ხელში მასობრივი განადგურების იარაღი ჩაუვარდეს. მეორე საფრთხე, რომელსაც ირანი წარმოადგენს, არის ტერორიზმი. ირანი ტერორიზმის ნომერ პირველი ექსპორტიორია მსოფლიოში. თქვენ ხედავთ ჰეზბოლას, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების მიერ აღიარებულია, როგორც ლიბანში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია. ირანი ასევე მხარს უჭერს ჰუსიტების დაჯგუფებას იემენში. ირანი მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს სირიაში, ერაყში და ბევრ სხვა ქვეყანაში. მინდა ჩვენს ქართველ მეგობრებსა და აუდიტორიას შევახსენო, რომ თბილისში, ზუსტად ათი წლის წინ, 2012 წელს, ირანელებმა ჩემი ერთ-ერთი წინამორბედის, ისრაელის ელჩის თბილისში მოკვლა სცადეს. მათ ელჩის მანქანის ქვეშ ბომბი მოათავსეს. იმავე წელს ირანელებმა ისრაელის დიპლომატებისთვის ზიანის მიყენება სცადეს ნიუ-დელიში, მუმბაიში, ბაქოში, ბანგკოკში და ბევრ სხვა ადგილას. ბოდიშს გიხდით, ეს ძალიან გრძელი პასუხი იყო თქვენს კითხვაზე, მაგრამ მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მსოფლიოს ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყანა საჭიროა ირანის გამო შეშფოთდნენ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ექსკლუზიური საწუხარი ისრაელში.

- ისრაელში უკრაინის ელჩმა თქვენი ქვეყანა გააკრიტიკა იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ მინიმალური თავდაცვითი დახმარების გაწევასა და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციაზე უარი განაცხადეთ. მან მადლობა გადაუხადა ისრაელის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მსოფლიოს სხვა დემოკრატიების მსგავსად „სწორ მხარეს“ შეუერთდეს. უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობის ქმედებები არ ემთხვევა მის რიტორიკას.

მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, ისრაელის პოლიტიკა ამ ომთან დაკავშირებით, მართლაც აშკარად ძალიან განსხვავდება აშშ-სა და ევროპის ბევრი ქვეყნის პოლიტიკისგან, რომლებმაც კიევს ლეტალური იარაღი მიაწოდეს. მსურს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მარტში, ქნესეთში წარმოთქმული სიტყვები შეგახსენოთ: „უკრაინელებმა არჩევანი 80 წლის წინ გააკეთეს, როცა ებრაელები გადაარჩინეს. და ამიტომ ჩვენ შორის არიან მართალნი მსოფლიოს ერებს შორის. ისრაელის ხალხო! ახლა თქვენც გაქვთ არჩევანი“. შეგიძლიათ უკეთ აგვიხსნათ, ისრაელის მიდგომა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით? რატომ აცხადებთ უარს ოფიციალური კიევისთვის თავდაცვითი შეიარაღების გაგზავნაზე? რუსეთთან კრიზისის გამოწვევას უფრთხით? ეხმარებით თუ არა უკრაინას შეძლებისდაგვარად?

- უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ ბოლო შეკითხვა, რომელიც თქვენ დასვით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მიესადაგება, ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს, რაც შეგვიძლია? ყოველთვის არის რაღაც მეტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. თუნდაც იმ მდიდარ, დიდ ზესახელმწიფოებს, როგორიცაა შეერთებული შტატები, რომელიც ბევრს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ყოველთვის ცოტა უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ. ასე რომ, დიახ, ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ბევრად მეტი. ისრაელის მთავრობამ, პირველ რიგში ჩემმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაგმო რუსეთის აგრესიული შეჭრა უკრაინაში. ჩვენ არ გვეშინია ჩვენი სიტყვა დავაფიქსიროთ საჯარო განცხადებებში. რუსეთი არის აგრესორი და ეს არის კრიმინალური ოპერაცია, დანაშაულებრივი შეჭრა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ამგვარი მოპყრობის გასამართლებლად. ახლა, რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საველე ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყო უკრაინის შიგნით. უკვე ომის მეორე თვეს, ჩვენ გავგზავნეთ მთელი საველე ჰოსპიტალი, რომელიც სრულად იყო აღჭურვილი ისრაელელი ექიმებით, ქირურგებითა და ექთნებით უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირებისთვის. მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანას ეს არ გაუკეთებია. ჩვენ უკრაინას ასევე ვუგზავნით უამრავ სხვა აღჭურვილობას, მათ შორის ზოგიერთი მათგანი, შეიძლება თავდაცვითად შეფასდეს. ეს არ არის თავდაცვითი იარაღი, ეს არის თავდაცვითი აღჭურვილობა.

ეს არ არის საიდუმლო და ჩვენმა პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ დელიკატური ბალანსი შენარჩუნება გვიწევს. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში. როგორც ებრაული სახელმწიფო, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ჩვენი ძმებისა და დების, რუსი და უკრაინელი ებრაელების კეთილდღეობაზე. იმისათვის, რომ ეს შევძლოთ, ორივე მთავრობასთან კარგი ურთიერთობა გვჭირდება. ომის დაწყების დღიდან, ათასობით რუსი და უკრაინელი ებრაელი უკვე ჩავიდა ისრაელში და მოითხოვეს ისრაელის მოქალაქეობა. მეორე მიზეზი თქვენს წინა კითხვას ეხება. სირიაში ბოლო ათწლეულის მანძილზე მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, სამი ქვეყანა ჩაერთო იმაში, რაც სირიაში ხდება - თურქეთი, ირანი და რუსეთი. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ სირიაში არსებული ვითარებით, რადგან სირია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მტერია მას შემდეგ, რაც 1948 წელს ისრაელი შეიქმნა. ვინაიდან რუსეთის საჰაერო ძალები სირიის საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ, ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთს ვესაზღვრებით. ჩვენი ჩრდილოეთი საზღვარი - ისრაელ-სირიის საზღვარი, დე-ფაქტოდ ისრაელი-რუსეთის საზღვარია. ირანი ცდილობს გამოიყენოს სირიის საჰაერო სივრცე, რათა კონტრაბანდულად თანამედროვე იარაღი გადაიტანოს ლიბანში ჰეზბოლას დასახმარებლად, რომელიც საერთაშორისო სიაში შეტანილი ტერორისტული ორგანიზაციაა. ამიტომ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ეფექტურად ვიმოქმედოთ სირიაში, განსაკუთრებით სირიის საჰაერო სივრცეში, რათა შევაჩეროთ ირანელების მიერ ლიბანში, ჰეზბოლასთვის იარაღის გადაცემა, რაც საფრთხეს შეუქმნის ისრაელის მოსახლეობას. სწორედ ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ რაღაც დელიკატური ბალანსი.

მიუხედავად ამისა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც მოსკოვსა და კიევში ჩავიდა ორ ლიდერს შორის საშუამავლოდ. მას შემდეგ ჩვენი პრემიერ-მინისტრი განაგრძობს შუამავლობას. ცოტა ხნის წინ, ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიმყოფებოდი და ამ შეხვედრაზე ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა პრემიერ ღარიბაშვილს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდით შუამავლობის, უკრაინის ხელშესახები მხარდაჭერისა და საერთაშორისო სასანქციო რეჟიმთან შეერთების კუთხით. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ საჯაროდ არ შეგვიძლია ამის განხილვა, რადგან ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და შესაძლოა სასამართლოში დავის საკითხი გახდეს. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ თქვენი აუდიტორია დამიჯერებს, რომ ეს არ არის უბრალოდ „დიპლომატიური“ პასუხი. მე ვიცი, რაზეც ვსაუბრობ, ისრაელი ბევრს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, ისევე როგორც, სანქციების კუთხით, მაგრამ ეს არ არის ის, რისი განხილვაც საჯაროდ შეგვიძლია მედიასთან.

- ახლა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს შევეხოთ, რომელიც სამწუხაროდ, დაუსრულებლად გრძელდება. ამას წინათ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2021 წლის ღაზის ომის შემდეგ შექმნილმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გააკეთოს მეტი, ვიდრე იმ მიწის ოკუპაციის დასრულებაა, რომელიც პალესტინელებს საკუთარი სახელმწიფოსთვის სურთ. მასში მოყვანილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ისრაელს „ოკუპაციის დასრულების არავითარი განზრახვა არ აქვს“ და „სრულ კონტროლს“ ახორციელებს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმზე. ანგარიში თქვენს ქვეყანას არაბი უმცირესობისთვის „სხვადასხვა სამოქალაქო სტატუსის, უფლებებისა და სამართლებრივი დაცვის“ მინიჭებაში ადანაშაულებს. მანამდე, ტორ ვენესლანდმა, რომელიც გაეროს მაღალჩინოსანია, დაგმო ისრაელი ებრაული დასახლებების, პალესტინელების გამოსახლებისა და მათ საკუთრებაში არსებული ობიექტების ნგრევის განგრძობადობის გამო, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. გარდა ამისა, 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ თქვენი ქვეყანა პალესტინელებისადმი აპარტეიდში დაადანაშაულა, რომელიც „სეგრეგაციის, საკუთრების უფლების ჩამორთმევასა და გამორიცხვის“ პოლიტიკაზეა დაფუძნებული, რაც მისი თქმით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ტოლფასია. რა კომენტარს გააკეთებდით ამ ყველაფერზე?

- ძალიან რთულია მოკლე პასუხის გაცემა ბრალდებების ამხელა სიაზე. რაც შემიძლია ვთქვა არის შემდეგი: ჯერ ერთი, ჟენევაში ბაზირებული გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ანეკდოტია. ეს არ არის სერიოზული ორგანიზაცია. ლიბია რამდენიმე წლის წინ ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარეობდა. წარმოიდგინეთ, ლიბია, კადაფის დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი და სასტიკი მკვლელი რეჟიმი, ადამიანის უფლებათა საბჭოს ჟენევაში თავმჯდომარეობდა. თუ დააკვირდებით, ვინ არიან ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები, დაინახავთ, რომ ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს არღვევენ და ისრაელს, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიას, განსჯიან. არ მინდა ბევრი დრო დაგაკარგვინოთ, მაგრამ ნებისმიერს, ვინც ამ ინტერვიუს ეცნობა, ვურჩევ ამ ქვეყნების სიას გადახედოს. ყველა მათგანზე არ ვსაუბრობ, ადამიანის უფლებათა საბჭოში, აგრეთვე ზოგიერთი პატივსაცემი დასავლური დემოკრატიაცაა წარმოდგენილი. მაგრამ თქვენი აუდიტორია ისურვებდა იმ ქვეყნების უმეტესობაში წასვლას და ცხოვრებას, რომლებიც ისრაელს ადანაშაულებენ? თუ ისრაელში, ადამიანის უფლებების სავარაუდოდ დამრღვევ ქვეყანაში, იცხოვრებდნენ და იგრძნობდნენ უფრო დაცულად თავს?

კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის, 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე, დიდი ხნით ადრე დაიწყო. სამწუხაროდ, სამშვიდობო პროცესი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა, ჩავარდა. მთავარი პრობლემა არ არის ებრაული დასახლებები და არც რაიმე სახის ქმედება, რასაც ისრაელის მთავრობა ან ისრაელის არმია ახორციელებს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენსა და პალესტინელებს შორის ნდობის სრული ნაკლებობაა. 100 წელზე მეტხნიანი კონფლიქტის შემდეგ, ჩვენ არ ვენდობით ერთმანეთს და არ ვესაუბრებით ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ადგილზე ვითარება, სტატუს კვო, როგორც არის ისევე გრძელდება. თუმცა, სოციოლოგიური გამოკითხვები არაერთხელ, თანმიმდევრულად ადასტურებს, რომ ისრაელის საზოგადოების დიდი უმრავლესობა პალესტინელებთან კომპრომისის მიღწევით არის დაინტერესებული. ასე არ არის, რომ ჩვენ დილით ვიღვიძებთ და ვფიქრობთ, როგორ გავუმწაროთ დღეს მილიონობით პალესტინელს ცხოვრება. ეს ასე არ არის. ვითარება არასოდესაა შავ-თეთრი. ის ნაცრისფერია. თუ ისრაელი დამნაშავე იყო იმ ყველაფერში, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მაშინ როგორ ხდება, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიებთან, იგივე დემოკრატიებთან, რომლებიც არ ერიდებიან სხვა ქვეყნების კრიტიკას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ზოგჯერ ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ. ყველა ქვეყანა იმსახურებს გარკვეულ კრიტიკას. არც ერთი ქვეყანა არ არის სრულყოფილი. მაგრამ თუ ისრაელი, თუნდაც თქვენს მიერ ჩამოთვლილის 5%-შია დამნაშავე, მაშინ შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი მჭიდრო, ახლო ურთიერთობა აშშ-სთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან, კანადასთან და სხვა მრავალ ქვეყანასთან. ახლა დავუბრუნდეთ ჟენევის ადამიანის უფლებათა საბჭოს. თუნდაც რომ უგულებელყოთ იმ ქვეყნების სია, რომლებმაც ისრაელი დაადანაშაულეს, თუ დააკვირდებით ვინ დაწერა თქვენს მიერ ნახსენები ანგარიში - ესაა საგამოძიებო კომისია, რომელშიც ადამიანის უფლებათა საბჭომ ის საერთაშორისო იურისტები და აკადემიკოსები შეარჩია, რომლებიც წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ ისრაელს. მათ გამოქვეყნებული აქვთ წიგნები და სტატიები, რომლებშიც აკრიტიკებდნენ ისრაელს. ასე რომ, ჟენევის ადამიანის უფლებათა საბჭომ შეარჩია არა ნეიტრალური ან ობიექტური პირები, არამედ ადამიანები, რომლებიც უკვე ცნობილნი არიან ისრაელის კრიტიკით და ისინი მხოლოდ პალესტინის თვალსაზრისს ხედავენ. ეს რომ სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე იყოს, ჩაითვლებოდა თუ არა ეს სამართლიან სასამართლო პროცესად? არა, ასე არ მგონია. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუდმივი დღის წესრიგი. დღის წესრიგში ათეულობით საკითხია. ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა საბჭო არწმუნებს პლენარულ სხდომას და ისინი მართავენ განხილვებს ამ ფიქსირებული მუდმივი დღის წესრიგის პუნქტების მიხედვით. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანაა პირდაპირ ჩასმული ამ დღის წესრიგში და ეს ისრაელია. ეს დღის წესრიგის მეშვიდე პუნქტია. არ არსებობს დღის წესრიგის პუნქტი აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე ან მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების განსახილველად, იმ საშინელი სისასტიკის განსახილველად, რომელიც სირიაში, აფრიკაში, ერაყში, ლიბანში, იემენში მიმდინარეობს. არა, მხოლოდ ისრაელს აქვს თავისი პირადი დღის წესრიგის მეშვიდე პუნქტი, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან არადემოკრატიული ქვეყნები და სიბინძურეებს ისვრიან ისრაელის მიმართულებით. ერთი წუთითაც არ ვამბობ, რომ სრულყოფილები ვართ. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი თანაცხოვრება პალესტინელებთან უფრო ჰუმანური გავხადოთ და ჩვენ ვითვალისწინებთ უამრავ კრიტიკას, რომელიც ჩვენ მოგვემართება. თუმცა, ადამიანის უფლებათა საბჭო ჟენევაში შორს არის ობიექტური, სამართლიანი განსჯისა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტებისგან, რასაც დასავლური დემოკრატია მოითხოვს და მოელის.

- თქვენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო „ანეკდოტად“ მოიხსენიეთ. მაგრამ რას მეტყვით „ამნესტი ინტერნეიშენალზე“, რომელსაც ასევე სერიოზული ბრალდებები აქვს თქვენი ქვეყნის მისამართით? ალბათ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეს ორგანიზაცია ასეთი დონის კრიტიკას აჟღერებს ისრაელის წინააღმდეგ. „ამნესტი ინტერნეიშენალისაც“ „ანეკდოტად“ მოიხსენიებთ? როგორ შეაფასებთ ამ ორგანიზაციას და მის საქმიანობას?

- დიდ პატივს ვცემ „ამნესტი ინტერნეიშენალს“ და იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში აკეთებს. თუმცა, ის კონკრეტული ანგარიში, რომელიც თქვენ ახსენეთ, გამოქვეყნდა „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ერთ-ერთი ოფისის მიერ. კიდევ ერთხელ თუ გადახედავთ ამ კონკრეტული ოფისში მომუშავეების წინა პუბლიკაციებს, ნახავთ, რომ წლების განმავლობაში, ისინი ცალმხრივად უყურებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ძალიან რთულ ვითარებას. ახლა თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ დასავლური დემოკრატიის, ლიბერალური დემოკრატიის დადანაშაულება აპარტეიდად ყოფნაში, ეს უპრეცედენტოა. რა მოხდა მას შემდეგ, რაც ეს ანგარიში გამოქვეყნდა რამდენიმე თვის წინ? შეერთებული შტატების მთავრობამ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, საქართველოს მთავრობამ, საფრანგეთის მთავრობამ თუ გერმანიის მთავრობამ- რომელიმე მათგანმა თქვა, ნახეთ „ამნესტი“ რას ამბობსო? არცერთმა ქვეყანამ, რომელსაც ჩვენ ყველანი, როგორც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საყრდენად ვუყურებთ, არ მიუღია ეს ანგარიში სერიოზულად, რადგან ის ხარვეზებითაა სავსე. ახლა, რაც შეეხება აპარტეიდს, ისრაელში თითქმის 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის მეოთხედი, თითქმის 25% არის ისრაელელი არაბი.

27 წელია დიპლომატი ვარ. ბევრი ჩემი კოლეგა - ისრაელის ელჩები არაბები არიან. პარლამენტში არაბები გვყავს. გვყავს არაბი მოსამართლეები. ჩვენ გვყავს არაბი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. ეს აპარტეიდის სახელმწიფოა? ჩემთვის შოკისმომგვრელია იმის გაცნობიერება, რომ პატივცემული საერთაშორისო ორგანიზაცია კარგავს თავის სანდოობას ასეთი აღმაშფოთებელი ბრალდებების გამო.

- ცამეტი ქრისტიანი პატრიარქი და იერუსალიმის ეკლესიების მეთაურები, მათ შორის იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილოს მესამე, რადიკალურ ებრაულ ჯგუფებს ადანაშაულებენ, რომ ისინი ქრისტიანების ყოფნას საფრთხეს უქმნიან. რელიგიური ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისრაელის მთავრობის მიერ ქრისტიანთა უსაფრთხოებისა და რელიგიური თავისუფლების დაცვაზე გაცხადებულ ვალდებულებას ისრაელელმა პოლიტიკოსებმა, სამართალდამცავმა ორგანოებმა და ოფიციალურმა პირებმა უღალატეს, რადგან ისინი უარს ამბობენ რადიკალური დაჯგუფებების მიერ ქრისტიანთა მისამართით „დამაშინებელი“ ქმედებების ალაგმვაზე. ეკლესიათა მეთაურების თქმით, რადიკალური ჯგუფები წმინდა ადგილებს ბღალავენ და აზიანებენ. ორი თვის წინ, „ღრმად შეშფოთებული“ ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იერუსალიმში ქრისტიანულ თემზე განხორციელებული თავდასხმების გაზრდილი რაოდენობის შესახებ გააფრთხილა და მას ისრაელთან მუშობისკენ მოუწოდა, რათა მას რელიგიის თავისუფლებისადმი გაცხადებული ვალდებულების შესრულებაში დაეხმაროს. რამდენად იცავს ისრაელი რელიგიის თავისუფლებას? ადასტურებთ თუ არა ეკლესიათა ლიდერების იმ განცხადებებს, რომლის თანახმადაც ქრისტიანთა იერუსალიმიდან განდევნის სისტემატურ მცდელობებს აქვს ადგილი?

-სამწუხაროდ, ისრაელს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ექსტრემისტები ჰყავს. ჩვენ გვყავს ექსტრემისტები. ჩვენ გვყავს რასისტები და ქსენოფობიები. ვის არ ჰყავს? საქართველოს უამრავი მათგანი ჰყავს. ქრისტიანული ეკლესიებისა და მუსლიმური მეჩეთების წინააღმდეგ იყო ვანდალიზმის შემთხვევები. ამ საქმეებს პოლიცია იძიებს და მე ამ შემთხვევებს არ უარვყოფ. მათზე მიმდინარეობს გამოძიება. პირებს ბრალი აქვთ წაყენებული და ხალხი ციხეში წავიდა ამის გამო. ასე რომ, ეს არ არის სახელმწიფოს მხრიდან ამ დანაშაულების დაფარვის მცდელობა. კიდევ ერთხელ, არ მინდა ვიფიქრო, რომ სრულყოფილები ვართ. კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, როგორც განათლების, ასევე სამართალდამცავი კუთხით. მაგრამ იმის მტკიცება, რომ არსებობს სისტემატური კამპანია, რათა განდევნონ ქრისტიანები წმინდა ქალაქ იერუსალიმის წმინდა მიწიდან, აბსოლუტურად აბსურდია. საქართველოში ათიათასობით, შესაძლოა ასობით ათასი ქართველია, ვინც ჩემს ქვეყანაში, ისრაელში მომლოცველად იმოგზაურა.

ზოგიერთი მათგანი მაღალჩინოსანია. მე შევხვდი მაღალი რანგის პოლიტიკოსებს საქართველოში, როგორც ამ ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. საპატრიარქოს იერარქებსა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც ისრაელში, იერუსალიმის წმინდა ადგილების მოსანახულებლად გაემგზავრნენ და არცერთ მათგანს არ დაუჩივლია რაიმე სახის დევნასა თუ ვანდალიზმს ან რაიმე სახის მცდელობის თაობაზე შეზღუდულიყო ან აღკვეთილიყო იერუსალიმში ქრისტიანული ღვთისმსახურება. ასე რომ, რასაც მე არ ვეთანხმები თქვენს კითხვაში არის სიტყვა „სისტემური“.

დიახ, ასეთი რამ საქართველოშიც მომხდარა. სამწუხაროდ, იყო ანტისემიტიზმის შემთხვევები. მაგრამ ამას არავინ ამბობს, რომ საქართველოში სისტემატური, კარგად ორგანიზებული ანტისემიტური კამპანია არსებობს ამ ქვეყნიდან ებრაელების განდევნის მიზნით. ეს აბსურდი იქნებოდა.

- დაზუსტებისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სიტყვასისტემურიმე არ მეკუთვნის, ეს არის სიტყვა, რომელსაც ქრისტიანული ეკლესიების ლიდერები იყენებენ. თქვენ დასძინეთ, რომ ამ რადიკალური ჯგუფის პასუხისგებაში მიცემა ხდება ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაგრამ ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიული ჯგუფის წერილში ნათლადაა ნათქვამი, რომ „რადიკალური ჯგუფების ქმედებები, რომლებსაც დაუსჯელად მოქმედება შეუძლიათ, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქრისტიანული თემის რელიგიურ თავისუფლებას იერუსალიმში”. ნამდვილად ადასტურებთ, რომ ასეთი რადიკალების მიმართ დაუსჯელობას არ აქვს ადგილი, რადგან ამერიკელი კანონმდებლების განცხადება სულ სხვა რამეს ამტკიცებს?

- იცით, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ორივე პალატას, კონგრესს და სენატს. ამერიკა ჩვენი უდიდესი მოკავშირე ყოველთვის იყო და არის. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ კრიტიკას. როგორც უკვე ვთქვი, იყო ვანდალიზმისა და ექსტრემიზმის შემთხვევები. მე ამას არ უარვყოფ, მაგრამ ასეთი კრიტიკა, რომელსაც თქვენ ციტირებთ ორპარტიული ჯგუფის განცხადებიდან, ვფიქრობ, გაზვიადებულია. ვანდალიზმის შემთხვევები დაუსჯელი რომ ყოფილიყო, ამდენ დამნაშავეს ციხეში ვერ ვნახავდით. არ აქვს მნიშვნელობა ჩემი ნათქვამის გჯერათ თუ ორპარტიული ჯგუფების. ეს ემპირიული ფაქტია. თქვენ მხოლოდ უნდა „დაგუგლოთ“ და ნახოთ რამდენი მათგანი აღმოჩნდა ციხეში. ასე რომ, ნათელია, რომ ამგვარი დანაშაულების მიმართ ადგილი აქვს ნულოვან ტოლერანტობას და დაუსჯელი არასდროს რჩება. კიდევ ერთხელ ვკითხავ, რომელიმე თქვენს მაყურებელს თუ მკითხველს, თუ მან არჩევანი უნდა გააკეთოს ახლო აღმოსავლეთის რომელ ქვეყანაში წავა, რათა თავისი ქრისტიანული, იეზიდური, მუსლიმური რწმენით თავისუფლად მოილოცოს, რომელ ქვეყანას აირჩევდით - საუდის არაბეთს, ლიბანს, სირიას ერაყის, იემენს თუ ისრაელს?! ისრაელი, მიუხედავად ყველა მისი ნაკლოვანებებისა, მაინც ერთადერთი ტოლერანტული, მრავალმხრივი დემოკრატიაა ახლო აღმოსავლეთში.

- ამ თვეში საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. როგორ შეაფასებთ ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ კავშირებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით? რომელ სფეროში ხედავთ თანამშრომლობის გაღრმავების ყველაზე დიდ შანსებს?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ რეალურად, ეს ყველაზე რთული კითხვაა, რაც აქამდე დამისვით, რადგან 27 წელია დიპლომატი ვარ და რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ხელშეწყობისთვის, მით უფრო მაინტერესებს რა არის კარგი ან ცუდი ურთიერთობა. ისრაელთან და საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის გვქონდა ფანტასტიკური ურთიერთობები. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან დადებითი შეხედულება აქვს ისრაელზე. ისრაელი საქართველოში ძალიან პოპულარულია. საქართველო უკიდურესად პოპულარულია ისრაელში. ისრაელის 10 მილიონიანი მოსახლეობიდან, 100 000-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე წარმოშობით ქართველია. ეს ნიშნავს სიახლოვეს, მენტალიტეტისა და იუმორის გრძნობის კუთხით. პანდემიის დაწყებამდე, კვირაში 42 პირდაპირი რეისი გვქონდა. 2019 წელს კი 200 000 ისრაელელი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში, რაც საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტების ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვქონდა 26 საუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება. თუმცა, ვფიქრობ, რაც გვაკლია, უფრო შორსმჭვრეტელური პერსპექტივაა. სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა ძალიან, ძალიან დაბალია, წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი დოლარი. ეს ზღვაში წვეთია. ბევრი ინვესტიცია არ ხორციელდება. ისრაელის ინვესტიციები საქართველოში აქა-იქ შემოდის. რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, მაგრამ, ზოგადად რომ ვთქვათ, ორი ერისთვის, რომელსაც ასეთი ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს, იფიქრებდით, რომ მეტი კონტაქტი იქნებოდა კომერციული ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციებისა და აკადემიური თანამშრომლობის კუთხით. თუნდაც კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ უმეტესი მათგანი კლასიკაზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, არასაკმარისი რამ გაკეთდა, ქართველი და ებრაელი ახალგაზრდა თაობისთვის ერთმანეთის კულტურის, სოციალური საკითხებისა და საზრუნავის გაცნობის მიზნით. 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდები მაინცდამაინც შოთა რუსთაველის კითხვით არ არიან დაკავებულნი, თუ კითხულობენ, უფრო სხვა რამეს კითხულობენ. ასევე, არც მაინცდამაინც მე-19 საუკუნის ქართულ ოპერას უსმენენ, უფრო ხშირად KayaKata-ს უსმენენ, არა? ამიტომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავაკავშიროთ ახალგაზრდა თაობა, რომელიც ხუთი ან ათი წლის შემდეგ აზრის შემქმნელი ლიდერი და პოლიტიკოსი იქნება. ჩვენ, ისრაელის საელჩო, ამის გაკეთებას ვცდილობდით, მაგრამ ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება.

იგივე ეხება, რა თქმა უნდა, ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევას. არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ ჩვენ 2600 წელია ვმეგობრობთ. როცა 20 წლის ახალგაზრდა ხარ, არ განაღვლებს ის, რაც ადრე მოხდა, შენ ზრუნავ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში - აქ კი პოტენციალი საკმარისად არ არის გამოყენებული. იმედი მაქვს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ორივე ჩვენი მთავრობა შესაბამისად გამართავს ინფრასტრუქტურას, რომელიც კერძო სექტორს საშუალებას მისცემს შეავსოს ეს სიცარიელე და წინ წაიწიოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები.

- საქართველოსა და ისრაელს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზეც ორიოდე სიტყვა რომ გვითხრათ...

- სამხედრო თანამშრომლობა ძალიან მცირე მასშტაბით გვაქვს, მაგრამ არა პოლიტიკური, არამედ სხვა მიზეზების გამო. ჯერ ერთი, საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, ისრაელის სამხედრო აღჭურვილობა კი ძალიან ძვირია. ასე რომ, სამხედრო აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, საქართველოს უბრალოდ, ამის შესაძლებლობა არ აქვს რომ შეიძინოს. ჩვენ არ ვართ ისეთი დონორი ქვეყნები, როგორიც ამერიკა ან გერმანიაა, რომ 200 ტანკი საჩუქრად გადავცეთ საქართველოს. საქართველოს, სამწუხაროდ, არ შეუძლია ჩვენი სამხედრო ტექნოლოგიების უმეტესი ნაწილის შეძენა.

მეორე მიზეზი არის ის, რომ საქართველო სამი ათწლეულის განმავლობაში ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობს ყველაფრის ნატოს სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოახდინოს - სამხედრო სახელმძღვანელოებიდან დაწყებული შეიარაღების ტიპებით დამთავრებული. ისრაელი არ არის ნატოს წევრი და ეს ერთგვარ დაბრკოლებას ქმნის. მე მშვენივრად მესმის, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას რატომ ურჩევნია ნატოს პატარა წევრ ქვეყანასაც კი მიმართოს, როგორიცაა თუნდაც ნიდერლანდები, იმისთვის რომ დარწმუნდნენ, სამომავლოდ, თუ და როცა საქართველო შეუერთდება ნატოს, უკვე იქნება სრულყოფილი ადაპტაცია თქვენსა ნატო-ს შორის.

- საქართველოს დასავლელი პარტნიორები ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში არაერთხელ მიუთითებენ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ევროკავშირის ერთ-ერთმა ორგანომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პირადი სანქციების დაწესებაც მოითხოვა. მინდა მოვისმინო თქვენი შეფასება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მაინტერესებს, რას ფიქრობს ისრაელი ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებზე?

- ყველა წინა შეკითხვის ფონზე, რაც თქვენ დამისვით, ცხადია, რომ დემოკრატია არ არის „ბინალური“ სიტუაცია. დემოკრატია არის სპექტრი და შკალის ერთ ბოლოზე, თქვენ გაქვთ ქვეყნები, რომლებიც განთქმულია ადამიანის უფლებების დაცვით და დემოკრატიული კანონის უზენაესობით, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები. შკალის მეორე ბოლოზე კი, თქვენ გაქვთ ქვეყნები, რომლებიც უდავოდ არადემოკრატიულები არიან, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა. სხვა ქვეყნების უმეტესობა ამ შკალის სადღაც შუაში არიან. ამ სპექტრში, ვფიქრობ, საქართველო არასრულყოფილი დემოკრატიაა, ისევე როგორც ისრაელი და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა. ჩვენ უნდა შევხედოთ, მაგალითად, რა მოხდა გასული წლის 6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმზე. ასე რომ, ამერიკასაც კი, რომელსაც ჩვენ ყველანი შევყურებთ, როგორც დემოკრატიის სიმბოლოს, აქვს თავისი პრობლემები. ის ფაქტი, რომ დემოკრატია საქართველოში არ არის სრულყოფილი, ეს თავისთავად სრულიად გასაგებია. ის 30 წელია ხან მაღლა და ხან კი ქვევით მიიწევს. საქართველოს ჰქონდა ძალადობრივი ინციდენტები, ისევე როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შემთხვევა. კარგი, მე შემდეგს ვიტყვი: ეს ჩემი მეორე დიპლომატიური თანამდებობაა საქართველოში. მე აქ სამი წელი ვიყავი 90-იანი წლების ბოლოს, 1997-დან 2000 წლამდე. ახლა კი ისევ ორწელიწად-ნახევარია რაც აქ ვარ. ასე რომ, ჯამში, ხუთნახევარი წელიწადი. მიუხედავად გარკვეულ დონეზე, ბოლოდროინდელი იმედგაცრუებებისა, როდესაც ვაკვირდები იმ გზას, რომელიც საქართველომ გაიარა დამოუკიდებლობის მომენტიდან დღემდე, ეს აბსოლუტურად გასაოცარია. მე კვლავ ვფიქრობ, რომ საქართველო წარმოადგენს მაგალითს მრავალი სხვა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ამ რეგიონში, თუ რისი მიღწევა შეიძლება პლურალისტურ საზოგადოებაში. ბევრი რამ უნდა გამოსწორდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვიკავებ განმსჯელის, მორალურად მაღლა მდგომის პოზიციას, რომ ვიქადაგო საქართველოში, რადგან არც ჩემი ქვეყანაა სრულყოფილი. არც ერთი ქვეყანა არ არის სრულყოფილი.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, არ ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც უცხოელი დიპლომატის პოზიციაა ამაზე აზრის გამოთქმა. ეს არის უაღრესად საკამათო საკითხი და მე ვფიქრობ, რომ საქართველო საკმარისად მომწიფებული დემოკრატიაა იმისათვის, რომ ეს თქვენ შორის მოაგვაროთ. თქვენ არ ხართ ბავშვების საზოგადოება. ჩვენ კი გამოცდილი ზრდასრულები, რომლებიც გიქადაგებთ, როგორ მოაგვაროთ თქვენი პოლიტიკური საკითხები. ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არაერთხელ დაამტკიცა მედეგობა და დარწმუნებული ვარ, თქვენ თავად შეძლებთ ამ საკითხის მოგვარებას.

- და ბოლო კითხვა: თქვენ ასრულებთ თქვენს დიპლომატიურ მისიას აქ, საქართველოში. მსურს, გაგვიზიაროთ თუ რა პროფესიულ რჩევას მისცემდით თქვენს მემკვიდრეს - ისრაელის შემდგომ ელჩს საქართველოში?

- რა პროფესიული რჩევას მივცემდი? უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ძლიერი ღვიძლი გქონდეთ, რადგან როგორც უცხოელ დიპლომატს, სუფრაზე ხშირად გვეპატიჟებიან. ეს საშიშია ჩვენთვის, ვინაიდან ამდენი ხაჭაპური „მოგვკლავს“. ხუმრობით თუ ვიტყვი, არაერთ უცხოელ დიპლომატს დამართნია საქართველოში „გულის შეტევა“... და რა თქმა უნდა, ღვინო. ფაქტი, რომ საქართველო მეღვინეებისა და ღვინის მოყვარულთა ქვეყანაა. თითქმის ყველა ქართველი მეგობარი, ვინც მყავს, ამაყობს მეღვინეობასთან დაკავშირებული საკუთარი ოჯახური ისტორიით. ასე რომ, ძალიან ძლიერი ღვიძლი უნდა გქონდეს, რომ ეს დააფასო და ქართველებთან დამეგობრდე. მაგრამ უფრო სერიოზულ დონეზე, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩვენი მოვალეობა, რომ ვაკრიტიკოთ და განვსაჯოთ. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ გარკვეული პირადი მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ სტუმრები თქვენს ქვეყანაში, სტუმრები შეზღუდული დროის განმავლობაში. ასე რომ, სანამ რაიმე სახის აბსოლუტურ აზრს გამოვთქვამთ, უფრო თავმდაბალი და მოკრძალებული უნდა ვიყოთ და ამ საკითხს ბოლომდე ჩავწვდეთ.

შეისწავლეთ, მოისმინეთ ბევრი შეხედულება და ესაუბრეთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებსა და აკადემიკოსებს, არამედ გაესაუბრეთ ტაქსის მძღოლებს, ესაუბრეთ ხალხს ბაზარში და ესაუბრეთ მეზობლებს, რათა სცადოთ და გაიგოთ ჩვეულებრივი ქართველი ხალხის მენტალიტეტი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გქონდეთ იმედი, რომ ჩამოიყალიბებთ შეძლებისდაგვარად სრულფასოვან აზრს და და შეიქმნით წარმოდგენას არსებული სიტუაციის შესახებ - ისეთ მრავალმხრივ, კომპლექსურ და უძველეს საზოგადოებაში, როგორც ქართული საზოგადოებაა.

თორნიკე კაკალაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს