ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2022

პრეზიდენტი “მესამე მხარედ” ყალიბდება - “მან სერიოზულად დაარტყა პრემიერსაც და ოპოზიციასაც”

რა განსხვავებაა 20 და 24 ივნისის აქციებს შორის და ვინ მივა პარასკევს პარლამენტთან

დაიწყებს თუ არა რუსეთი ომს ლიეტუვასთან - კრემლის პირველი რეაქცია კალინინგრადის ნაწილობრივ ბლოკადაზე

დეოლიგარქიზაცია - რას წერია უკრაინის შესაბამის კანონში და როგორი კანონის მიღება სურს “ოცნებას” საქართველოში

* * *

პრეზიდენტი “მესამე მხარედ” ყალიბდება - “მან სერიოზულად დაარტყა პრემიერსაც და ოპოზიციასაც”

“პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. გარდა ამისა, გააკირიტიკა როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში, ისე ოპოზიციის ქცევა პრემიერის გამოსვლისას. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზოგადად პარლამენტის ოთხშაბათის სხდომით გაოგნებულია. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, პრაქტიკულად, პოლარიზაციის შემცირების ნაცლად მის გაღრმავებას შეუწყო ხელი. ამასთან, მისი ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, იგი ყალიბდება როგორც “მესამე მხარე”, რაც ვითარების განმუხტვას ხელს არ უწყობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტი “მესამე მხარედ” ყალიბდება - “მან სერიოზულად დაარტყა პრემიერსაც და ოპოზიციასაც”.

“სრულიად შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც მოვისმინე პარლამენტში. რაც პარლამენტში დავინახე, არის საწინააღმდეგო იმისა, რაც საზოგადოებამ აჩვენა - თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც იყო ისეთი, თუ რაიმე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო, რაც ბრიუსელისკენ გააგზავნიდა ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს. თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი არ გინდოდათ და ჩვენ ომი გვინდა - ეს არის აბსურდი და თავისი შინაარსით ძალიან შეურაცხმყოფელი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, დაპირისპირებული მხარეების გაშველება ორნაირად ხდება და პრეზიდენტმა ის გზა აირჩია, რომელიც პოლარიზაციას ხელს უფრო უწყობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოჩხუბრების გაშველება ორნაირად შეიძლება. ერთი გზა ისაა, რომ ორივე მხარეს უთხრა - რა გაქვთ საჩხუბარი, ამდენი საერთო გაქვთ და ა.შ. ანუ იმას შეუწყო ხელი, რომ ერთმანეთში კარგი დაინახონ; და მეორე გზაა, რომ ორივე გალახო და ამით მოაგვარო კონფლიქტი. მე მგონი პრეზიდენტმა ეს მეორე გზა აირჩია. ორივეს მიმართ კრიტიკა ისევ კონფრონტაციაა და ორპოლუსიან კონფრონტაციას ახლა მესამე პოლუსი დაემატა. ამიტომ წაყენებული მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, რომ პოლარიზაცია შემცირდესო, პრეზიდენტის განცხადებით მემგონი საწინააღმდგეო შედეგი მივიღეთ. ვხედავთ, რომ ფაქტობრივად სწორედ საკითხის გამო ხდება ერთმანეთისთვის თავპირის მტვრევა. ძირითადად იმასთან დაკავშირებითაა კამათი, რომ სტატუსზე რეკომენდაცია არ მოგვცეს, მაგრამ ორივე მხარე ერთმანეთს ეუბნება - არ მოგვცეს იმიტომ, რომ პოლარიზაცია შენგან მოდისო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“კონფლიქტების მოგვარების დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ბოლო ხანებში ბრალდებები აღარ ისმის რა შეცდომა დაუშვეს აფხაზებმა, ან ოსებმა, ფონი გაუმჯობესდა და ურთიერთობა უფრო გააქტიურდა. ავბედითი წლების გახსენება და მტყუან-მართალის გარკვევა რომ დავიწყოთ, კონფლიქტი გაიზრდება, ეს კონფლიქტოლოგიის ანაბანაა. დღევანდელი დაპირისპირება თავად ევროპის ამ დადგენილებიდან დაიწყო. ვთვლი, რომ ევროპამაც ნაბიჯი აჩქარებულად გადადგა, მაგრამ იმას კიდევ დაფიქრება უნდოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა. მემგონი ევროპას ასეთი გააზრების დრო არ ჰქონდა უკრაინის ამბების გამო. პრეზიდენტმა პრემიერს სერიოზულად დაარტყა, დაარტყა ოპოზიციასაც, უკვე მესამე მხარე გამოვიდა. ვიღაც სხვა პრეზიდენტს დაარტყამს და ასე გაგრძელდება. რაც უფრო მეტი კრიტიკოსი გაჩნდება, პოლარიზაციას მით მეტი პოლუსი გაუჩნდება. რა თქმა უნდა, საჭირო იყო პირიქით ორივესთვის თავზე ხელის გადასმა და იმის თქმა, რომ ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან”, - დაასკვნის საყვარელიძე.

რა განსხვავებაა 20 და 24 ივნისის აქციებს შორის და ვინ მივა პარასკევს პარლამენტთან

“24 ივნისის აქციაზე წინა პლანზე გამოვა უკვე პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც 20 ივნისის აქციისას უკნა პლანზე იყო გადატანილი, მათ შორის მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც - ამის შესახებ “რეზონანსს” ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა. მისთვის გაუგებარია მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები, რომ 24 ივნისის აქციას შესაძლოა თავადაც დაესწრონ. აღსანიშნავია, რომ “ოცნების” წევრები, 24 ივნისის აქციაზე საკუთარი მხარდამჭერების მისვლასაც არ გამორიცხავენ. უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ შესაძლოა იქ თვადაც მივიდეს. “ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო, და ვიტყვით - მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის, დიახ, საქართველოს სახელმწიფოს საკადრისი”, - ამბობს ზარქუა, რომლის აზრით “საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ჩვენ, თქვენ, ოპოზიციამ ხელი უნდა შევუწყოთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა განსხვავებაა 20 და 24 ივნისის აქციებს შორის და ვინ მივა პარასკევს პარლამენტთან.

“ვერ გეტყვით რამდენად დიდი რაოდენობით „ოცნების" მხარდამჭერი მივა 24 ივნისის აქციაზე. ეს რომ გავიგოთ, უნდა ჩატარდეს რაიმე გამოკითხვა. კი იძახიან, რომ 20-ში ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენო, მაგრამ არ მესმის, როდესაც ხარ ხელისუფლების მხარდამჭერი და იცი, რომ ეს აქცია ორგენიზებულია ენმ-სა და მისი “ენჯეოების” მიერ, რატომ უნდა მიხვიდე იქ? კი, ბატონო, გასაგებია, რომ ევროპული ღირებულებები და ამასთან დაკავშირებული თემა იყო მთავარი მოტივაცია, მაგრამ მე არ მგონია იქ მაინცდამაინც დიდი ნაწილი ყოფილიყო “ოცნების” მხარდამჭერი. ამასთან, აუცილებლად იქნება განსხვავება 20 და 24 ივნისს ჩატარებულ აქციებს შორის, თუნდაც იმით, რომ იმ დროისთვის უკვე გვეცოდინება საბოლოო პასუხი ევროკავშირისგან და დიდი ალბათობით, არ შეიცვლება ევროკომისიის დასკვნა. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ეს გადაიხედოს. ამიტომ, წინ წამოსწევენ იმ პოლიტიკურ მოთხოვნებსა და ლიდერების მოწოდებებს, რომელიც გვერდზე გაწიეს წინა აქციაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება მოტივატორი, წინა პლანზე წამოვა ახლი მოთხოვნები, მათ შორის ხელისუფლების შეცვლაზეც. გარდა ამისა, 20 ივნისის აქციაზე ფაქტიურად დაანონსდა მომავალი მაიდანი. რაც შეეხება დიღმელაშვილის მიერ დაანონსებულ ახალ სახალხო მოძრაობას, როდესაც გამოდის “სირცხვილიას” ლიდერი და დიდი პათოსით კითხულობს ამ სახალხო მანიფესტს, რომელსაც ქვია “ქართველი ხალხის მანიფესტი”, მიჩნდება კითხვა - მას აქვს ამის უფლება ან მანდატი, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს? მას შეუძლია ისაუბროს იმ საზოგადოების სახელით, რომელსაც წარმოადგენს და არა ქართველი ხალხის სახელით. ამის უფლებამოსილება მათ არ აქვთ, ამიტომ ეს არაფერს შეცვლის”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე.

დაიწყებს თუ არა რუსეთი ომს ლიეტუვასთან - კრემლის პირველი რეაქცია კალინინგრადის ნაწილობრივ ბლოკადაზე

“კრემლი ლიეტუვას ემუქრება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თუ ვილნიუსი ევროკავშირის სანქციების ფარგლებში კალინინგრადისკენ რუსული სანქცირებული ტვირთების გატარების აკრძალვას არ გააუქმებს, მოსკოვი “იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად”. როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რუსეთი უკრაინაში რთული საომარი ვითარების ფონზე ლიეტუვაში შეჭრას ვერ გაბედავს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მასშტაბური კიბერშეტევა მოუწყოს და ფსიქოლოგიური ომი წამოიწყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაიწყებს თუ არა რუსეთი ომს ლიეტუვასთან - კრემლის პირველი რეაქცია კალინინგრადის ნაწილობრივ ბლოკადაზე.

“ლიეტუვის პროვოკაციულ ზომებს, რომელიც არღვევს ლიეტუვის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიას შორის ტრანზიტის შესახებ, ღიად მტრულად განწყობილად მივიჩნევთ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამის გამო მოსკოვში ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ლიეტუვაში აცხადებენ, რომ აკრძალვა ეხება მხოლოდ იმ ტვირთებს, რომელთა გადატანაზეც შეზღუდვა ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში შეზღუდვა. სხვა ტვირთების გადაადგილება და სამგზავრო მიმოსვლა ორივე მიმართულებით კვლავ თავისუფლად ხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთი ლიეტუვაში შეჭრას ვერ გაბედავს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ისეთივე მასშტაბური კიბერშეტევა მოუწყოს, როგორიც ესტონეთში 2007 წელს განახორციელა, როცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ესტონური მედიის ვებგვერდები, ბანკები, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და სამთავრობო უწყებები რუსი ჰაკერების სისტემატიური შეტევის ქვეშ იმყოფებოდა. ასევე რუსეთმა აწარმოოს ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი, ან სატრანსპორტო ბლოკადა მოუწყოს - “რუსეთმა ლიეტუვის და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების დაშანტაჟება უკვე დაიწყო და ემუქრება კიდეც. რუსეთში აცხადებენ, რომ უნდა განიხილონ თუნდაც ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რადგან თავის დროზე მას არც ვილნიუსი ეკუთვნოდა (1940 წლამდე პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა) და არც მთავარი საპორტო ქალაქი კლაიპედა”, - ამბობს ჩიტაძე, როლის განმარტებით, "ამ საკითხის წამოწევით ლიეტუვის დაშანტაჟებას ცდილობენ", - დასძენს გამოცემა.

“ჩემი აზრით, იმ რთული საომარი ვითარების პირობებში, რასაც რუსეთი უკრაინაში წააწყდა, ლიეტუვაში შეჭრას ვერ გაბედავს, მაგრამ შეიძლება მასზე ისეთი კიბერშეტევა განახორციელოს, როგორიც ესტონეთის წინააღმდეგ 2007 წელს იყო. ასევე მოაწყოს სატრანსპორტო ბლოკადა, ასევე ბალტიის ზღვაში ლიეტუვის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო მანერები ჩაატაროს. პლიუს საინფორმაციო ომი, რომ თითქოს ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეჭვის ქვეშ დგება. ამ ეტაპზე ეს მოქმედებებია მოსალოდნელი. ამ მოცემულობით კალინინგრადის ოლქი ბლოკადაშია. ეს რუსეთის ანკლავი და ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია. მისი ბლოკირება რუსეთის ეკონომიკაზე აისახება, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთს ბალტიის ზღვაზე შეზღუდული წვდომა აქვს. პეტერბურგს კი აქვს გასასავლელი ამ ზღვაზე, მაგრამ აქ კალინინგრადისგან განსხვავებით, სანავსადგურო საპორტო ინფრასტრუქტიურა იმდენად განვითარებული არაა. თანაც ეს რუსეთის ავტორიტეტს არტყამს, რადგან რუსეთი ბალტიისა და შავ ზღვაზე გასასვლელისთვის ბევრს იბრძოდა და დამპყრობელ ომებს აწარმოებდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

დეოლიგარქიზაცია - რას წერია უკრაინის შესაბამის კანონში და როგორი კანონის მიღება სურს “ოცნებას” საქართველოში

“იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს წლის ბოლომდე დეოლიგარქიზაციაც მოეთხოვება. მმართველ გუნდში აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად შესაბამისი კანონის მიღება მიაჩნიათ. კონსტიუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “რეზონანსთან” მომავალი კანონის სავარაუდო შინაარსზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონი აუცილებლად ყველა მთავარი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირი ქვეყნის განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევს - ოლიგარქების დამაზიანებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ზეგავლენების შეზღუდვას. კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკაშირებით უკვე არსებობს უკრაინაში. აღნიშნული კანონის მიღებაზე საუბრობენ “ქართულ ოცნებაშიც”. მათი თქმით, არ არის გამორიცხული მასზე მუშაობისას ზოგიერთი რამ უკრაინაში მოქმედი ანალოგიური კანონიდან გადმოიღონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დეოლიგარქიზაცია - რას წერია უკრაინის შესაბამის კანონში და როგორი კანონის მიღება სურს “ოცნებას” საქართველოში.

“დეოლიგარქიასთან დაკავშირებით, უკრაინაში მოქმედი კანონის სრული სახელწოდებაა - კანონი “ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ ზეგავლენასთან”. კანონის თანახმად, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკის, ან ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით. ამასთან, იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი ოლიგარქად იქნეს აღიარებული, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი 4-დან მინიმუმ 3 კრიტერიუმს: 1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; 3. არის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი ბიზნესსუბიექტისა, რომელსაც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი, ანდა უჭირავს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას; 4. ამ პირის (და მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების) დადასტურებული ღირებულება აღემატება 1 მილიონ საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის შესაბამისი წლის 1 იანვრისთვის (უკრაინაში 2021 წელს ეს მაჩვენებელი - 2.27 მილიარდ გრივნას შეადგენდა - დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარი). კანონის მოქმედების არეალი მხოლოდ უკრაინით რომ არ შემოიფარგლოს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასცა დავალება შემუშავდეს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რას აპირებს “ოცნება”? საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქართული ოცნებაში” დეოლიგარქიზაციის კანონზე აპირებენ მუშაობას. მისი თქმით, კანონი იქნება ზოგადი, შექმნის კონკრეტულ ჩარჩოებს და კრიტერიუმებს და ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში, იმას შეეხება. “დეოლიგარქიზაცია არის ძალიან ზოგადი ტერმინი... ამ კანონზე გვიწერია მოთხოვნებში, ვიმუშავებთ და ვის შეეხება და ვის არა, ვნახავთ. კანონში ერთი ადამიანის სახელი და გვარი არ იწერება”, - განაცხადა დავითულიანმა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ შესაძლოა კანონზე მუშაობისას უკრაინის გამოცდილება გაითვალისწინონ. ამასთან, იგი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკაშირებით, რადგან, მისი თქმით, იგი შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინაში მოქმედებს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. შეგვიძლია, ეს კანონი საქართველოში პირდაპირ დავაკოპიროთ და ვნახავთ, რომ ამ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ჩაითვლებიან კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ან დავაკოპიროთ, ან უკრაინულ ენაზეც დავამტკიცოთ - ეს ნახევრად ხუმრობით. ის, რომ უკრაინული კანონის მიხედვით ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად და ჩაითვლება კეზერაშვილი და ხაზარაძე, ამას აქვს მიზეზი. კერძოდ, უკრაინულ კანონში ოთხი მიზეზია ჩამოთვლილი, რომლის მიხედვით, ადამიანი ოლიგარქად ითვლება - ეს არის ის, რომ 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონება უნდა ჰქონდეს, მედიაზე გავლენა, ასევე პოლიტიკაზე გავლენა და ბიზნესში უნდა ჰქონდეს დომინირებული მდგომარეობა. პირი ოთხიდან სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კრიტერიუმებს რომ გავყვეთ, ერთადერთი ოთხიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებს, 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონებაა. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ოთხიდან სამს აკმაყოფილებს, ხაზარაძე - ოთხიდან სამს”, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, “თუნდაც ერთი მტკიცებულება მოიტანონ იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე გავლენა აქვს პოლიტიკაზე ან მედიაზე”, - დასძენს გამოცემა.

“დეოლიგარქიზაცია ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქის გავლენით შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურები უნდა შემოწმდეს და მოხდეს მათი გათავისუფლება. ოლიგარქი არის ადმიანი, რომელიც ფლობს დიდ ფინანსურ რესურსს, ახდენს გავლენას სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე და მონაწილეობს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში. კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არ არის კონსტიტუციური და ვერ იქნება ვერც ორგანული. ეს არის ჩვეულებრივი კანონი, მაგრამ სულაც არ ითხოვს კანონის მიღებას ევროკომისია. უბრალოდ, გადაწყვიტეს “ქართულ ოცნებაში”, რომ თუ გვინდა განვახორციელოთ დეოლიგარქიზაცია, უნდა გვქონდეს ამის სამართლებრივი საფუძველი, ეს არის გასაგები და სწორი პოზიცია. დეოლიგარქიზაცია უფრო მეტად პოლიტიკური პროცესია, ვიდრე სამართლებრივი, მაგრამ არაფერი დაშავდება კანონის არსებობით. ერთადერთი, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, ეს კანონი უნდა მიიღონ კონსენსუსით, ანუ ოპოზიციის თანხმობით. თუ ის მიიღება მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერით, დიდია რისკი, რომ იქ გაწერილი იყოს ისეთი ნორმები, როგორიც აწყობს მხოლოდ მმართველ გუნდს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ „ოცნებაში" უკვე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილისა და ჯაფარიძე-ხაზარაძის ოლიგარქობაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს