უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს

ომიდან 4 თვის თავზე უკრაინაში მიიჩნევენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არ მუშაობს. უფრო მეტიც, აცხადებენ, რომ რუსეთი ჯერ ისევ იღებს მილიარდობით დოლარს მის მიერ გაყიდული ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ. როგორც ბაქოს მეცხრე გლობალური ფორუმის ფარგლებში „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლენა ტრეგუბმა აღნიშნა, ამგვარად ევროპა კვებას მომავალ პოტენციურ კრიზისს საკუთარივე უსაფრთხოების წინააღმდეგ.

იღებს თუ არა უკრაინა რეალურ სამხედრო დახმარებას და როგორია თითოეული უკრაინელის ცხოვრებაზე ასახული ომის საშინელება, ვრცლად ინტერვიუში:

- პირველ რიგში, ჩვენი ინტერვიუ მილოცვით მინდა დავიწყო, ევროკომისიამ გადაწყვიტა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაეცა. მინდა გთხოვოთ, მეტი მითხრათ იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის.

- აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ძალისხმევის აღიარებაა. ეს ისეთი რაღაცაა, რაც გვიხარია, რასაც აღვნიშნავთ, მაგრამ ამავდროულად გვესმის, რომ ეს ცალსახად დავიმსახურეთ. უკრაინელები, ფაქტობრივად, მზად არიან დაიხოცონ ევროპული ღირებულებებისთვის, როგორიც არის დემოკრატია, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. შეგახსენებთ, რომ „ღირსების რევოლუციის“ დროს, რომელიც ცნობილია ევრომაიდნის რევოლუციის სახელით, იმის გამო მოხდა, რომ უკრაინელებს ნამდვილად სურდათ ეცხოვრათ, როგორც ევროპელებს. უკრაინელები უკვე აღიქვამენ საკუთარ თავს როგორც ევროპელებს და სურთ ევროპელებივით ცხოვრება და ამ ომის განმავლობაში, მთელი ერი ფეხზე დადგა არჩევანის თავისუფლების დასაცავად, იმის დასაცავად, როგორც გვსურს ვიცხოვროთ, რა ღირებულებების მატარებლებიც გვინდა ვიყოთ და სწორედ ეს არის საკვანძო ევროპული ღირებულებები. ამიტომ, ევრომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და ჩვენ მივიღეთ ის, რასაც ველოდით.

- 120 დღე შესრულდა, რაც ომი და ეს საშინელი აგრესია დაიწყო, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, რა ისწავლა ევროპამ და მსოფლიომ ამ ომის განმავლობაში?

- მე ვფიქრობ, მსოფლიომ ისწავლა, რომ დაშოშმინებას მივყავართ მეტ ძალადობასთან, მეტ კონფლიქტთან. ომი დაიწყო არა ახლა, არამედ დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმიში და მაშინ, როდესაც ომი დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკსა და ლუგანსკში. რა გააკეთა ევროპამ? მათ გააგრძელეს ბიზნესის წარმოება რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში. სამწუხაროდ, იგივე მოხდა საქართველოს ომის შემთხვვეში 2008 წელს. ევროპამ არ დასაჯა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის. სრული დაუსჯელობა იყო, რუსეთი არ დასჯილა ომის დანაშაულებისთვის, რომელიც საქართველოში ჩაიდინა. ასე რომ, ახლა რუსეთი უკან დაბრუნდა, რათა ჩაიდინოს იგივე დანაშაული, იგივე სახის სიმხეცე, მაგრამ გაცილებით უფრო მაღალ დონეზე და უფრო დიდი მასშტაბებით. ახლა ევროპამ გაიგო, რომ თუ ისინი ფეხზე არ დადგებიან, თუ ისინი არ დაიცავენ უკრაინას, რიგში ისინი არიან. ეს ძალადობა და სასერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო წესრიგის, ადამიანის უფლებების უპატივცემულობა უნდა შეჩერდეს. თუ ევროპულ დემოკრატიებს არ სურთ ფეხზე დადგნენ და შეაჩერონ რუსეთი, ეს ცალსახად მათ საზღვრებშიც გავრცელდება. მე ვფიქრობ, ეს ის გაკვეთილია, რომელსაც ისინი სწავლობენ. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ სრულად ისწავლეს ეს გაკვეთილი, ვფიქრობ, ისინი ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდ საფასურს იხდის ევროპა სწორედ იმისთვის, რომ მათ ასეთი პასიური პოზიცია ჰქონდათ 2008 წელს საქართველოში ომისა და შემდგომ უკვე 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ?

- ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ეცდებიან დიქტატორისა და აგრესორის დაშოშმინებას, ძალადობის შემდეგი დონე გაცილებით მეტი საფასურის მატარებელი იქნება. ახლა ამ ომის საფასურიც 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ეს აქამდე იყო. თუ, ევროპა ვერ შეძლებს, დარჩეს ერთიანი და ვერ შეძლებს, დაძლიოს დაღლილობა უკრაინის თემით, თუ ვერ შეძლებს დაძლიოს ლოკალური ეკონომიკური ტვირთი, რომელიც მათ აქვთ ინფლაციის, უმუშევრობისა და სხვა პრობლემების სახით, მაშინ საფასური, რომლის გადახდაც მათ შემდგომში მოუწევთ, იქნება კიდევ უფრო მაღალი, რადგან საფასური უკვე მათ მიწაზე იქნება და ეს იქნება ძალადობა მათ მიმართ. პუტინი თუ უკრაინას აიღებს, ის მას გამოიყენებს როგორც სამხედრო ბაზას და უკრაინელ ხალხს, რომელიც ამ ტერიტორიაზე დარჩება, გამოიყენებს, როგორც რესურსს შემდგომი თავდასხმებისთვის, რომელიც შეიძლება უკვე რამდენიმე წელიწადშიც მოხდეს. ეს ცალსახად არის მისი გეგმა, პუტინი ცალსახად არ აპირებს უკრაინაში გაჩერებას. მე ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ ევროპამ დააწესა ბევრად უფრო მკაცრი სანქციები, მეტყველებს იმაზე, რომ მათ ეს საფრთხე ესმით. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები მათთვისაც საკმაოდ ძვირად ღირებულია, თუ ამას არ გააკეთებენ, კიდევ უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ.

ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ სანქციები არ მუშაობს ომის შეჩერების თვალსაზრისით. ისინი არ არის საკმარისი. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მთელი მსოფლიოსგან და მათ შორის, ევროპული ქვეყნებისგან იღებს, დაახლოებით, 1 მილიარდ დოლარს დღეში გაზისა და ნავთობის ექსპორტის სანაცვლოდ და სამწუხაროდ, ევროპა აგრძელებს ამ ბუნებრივი რესურსების შეძენას, რადგან მათ მაინც ვერ შეძლებს დამოუკიდებლობის პოვნა ენერგომიმართულებით. ამგვარად ევროპა კვებას მომავალ პოტენციურ კრიზისს საკუთარივე უსაფრთხოების წინააღმდეგ.

- თქვენ ახსენეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და აღნიშნეთ, რომ ეს სანქციები საკმარისი არ არის. ჩვენ, ასევე, ვიცით, რომ უკრაინა იღებს გარკვეულ შეიარაღებას პარტნიორებისგან, თუმცა მაინც უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ არსებული რაოდენობის სამხედრო დახმარება საკმარისი არ არის. შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რა სახის დახმარება იქნება საკმარისი უკრაინისთვის ომის მოსაგებად. როგორც სწორად აღნიშნეთ, თუ რესეთის გაჩერება უკრაინაში არ მოხდა, ეს აგრესია აუცილებლად პოვებს გაგრძელებას ევროპაში და საფრთხეს შეუქმნის და გაანადგურებს იმაზე მეტს, ვიდრე ის უკვე ანადგურებს. რა სახის დახმარებას ითხოვთ, რათა ბოროტებაზე გამარჯვება შეძლოთ ?

- უკრაინამ უნდა მიიღოს მძიმე შეიარაღება, რათა შეძლოს რუსეთის შეჩერება. ახლა რუსეთის მხრიდან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთით დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიაში. ფრონტის ხაზზე თუნდაც არტილერიის სიმძლავრის მიხედვით, რუსეთს აქვს 10-ჯერ, 20-ჯერ, ზოგჯერ 30-ჯერ მეტი ძალა, ვიდრე უკრაინას. უკრაინამ ვერ მიიღო იმ დონის დახმარება, რომ დაუახლოვდეს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს. ოფიციალური მაჩვენებლებით, უკრაინამ მის მიერ მოთხოვნილი იარაღის მხოლოდ 10% მიიღო. ჩვენ არ მიგვიღია თვითმფრინავები, ძველი საბჭოთა თვითმფრიმნავების ნაწილების გარდა. ჩვენ მივიღეთ საჰაერო თავდაცვვის მხოლოდ მცირე ნაწილი - ჩვენს ხელთ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით შეგვიძლია რუსული რაკეტების მხოლოდ 40%-ის ჩამოგდება. ალბათ, ეს მოგცემთ წარმოდგენას იმაზე, რამდენად მოწყვლადი ვართ, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი თავს ესხმის ყველაფერს - ადგილებს, რომლებიც წარმოადგენს უკრაინლებისთვის საარსებო წყაროს, მარცვლეულის საცავებს, ნავთობის დეპოებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, რკინიგზის სადგურებსა და ლოჯისტიკურ ჰაბებს. უკრაინა, სამწუხაროდ, დაუცველია. ჩვენ არ გვაქვს იარაღი, რათა სრულფასოვნად დავიცვათ უკრაინა. ახლა შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთი არსებულ პოზიციებზე მხოლოდ სამხედროების გმირობისა და სიმამაცის წყალობით. ესენი არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაიხოცონ თავიანთი ქვეყნისთვის. მაგრამ ძალიან დიდი ბოროტება და არაადამიანურობაა, როდესც გვიწევთ ევროპისა და მსოფლიო მშვიდობის დაცვა უკრაინელების სიცოცხლის ფასად. უკრაინელებმა უნდა მიიღონ აღჭურვილობა და იარაღი, რათა შეძლონ ქვეყნის დაცვა. ჩვენ გვჭირდება ეს მძიმე შეიარაღება, ტანკები და არა მხოლოდ საბჭოთა დროინდელი იარაღი, რომელიც აქამდე მივიღეთ, არამედ გვჭირდება ნატოს შიარაღება, F-16-ები, ნატოს ტანკები, ნატოს არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, როგორიც არის HIMARS. ჩვენ ვითხოვეთ 100 HIMARS-ი და მივიღეთ მხოლოდ - 4. გვჭირდება მეტი და ევროპა ამ პროცესს უნდა უძღვებოდეს, რადგან რეალურად, ეს ევროპელების ინტერესია, რომ დაიცვან საკუთარი თავი.

- თუ შეიძლება აქ შეგაწყვეტინებთ და გკითხავთ, როგორც ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ჯერ ისევ ვერ მოახერხეს უკრაინა შესაბამისი იარაღით უზრუნველეყოთ. როგორ ფიქრობთ, არ არსებობს შესაბამისი ნება ამისთვის, თუ მატერიალური შესაძლებლობა ?

- მე ვხედავ ორივე მიზეზს. ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც თქვენც აღნიშნეთ, არის ის, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები იმდენად ძლიერი არ არის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, რადგან აშშ ყველაზე დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს თავდაცვით მიმართულებაზე. რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნები ახლოს ვერ მივლენ იმასთან, რაც ამერიკას აქვს, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, გერმანიისა და საფრანგეთის შემთხვევაში, ვხედავთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც, რომ არ მოგვაწოდონ რაღაც კონკრეტული სახის იარაღი. ქვეყნების ლიდერები კრიტიკის სამიზნეები ხდებიან მათი ამომრჩევლების მიერაც, ისინი დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს უკრაინის მისამართით, მაგრამ საჯარო წნეხის ქვეშ და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხანგრძლივი, მტკივნეული პროცესია. თუმცა ყოველ ასეთ დღეს, როცა გადაწყვეტილების მიღება არ ხდება, ბავშვები იხოცებიან. ყოველ დღე, ათასობით ჯარისკაცი წირავს თავის სიცოცხლეს. დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, შესაბამისად, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი. ჩვენ ამ დროში ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც რუსეთი ნელა და წამებით კლავს. პოლიტიკურ ჭრილში, ევროპას არ უნდა ეშინოდეს, რადგან ევროპას ახლა ეშინია, რა შეიძლება გააკეთოს პუტინმა თუ ის უკრაინაში დამარცხდება. სწორედ ეს აჩერებს მათ და ეს არ აძლევს საშუალებას, მოგვცენ ყველაფერი, რაც მათ აქვთ. ზოგიერთმა ქვეყანამ ნამდვილად მოგვცა ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ. მაგალითად, ლატვიამ, ლიეტუვამ მოგვცა მათი თავდაცვის ბიუჯეტის ნახევარი.წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ყველა ევროპულმა ქვეყანამ რომ მოგვცეს მათი თავდაცვის ბიუჯეტის ნახევარი და იარაღი, რომელიც მათ აქვთ. დიდი ალბათობით, ჩვენ ახლა უკვე შევძლებდით რუსეთის შეჩერებას.

- მინდა გთხოვოთ მოუყვეთ, პირველ რიგში, ქართველ მკითხველს მთელი ბოროტება იმისა, რაც ხდება უკრაინაში. შესაძლოა გაქვთ რაიმე ადამიანური ისტორიები, რომლის გაზიარებაც ჩვენთვის გსურთ, განსაკუთრებით როცა საქმე ბავშვებს ეხება ?

- ბავშვები ამ ომის მსხვერპლნი არიან და თანაც ძალიან მტკივნეული გზით. ჯამში, მილიონობით ბავშვმა დატოვა თავისი საცხოვრებელი სახლი. 200 000 ბავშვი დეპორტირებულია რუსეთში და ამას გარდა 2000 -ზე მეტი ბავშვი გატაცებულია მშობლების გარეშე რუსეთში. რაც არის გენოციდის ელემენტი, რადგან ისინი განთავსებულები არიან რუსულ ოჯახებში და ამ ბავშვების უკრაინელ ნათესავებს მათი ადგილმდებარეობის დადგენა არ შეუძლიათ. ეს ბავშვებისა და ადამინათა უფლებების უხეში დარღვევაა. ასულობით ბავშვია მოკლული და მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესებიდან ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ, სულ მცირე, 30 შემთხვევაში ბავშვებს ახლო მანძილიდან ესროლეს. რუსები განგებ იღებენ მიზანში უკრაინელ ბავშვებს. მე შემიძლია მოგიყვეთ ბევრი ისტორია, სადაც ბავშვები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ან მოწმეები გამხდარან, მაგრამ იმავე ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ შემიძლია ამ ისტორიების გასაჯაროვება. მაგრამ თუნდაც მედიაში გავრცელებული ისტორიები, მაგალითად, თინეიჯერი გოგონასი, რომლის დედასა და დას დღეების განმავლობაში აუპატიურებდნენ ირპინში და შემდეგ მის თვალწინ დახოცეს, 16 წლის გოგოს კი 4 დღის განმავლობაში სარდაფში თავის გარდაცვლილ ოჯახის წევრებთან ერთად მოუხდა ყოფნა, ნათელს ფენს იმ სიმხეცესა და სისასტიკეს, რასაც რუსი სამხედროები სჩადიან. მსგავსი ისტორიები, რომელიც ახლა მაგალითად მოვიყვანეთ, ხდება ყოველდღიურად ხერსონის რეგიონში, ზაპოროჟიას ნაწილში, ლუგანსკის რეგიონში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს ისტორიები, რადგან აღნიშნული ტერიტორიები ჯერ არ გაგვითავისუფლებია.

რუსეთი იყენებს გაუპატიურებას, როგორც ომის იარაღს. ეს ძალიან ცხადია და ასევე, არის გენოციდის ინსტრუმენტი. ჩვენ გვაქვს მსხვერპლი ქალების ჩვენება, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ რუსები ეუბნებოდნენ, რომ იქამდე აპირებდნენ მათ გაუპატიურებას, სანამ მომავალში ბავშვების ყოლის შესაძლებლობას არ წაართმევდნენ -ეს სწორედაც რომ არის გენოციდის ელემენტი. თუმცა აქვე მინდა აღნიშნო, გაუპატიურება მიზანმიმართულია არა მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლის წინააღმდეგ, არამედ მთელი ოჯახისა და საზოგადოების წინააღმდეგ, რადგან ხშირ შემთხვევაში, თვითმხილველები არიან მეტად ტრავმირებულები. ეს ყველაფერი კი ანადგურებს კავშირებს საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დედებსა და შვილებს, ქმრებსა და ცოლებს შორის.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით