ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, საქართველომ რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და ამაზე სრული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, მთავრობისა და მმართველი ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილიც კი აღარ დავობს.

საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება ოპონენტების მტკიცება, რომ მთავრობასა და მმართველ გუნდს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არა თუ ბევრი არ უშრომიათ, ბევრიც გააკეთეს იმისთვის, რომ ეს დღე არ დამდგარიყო.

ხელისუფლების ტონი მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როცა ევროპული მიმართულებით მმართველი გუნდის წარუმატებლობა საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა გააპროტესტა. ხელისუფლებამ ჯერ თქვა, რომ მზადაა რეკომენდაციების შესრულებას შეუდგეს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც პროტესტანტებმა ხელისუფლებას გადადგომა 3 ივლისამდე მოითხოვეს, ხელისუფლებამ თქვა, რომ მოთხოვნები არაკონსტიტუციურია.

იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება საპარლამენტო ოპოზიციას ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად სამოქმედო გეგმას შესთავაზებდა, მაგრამ ჯერ ეს არ მომხდარა.

როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელიც საშინაო პოლიტიკაში მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და ამის შემდეგ ქუჩაში სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდა?

- ფაქტია, რომ ქვეყნის შიგნითაც და მის გარშემოც სიტუაცია ძალიან დაძაბულია. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ევროპის ცენტრში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ტანკების, არტილერიის ავიაციის, ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, არამარტო ცალკეული ქვეყნები, არამედ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროატლანტიკური ცივილიზაცია, მისი ღირებულებები დააყენა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე.

ჩვენი კონტინენტის ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისათვის საკმაოდ რთული პერიოდი დადგა. საგარეო პოლიტიკაში ნახევარტონების, დიდი სახელმწიფოების ინტერესების დაბალანსების პოლიტიკაზე თამაშის რესურსი თითქმის აღარ რჩება. არჩევანი გახდა ძალიან შეზღუდული, შავ-თეთრი, ცოტა ვულგარულად რომ ვთქვათ, ან აქეთ ან იქით.

ასეთ ვითარებაში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, რომელმაც საერთაშორისო უსაფრთხოების ვერც ერთი ქოლგის ქვეშ თავის შეფარება ვერ მოასწრო, საკმაოდ სახიფათო პერიოდი გვიდგას.

ევროკავშირის გადაწყვეტილებაში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება წინგადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, ყველას გვაქვს უკმაყოფილების განცდა, რომ ჩვენი შანსი ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ, საქართველომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ამ ეტაპზე ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი

ერთი მხრივ არის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდგარი ოკუპანტი, ისეთი დიქტატორის ხელმძღვანელობით, რომელსაც კაცმა რომ არ იცის თავში რა მოუვა, რომლის შორს კი არა, საშუალო დისტანციაზე მსროლელი არტილერია დედაქალაქის ცენტრს თუ არა მის გარეუბნებს უპრობლემოდ სწვდება, ხოლო მისი სამხედრო ნაწილები ქვეყნის შემაერთებელ ერთადერთი ავტომაგისტრალიდან და რკინიგზის ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში არიან განლაგებული.

მეორე მხარეს კი არის ქვეყნის, მისი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციის საკმაოდ მტკიცე სურვილი, განმტკიცებული სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული კურსითა და კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით, რაც ამ კონფლიქტში ჩვენს სიმპათიებს რომ თავი გავანებოთ, ფაქტობრივად გვისაზღვრავს და გვავალდებულებს უკრაინის, აშშ-ს, ევროკავშირის და მისი მოკავშირეების მხარეზე ყოფნას.

ამ ორ მოცემულობაში გვიწევს არსებობა და ქვეყანას არ აქვს უფლება სრული იგნორირება გაუკეთოს მისი უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და ამავე დროს მისხალთაც არ უნდა გადაუხვიოს სტრატეგიულ მიზანს, ერთხელ და საბოლოოდ გახდეს თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი.

ევროკავშირის გადაწყვეტილებაში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება წინგადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, ყველას გვაქვს უკმაყოფილების განცდა, რომ ჩვენი შანსი ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ, საქართველომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ამ ეტაპზე ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, რომელმაც საერთაშორისო უსაფრთხოების ვერც ერთი ქოლგის ქვეშ თავის შეფარება ვერ მოასწრო, საკმაოდ სახიფათო პერიოდი გვიდგას

ფაქტია, რომ ამ დროს ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრა, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის პირობებში თითქოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გვერდში ედგა უკრაინას, მხარს უჭერდა მას, მაგრამ ამავე დროს ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები აკეთებდნენ საკმაოდ მოუზომავ განცხადებებს, რომლებშიც ფაქტობრივად დაუფარავად აკრიტიკებდნენ დასავლეთის სანქციების პოლიტიკას, უკრაინის მთავრობას, რომელმაც ვერ აიცილა თავიდან რუსეთთან ომი, ორაზროვნად აცხადებდნენ, რომ დასავლეთს ლამის საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურს და ა.შ.

24 ივნისამდე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა არ შეუწყო ხელი ევროპის ქვეყნებში საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობის გაზრდას და ბრიუსელში გააჩინა სერიოზული სკეპტიციზმი საქართველოს ხელისუფლების დასავლური კურსის ერთგულებასთან დაკავშირებით.

24 ივნისამდე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა არ შეუწყო ხელი ევროპის ქვეყნებში საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობის გაზრდას და ბრიუსელში გააჩინა სერიოზული სკეპტიციზმი საქართველოს ხელისუფლების დასავლური კურსის ერთგულებასთან დაკავშირებით

- ფაქტია, რომ ახლა თუ მართლაც უნდა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წლის ბოლოსთვის მიღება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მთელი ენერგია და ძალისხმევა და ამ პროცესში სრულად უნდა იყოს გამოყენებული 6 თვეში 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

ჩვენ აუცილებლად შევეხებით ამ თემებს. მანამდე, გვერდს ვერ აუვლით საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, რომლებმაც ხელისუფლებისაგან 3 ივლისამდე მთავრობის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს.

პროტესტანტთა მოთხოვნებზე ბევრი აზრი გამოითქვა. აქციის ორგანიზატორთა კომენტარებმა გარკვეული სიცხადე შეიტანა მოთხოვნების არსში. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრი რამ მოვისმინეთ, კითხვას მაინც ასე დავსვამ - თქვენ როგორ შეაფასებდით აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იმ კომენტარების გათვალისწინებით, რაც ამ თემაზე აქციის ორგანიზატორთა სახელით გაკეთდა?

- მე როგორც ვხედავ, აქციის მონაწილეთა დიდი უმრავლესობისათვის მართლა უმთავრესი საკითხია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაწყება. ამავე დროს, ნუ გამოვრიცხავთ, რომ პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთი ნაწილისათვის უმთავრესი იყოს, ვთქვათ, მიშას განთავისუფლება, მეორე ნაწილისათვის, ხელისუფლების შეცვლა, მესამე ნაწილისთვის ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტება და განადგურება და ა.შ.

ამ 30 წლის მანძილზე ბევრჯერ მინახავს ქართულ პოლიტიკაში, რომ პოლიტიკურ აქტორების მთავარი მიზანი არა საერთო ეროვნული ამოცანის გადაჭრა, არამედ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებაა. ისინი თვლიან, რომ მთავარია აქ მოვიგო და შემდეგ ამ სახელმწიფო საქმეს, იდეას თუ მიზანს მე უკეთ შევასრულებ.

ამ 30 წლის მანძილზე ბევრჯერ მინახავს ქართულ პოლიტიკაში, რომ პოლიტიკურ აქტორების მთავარი მიზანი არა საერთო ეროვნული ამოცანის გადაჭრა, არამედ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებაა. ისინი თვლიან, რომ მთავარია აქ მოვიგო და შემდეგ ამ სახელმწიფო საქმეს, იდეას თუ მიზანს მე უკეთ შევასრულებ

ამიტომ საერთო ეროვნულ მიზანს პოლიტიკოსები სინამდვილეში „ჩამოალაბორანტებენ“ ხოლმე შიდა პოლიტიკურ ბრძოლის იარაღად, რომელსაც ისინი იყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ და თავიანთი მიზნების მისაღწევად. „მოვალ და მე უკეთ გავაკეთებ“, ან „ რა დროს ევროკავშირია კაცო, მაგას მოვუვლით, ახლა მთავარია ჯერ „ნაცები“ გავანეიტრალო“, როგორც ჩანს ასე ფიქრობს პოლიტიკოსთა ნაწილი, ან უარესი „ამან თუ შედეგი მიიღო ისე გაიმაგრებს პოზიციებს, რომ მერე მისი მოშორება გამიჭირდება“.

ცუდი ისაა, რომ თუკი ვინმე ასე იფიქრებს, მაშინ ხელისუფლების შეცვლის, ან ოპოზიციისთვის პასუხისმგებლობის აკიდების და ამ გზით მისი დასუსტების მიზნებიდან გამომდინარე, მისი უპირველესი ამოცანა აღარ იქნება ქვეყნის მიერ ევროკავშირის სტატუსის მიღება, პირიქით, ამოცანა იქნება ისეთი რეზულტატის დადგომა, რომელსაც ოპონენტების წინააღმდეგ წარმატებულად გამოიყენებ.

ამ დროს მოქმედების პრინციპია, რაც უარესი მით უკეთესი. სამწუხაროდ, ასეთი რამ გვემართება ხოლმე. ჩემი აზრით ეს საფრთხე არსებობს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. მეტიც, ვფიქრობ ამის ნიშნები უკვე არის.

იგივე „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ყველაზე შეუფერებელ დროს, ევროპის საბჭოს სხდომის წინ, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილ ფრაქციას, „სახალხო პარტიას“, მიაღებინა საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო განცხადება, იბრძოლა და მიაღწია მთავრობის საქმიანობის უაღრესად კრიტიკული შეფასება მომხვდარიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. არავინ მითხრას, რომ ენმ-ის მესვეურებმა არ იცოდნენ, რომ ეს რეზოლუცია მინიმუმ ხელს არ უწყობდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილ ფრაქციას, „სახალხო პარტიას“, მიაღებინა საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო განცხადება... არავინ მითხრას, რომ ენმ-ის მესვეურებმა არ იცოდნენ, რომ ეს რეზოლუცია მინიმუმ ხელს არ უწყობდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას

რა თქმა უნდა, გამოვიდა, რომ ამ ეტაპზე ენმ-ის უპირველესი ამოცანა არა ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევა, არამედ სტატუსის არმიღების გამო ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, მისი დისკრედიტაცია და დასუსტება იყო.

ამავე დროს, ხელისუფლება და მმართველი პარტია არანაირ საგარეო პოლიტიკურ აქტიურობას არ ეწეოდა არც ევროპარლამენტში არც სხვა ევროპულ სტრუქტურებში, იმისთვის რომ გაენეიტრალებინა ეს პროცესი. არადა ამის საშუალება გააჩნდა.

ის მშვიდად უყურებდა მის წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციის ამ ნაწილის საერთაშორისო აქტიურობას, რათა შემდეგში უკვე ქვეყნის შიგნით ენმ-ისთვის დაებრალებინა ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და საქართველოს მოსახლეობის თვალში მოეხდინა ოპოზიციის დისკრედიტაცია. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

ხელისუფლება და მმართველი გუნდი მშვიდად უყურებდა მის წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციის ამ ნაწილის საერთაშორისო აქტიურობას, რათა შემდეგში უკვე ქვეყნის შიგნით ენმ-ისთვის დაებრალებინა ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და საქართველოს მოსახლეობის თვალში მოეხდინა ოპოზიციის დისკრედიტაცია. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა იყო

ასეთი პოლიტიკური პინგპონგის შედეგად დავზარალდით ყველა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის ერთმნიშვნელოვანია, რომ შედეგზე უპირველესი და უმთავრესი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მას აბარია ქვეყნის ბედი, მას აქვს მოსახლეობისაგან მინიჭებული მანდატი, იმოქმედოს სახელმწიფოს სახელით და მიაღწიოს შედეგს.

დღეს მთავარი კითხვაა, რამდენად შეძლებენ აქციების ორგანიზატორები ამ პირობებში სწორად მართონ ხალხის განწყობები.

პოლიტიკოსების ჩამოშორებამ აქციებისგან, შეიძლება ერთი მხრივ ხელი შეუწყო ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების მოსვლას მიტინგებზე, მაგრამ ერთია ხალხის მიტინგზე მოყვანა, მიტინგების წაყვანა, მასზე სიტყვით გამოსვლა, მეორეა ხელისუფლებასთან გრძელვადიან პოლიტიკურ ბრძოლაში შესვლა, რასაც სხვა უნარ-ჩვევები და გადამწყვეტ მომენტში გადაწყვეტილების მიღების ნების მქონე ავტორიტეტული ლიდერები ჭირდება. ქუჩის აქციების წარმატება სხვანაირად ძნელად წარმოსადგენია.

ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით ასეთები ჯერ არ ჩანან. ნუ მე ყოველ შემთხვევისთვის ვერ ვხედავ. ფაქტია, რომ ამ ვითარებაში, არც ღარიბაშვილი აპირებს წასვლას და არც „ოცნება“ რამის დათმობას. ამიტომ, 3 ივლისამდე შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივები ძალიან მიზერულია.

3 ივლისამდე შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივები ძალიან მიზერულია

- არა ერთმა დამკვირვებელმა გამოთქვა გაკვირვება, რომ აქციის ორგანიზატორებმა მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნა, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს.

როგორც აქციების ორგანიზატორებმა განმარტეს, ბრძოლის ასეთი გზა მათ იმიტომ არჩიეს, რომ საშუალებას აძლევენ ბიძინა ივანიშვილს, მმართველი გუნდიდან თავად გაუშვას ღარიბაშვილი-კობახიძე, რომლებმაც ჩააგდეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და თან გავლენა მოახდინოს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდზე მხარი დაუჭირონ ტექნიკური მთავრობის ლეგიტიმაციას.

მათი და ოპოზიციის ლიდერების მტკიცებით მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა ევროპულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს და კიდევ ერთხელ ჩააგდებს ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

გასაგებია, რომ აქციის ორგანიზატორების შერჩეული ტაქტიკა ხელისუფლების სწრაფ ცვლილებაზეა ორიენტირებული, მაგრამ თუ ამ თემაზე ხელისუფლების განცხადებებს გავითვალისწინებთ, ხელისუფლებაში პოზიციების დათმობის განწყობა აშკარად არ შეინიშნება.

რამდენად სწორი ტაქტიკით დაიწყო ბრძოლა ახალმა სამოქალაქო მოძრაობამ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად?

- რა დასამალია და ცოტა გაუგებარი სიტუაციაა. ზოგი საუბრობს ტექნიკურ მთავრობაზე, ზოგი ეროვნული თანხმობის მთავრობაზე. არადა, ეს ორი ძალიან განსხვავებული მექანიზმია. შესაბამისად, სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ პროცესებამდე მივყავართ.

სწორად მინდა გამიგონ, მე ახლა არ ვეწევი ტერმინებით მანიპულირებას ან რაღაც, ფსევდომეცნიერულ მსჯელობას. მკაფიო წარმოდგენაა საჭირო, თუ რისი მიღწევა სურთ აქციის მონაწილეებს.

ტექნიკური მთავრობა, როგორც წესი, არის მოკლევადიანი პროექტი, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება კომპლექტდება არა იმდენად პოლიტიკოსებით, რამდენადაც ტექნოკრატებით. ტექნიკური მთავრობები, როგორც წესი, არ ეხებიან სტრატეგიულ საკითხებს, მათ აქვს ძირითადად ოპერატიული მართვის ამოცანა, რათა რიგგარეშე თუ მორიგ არჩევნებამდე უზრუნველყონ სახელმწიფო სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და ამ არჩევნების გამართულად ჩატარება.

ტექნიკური მთავრობები, როგორც წესი, არ ეხებიან სტრატეგიულ საკითხებს, მათ აქვს ძირითადად ოპერატიული მართვის ამოცანა, რათა რიგგარეშე თუ მორიგ არჩევნებამდე უზრუნველყონ სახელმწიფო სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და ამ არჩევნების გამართულად ჩატარება

ეროვნული თანხმობის მთავრობა ეს კიდევ სრულიად სხვა იდეაა, მასში როგორც წესი მონაწილეობს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა, მათი ლიდერები და ეს შეიძლება სულაც არ იყოს მოკლევადიანი პროექტი. პირიქით, მას შეიძლება დაეკისროს საშუალო ან გრძელვადიანი სტრატეგიული ფუნქცია კრიზისის დაძლევის, საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის და ქვეყნის განვითარების კუთხით.

ეს პოლიტიკური პროცესის განვითარების ორი სხვადასხვა მექანიზმია, რომელთა განხორციელება განსხვავებულ ამოცანებს, მიდგომებს და აქტორ- შემსრულებლებს გულისხმობს. ამიტომ, აქაც ცხადად არის ჩამოსაყალიბებელი პოზიცია, თორემ, შუა პროცესში შეიძლება მივიღოთ გაუგებრობა, რომელიც ახალ პოლიტიკურ ესკალაციას გამოიწვევს.

რამდენად სწორია აქციის ორგანიზატორთა ტაქტიკა და მათი მხრიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნა? პირველ რიგში უნდა იქვას რომ ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნაა. მეორე ის, რომ ჩემი აზრით, საზოგადოების გაბრაზება მთავრობაზე აბსოლუტურად ლოგიკურია.

რაც არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ, პასუხისმგებლობის ლომის წილი იმაზე, რომ მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, მასზეა.

ის, რომ უამრავი ადამიანი გამოვიდა აქციის ორგანიზატორთა მოწოდებაზე, რათა ეჩვენებინათ მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, ის რომ ამ ხალხის უდიდესი უმრავლესობა გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, ეს ფაქტია.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს ხალხი მზადაა გაყვეს აქციის ორგანიზატორებს ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნაში, აქვთ თუ არა აქციის ორგანიზატორთა ჯგუფს ხალხის მხარდაჭერა და ის ავტორიტეტი, რათა მოსახლეობამ მათ ანდოს გადაწყვეტა, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა? ამაში დარწმუნებული არ ვარ.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს ხალხი მზადაა გაყვეს აქციის ორგანიზატორებს ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნაში, აქვთ თუ არა აქციის ორგანიზატორთა ჯგუფს ხალხის მხარდაჭერა და ის ავტორიტეტი, რათა მოსახლეობამ მათ ანდოს გადაწყვეტა, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა? ამაში დარწმუნებული არ ვარ

საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისათვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან ამ ეტაპზე შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია. ჯერ ჯერობით, ვერ ვხედავ ვერც ერთ ნიშანს იმისა, რომ პოლარიზება ქვეყანაში შემცირდეს. არც ერთ ძირითად აქტორს არ ეტყობა ამის სურვილი.

არც ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუციის გატანით შეგულიანებულ ენმს-ს და არც მთავრობას, რომელიც ყველა მეთოდით ცდილობს ოპოზიციას საგარეო წარმატება საშინაო მარცხად უქციოს.

პრემიერის საპარლამენტო გამოსვლაში აშკარად გამოჩნდა, რომ „ოცნება“ ყველანაირად ეცდება დაადანაშაულოს ოპოზიცია ევროსტრუქტურებში ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობისას პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებაში, ამით მოახდინოს მოსახლეობის თვალში მისი დისკრედიტაცია, ჩამოკიდოს მას თუნდაც ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიღებისათვის.

მხარეების სასტარტო პოზიციები ისეთია, რომ დღეს დიალოგი თემაზე, გადადგეს მთავრობა, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. თვეში ორჯერ თუ კვირაში ერთხელ, რუსთაველზე, თუნდაც მრავალათასიან მიტინგს, ხელისუფლება როგორმე გადაიტანს. ან ზაფხული თბილისში აქციების ჩასატარებლად ცუდი დროა.

მხარეების სასტარტო პოზიციები ისეთია, რომ დღეს დიალოგი თემაზე, გადადგეს მთავრობა, ცოტა ძნელი წარმოსადგენია... არ მგონია ხელისუფლებამ ამ საკითხზე მათთან საუბარი მოისურვოს

აქციის ორგანიზატორებს კი თუ მხოლოდ ერთ თემაზე, ხელისუფლების შეცვლაზე ენდომებათ მოლაპარაკების გამართვა, ახლა ამის პერსპექტივა ნაკლებია. არ მგონია ხელისუფლებამ ამ საკითხზე მათთან საუბარი მოისურვოს.

- გასაგებია, რომ დეოლიგარქიზაცია ხელისუფლებისთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. ის, რაც ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ სულაც არაა ის, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებში წერია და რაც ევროპარლამენტმა პრაქტიკულად გაიმეორა.

იმის ფონზე, თუ რა განცხადებები კეთდება ორივე მხრიდან, ასევე პრობლემურად გამოიყურება პოლარიზაციის შემცირება. დამკვირვებელთა ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კარგი იქნებოდა, თუ 12-ვე პუნქტის შესრულებაში აქტიურად იქნებოდა ჩართული ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ცალკე საკითხია ისიც, რომ სამოქალაქო აქტივობას პოლიტიკური ძალები შორიდან ადევნებენ თვალს. აქციებში მონაწილეობას კი იღებენ, მაგრამ სამოქალაქო აქტივობის ლიდერები აშკარად არ არიან. არადა, პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე გარკვეულ წილად გაუგებარიც კია.

ცხადია, რომ პროტესტანტთა აქტივობა ლეგიტიმურია, მაგრამ იგი არ გახლავთ გარანტია, რომ რეკომენდაციების განხორციელების შედეგი დადგეს. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, თქვენი დაკვირვებით მათ შესასრულებლად როგორი იქნებოდა ერთი მხრივ ხელისუფლების, მეორე მხრივ ოპოზიციის, ხოლო მესამე მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ოპტიმალური ქცევა და მოქმედება?

- თუკი პოლიტიკური ელიტის ამოცანა მართლა არის ყველაფრის გაკეთება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად, თეორიულად ამ ვითარებაში ჩემთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, მმართველი პარტიის, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ ექვსი თვის სამუშაო გეგმას შეიმუშავებდა, წარუდგენდა ევროკავშირს და მათთან შეთანხმებულად ეცდებოდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.

ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, მმართველი პარტიის, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ ექვსი თვის სამუშაო გეგმას შეიმუშავებდა, წარუდგენდა ევროკავშირს და მათთან შეთანხმებულად ეცდებოდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას

თეორიულად თქო იმიტომ ვამბობ, რომ იმდენად მცირეა დღეს პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთნდობა, საარჩევნო კოდექსზე და შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო მომხდარი პერიპეტიების შემდეგ იმდენად არ ენდობა სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას, რომ ასეთი ერთობლივი მუშაობის შანსი მინიმალურია.

თუკი ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მართლა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება რუსეთის დავალებით ახდენს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ტორპედირებას, ხოლო ხელისუფლება უფრთხის, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის გამო მისმა მომხრეებმა კვლავ ყბადაღებული კოჰაბიტაცია არ დააბრალონ და ამით საზოგადოების ე.წ. ანტინაცი ამომრჩევლის მხარდაჭერა არ დაკარგოს, ასეთი ერთობლივი ჯგუფის შექმნა შეუძლებელო იქნება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს უფრო დიდი შანსია ამ გზით წავიდეთ და თანამშრომლობა არ შედგეს.

როგორც ჩანს, უფრო დიდი შანსია ამ გზით წავიდეთ და თანამშრომლობა არ შედგეს

ჩემი აზრით, ვინც აბსოლუტურად გულწრფელად არის მონდომებული ხელი შეუწყოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, არის პრეზიდენტი, მაგრამ, მას სამწუხაროდ არც სახელისუფლო ბერკეტები, არც პოლიტიკური გავლენა და არც საზოგადოების მხარდაჭერა არ აძლევს საშუალებას იტვირთოს პროცესის ლოკომოტივის ფუნქცია.

- ვხედავთ, რომ სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია შეეცდებიან აიძულოს ხელისუფლება შექმნას გარანტიები ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად, მათ შორის სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თავისი ნებით ხელისუფლება არაფერს გააკეთებს რეფორმებისთვის. როგორც კი შანსი მიეცემა, უფრო მონდომებით განაგრძობს ოპონენტების რეპრესიებს, საზოგადოების გახლეჩას და ძალაუფლების განმტკიცებას.

3 ივლისს რუსთაველზე აქცია დაანონსებულია. ფაქტია, რომ ხელისუფლება წინა აქციის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს. სავარაუდოდ, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები 3 ივლისამდე და 3 ივლისის შემდეგ?

- თუ ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი ქმედებებში ამოდიან ერთადერთი მოცემულობიდან, რასაც აჟღერებენ, რომ ხელისუფლება რუსეთის დავალებით ცდილობს შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ბუნებრივია პოლარიზაციის შემცირებაზე და რაიმე კოორდინირებულ მოქმედებაზე საუბარი ზედმეტი იქნება. მაშინ ვითარების პერიოდული ესკალაცია გარდაუვალია.

ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ქმედებების ანალიზისას შესაძლებელია სხვა სცენარის განხილვაც, რომელიც შეიძლება უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან. ღარიბაშვილის მთავრობა და კობახიძე ცდილობენ „ქართული ოცნების“ ისეთი იდეოლოგიური პლატფორმა ჩამოაყალიბონ, როგორიც აქვს მაგალითად უნგრეთის ხელისუფლებას და მის მეთაურ ორბანს.

ამ იდეოლოგიის მიზანი ანტილიბერალური, ანტიგლობალისტური ტრენდის შექმნა, ზომიერი ევროსკეპტიციზმის გაღვივებით, ეკლესიასთან და საზოგადოების უფრო კონსერვატიულ ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობით ლიბერალური ნარატივის წინააღმდეგ ბრძოლაა. აქცენტი გაკეთდება ტრადიციულ ღირებულებებზე, ოჯახზე, ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის, ბიზნესის და მოქალაქეთა სოციალური დახმარებების პროგრამების ზრდაზე და ა.შ. პატერნალისტური სახელმწიფო, ეკლესიაზე და ფსევდო ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით, ნაცვლად ლიბერალ;ური სახელმწიფო მოდელისა.

ასეთი იდეოლოგია დღეს საკმაოდ მოთხოვნადი და წარმატებულია როგორც ე.წ. ძველ ევროპაში (იტალია, საფრანგეთი) ასევე აღმოსავლეთ ევროპის „ახალი დემოკრატიების“ ბევრ ქვეყანაში (უნგრეთი, პოლონეთი).

ჩემი აზრით, ხელისუფლება ამ გზით მიდის, სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ანტილიბერალურ, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის ნიშნების მატარებელ და საბჭოთა ნოსტალგიის მქონე ამომრჩეველზე, რომელიც მთავრობაში ეძებს მისთვის მიუღებელი ლიბერალირი ღირებულებებისაგან დამცველს და სოციალური კუთხით დამხმარეს.

ხელისუფლება ამ გზით მიდის, სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ანტილიბერალურ, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის ნიშნების მატარებელ და საბჭოთა ნოსტალგიის მქონე ამომრჩეველზე, რომელიც მთავრობაში ეძებს მისთვის მიუღებელი ლიბერალური ღირებულებებისაგან დამცველს და სოციალური კუთხით დამხმარეს

ამ ჯგუფებისთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი და მიუღებელიც კია ადამიანის უფლებების და თავისუფალი ბიზნესის ლიბერალური წესების დამკვიდრების პოლიტიკა. ხელისუფლების სპიკერების რიტორიკაც საკმაოდ დისციპლინირებულად მიყვება ამ ამოცანას. მათ რამდენჯერმე პიარულად შეძლეს სწორედ შეერჩიათ ის მესიჯები და პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც პასუხობს ასეთი ტიპის ამომრჩევლების მოთხოვნებს.

ეტყობათ ჭკვიანი პიარ კონსულტანტის ხელი. ხელისუფლების იდეოლოგიასთან ბრძოლა ოპოზიციისთვის ადვილი არ იქნება. მას მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად არა მხოლოდ ქუჩის აქციები, არამედ მყარი იდეოლოგიური ალტერნატივის ჩამოყალიბება და მთავრობასთან მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად იდეოლოგიურ კონკურენციაში შესვლა დაჭირდება.

ხელისუფლების იდეოლოგიასთან ბრძოლა ოპოზიციისთვის ადვილი არ იქნება. მას მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად არა მხოლოდ ქუჩის აქციები, არამედ მყარი იდეოლოგიური ალტერნატივის ჩამოყალიბება და მთავრობასთან მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად იდეოლოგიურ კონკურენციაში შესვლა დაჭირდება

მხოლოდ ნეგატიური დღის წესრიგით ოპოზიციას გაუჭირდება. რამდენად მოახერხებენ ამას დღევანდელი ჭრელი, არცთუ ისე მყარი იდეოლოგიური პრინციპების მქონე ოპოზიციური ლიდერები, ეს რთული სათქმელია.

- ნატო-ს სამიტმა მუშაობა დაიწყო. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ პერსპექტივებზე საუბრისას კატარში იმ ტიპის განცხადება გააკეთა, რომელიც ბევრის შეფასებით ერთი-ერთში ემთხვევა ამ თემაზე კრემლის ნარატივს რომ საქართველო მანამდე ვერ შევა ნატოში, ვიდრე კონფლიქტებს არ მოაგვარებს სოხუმთან და ცხინვალთან.

არადა, ნატოში, კარგა ხანია დისკუსიის დონეზე საუბრობენ საქართველოს ნატოში კონფლიქტური ტერიტორიებით მიღებაზე იმ დათქმით, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი კონფლიქტურ ზონებზე არ გავრცელდებოდა. ასე იყო უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებამდე. ახლა რომ ვითარება კარდინალურად შეცვლილია ვხედავთ.

ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ყველასთვის ნათელია, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

დამკვირვებელთა ნაწილი იმედს გამოთქვამდა, რომ ნატოს სამიტი საქართველოსთვის თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით შედეგიანი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ, პრემიერის განცხადებები როგორც მინიმუმ ბუნდოვანს ხდის საქართველოს ატლანტიკურ პერსპექტივას.

თქვენ როგორ შეაფასებდით ნატოს სამიტამდე პრემიერის განცხადებებს და შედეგის თვალსაზრისით რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მის შედეგებზე?

- თითქოს ამ განცხადების მიზანია აჩვენოს მოსახლეობას, რომ აი პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც მედასავლეთე ლიბერალებისგან განსხვავებით, პირველ რიგში ზრუნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რომ ესაა სწორედ მისი უპირველესი პრიორიტეტი.

სინამდვილეში, ღარიბაშვილისა და მმართველი გუნდიდან სხვების ამ ტიპის განცხადება ყველაზე კონტრპროდუქტიული სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაა, ყველაზე მეტად ამ პრობლემის საჩვენოდ გადაჭრას ვნებს.

სინამდვილეში, ღარიბაშვილისა და მმართველი გუნდიდან სხვების ამ ტიპის განცხადება ყველაზე კონტრპროდუქტიული სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაა, ყველაზე მეტად ამ პრობლემის საჩვენოდ გადაჭრას ვნებს... თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს გაუთვლელი ნაბიჯია

აბა დავფიქრდეთ, თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ნატოში აუცილებლად შევალთ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავიბრუნებთ რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებს, რა გამოდის? ამით ხომ ვუბიძგებთ რუსებს, რომლებიც ჩვენი ნატოში შესვლის წინააღმდეგი არიან, რომ მათ არასდროს არ დაუშვან საქართველოს გამთლიანება, რათა ჩვენ მერე ნატოში არ შევიდეთ? ამაზე აბა რა უნდა ვთქვა?

არ მგონია, ეს ჭკვიანური განცხადება იყოს საგარეო პოლიტიკური კუთხით, თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს გაუთვლელი ნაბიჯია.

ჩემი აზრით, ამ განცხადების ადრესატი პირველ რიგში ევროატლანტიკური კურსის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქართველი ამომრჩეველია, რომელიც თვლის რომ ნატოში ინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ურთიერთდაპირისპირებული ცნებებია. შესაბამისად ქვეყნის პრემიერის განცხადების ადრესატი ჩვენი მოქალაქეების ეს ნაწილია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა