“ნაციონალური მოძრაობის” წევრი „ქართულ ოცნებას” და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი „ქართულ ოცნებას” და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან გორგილაძე “ქართული ოცნების” წევრებსა და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორ მერაბ ხალვაშს მიმართავს.

როგორც ლევან გორგილაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბათუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრი სტუდენტები “ქართული ოცნების” „ტროლ-ბოტურ“ ქარხანაშია ჩართული. მისი თქმით, სტუდენტური თვითმმართველობა “ ქართული ოცნების” მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული.

“მმართველი ძალა სტუდენტურ თვითმმართველობებში ერევა, რომელიც მათი პარტაქტივის მიერ არის დაკომპლექტებული. “ქართული ოცნების” წევრი რიჩარდ სირაბიძე როგორ აღმოჩნდა ბსუ-ს ჩატში? ეს ცალკე უკიდურესობაა. რიჩარ სირაბიძეს თავიდან ახალგაზრდული თავმჯდომარის პოსტი ანდეს, შემდეგ მმართველმა გუნდმა სიაში შეიყვანა და ახლა ის გვევლინება ბათუმის საკრებულოს წევრად. მივმართავ “ქართული ოცნების” წევრებს, იცით თუ არა, რომ თქვენი ახალგაზრდა თანაგუნდელი „ტროლთა“ მართვით არის დაკავებული, თქვენ ეს იცით, თუმცა არ აღიარებთ. რეალურად თქვენი ხელი ურევია ამაში და რიჩარდ სირაბიძეს პაიკად იყენებთ. მივმართავ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორ მერაბ ხალვაშას, მან იცის, თუ არა რომ უნივერსიტეტის ნაწილი ჩართულია ამ „ტროლ- ბოტურ“ ქარხანაში. მივმართავ სტუდენტებს, რის გამო არიან ჩართული ამ ფარსში”, - განაცხადა ლევან გორგილაძემ.

აღნიშნულს გამოეხმაურა ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

“ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს ჩაერიოს და შესაბამისად არც ერევა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ვფლობთ ინფორმაციას, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის, ასევე სხვა სტუდენტური ჯგუფების პირადი მიმოწერის თუ სხვა სახის კომუნიკაციის შესახებ”,- აცხადებენ ბსუ-ში.

ცნობისთვის, Tv25-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტის მიხედვით, “ქართული ოცნების” წევრი რიჩარდ სირაბიძე ბსუ-ს თვითმმართველობის ჩატშია და სტუდენტებს დავალებებს აძლევს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთონ.