გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს

ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს უფროს-საინვესტიციო ოფიცერთან

- საპენსიო სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ საპენსიო დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მეორე მხრივ, კი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საპენსიო სააგენტოს ამონაგები კლებას განიცდის, განგვიმარტეთ რეალური სურათი?

- საპენსიო ფონდს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ფონდი განაგრძობს მნიშვნელოვან ზრდას და ამონაგები დაარსებიდან დღემდე აჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს. საპენსიო სააგენტოს ბოლოდროინდელ განცხადებებში აღინიშნა, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების ღირებულების კლებამ ეფექტი იქონია საინვესტიციო პორტფელის ღირებულებაზეც.

ჩვენი პორტფელი დივერსიფიცირებულია, რომ დაცული იყოს ღირებულების მკვეთრი ცვლილებებისგან. ინვესტიციების უმრავლესობა განხორციელებულია ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე ინსტრუმენტებში, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. დივერსიფიკაციისთვის გვაქვს აგრეთვე ინვესტიციები გლობალურ ფასიან ქაღალდებში, კერძოდ, განვითარებული ქვეყნების აქციებში, რომლებიც გრძელ ვადაში მნიშვნელოვანი ამონაგების დამატებას უზრუნველყოფენ საპენსიო სააგენტოს პორტფელში და დივერსიფიკაციის მეშვეობით მნიშვნელოვან სარგებელს გვაძლევენ. რიგ შემთხვევებში, თუ გლობალურ ბაზრებზე კლების ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდა, შესაძლოა, აქციების ფასის კლებამ დროებით გადააჭარბოს ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე ინსტრუმენტებიდან მიღებულ სარგებელს, მაგრამ ეს დროებითი ეფექტია და ინვესტიციების საიმედოობას და დაცულობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.

აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ საპენსიო ფონდი თავის ამონაგებს ადარებს ქვეყანაში არსებულ ინფლაციას და მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას „რეალური ამონაგების“ შესახებ, რაც არის პორტფელის ამონაგებსა და მიმდინარე ინფლაციას შორის განსხვავება. მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, იწვევს რეალური ამონაგების შემცირებას, რაც მაღალი ინფლაციის პირობებში გარდაუვალი პროცესია. აუცილებლად უნდა ვაცნობოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაღალი ინფლაციის დროს რეალური ამონაგების შემცირება დროებითი, მოკლევადიანი მოვლენაა. სწორედ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ დადებითი რეალური ამონაგები ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია ითვალისწინებს ინფლაციის მაქსიმალურ დაძლევას, რაც ხორციელდება მაღალი საპროცენტო განაკვეთების შეძენით, გლობალური აქციების შეძენით და რეფინანსირებაზე მიბმული საპროცენტო განაკვეთებში ინვესტირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი საინვესტიციო მიზანია, გრძელ ვადაში ინფლაციაზე მეტი ამონაგების გენერირება. შესაბამისად, შეიძლება იყოს კონკრეტული თვე, ან გარკვეული დროის მონაკვეთი, როდესაც გაზრდილი ინფლაცია გადააჭარბებს პორტფელის ამონაგებს, თუმცა ჩვენ გრძელვადიანი ინვესტორები ვართ და ჩვენი მიზანია, ოპტიმალური დივერსიფიკაციით საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის პორტფელის ამონაგებმა მაქსიმალურად გადააჭარბოს ინფლაციის დონეს, ანუ მივიღოთ მაღალი რეალური ამონაგები.

- გარკვეული რყევები ხომ არ გამიწვია საერთაშორისო შესყიდვებმა და უცხოური ფასიანი ქაღალდების შეძენამ?

- ჩვენ სწორედაც იმისთვის ვახდენთ დივერსიფიკაციას, რომ ერთი მხრივ, შევამციროთ რისკები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ინფლაცია. ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ინფლაციაზე მიბმული ფასიანი ქაღალდები. შესაბამისად, ინფლაციის დაზღვევა ხდება შემდეგი მიმართულებებით: ვიძენთ გაზრდილ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, ვიძენთ ცვალებად საპროცენტო განაკვეთს (რომელიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე) და ვიძენთ უცხოურ ვალუტას და შემდეგ გლობალურ ფასიან ქაღალდებს, რომლებმაც უნდა მოგვიტანოს ფასში ზრდა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის მიზეზი არის ლარის კურსის დევალვაცია, მაშინ დოლარი იქნება ამის საკმაოდ კარგი დაზღვევა. ხოლო, თუ ინფლაციის მიზეზი არის გარე ფაქტორები (როგორც ეს ახლა ხდება), მაშინ გლობალური აქციები საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ამის კარგი დაზღვევა. ხოლო, თუ ინფლაციის მიზეზი არის შიდა გაზრდილი მოხმარებით, მაშინ რეფინანსირებაზე მიბმული პორტფელის ალოკაცია იქნება ამის კარგი დაზღვევა. ჩვენ დღესდღეისობით სამივე მიმართულებით ვაწარმოებთ პორტფელის ალოკაციას, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ინფლაცია.

- რამდენად სწორი დრო იყო ახლა დოლარის შესყიდვა და რას აძლევს ეს დამზოგველებს?

- საკმაოდ სწორი დრო იყო დოლარის საყიდლად, იმიტომ რომ ჩვენ დოლარი შევიძინეთ ფასის კლების პროცესში. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დოლარი არ შეგვიძენია ერთჯერადი ტრანზაქციით, არამედ მცირე ტრანზაქციებით, ნელ-ნელა და თანმიმდევრულად. ჩვენ რომ ერთი ტრანზაქციით შეგვეძინა დოლარი, მაშინ მოვახდენდით ლარის მაღალ დევალვაციას. ასევე, ჩვენ რომ დოლარი ადრე გვეყიდა მოგვიწევდა მისი ყიდვა საშუალოდ 3.15 ლარად, იმ დროს როდესაც დღეს საშუალო შეძენის ფასი გვაქვს 3.04 ლარი. აქედან გამომდინარე, დოლარის ყიდვა ლარის გამყარების დროს იყო და არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ ხდება დოლარის იაფად ყიდვა და ამავდროულად არ ხდება ლარზე დაწოლა.

- რა ოდენობის გლობალური აქციები შეისყიდა ამ პერიოდში საპენსიო სააგენტომ და რა ინტენსივობით?

- აქციები ვიყიდეთ საკმაოდ იაფად, იმიტომ რომ დავიწყეთ მათი ყიდვა, როცა აქციების ფასების ვარდნა დაიწყო. ჩვენი შეძენის საშუალო ფასი არის 117 დოლარი თითო აქციზზე. ჩვენ ვაგრძელებთ აქციების შეძენას ინტენსიურად სანამ გვაქვს დაღმავალი ფასი, იმისათვის რომ მოვასწროთ და ვიყიდოთ ისინი შედარებით იაფად და დავასწროთ ფასების ზრდას. ჩვენი ამოცანაა, ვისარგებლოთ შემცირებული ფასით და სამომავლოდ ფასების ზრდის პროცესში მივიღოთ მაღალი მოგება. ჩვენ ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ანუ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის ჩვენი პორტფელის დივერსიფიკაცია აუცილებლად მოიტანს სარგებელს და მოემსახურება ჩვენს მთავარ საინვესტიციო მიზანს, ანუ დასძლევს ინფლაციას. მოკლევადიანი რხევები გარდაუვალია, თუმცა მთავარია რისკების შემცირება დივერსიფიკაციის გზით და საშუალოვადიან პერიოდში აღმავალი ტრენდის შენარჩუნება.

- როგორი საინვესტიციო გეგმები აქვს საპენსიო სააგენტოს?

- საპენსიო სააგენტო აგრძელებს პორტფელის დივერსიფიკაციას, რაც გულისხმობს დოლარის იაფად შეძენას, გლობალური აქციების იაფად შეძენას, მაღალი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შეძენას ლარში და რეფინანსირებაზე მიბმული საპროცენტო განაკვეთის შეძენას. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე იქნება კორპორაციული ობლიგაციების ემისიები მათში ინტენსიურად მონაწილეობის მიღებას ვგეგმავთ. აღნიშნული სტრატეგია აუცილებლად მოიტანს მაღალ რეალურ ამონაგებს საშუალოვადიან პერიოდში, ანუ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა