საინფორმაციო კამპანია „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში გორში ჩასულ „ლელოს“ წევრებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა.
შემთხვევა გორის ერთ-ერთ ბაზარში მოხდა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ფლაერებს მოსახლეობას ურიგებდნენ. ადგილზე იმყოფებიან „ლელოს“ ლიდერები - ბადრი ჯაფარიძე, ლევან სამუშია, საბა ბუაძე, ფიქრია ჩიხრაძე, ლანა გალდავა და სხვები.
როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მოსახლეობის უმრავლესობა მათ დადებითად ხვდება და მცირეა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც მათთან სიტყვიერ შელაპარაკება დაიწყო.
„აქ იმისთვის ვარ, რაც საერთო სახალხო მოძრაობამ მოითხოვა - თანხმობა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გვხვდება ძალიან დადებითად და კარგად. ამ ადამიანებს, რომლებიც 1-2-3 არიან და ამბობენ, თითქოს ჩვენ კვლავ გახლეჩა გვინდა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გახლეჩის ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ თანხმობა, ადამიანებისა და საზოგადოების გაერთიანება და ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირისპირების უკან „ქართული ოცნება“ დგას.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გამოსავალი ეს არის, რომ ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ამ ქვეყანაში ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამის გამკეთებლებმა როგორც დაამთავრეს, ესეც გვინახავს. ზუსტად იგივენაირად დაამთავრებენ ამ სამარცხვინო პერფორმანსების ორგანიზატორები, რომლებიც აქ მოიყვანეს, ჯერ გააღარიბეს და მერე იძულებული გახადეს, რომ მოსულიყვნენ აქ და ამ უმსგავსობაში მიეღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
ამასთან, პრესსამსახურის ინფორმაციით, „ლელოს“ თანადამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს ადგილობრივმა მოქალაქემ მწვანილის კონა ესროლა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მწვანილი ესროლა, გორის მერიის თანამშრომელია.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბადრი ჯაფარიძის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, პოლიციამ აღნიშნული პიროვნება ტერიტორიას განარიდა, თუმცა სხვა „აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების“ მიმართ სამართალდამცველებს რეაგირება არ ჰქონდათ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რომლებიც „ლელოს“ ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საქართველოში „ომის დაწყება სურთ“.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.