სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ,,ტვ მონიტორინგის“ ეთერში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ტელეკომპანიის რეპორტიორებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი.
„,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტის, შოთა სადაღაშვილის განცხადებით, შემთხვევა ქარელის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„მე და ჩემი ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი ჩვენს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით, რა დროსაც უცნობმა მამაკაცებმა, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ცდილობდნენ ტექნიკის დაზიანებას. მას შემდეგ, რაც მომხდარზე ინფორმაცია მედიით გავავრცელეთ, დაუყოვნებლივ მოჰყვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან რეაგირება და დაიწყო გამოძიება. დღეს ვართ დაბარებული გამოკითხვაზე“, - განაცხადა სადაღაშვილმა.

























