არჩილ მორჩილაძე - თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების წილი ანაზაურებული მედიკამენტების საერთო მოცულობაში ჯერჯერობით უმნიშვნელოა და 3%-ის ფარგლებში რჩება

ინტერვიუ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელ არჩილ მორჩილაძესთან

- როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივები?

- სამწუხაროდ, ამ სფეროს განვითარება დიდწილად კვლავ სახელმწიფო გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. თუ კორპორაციულ სეგმენტში ვითარება ასე თუ ისე დარეგულირებულია, მთავარ გამოწვევად ისევ რჩება სრულყოფილი ინდივიდუალური დაზღვევის არარსებობა. ყველა სადაზღვევო კომპანიის, ჩვენი კომპანიის ჩათვლით, ინდივიდუალური დაზღევევა არის საკმაოდ შეზღუდული. მინიმუმ ერთწლიანი მოლოდინის პერიოდით გეგმურ სტაციონარულ მომსახურებებზე და გამონაკლისების საკმაოდ დიდი ჩამონათვლით.

ბუნებრივია, ასეთი პაკეტით დაზღვეული ადამიანი ვერ მიიღებს სრულფასოვან დაფარვებს და უკმაყოფილების ობიექტი სადაზღვევო კომპანია იქნება, რომელმაც ასეთი სადაზღვევო დაფარვები შესთავაზა მომხმარებელს.

სწორედ ამის გამო ჩვენი კომპანია დიდ დროს დაუთმობს მომხმარებლისთვის იმ გამონაკლისების ახსნას, თუ რა არ ნაზღაურდება დაზღვევით.

ჩვენი მენეჯერები დეტალურად გააცნობენ მომხმარებელს დაზღვევის პირობებს, ამასთანავე ეს პირობები განთავსებულია ჩვენ ვებ გვერდზე www.igg.ge და საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

- უმეტესად რომელი ორგანიზაციები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით?

-ბაზრის წილის ყველაზე მეტი პროცენტი ეკუთვნის სახელმწიფო ორგანიზაციებს, თითქმის ყველა საჯარო უწყება ბიუჯეტის ხარჯზე იღებს კერძო სადაზღვევო მომსახურებას.

ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ უფრო სამართლიანი იქნება, თუ სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებსაც დააზღვევს. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით აქტუალურია მედიკამენტების ანაზღაურების საკითხი. აუცილებელია აღინიშნოს, რომ თურქედან მედიკამენტების იმპორტის დაშვება კარგი პრეცენდენტია, თუმცა ჯერჯერობით მათი წილი ანაზაურებულ მედიკამენტების საერთო მოცულობაში უმნიშვნელოა და 3% -ის ფარგლებში რჩება.

- რა არის ამის მიზეზი?

- ძირითადი მიზეზი ასეთი მედიკამენტების რაოდენობის დეფიციტია, ასევე სააფთიაქო ქსელისთვის არც თუ ისე მომხიბვლელია იაფიანი წამლის გაყიდვა.

არადა დღეს, ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, ჯამურად დაახლოებით 300 000-მდე ადამიანი იღებს. მაშინ როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ჯგუფი ამ დაფარვას ვერ იღებს.

- ანუ ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვას სახელმწიფო მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის ანხორციელებს?

- დიახ, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ამ მიმართულებით. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სასურველია კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი სადაზღვევო სქემების შემუშავება, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების, არამედ სხვადახვა სოციალური ჯგუფების დაზღვევაც მოხდეს. ასევე კარგი იქნება თუ სახელმწიფო გააუქმებს იმ ნორმას, რომლითაც კერძო დაზღვეული ვეღარ იღებს სარგებელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან.

- საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის პორთფელში ჯანმრთელობის დაზღვევას რა წილი უკავია?

- ჩვენთან, ისევე როგორც სხვა კომპანიებში, ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. დაახლოებით 60-70%. 2017 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ანაზღაურებული ზარალები ყოველწლიურად 8-9 მილიონ ლარს შეადგენს. ოპერირების დაწყებიდან დღემდე ჩვენს კომპანიას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული. დღეის მონაცემებით ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 40 000-ს გადასცდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა