ირაკლი ღარიბაშვილი - დეოლიგარქიზაციის საკითხზე გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკისა და განმარტების მისაღებად - მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გამოწვევა არაა

დეოლიგარქიზაციის საკითხზე გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკისა და განმარტების მისაღებად - აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გამოწვევა არაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა პირობას, რომელიც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაშია ჩადებული, ხელისუფლება პირნათლად შეასრულებს.

„როცა ვთქვი, რომ ჩვენ მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ, ეს ლიტონი დაპირება არაა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. დეოლიგარქიზაციის საკითხზე გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკისა და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ სრულყოფილი არაა. ჩვენ ამ თემას ჩავუღრმავდებით. აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა. მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გამოწვევა არაა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია, ქველმოქმედი, რომელიც საკუთარ სამშობლოს 20 წელზე მეტია ეხმარება. უცხო ქვეყნებში მიღებული შემოსავლის, სიმდიდრე ქვეყანას მიუძღვნა. ასობით მასშტაბური პროექტის მომსწრე ხართ. მან ქველმოქმედება ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო, ასევე სააკაშვილის დროს, ახლა მთავარი ქველმოქმედება, რაც განახორციელა ისაა, რომ ქვეყანას ანტიევროპული ძალა მოაშორა და დიქტატორული ძალა დაასრულა ქვეყანაში“,- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დესტრუქციულ როლს ასრულებს, ღარიბაშვილის თქმით, თუ ვინმე ივანიშვილის როლს არასათანადოდ აფასებს, ამას სჭირდება არგუმენტირებული ფაქტები და არა ზოგადი, პოლიტიკურ შეფასებები.

„ეს არის პოლიტიკური დესტრუქციული ძალების შეფასება არგუმენტების გარეშე. თუ ისინი გულისხმობენ იმ თამასას, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დაგვიტოვა - მედია თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა და უამრავი სხვა, რომლის შედეგიცაა, რაც მივიღეთ დღეს და არ დავრჩით იქ, სადაც 2012 წელს ვიყავით - გაუგებარ დიქტატურასა და ავტორიტარულ რეჟიმში, თუ ესაა ბატონო ივანიშვილის დესტრუქცია, მაშინ ჩვენც მანდ ვართ.

დესტრუქციულ ძალებში ვგულისხმობ რევანშისტულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზება დასრულდეს. პარლამენტში ჩემი ანგარიშის დროს მათი მხრიდან შეტევა და ლანძღვა-გინება იყო გამიზნული, რათა არ შემდგარიყო ევროპული ტიპის, კონსტრუქციული დებატები.

თუ ვინმე ბატონი ივანიშვილის როლს არასათანადოდ აფასებს, ამას სჭირდება არგუმენტირებული ფაქტები და არა ზოგადი, პოლიტიკური შეფასებები. ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია დავარქვათ ნებისმიერი რამ, მაგრამ, თუ ამის მტკიცებულებას ადამიანი ვერ მოიტანს, ეს არის უსაფუძვლო ცილისწამება.

თუ მეკითხებით ივანიშვილის როლს როგორც ყოფილი პრემიერის და პარტიის დამფუძნებლის, დიახ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, მისი პიროვნული ავტორიტეტი და როლი, რომელიც მან შეასრულა პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, უზარმაზარია ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ევროპასთან დაახლოების კუთხით.

ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქი არის პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, აქვს გავლენიანი ბიზნესი, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან, პირიქით - თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა და დახარჯა საქართველოში. არის მეცენატი და შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბიძინა ივანიშვილს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია, მან საჯაროდ დატოვა პოლიტიკა, ასე რომ, სხვა ყველანაირი სპეკულაციები, ბრალდებები, ცილისწამებები არის უსაფუძვლო. ოლიგარქების ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც. ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, ასევ უკრაინის გამოცდილებას. უკრაინაში რეალური გამოწვევაა ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ასე რომ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“,- განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა