კობახიძე ცრუობს - ევროპული პერსპექტივის შორეულ მომავლად წარმოჩენა სურთ, რომ ხალხმა ხელისუფლებას მოთხოვნების აღსრულება არ აიძულოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" კონსტიტუციის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს.
"კობახიძე ცრუობს როცა ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა და 15 წელზე მეტი სჭირდება ევროკავშირის წევრობას. არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა 8- დან 10 წელში მოახერხეს ქვეყნებმა ევროკავშირის წევრობა და ეს დამოკიდებულია რეფორმებზე და არა ევროკავშირზე. ეს განცხადებები არის გაკეთებული იმისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინონ, რათა ხალხის მხრიდან არ ჰქონდეთ იძულება, რომ მოთხოვნები აღასრულოს. ამ ვადის ხელოვნურად გაწელვა იწვევს ფრუსტრაციას დასავლეთის მიმართ და აძლიერებს რუსეთის გავლენებს. "ქართული ოცნების" ტაქტიკაა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიეროს, რეფორმების წინსვლა გაყინოს და ამით რუსეთის ინტერესებს მოემსახუროს, ეს არის მათ შორის კონსტიტუციის წინააღმდეგ სვლაც", - განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისათვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას სულ მცირე 14-15 წელი მაინც სჭირდება, შესაბამისად, საქართველოსთვის „საჩქარო არაფერია“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"