ილია დარჩიაშვილი - გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანი ფაქტია, რითაც საქართველომ მიიღო გარანტირებული დაპირება, რომ ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი

სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას - რთულია იმის იგნორირება, რომ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის საფუძველზე, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ მიიღო გარანტირებული დაპირება, რომ ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს. მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი. მნიშვნელოვანია, რომ მისი ვიზიტი თანხვედრაშია საქართველოსთვის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან, კერძოდ ევროპული საბჭოს მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანი ფაქტია, რითაც საქართველომ მიიღო გარანტირებული დაპირება, რომ ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს გახლავთ წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის, ასევე იმ განსაკუთრებული ურთიერთობებისა და ინტეგრაციის მაღალი დონის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური, ისტორიული არჩევანის აღიარება და დასტური, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს და დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით. სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, რომ რთულია იმის იგნორირება, რომ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის საფუძველზე, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით. კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული და გრძელია. ამავდროულად, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავიაროთ იგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თქვენი გამოცდილება და პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-უნგრეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს გამორჩეული პარტნიორია.

„უნგრელი კოლეგის სტუმრობა სიმბოლურია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. უნგრეთი საქართველოს გამორჩეული პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობები და აქვე მსურს ჩემს კოლეგას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ხმამაღალი და მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველო-უნგრეთის ურთიერთობის ორმხრივი დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული და მდიდარია. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის სფერო, სადაც არსებობს პოტენციალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების. მათ შორის მიმოვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში არსებული დინამიკა. შევეხეთ საქართველოს მოქალაქეთა უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობებს. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, განვიხილეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრი ამ მიმართებით ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მხარდამჭერია. საქართველომ მიაღწია ხელშესახებ პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განახორციელა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ფაქტობრივად, საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი.

უნგრელ კოლეგასთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული გარემოს შესახებ, რაც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას საქართველო. როგორც იცით, საქართველომ 2008 წელს თავად გამოსცადა რუსეთის სამხედრო აგრესია და დღემდე ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანს უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი გარემოს მოცემულობაში. აქვე, მინდა აღვნიშნო უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მადლიერება გამოვხატო იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც უნგრეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციითა და თანმიმდევრული მიდგომით შევძლებთ შევაჩეროთ რუსეთის მიერ ევროპაში სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობები და უზრუნველვყოთ მშვიდობა. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. ამ მიმართებით, კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია სამშვიდობო პროცესში ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა