რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სორტული საამქროს 100-ზე მეტი თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სორტული საამქროს მუშები მესამე დღეა გაფიცულები არიან. გაფიცული თანამშრომლები საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან შრომითი ანაზღაურების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, გაფიცვის პირველ დღეს საწარმოს ხელმძღვანელობამ სექტემბრიდან, ყოველთვიურად ხელფასის 50 ლარით გაზრდა შესთავაზა, რაზეც სორტული საამქროს მუშებმა უარი თქვეს.

„გაფიცული მუშების პირველი მოთხოვნაა საწარმოს ხელმძღვანელობამ მისცეს გარანტია, რომ მათზე არ მოხდება ზეწოლა და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან კოლექტიურ მოლაპარაკებაზე. სორტული საამქროს 100-ზე მეტი გაფიცული მუშა ითხოვს ხელფასის 30%-ით გაზრდას, ყოველ სადღესასწაულო დღეზე ორმაგ ანაზღაურებას, მე-13 ხელფასის განსაზღვრას და კვების რაციონის შეცვლას. საწარმოს ხელმძღვანელობას გუშინ ჰქონდა მცდელობა სორტული საამქრო არაკვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით აემუშავებინა, რამაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს შრომითი უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას, რომ დაინტერესდეს არსებული სიტუაციით“, - განაცხადა გიორგიორგი ტყემალაძემ.

,,ქართული ფოლადის“ ხელმძღვანელობამ თავის მხრივ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელფასების გაზრდა ბოლოს 2022 წლის 1 იანვარს მოხდა და ამჯერადაც მზად არიან სორტული საამქროს მუშებთან მოლაპარაკების დასაწყებად.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა. ხელფასების ბოლო მატება 2022 წლის 1-ელ იანვარს მოხდა და განახლებულ ხელშეკრულებას ყველა დასაქმებულმა პირმა მოაწერა ხელი. კომპანია, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს. თანამშრომლებს არასოდეს დაგვიანებიათ ხელფასის ჩარიცხვა, ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და მუშაობაში საჭირო სპეცტანსაცმლითა და სპეცსაშუალებებით. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტი მომავალშიც აპირებს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ხელფასის გაზრდას დასაქმებულებისთვის, რის შესახებაც თანამშრომლებიც ინფორმირებულები იყვნენ კომპანიის გენერალურ დირექტორთან ბოლო შეხვედრის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო